მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პუტინი-ანქვაბის მოსკოვური შეხვედრა უკეთესი მომავლის მოლოდინში - 15 მარტი 2013

[myrights.ge]

რუსეთთან ურთიერობების დარეგულირებისთვის, საქართველოს ახალი მთავრობის ზრახვებს, მეორე მხრიდან ნელ-თბილი დამოკიდებულება მოჰყვება. ამის დასტურია აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრ ანქვაბის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სამუშაო შეხვედრა, რომელიც მოსკოვში გაიმართა. მასში აფხაზური მხარიდან პრემიერ-მინისტრი ლეონიდ ლაკერბაია და ფინანსთა მინისტრი ვლადიმირ დელბა მონაწილეობდნენ. მხარეებმა რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებიდან, ხუთწლიანი ორმხრივი თანამშრომლობის შედეგები განიხილე.

პუტინი: „სასიამოვნოა თქვენი ხილვა მოსკოვში. მიმდინარე წელს ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური  ურთიერთობის დამყარებიდან ხუთი წელი შესრულდება. იმედი გვაქვს, რომ დღეს ამ კონსულტაციების ფარგლებში შევძლებთ გარკვეული შედეგებზე საუბარს და ამოცანების გადახედვას, რომლების გადაჭრაც ერთად შეგვიძლია. პრობლემები არც ისე ცოტაა, თუმცა ისინი აუცილებლად უნდა გადაწყდეს, მიუხედავად იმისა, როგორი რთულიც არ უნდა ჩანდეს ერთი შეხედვით.

ანქვაბის თქმით კი, ისინი ამ შეხვედრას ელოდებოდნენ. მან პუტინს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა: „აგვისტოში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია. ხუთი წელი გავიდა რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებიდან. ამ თარიღისათვის ვემზადებით. გვინდა ამ თარიღს კიდევ უფრო კარგი შედეგებით შევხდეთ. ვგულისხმობ ჩვენს ქვეყნებს შორის დიდი შეთანხმების შესრულებას. ჩვენ უკვე ბევრი რამ გავაკეთეთ.

ანქვაბმა პუტინს აფაზი მოქალაქეების საუკეთესო სურვილები გადასცა: „მათ ყოველთვის ახსოვხართ და ძვირფასია მათთვის თქვენი დამოკიდებულება აფხაზეთის მიმართ და ეს ჩვენი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აფხაზთა „პრეზიდენტის“ მოსკოვში ვიზიტი ორი დღე გაგრძელდა.

პუტინი-ანქვაბის მორიგი შეხვედრის კომენტირებისას, რემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილი აცხადებ, რომ „ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებს მოთმინებით უნდა მოვეკიდოთ“:

ტერმინები არის აბსოლუტურად ობიექტური. რაც არის რეალობა იმას ვამბობთ ჩვენც. მე ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს მოთმინებით უნდა მოვეკიდოთ. ჩემი აზრით, მდგომარეობა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არსებობს, რუსეთისთვისაც მიუღებელია. მე კრემლის ჩინოვნიკებთან იატაკქვეშა ურთიერთობები არ გამაჩნია, თუმცა ანალიზის საფუძველზე მინდა, ვთქვა, რომ შექმნილი მდგომარეობა რუსეთის საგარეო და საშინაო მდგომარეობის უსაფრთოებისთვის დადებითი არ არის. ხვალ სურვილიც რომ გაუჩნდეს რუსეთის მთავრობას, რომ ყველაფერი დააბრუნოს, პოლიტიკურადაც და ტექნიკურადაც ეს დიდ დროს მოითხოვს.

 

საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძს თქმით, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ არის მიმართული, აღშფოთებას იწვევს.

თავის მხრივ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ, ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, არსებულ ფონზე პუტინისა და ანქვაბის შეხვედრა არადიპლომატიური და არასახარბიელო იყო:

ჩვენ, პრინციპში, არ ვიცით, რა საუბარი შედგა მათ შორის. არ ვიცით საუბრის დეტალები, ფორმალურად შეიძლება მადლობაც გადაუხადეს ერთმანეთს. შესაბამისად, ისეც შეიძლება ივარაუდო და ასეც შეიძლება ივარაუდო, მაგრამ საქართველოს რეინტეგრაციაზე იყო საბარი მეთქი, არ დამიჯერებთ, ალბათ. მაგრამ, მე ვთვლი, რომ ამ ფონზე, ბუნებრივია, არასახარბიელო იყო და არადიპლომატიური, ვინაიდან აფხაზეთის ამჟამად მოქმედი .. ხელისუფლების ხელმძღვანელის ვიზიტი რუსეთში, ბუნებრივია, არ აღიქმება ჩვენს მიერ ლეგიტიმურ ნაბიჯად,

მაგრამ მე მინდა, აქვე აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაღრმავოთ და გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები აფხაზებთან და ოსებთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით, რა თქმა უნდა, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობით, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფუნქციონირების შესაძლებლობით. ყველაფერი ეს მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანა დადგეს ფეხზე და შემდეგ არჩევანი გააკეთონ აფხაზმა და ოსმა ძმებმა.

ევროპელი დემოკრატების ლიდერი პაატა დავითაიას თქმით, ალექსანდრ ანქვაბის მოსკოვში სტუმრობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთი საქართველოსთვის აფხაზეთისა და ოსეთის დაბრუნებას არ აპირებს:

რეალურად რასაც ვხედავთ ისაა, რომ რუსეთი ამბობს, მზად ვართ საქართველოსთან განვიხილოთ კულტურული და ეკონომიკური საკითხები, მაგრამ არ ვაპირებთ დავუთმით საქართველოს აფხაზეთი და ოსეთი. ქართული მხარე ამას არ იგებს თუ ვერ იგებს.

რომელიმე მინისტრს მკაფიოდ გამოუთქვამს სადმე დეოკუპაციის შესახებ რამე? მოვუწოდებ მთავრობას, გადახედონ საკადრო პოლიტიკას. მიზანმიმართულად ხდება საქართველო ევრაზული კავშირის წევრი. თუ რუსეთი იტყვის, რომ თუ საქართველო გახდება ევრაზიული კავშირის წევრი და დაგიბრუნებთ აფხაზეთს და ოსეთს, შეიძლება მეც გავხდე ამ კავშირის წევრი, მაგრამ რუსეთის ფედერაციას უნდა კონტროლი საქართველოსი, აბსოლუტური კონტროლი კი აფხაზეთისა და ოსეთის.

ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საქართველორუსეთის ურთიერთობებში რაიმე პოზიტიურს ვერაფერს ხედავს. მისი თქმით, რა პოზიტიურ ცვლილებებზეა საუბარი ურთიერთაბაში, როდესაც ანქვაბი ჩადის რუსეთში, ხვდება რუსეთის პატრიარქს და პრეზიდენტს და მათთან აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის გაძლიერებაზე საუბრობს:

 

ამის მერე ვერანაირ პოზიტივს ვერ ვხედავ. თუ ის არის პოზიტივი, რომ ზურაბ აბაშიზე სადღაც ხვდება გრიგორი კარასინს?!, - აცხადებს ჯაფარიძე და დასძ, რომ იმის ფონზე, როცა საქართველოში წარმოებული ღვინო ევროპის მრავალ ქვეყანაში იყიდება, ონიშჩენკოს მიერ გაკეთებული განცხადებები არის შეურაცხყოფა.

ჯაფარიძემ მოსკოვში ანსამბლ ერისიონის გასტროლიც შეაფასა და განაცხადა, რომ კულტურიული ურთიერთობების ხელშეწყობა არის რუსეთის სპეცსამსახურების ნაცადი ხერხი, იმ ქვეყნებთან, რომელთა ტერიტორიებიც მათ აქვთ ოკუპირებული: „ეს არის ნაცადი გზა და მე ამისგან არანაირ პოზიტივს არ ველი.

პუტინი-ანქვაბის შეხვედრის შეფასებისას, ყოფილი პრემიერი თენგიზ სიგუა აცხადებს, რომ  დღევანდელ პირობებში რუსეთი აფხაზეთს არ დათმობს. მისი თქმით, მოსკოვისთვის საშინელი დიპლომატიური კრახი იქნება, რომ უარი თქვას აფხაზეთის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე:

„სხვა საქმეა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის გარკვეული ტიპის დაახლოება მიმდინარეობს. მეცნიერების, კულტურული ურთიერთობები, ვაჭრობა ძალიან კარგია. ღვინის და მინერალური წყლების ექსპორტის განახორციელება შვება იქნება. ამით ბიუჯეტი ძალიან მნიშვნელოვან შემოსავალს მიიღებს.წლიურად, სულ ცოტა 10-12 მილიონი ბოთლი გაიყიდება.

რაც შეეხება პოლიტიკურ საკითხებს, რუსეთი არანაირ დათმობაზე არ წავა, რადგან ეს მისთვის სრულ კრახს მოასწავებს. ამიტომ, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ეკონომიკა გავაძლიეროთ; რომ დანარჩენი საქართველო, თავად აფხაზეთისთვის საინტერესო გავხადოთ. იქ არიან ძალები, რომლებიც რუსეთის ოინებს მიხვდნენ და ანტირუსული დამოკიდებულება აქვთ. ჯერჯერობით, ისინი მცირე რაოდენობით არიან და რამე მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვთ. მაგრამ დადგება დრო, ეს ძალები თავის სიტყვას იტყვიან. ამისთვის საჭიროა ეკონომიკურად მოვძლიერდეთ, რომ მათთვის მისაღები გავხდეთ. ისინი მერე თვითონ დაიწყებენ ჩვენთან კავშირის ძიებას“.

მაგრამ, რამდენად მისცემს მოსკოვი აფხაზებს ქართველებთან დაახლოების საშუალებას? ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ მოსკოვს ალექსანდრე ანქვაბიც არ უნდოდა, მაგრამ ხალხმა ის  აირჩია. მისივე თქმით, ეჭვს იწვევს რუსეთის სიძლიერე და მისი პოლიტიკურ-ეკონომიკური მომავალიც:

„ანქვაბს რამდენიმეჯერ ტერაქტი მოუწყვეს. როგორ გგონიათ, ეს ვინ ჩაიდინა? რასაკვირველია, ამაში მოსკოვის ხელი ურევია. ისევე როგორც, ვინ მოიცილა ბაღაფში? ის გარდაცვლილი არ არის, მოკლულია რადგან მოსკოვს მისი ფიგურა არ აწყობდა. ანქვაბიც მიუღებელი იყო, მაგრამ აფხაზებმა მაინც აირჩიეს. ამიტომ, საქმე არ არის ისე დალაგებული, როგორც ვიღაცეებს ჰგონიათ. სოხუმში არსებულ ანტირუსულ ძალებს ჯერ ის ძალა არ აქვთ, რომ წონადი სიტყვა თქვან.

ამასთან, ღრმა ანალიზი უნდა გაკეთდეს თვითონ რუსეთის სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით. ქვეყანა დღეს ენერგომატარებლების გაყიდვის ხარჯზე ცხოვრობს. მაგრამ ავიღოთ ბოლო მაგალითი. ამერიკაში ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისია. ბიუჯეტი 90 მილიარდი დოლარით შემცირდა. ეს მსოფლიოს ყველა ქვეყანაზე გავლენას იქონიებს, იმდენად არის ყველგან გამჯდარი ამერიკული ეკონომიკა. ეს რუსეთზეც გავლენას იქონიებს. აშშ-ში ბიუჯეტის ხარჯების შემცირება, ეკონომიკურ ზრდას შეანელებს. ორნახევრით ზრდას ელოდნენ და ალბათ, ერთნახევრამდე შემცირდება. ეს ენერგომატარებლების მომხმარების მნიშვნელოვან კლებას გამოიწვევს არამარტო შეერთებულ შტატებში, ევროპულ ქვეყნებშიაც. რასაკვირველია, ეს უკვე რუსეთს დაარტყამს, რადგან მისი ენერგომატარებლების მსოფლიო ბაზარზე გატანა მნიშვნელოვნად შემცირდება. ეს ყველაფერი კარგად უნდა აიწონდაიწონოს.

ასევე, დღევანდელი რუსეთი არ არის ძლიერი ქვეყანა, რადგან ასეთი სახელმწიფოს ესპორტში სულ ცოდა 40% ტექნოლოგიური ნაწარმი უნდა ჰქონდეს. რუსეთის 5 პროცენტი კი სასაცილო მაჩვენებელია; ნიგერიას უფრო მეტი აქვს. რუსული ტექნოლოგიები იმდენად ჩამორჩა, რომ მსოფლიო ბაზარზე არ იყიდება. მისი ესპორტის 78% ენერგომატარებლებია, ნავთობი და ბუნებრივი აირი. მერე კიდევ, რუსეთს 18 წელიწადში ნავთობის დიდი მარაგები უმცირდება. თუ დღეს წლიური მოპოვება 500-520 მილიონი ტონა აქვს და ნახევარს ყიდის(დანარჩენს შიგნით იყენებს), 18 წლის შემდეგ ამდენის გაყიდვის საშუალება აღარ ექნება. გაუმესამედდება გასაყიდი ენერგომატარებლების რაოდენობა. აი მაშინ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ვარდნა დაიწყება“.

ამ ვითარებაში, რა ელის აფხაზეთს? დადგება პერიოდი და არათუ აფხაზეთში, საერთოდ კავკასიაში რუსული ჯარი აღარ იქნება. ნაკლებად ხდება ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესების ანალიზი. დღე არ გავა ტერაქტი არ მოხდეს ჩეჩნეთში, დაღესტანში, ყაბარდოში თუ სხვაგან. მოსკოვი ჩრდილოეთ კავკასიას ვერ აწყნარებს და ვერც დააწყნარებს. თუმცა ჯერჯერობით ის ძალა აქვს, რომ სამხედრო ჩარევით და ბაზების გახსნით გავლენა იქონიოს. მაგრამ ეკონომიკური დასუსტების ხარჯზე, ეს გავლენა შესუსტდება.

ხომ მოაწერა პუტინმა პენსიების შემცირების ბრძანებას? ეს კრიზისის დასაწყისია. აქამდე, 1992 წლიდან დაწყებული, სულ ზრდა მიმდინარეობდა. პირველად მოხდა 2013 წელს, რომ პრუსული პენსიები შეამცირეს. შემოიტანეს ახალი ცნება, სტაჯის სახით. ადრე მას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ეს პირველი ნიშნებია იმისა, რომ რუსეთში საქმე კარგად ვერ არის“.

ფაქტია, პუტინი-ანქვაბის ბოლო შეხვედრა ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირებას წყალს არ დაასხამს. პოლიტიკური ჩიხი სახეზეა და კულტურულ-ეკონომიკური კავშირების აღდგენის მცდელობა ამ საქმეს ვერ შველის. მეორე მხრივ, პატარა ქვეყანას ხელთ არ უპყრია მრავალფეროვანი არგუმენტები, ამხელა იმპერიასთან საერთო ენის მოსაძებნად. ალბათ, გამოსავალი მაინც პოლიტიკურ-ეკონომიკურ გაძლიერებაშია, რათა ქვეყანა უკეთეს დროებას და გამოწვევებს მომზადებული შეხვდეს.     

   

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია