მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
"ელჩების დანიშვნა ისევ ნეპოტიზმის პრინციპით ხდება" - 12 მარტი 2013

 

[myrights.ge]

რა ტიპის გამოწვევების წინაშე დგას თანამედროვე ქართული დიპლომატია, რამდენად შეძლებს ის რთულ საერთაშორისიო ვითარებაში შედეგებზე ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმას, რა პრინციპებით ხდება უცხოურ წარმომადგენლობებში დიპლომატების დანიშვნა, ზოგადად, რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი დიპლომატიური სკოლა, ამ საკითხებზე დიპლომატიური აკადემიის რექტორს, პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ვესაუბრებით. 

სოსო ცინცაძე: ახალი მთავრობის დიპლომატიურ წარმატებებზე ან ჩავარდნებზე ლაპარაკი ჯერ არ გვიწევს. ქართული დიპლომატია ახალ ფონს ქმნის და გარკვეულ ნაბიჯებს დგამს, ისღა დაგვრჩენია, შედეგებს დაველოდოთ. ამასთან, კეთდება განცხადებები, ერთდროულად ბრიუსელთან და მოსკოვთან კარგ ურთიერთობებზე. ჩვენ შეიძლება ამ მიდგომაზე ერთი წელიწადი ვიკამათოთ. მე ვამბობდე, რომ ეს შეუძლებელია, ხოლო ოფიცილური დიპლომატები საპირისპირის ამტკიცებდნენ. მაგრამ ამას ვერცერთი დავამტკიცებთ, სანამ შედეგი არ იქნება.

რასაკვირველია, ძალზედ სერიოზული რისკების, ეჭვების და კითხვების წინაშე ვიმყოფებით. ხოლო თანამედროვე ქართული დიპლომატიის ნოვაციებში ეჭვის შეტანას, რაც არ უნდა უცნაურად გამოიყრებოდეს, დღეს რუსეთი ხელს უწყობს.

- კონკრეტულად რას გულისხმობთ?

- მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ოფიციალური მოსკოვის ახალი დოქტრინა, რომელიც დიდი ხნის დაწერილია და პუტინი უბრალოდ ხელს არ ახლებდა, ცვლილებები შეჰქონდათ. ეს ნაუცბათევი ცვლილებები არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვების შემდეგაა შეტანილი. მაგრამ მასში დარჩა ტრადიციული რუსული ხაზი, რომელიც არ იცვლება - ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის გაძლიერებასო; ანუ, ქართველებს ოდესმე იმის იმედი ნუ ექნებათ, რომ ჩვენ რუსეთი ხელს შევუწყობთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასო. მაგრამ იქვე, წინადადების ბოლოს სიახლე არის შეტანილი, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს საქართველოსთან მეგობრობის აღსადგენად.

დღეს, როცა აღარ არის სააკაშვილის ხელისუფლება, რუსულ-ქართული მეგობრობისთვის ყველაზე დიდი ხელშემშლელი, რასაკვირველია, ტერიტორიული მთლიანონის და ოკუპაციის საკითხია. ამიტომ რუსულ დოქტრინაში ურთიერთგამომრიცხავი თეზისები სახეზეა. არადა, საგარეო-პოლიტიკური კონცეფცია ოფიციალური დოკუმენტია და ჩვეულებრივად კანონზე მაღლა დგას. ეს ქვეყნის სამომავლო ორიენტირია. ამ დროს, საინტერესოა როგორ აპირებს ამ ორიენტირთან თანამშრომლობას ქართული დიპლომატია თავისი პრინციპებით (ნატო, ტერიტორიული მთლიანობა, პროდასავლური გზა...).

ახალ კონცეფციაში რუსეთი ასევე აცხადებს, რომ აღმოსავლეთისკენ, ჩინეთისკენ  მივდივართო; რადგან ევროპა სუსტდება და აღმოსავლეთი ძლიერდებაო. საუბარია ორი ტოტალიტარული სახელმწიფოს (რუსეთ-ჩინეთი) კავშირზე, როგორც ეს მოსკოვს წარმოუდგენია. თუმცა ეს ბევრი თვალსაზრისით, მცდარი მიდგომაა, რადგან ტოტალიტარული რეჟიმები ვერსად ერთად ვერ ძოვენ. ადრე თუ გვიან, ისინი ერთმანეთში ჩხუბობენ.

როგორ მოძებნის თანამედროვე ქართული დიპლომატია მოდუს-ვივენდის ამ ახალ რეალობასთან, ამაზე ქვეყანაში დამაჯერებელი პასუხი არავის აქვს. ამიტომ, დრომ უნდა გამოსცადოს ეს დიპლომატია. მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ამის დროც არ გვაქვს. საკმარისია თუ გნებავთ ექვსი-შვიდი თვე მაინც და ჩვენ შევძლებთ დიპოლმატიის გარკვეულ შედეგებზე საუბარს.

- დღევანდელი დიპლომატიური წარმომადგენლობა, პირველ რიგში საგარეო უწყების სახით, რამდენად მოახერხებს შედეგებზე ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმას?

- სიმართლე გითხრათ, ახალი დანიშნული ელჩებიდან, ტალეირანს და ბისმარკს ვერავის ვხედავ. ქართველი ელჩები იმავე პრინციპით ინიშნებიან, რითაც ეს შევარდნაძის დროს და მერე სააკაშვილის პერიოდში ხდებოდა. ავიღოთ საფრანგეთი, რომელიც ნატოში ჩვენი გაწევრიანების ერთ-ერთი მოწინააღმდეგეა. საინტერესოა, რა დიპლომატიური განათლება აქვს, რა დიპლომატიური ალღო და უნარები გააჩნია ამ დიდ ქვეყანაში დანიშნულ ქალბატონ სირაძე-დელონეს. არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობა ჩემთვის ამ თვალსაზრისით, ძალიან ცოტას ნიშნავს. 

- მაშინ რა პრინციპებით ხდება დღეს ელჩების დანიშვნა?

- ეს არის, ისევ და ისევ ნეპოტიზმი, პირადი ნაცნობობა, ნათესაობა, ერთგულება. ამ პრინციპებიდან პროფესიონალიზმი გამორიცხე და რაც დაგრჩება, ამით ინიშნებიან ელჩები.

- მაგრამ რა შედეგს მოიტანს ამ გზით განხორციელებული დიპლომატია, თუნდაც ევროპულ სარბიელზე?

- პროფესიონალია თედო ჯაფარიძე, მაგრამ რატომღაც, პრეზიდენტი მის დანიშვნაზე უარს ამბობს. ჯაფარიძის გვარი წარდგენილებში არის, მაგრამ პრეზიდენტის თანხმობით დაბრუნებულ სიაში, მისი გვარი არ ფიგურირებს. ვერ გეტყვით, რაშია საქმე მის კანდიდატურასთან დაკავშირებით. ფაქტია, სააკაშვილის მიერ ხელმოწერილ სიაში ის არ წერია.

- არჩილ გეგეშიძის კანდიდატურაზე რას იტყვით შეერთებულ შტატებში?

- გეგეშიძე ჭკვიანი მკვლევარია. ჩემი აზრით, კარგი საშუალოა, როგორც იტყვიან. უფრო დადებითი მკვლევარია, ვიდრე უარყოფითი. მაგრამ ელჩს გარდა მეცნიერული განათლებისა, ბევრი სხვა თვისებაც სჭირდება. რაც ჩემი პირადი აზრით, გეგეშიძეს არ გააჩნია. ამიტომ, არ მგონია ის კარგი ელჩი იყოს. დიპლომატია უაღრესად სპეციფიკური პროფესიაა. აქ პირადი კომუნიკაბელობა, თუ გნებავთ ენამახვილობა, კარგი გარემოცვის შექმნა, გახსნილობა აუცილებელია. გეგეშიძე ყოველთვის ჩაკეტილი კაბინეტის მუშაკი იყო; ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ მას ცოტა კომუნიკაბელობა აკლია. 

- ამ ფონზე, რა გამოწვევების წინაშე იმყოფება თანამედროვე ქართული დიპლომატიური სკოლა?

- სამწუხაროდ, დიპლომატიური სკოლა როგორ ასეთი, აღარ არსებობს. აი ამ დღეში ვართ, ყოველგვარი შელამაზების გარეშე. ყველა პროვინციულ კერძო სასწავლებლებში შესაბამისი ფაკულტეტია გახსნილი, ვინაიდან დიდი მოთხოვნაა სპეციალობაზე. მაგრამ იქ ვის ღებულობენ და ვინ ასწავლის მათ, ეს კაციშვილმა არ იცის. საერთოდ, კრიზისია ამ თვალსაზრისით; ერთი-ორი კერძო უმაღლესი სასწავლებლის გამოკლებით, სადაც თავიდან იწყებენ დარგის ფეხზე დაყენებას.

- შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს რაში ხედავთ?

- დარგის ფეხზე დაყენებისთვის პოლიტიკური ნება არის საჭირო. ახალმა მთავრობამ უმაღლესი სასწავლებლები უნდა დააფინანსოს, რომ იქ ნორმალური ფაკულტეტი და სწავლება იყოს. სათანადო კადრების შერჩევა უნდა მოხდეს; არამარტო პროფესორ-მასწავლებლების, არამედ სტუდენტების სპეციალური სელექცია განხორციელდეს. როგორ შეიძლება დიპლომატიურ ფაკულტეტზე სტუდენტი მიიღო, რომელიც გამართულად ქართულზეც ვერ ლაპარაკობს. არცერთი უცხო ენა არ იცის, რუსულის ჩათვლით.

მე თვითონ ამ სფეროში ვარ. ჩვენთან დიპლომატიურ ფაკულტეტზე ასამდე სტუდენტია. ინგლისურზე საუბარიც არ არის, რუსული ორმა-სამმა იცის, სხვა ენებზე რომ არაფერი ვთქვათ. და რაც ყველაზე მთავარია, სკოლა არ უშვებს წიგნიერ თაობას. არ ვიცი, განათლების მინისტრის ვიცე-პრემიერად დანიშვნა რას უშველის; მაგრამ ფაქტია, სკოლიდან დამაკმაყოფილებელი ცოდნით შეიარაღებული თაობა არ მოდის. სადაც საჭიროა იქ ვიტყვი და ამას დავამტკიცებ კიდეც. გადაცემა ეტალონი ამ საქმეს ვერ უშველის. ტელეშოუდ აქციეს ყველაფერი, როცა სერიოზული კრიზისის წინაშე ვიმყოეფებით.     

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია