მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ვის ინტერესებშია აფხაზური რკინიგზის აღდგენა? - 01 მარტი 2013

[myrights.ge]

ქართული მხარე ოკუპირებულ ტერიტორიებთან კონტაქტების აღსადგენად ყველა საშუალების გამოყენებას ცდილობს. ერთ-ერთი, რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენაა. პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ რკინიგზის გახსნა შესაძლებელია სწრაფად, თუ იქნება ყველა პოლიტიკური მხარის ნება. ჩვენს საზოგადოებაში ამ საკითხთან დაკავშირებით აზრი ორად იყოფა - მთავრობის მომხრეები მხარს უჭერენ, ხოლო ოპონენტები რუსულ-სომხურ ინტერესებზე საუბრობენ. როგორც ჩანს, ამ პერსპექტივით უკმაყოფილოა აზერბაიჯანული მხარეც.  

ექსპერტ გია ხუხაშვილისთის "სომხურ ინტერესზე" საუბარი მიუღებელია და მიიჩნევს, რომ აფხაზეთი-საქართველო-სომხეთის რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი უნდა შეიქმნას: "აფხაზეთის რკინიგზა საქართველოს რკინიგზის განუყოფელი ნაწილია. სომხურ ინტერესზე არ უნდა ვისაუბროთ. იგი არ არის აქტიური მოთამაშე. რკინიგზით აფხაზეთის რეინტეგრაციის თემა უნდა დავიწყოთ. რკინიგზა შეიძლება გახდეს ხიდი პროცესის დასაწყებად".

მისი თქმით, კითხვები, იმასთან დაკავშირებით, თუ ვის მიეწერება ეს მონაკვეთი, უსაფრთხოება, საბაჟო საზღვარი მოლაპარაკებების საგანია და ამის მოსაგვარებლად სამუშაო ჯგუფი უნდა შეიქმნას: "შესაძლებელია, ამ ჯგუფის მუშაობაში რუსეთმაც მიიღოს მონაწილეობა. განხორციელდება თუ არა პროექტი, მხარეების ადეკვატურობაზეა დამოკიდებული. ორი საბაჟო დაუშვებელი იქნება. საზღვარი ფსოუზე უნდა იყოს. შეიძლება, დროებითი გადაწყვეტილების მიღებაში საერთაშორისო ექსპედიტორები ჩაერთონ".

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, "აფხაზეთის გავლით საქართველო–სომხეთის სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენა პრობლემას არ გამოიწვევს, თუ ის რეგიონულ დონეზე განსჯის საგანი გახდება": "აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა პრობლემას არ გამოიწვევს, თუკი ის იქნება რეგიონულ დონეზე განსჯის საგანი, ანუ თუკი ამ რკინიგზაზე გადავიდა იარაღი სომხეთში, რა თქმა უნდა აზერბაიჯანულ მხარეს ამაზე რეაქცია ექნება. თუკი ის იქნება მხოლოდ სურსათისა და ადამიანთათვის სატრანსპორტო საშუალება, ჰუმანური მოტივაცია არავის მისცემს საშუალებას, პრეტენზია იქონიოს".

"ილია ჭავჭავაძის საზოგადოების" თავმჯდომარე თამარ ჩხეიძე უარყოფითად აფასებს რკინიგზის შესაძლო გახსნის საკითხს და ამბობს, რომ საქართველომ მის ხელთ არსებული ბერკეტები რუსეთთან მიმართებაში დეოკუპაციის პროცესის დაწყების გარეშე არ უნდა დათმოს. მისი განმარტებით, მთავრობა ევროატლანტიკურ კურსს მხოლოდ სიტყვიერად აგრძელებს.

ჩვენთან საუბრისას ყოფილი პრემიერი თენგიზ სიგუა ასევე ამბობს, რომ აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენა, უფრო სომხეთის ინტერესებში შედის: "ყველა მძიმე ტვირთს ერევანი ზღვით ღებულობს. ეს ხდება ძირითადად ჩვენი პორტებიდან, ბათუმიდან და ფოთიდან. ასევე ცოტას, დაახლოებით 18-20%-მდე ირანიდან, კასპიის ზღვის პორტით იღებს. სხვა გზა არ აქვთ. თურქეთი და აზერბაიჯანი მათთვის ჩაკეტილია, ეს ყველას კარგად მოეხსენება. ამიტომ, პირველ რიგში სომხეთის ინტერესია, რომ ეს გზა გაიხსნას და მძიმე ტვირთების ნაწილი მაინც რუსეთიდან, რკინიგზის გავლით მიიღოს. აფხაზების მოთხოვნილებებიც აქ ნაკლებადაა გამოხატული. მათ ეს არ აინტერესებთ და ისევ რუსების კარნახით მიდის მსჯელობა".  

ამასთან, სიგუას თქმით, რუსეთი მაინც შიშობს და აფხაზებს თბილისთან ღია სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების აღდგენის საშუალებას არ მისცემს: "აფხაზები რუსეთის კარნახის გარეშე, რაიმე სერიოზულ ნაბიჯს ვერ გადადგამენ. მოსკოვმა ღიად რომ უარყოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება, ეს დიპლომატიური კრახი იქნება. ამიტომ, ამ ნაბიჯზე არ წავა. ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევში თუ დასუსტდება. ამის პერსპექტივა კი ნამდვილად არსებობს. მოსკოვს ნავთობის დიდი მარაგები ნელ-ნელა უმთავრდება. მისი დღევანდელი ექსპორტის 75% სწორედ ენერგორესურსებია. ბიუჯეტის ძირითადი შემოსავალი სწორედ აქედანაა. ეს რომ მოიხსნება, დასუსტება გარდაუვალია.

რუსეთი ტექნოლოგიურ ნაწარმსაც ვერ ყიდის. გაგეცინაბათ, მაგრამ მთელი ქვეყნის ექსპორტში ტექნოლოგიური ნაწარმი 5%-ია. ამ მაჩვენებლით აფრიკის ხუთი- ექვსი ქვეყანაც კი უსწრებს. არაფერს ვამბობ ევროპის ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა დანია, ჰოლანდია, ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი და ა.შ. ამიტომ, რუსეთს კი მოაქვს თავი, მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს ქვეყნად, მაგრამ ასე არ არის. ძლიერია როგორც ვთქვათ, საუდის არაბეთი - ნავთობზე ზის და ამით სულდმულობს. ძლიერ სახელმწიფოს ძლიერი ეკონომიკა და წამყვანი ინდუსტრიული დარგები უნდა ჰქონდეს, მანქანათმშენებლობა და ა.შ. აშშ, იაპონია, გერმანია, ინგლისი პირველ რიგში ტექნოლოგიურ ნაწარმს ყიდიან. რუსეთი ამ მხრივ ძალიან ჩამორჩენილია. გარეგნულ სიდიადეს მხოლოდ ენერგორესურსების გაყიდვა უქმნის. როგორც კი ეს ჩამოსცილდება და გარანტირებული შემოსავლები აღარ ექნება, რუსეთი დასუსტდება და რღვევა დაიწყება. პირველ რიგში, დაემშვიდობება ჩრდილოეთ კავკასიას. აი მაშინ, რეალურად აღდგება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა".

ექსპრემიერის აზრით, მანამდე სახალხო დიპლომატიას დიდი პერსპექტივები აქვს და მაქსიმალურად გამოყენებული უნდა იქნას. მისივე თქმით, დღევანდელ ქართულ საზოგადოებაში ამისთვის დიდი რესურსი მოიპოვება: "ერთ-ერთი საზოგადოებრივი ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს ქართულ-აფხაზური ოჯახების შეხვედრაზე. ჩამოყავს ზუგდიდში, აქედან მიყავს და ა.შ. აი ეს სამუშაოები აუცილებლად უნდა გააქტიურდეს. შინაგანად, აფხაზების დიდი ნაწლი ხვდება, რომ მოსკოვი არ არის მათი კეთილი მამიკო. ჯერჯერობით, ასეთ მდგომარეობაში არიან. ვინ მოუწყო აფხაზებს მუჰაჯირობა? რუსებმა გაასახლეს და მათ მოსპობას ხელი შეუწყეს თავის დროზე.

მეორეც, საქმეში ჩახედულ ნებისმიერ სოციოლოგს რომ ჰკითხოთ, გეტყვით, რომ როდესაც შერეული ოჯახების რაოდებობა 25 და 30%-ს აღწევს, იქ გამორიცხულია ადამიანები ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ მტრობდნენ. ასეთი რამ შეუძლებელია. როცა შერეული ოჯახების მხოლოდ ერთი-ორი პროცენტია, აი იქ არის შუღლი და დავიდარაბა. შედარებისთვის, სომხები და აზერბაიჯანელები ერთმანეთში ოჯახებს თითქმის არ ქმნიან. ერთი პროცენტიც კი არ არის მათთან შერეული ოჯახების. ჩვენთან, ოსებთან და აფხაზებთანაც მეოთხედზე მეტი ასეთი შერეული ოჯახებია. ამ შემთხვევში ერებს შორის მტრობაზე ლაპარაკი ზედმეტია. ეს ყველაფერი მოსკოვმა გააკეთა და პრობლემას სათავეში უნდა მოეღოს ბოლო".

ყოფილმა ხელისუფლებამ, ლამის ყველა აფხაზურ-ოსურ ინიციატივას, მათ შორის სახალხო დიპლომატიას ბოლო მოუღო. ადმინისტრაციულ საზღვარზე თვისუფალი ვაჭრობის გაჩაღება აფხაზებთანაც იგეგმებოდა, რაც ასევე დავიწყებას მიეცა. მერე იყო "აგვისტოს ხუთი დღე, რამაც მსოფლიო შეძრა" და მოსკოვის მიერ "აღიარებული" მარიონეტები. დღეს, ბევრად უფრო შორს ვართ მოძმე აფხაზებისგან და ოსებისგან, ვიდრე ოდესმე. თუმცა ნაბიჯი გადასადგემელია და ეს ბუნებრივია, თბილისმა უნდა გააკეთოს. სხვა თემაა, რამდენად შედის ეს ნაბიჯი უშუალოდ ქართველების და აფხაზების გრძელვადიან ინტერესებში. თბილისის მხრიდან პირველ მოთელვას სოხუმში ფრთხილი განცხადებებით გამოეხმაურნენ. ეს გასაგებიცაა, მოსკოვის გარეშე აქ არაფერი მოხდება.  


პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია