მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
"თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პრეზიდენტი აირჩიოს პარლამენტმა?" - 28 თებერვალი 2013

[myrights.ge]

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სარეფერენდუმო საკითხი - "თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პრეზიდენტი აირჩიოს პარლამენტმა?" რეგისტრაციაში გაატარა. ცესკო-ს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, შესაბამისი განკარგულება ცესკო-მ გუშინდელ სხდომაზე გამოსცა. სარეფერენდუმო საკითხი საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა, რომლის წევრებიც არიან იაგო წიკლაური, გელა მესტიაშვილი და იანა ხუციშვილი. ცესკო-ს განკარგულებით, ამ შემადგენლობით სარეფერენდუმო საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში გატარდა. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, რეფერენდუმს პრეზიდენტი ნიშნავს. იმისთვის, რომ პრეზიდენტმა რეფერენდუმის დანიშვნას ხელი მოაწეროს, საინიციატივო ჯგუფმა ცესკო-ს სულმ მცირე 200 000 ამომრჩევლის ხელმოწერა უნდა წარუდგინოს.

პრეზიდენტის პარლამენტის მიერ არჩევის საინიციატივო ჯგუფმა საჭირო ხელმოწერების შეგროვება უკვე დაიწყო. როგორც საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა , იანა ხუციშვილმა განაცხადა, ხელმოწერების შეგროვების კამპანია რამდენიმე დღეში მთელ საქართველოს მოიცავს. მისივე განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივა ქვეყნის მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადასვლიდან გამომდინარეობს, რადგან მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტის პარლამენტის მიერ დანიშვნა უფრო ლოგიკურია:

"გასულმა 20 წელმა გვაჩვენა, რომ საქართველოში საპრეზიდენტო მმართველობა არ ამართლებს. ცენტრალიზებულია ხელისუფლება ერთი ადამიანის ხელში და, ფაქტობრივად, უმოქმედოა დანარჩენი ყველა სტრუქტურა. ჩვენ ეს ვნახეთ, ამიტომ ჩვენი სარეფერენდუმო კითხვა, რომელიც რეგისტრაციაში გატარდა არის ოქროს შუალედი – გამოსავალი, რომ გადავიდეს ქვეყანა საპარლამენტო მმართველობაზე და საქართველოს მოსახლეობის არჩეულმა პარლამენტმა აირჩიოს პრეზიდენტი. რადგან საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადავდივართ, ლოგიკურია, რომ პრეზიდენტი პარლამენტმა აირჩიოს".

ამასთან, საინიციატივო ჯგუფის წევრის მტკიცებით, მათ არც ერთ პარტიასთან არანაირი კავშირი არ აქვთ და აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეს: "მე არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალთა ერთიანობის ასოციაციის" თავმჯდომარე ვარ. არ ვარ პარტიული, არც - ჩემი საინიციატივო ჯგუფის წევრები. ვმოქმედებთ, როგორც უბრალო მოქალაქეები, რომლებსაც ქვეყნის გადარჩენა საპარლამენტო მმართველობაში ესახებათ".

ამას გარდა, მისი თქმით, ხელმოწერების შეგროვებისთვის საჭირო ხარჯებს თავად დააფინანსებენ: "ხელმოწერების შეგროვებას არანაირი განსაკუთრებული ფინანსები არ სჭირდება, თუმცა რაც სჭირდება, მას ჩვენი სახსრებით გავაკეთებთ, შემდეგ კი ჩვენი თანამოაზრეები, რომლებიც ძალიან ბევრნი არიან, იმუშავებენ ხელმოწერების შეგროვებაზე".

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის არჩევის წესის რეფერენდუმზე დაყენება არ შეიძლება:

"ამ საკითხზე რეფერენდუმი არ შეიძლება ჩატარდეს, შესაძლებელია საკითხის პლებისციტზე დაყენება. გვაქვს წინააღმდეგობა კონსტიტუციის ნორმებსა და რეფერენდუმის კანონს შორის. რეფერენდუმის კანონის მიხედვით, რეფერენდუმზე მიღებული გადაწყვეტილება, არის საბოლოო და მას აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა. ანუ, ის ძალაში შედის იმ მომენტიდან, როდესაც ცსკ რეფერენდუმის შედეგებს გამოაცხადებს. შემდეგ ხელისუფლებამ უნდა შეიტანოს ცვლილება საკანონმდებლო ნორმებში, მაგრამ, როცა საქმე გვაქვს პრეზიდენტის არჩევის წესთან ან ისეთ საკითხთან, რომელიც კონსტუტუციით არის გადაწყვეტილი, კონსტიტუცია არის ქვეყნის უზენაესი კანონი და მასში ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ კონსტიტუციით დადგენილი წესით, ანუ პარლამენტის წევრთა 2/3-ის გადაწყვეტილებით. როდესაც ასეთი საკითხი რეფერენდუმზე გადის თუ ის კონსტიტუციაში არ აისახა, ვერ ექნება კონსტიტუციაზე მეტი ძალა, თუნდაც ჩაიწეროს ორგანულ კანონში, რომ რეფერენდუმზე მიღებულ გადაწყვეტილებას აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა და მაშინვე იწყებს მოქმედებას. ვიმეორებ, კონსტიტუცია უზენაესი კანონია და თუ რეფერენდუმზე მიღებულ გადაწყვეტილებას დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს, ის კონსტიტუციაში ვერ შევა, ამიტომ ასეთი საკითხის რეფერენდუმზე დაყენება არ შეიძლება".

მისივე თქმით, ამ საკითხზე მხოლოდ პლებისციტი შეიძლება, დაინიშნოს და მისი დანიშვნის უფლება მხოლოდ პრეზიდენტს აქვს. ამასთან, ხმალაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა, რასაც მხარს თავად უჭერს, მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის შეიძლება, ამოქმედდეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი განმარტავს, რომ ეს მხოლოდ მისი პირადი მოსაზრებაა და ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება კოალიციაში მიღებული არ არის.

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი საზოგადოებამ უნდა გადაწყვეტოს: "ზოგადად, რა ტიპის სახელმწიფო მოწყობა უნდა იყოს, საპარლამენტო რესპუბლიკა თუ საპრეზიდენტო, ეს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი კონსენსუსით უნდა იყოს მიღებული. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, საზოგადოებრივი აზრი უნდა იყოს გამოკითხული".

ვიცე სპიკერი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ "თავისუფალი დემოკრატები" პრეზიდენტი ხალხის მიერ არჩევის მომხრეა. როგორც მან განაცხადა, ასეთია მათი პოლიტიკური გემოვნება, თუმცა "თავისუფალი დემოკრატები" კოალიციის შიგნით გადაწყვეტილების მიღებისას "დამაბრკოლებელი ფაქტორი" არ გახდება:

"თავისუფალ დემოკრატებს არასდროს დაგვიმალავას ჩვენი პოზიცია და თავიდანვე გავაცხადეთ, რომ საპრეზიდენტო მმართველობას ვუჭერთ მხარს, მაგრამ არა ისეთ მოდელს, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა. ჩვენ აბსოლუტურად განსხვავებულად, ძლიერი საპარლამენტო ზედამხედველობის პირობებში გვაქვს წარმოდგენილი ეს მოდელი. ასევე, მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის ხალხის მიერ არჩევას. არც ამაშია არაფერი დასამალი. ესაა ჩვენი პოლიტიკური გემოვნების საკითხი, თუმცა ამავდროულად, ვფიქრობთ, რომ ეს ფართო კონსენსუსის საგანი უნდა იყოს. არ უნდა გამოჩნდეს ისე, თითქოს "თავისუფალი დემოკრატები" - პოლტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" მნიშვნელოვანი ნაწილი, იქნება რაღაცის დამაბრკოლებელი და შემაფერხებელი. პირიქით, ჩვენ შეთანხმების ნაწილი ვიქნებით. ეს არ არის იდეოლოგიური თემა, ესაა წმინდა გემოვნების საკითხი".

მისივე განმარტებით, საკონსტიტუციო სახელმწიფო კომისია, რომლის შექმნაც იგეგმება, სხვა საკითხებთან ერთად იმსჯელებს როგორც ქვეყნის კონსტიტუციის მოდელზე, ისე პრეზიდენტის არჩევა-დანიშვნის წესზე.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია