მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ქართული მხარე ერგნეთის ბაზრობის აღდგენის ინიციატივით გამოდის - 01 მარტი 2013

[myrights.ge]

ახალი მთავრობა ცხინვალს ერგნეთის ბაზრობის აღდგენას სთავაზობს. თბილისი მზად არის ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დროებით გადადოს პოლიტიკური დარეგულირების საკითხები და აქცენტი ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენაზე გააკეთოს. ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ მოამზადა რიგი წინადადებებისა ცხინვალისათვის, რომლებიც საზღვარზე მდებარე სოფელ ერგნეთში ქართულ-ოსური ბაზრობის აღდგენას ეხება. 

"ერგნეთის ბაზრობასთან ასე თუ ისე დაკავშირებული იყო 30 ათასი ქართველისა და ოსის - რეგიონის მაცხოვრებლების ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობა", - აცხადებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საარლამენტო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი. ქართული მხარის წინადადებები აღნიშნული კომისიის მიერ მუშავდება და ამ წინადადებების შემუშავების პროცესში ექსპერტები და რეინტეგრაციის საკითხების სამინისტროც მონაწილეობს. 

"ერგნეთის ბაზრის აღდგენა შერიგების გზაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნებოდა, ამიტომაც ვუჭერთ მხარს ჩვენ ამ იდეას. აქ შეიძლება მხარეთა საერთო ინტერესებიც გამოიკვეთოს", - აცხადებს რეინტეგრაციის საკითხები სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგურის განცხადებით კი, ბაზრის აღდგენის თემა "აქტიური შემუშავების პროცესშია".

ქართული მხარე, ოსური მხარისათვის ერგნეთის ბაზრობის აღდგენის შესახებ წინადადებების გადაცემას მიმდინარე წლის მარტში დაგეგმილ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე აპირებს. ე.წ. სამხრეთ ოსეთი კი საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენაზე ამ დრომდე უარს აცხადებს.

"ჩვენთვის ეს საინტერესო არ არის", - აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერი ე.წ. რწმუნებული პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევი და ამაზე უფრო ვრცელი კომენტარის გაკეთება არ სურს. 

ოს სეპარატისტთა ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა კი განაცხადა, რომ საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან კონტაქტი შესაძლოა მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველო ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობასა და ოსი ხალხის ე.წ. გენოციდს აღიარებს. მისივე თქმით, ამას გარდა, საქართველომ უნდა გააფორმოს იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულება აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან.

არასამთავრობო ორგანიზაცია "რესპუბლიკური ინსტიტუტის" ხელმძღვანელი ივლიანე ხაინდრავა მიიჩნევს, რომ რუსეთმა შესაძლოა, ასეთ ინიციატივას მხარი დაუჭიროს გამომდინარე იქედან, რომ "ასეთი ვაჭრობა გამოაცოცხლებს სამხრეთ ოსეთის ეკონომიკას, რითაც რუსეთის ბიუჯეტი მოგებას ნახავს და მეორეც, რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის დაშვების შემდეგ სამხრეთ ოსეთის გავლით ტრანზიტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს".

თვის მხრივ, შიდა ქართლის გუბერნატორის ანდრო ბარნოვის შეფასებით, ე.წ. ერგნეთის ბაზრის აღდგენა პოპულისტური ნაბიჯი იქნება, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ცუდ შედეგებს მოიტანს:

"ე.წ. ერგნეთის ბაზრობის გახსნის თემა ძალიან მძიმე საკითხია. მე ვიზიარებ "ნაციონალური მოძრაობის" პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ ერგნეთის ბაზრობის გახსნა საფრთხეების შემცველი იქნება. ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შეკითხვა დამიგროვდა, რომელსაც აუცილებლად დავუსვამ ხელისუფლების წამომადგენლებს. იმის თქმა, რომ ამ ბაზრობის აღდგენა მხოლოდ დაახლოებისთვის არის აუცილებელი, არ შეიძლება, მაგრამ თუ დავრწმუნდებით, რომ საფრთხეები თავიდან იქნება აცილებული, მაშინ ჩვენ არავისთან დაახლოების წინააღმდეგი არ ვართ. ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ეს იქნებოდა პოპულისტური ნაბიჯი, რომელსაც მოკლევადიანი დადებითი და გრძელვადიანი ცუდი ეფექტი ექნება".

ქართული პოლიტიკის ვეტერანი ნოდარ ნათაძე საკითხს სიფრთხილით უდგება: "მე პირადად ვკითხე ერგნეთთან ახლოს მდებარე სოფლების მოსახლეობას ბაზრობის აღდგენის თაობაზე, მითხრეს, რომ მოცემულ რეალობაში ამ ნაბიჯის გადადგმა არ ივარგებსო. დღეს იქ გაბატონებულ მდგომარეობაში ოსები იქნებიან და ამიტომ არის მიუღებელი ეს გადაწყვეტილება. მთელი მისადგომები და არსებული გარემო მათ ხელში უჭირავთ. ჩვენ ეს არაფერს მოგვცემს. ამასთან, ნაბიჯი პოპულისტურია მხოლოდ სულელების თვალში, ხოლო ჭკვიანებისთვის და საქმეში ჩახედულებისთვის, ასე ნამდვილად არ არის. ადგილობრივ მოსახლეობაში, ვისაც ჭკუა მოეკითხება, ამას არ მოიწონებს. 

რაც შეეხება მოსკოვის როლს. ტრადიციულად, რუსეთი ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტისას, სუფთა ეკონომიკური მოსაზრებებით არ ხელმძღვანელობს. კრემლი პოლიტიკურ, სტაბილურ მოსაზრებებს ანიჭებს უპირატესობას. იქ, სადაც რუსეთი ბატონობს, ეკონომიკა განსაკუთრებულ როლს არ თამაშობს. ასევე, მთელი ეს პროცესები - ვაშლის გატანა, ფქვილის შემოტანა თუ სხვა, პოლიტიკურად მთლიანად რუსეთის მიერ იქნება რეგულირებული. ამიტომ, ჩვენს სასარგებლოდ იქ არაფერი მოხდება და ილუზიების ტყვეობაში არ უნდა ვიყოთ.

ამავე დროს, აღნიშნული ნაბიჯის ახსნისას, სამწუხაროდ ცუდ სცენარზე მიწევს საუბარი. მე პირადად, როგორც მოქალაქე ვამბობ, ამ სახელისუფლებო გუნდისადმი უკვე პოლიტიკური უნდობლობა მაქვს. რასაც მაია ფანჯიკიძე და პაატა ზაქარეიშვილი აკეთებენ, სახელმწიფოს ინტერესების დაცვად არ შეიძლება შეფასდეს. მარტო ამ ბოლო საკითხს არ ვგულისხმობ. ყველგან ასეა, სადაც კი მეტ-ნაკლებად აქტიურობენ. დაწყებული პალესტინის აღიარებიდან, აფხაზეთის რკინიგზით და საერთოდ, აფხაზეთის თემატიკით დამთავრებული. რაც კი ამ მიმართულებით გაცხადდა, ქართული გრძელვადიანი ინტერესებისთვის მიუღებელია. განცხადებებით ორიენტაცია დასავლეთზე და ნატოზე კეთდება. კი ბატონო, მაგრამ ამის იქით ყველაფერი ჩვენს საწინააღმდეგოდ ხორციელდება. ასეთი სცენარი კარგს არაფერს მოგვიტანს".

როგორც ვხედავთ, ერგნეთის ბაზრობის აღდგენის მიმართ დამოკიდებულება საკმაოდ პოლარიზებულია. დღევანდელი ოპოზიცია ამაში კარგს და პერსპექტიულს ვერაფერს ხედავს. თუმცა არაფერს ამბობენ იმაზე, რა შედეგებამდე მიგვიყვანა ქართულ-ოსური ტრადიციული ურთიერთობების ერთი ხელის მოსმით დანგრევამ. სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები კი ამის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი იყო. რა თქმა უნდა, კონტრაბანდული ვაჭრობა მიუღებელია, მაგრამ სურვილის შემთხვევაში, კომპრომისული გამოსავლის მოძებნა შესაძლებელი იყო. დღეს ბევრი წყალია ჩავლილი და ამაზე საუბარი არაფრის მომტანია.

ახალი ხელისუფლება ურთიერთობებში გაჩენილი ყინულის გალღობას ცდილობს. ამ გზაზე, ალბათ, ყველა საშუალება მოსასინჯია. მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ე.წ. საზღვარზე რუსი ოკუპანტები დგანან და პოსტებს "ამაგრებენ". მეორე მხრივ, "სამხრეთ ოსეთი" პატარა ჩიხია და აქედან თავის დაღწევა, ყველა ნორმალურად მოაზროვნე ოსის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს. აქ ჯიოევი-თიბილოვის განცხადებების პათოსი სრულიად გასაგებია, ვის ინტერესებსაც ემსახურება. ფაქტი ერთია, ხელოვნურად გაწყვეტილი ურთიერთობები უნდა აღდგეს და ამისთვის ყველა საშუალება უნდა იქნეს გამოყენებული. იმედია, ოსურ საზოგადოებაშიც უკვე დაწყებული იქნება ბჭობა ამ თემაზე.

და ბოლოს, პირადად ვმონაწილეობდი 2003 წლის შემოდგომაზე თბილისში, ომის და მშვიდობის ბრიტანული ინსტიტუტის სემინარში, სადაც ჩვენი ცხინვალელი კოლეგები მონაწილეობდნენ. ძალიან საინტერესო თანამოძმეებთან გვიწევდა ყოველდღიური ურთიერთობა. შერიგების პროცესი იმდენად ღრმად იყო განვითარებული, რომ ოსი ჟურნალისტები წინააღმდეგი არ იყვნენ ერთიან, თუნდაც ფედერალურ პრინციპებზე დაფუძნებულ სახელმწიფოში (საქართველოში) ეცხოვრათ. ეს იმ დროს, როცა ზოგიერთ მათგანს ოჯახის წევრი, ნათესავი ჰყავდა დაღუპული ოთხმოცდაათიან წლებში ქართველებთან ძმათამკვლელ ომში. მერე რაც მოხდა, ყველამ კარგად ვიცით. არ შეიძლება მორიგ უგუნურ პოლიტიკას გადაყვეს ათწლეულების განმავლობაში ქართულ-ოსური ურთიერთობა. რიგითი მოქალაქეები ორივე მხარეს ყინულის გალღობას ელიან.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია