მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საქართველოს 14 ქვეყანაში ელჩი არ ჰყავს - 16 მარტი 2013

[myrights.ge]

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით ის, რომ პრეზიდენტს ამ დრომდე ელჩების სია ხელმოწერით არ დაუმტკიცებია უპასუხისმგებლო საქციელია. მისივე თქმით, ამ დროისთვის საქართველოს 14 ქვეყანაში ელჩი არ ჰყავს, რაც ყვეყნის საგარაო საქმეთა სამინისტროს მუშაობაზე უარყოფითად აისახება:

ჩვენ ოქტომბრის, შემდეგ აღარ გვყავს ელჩები, მათ მოვალეობას დროებითი რწმუნებულები ასრულებენ. მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი უპასუხისმგებლო საქციელი შეიძლებოდა პრეზიდენტის მხრიდან. წარდგენილი ელჩები ხალხის მიერ არჩეულმა პარლამენტმა დაამტკიცა, ანუ მათ გამოხატეს ქართველი ხალხის ნება. არ მესმის დამტკიცებული ელჩების სიის ხელმოწერას რა უდგას წინ.

რაც შეეხება მოქმედი ელჩების გამოწვევას, ზოგიერთის ყოლას სჯობდა სულ არ ყოფლიყვნენ იქ. იყვნენ ვიღაცეები, რომლებიც სახელმწიფოს დავალებას არ ასრულებდნენ და თვითნებურად მოქმდებდნენ. მე შემიძლია დაგისახელოთ მათი გვარები. ამ წუთას ქვეყანას 14 ელჩი არ ჰყავს და ეს ხდება ვილნიუსის სამიტის წინ. ჩვენ არ გვყავს ოფიციალური წარმომადგენელი ევროპის ქვეყნებში, მაშინ როდესაც ასოცირების დოკუმენტის ბოლო დეტალები ზუსტდება და არ გვყავს ელჩი აშშ-ში, სადაც ახალი სახელმწიფო მდივანია. ეს კარგად ნამდვილად არ აისახება საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობაზე.

ქართული პოლიტიკის ვეტერანის, „სახალხო ფრონტის“ ლიდერის, ნოდარ ნათაძის თქმით, დაუშვებელია, როცა საქართველოს, თავისი მდგომარეობის გათვალისწინებით, სხვა სახელმწიფოებში დანიშნული ელჩები არ ჰყავს. მისივე თქმით, პრეზიდენტმა თავისი უარი უნდა განმარტოს:

„თუ კაცი ფუნქციას ასრულებს, უნდა შეასრულოს კიდეც. მე რომ მძღოლად დავჯდე და საჭე არ მოვატრიალო, ამის უფლება არ მაქვს. ეს წმინდა იურიდიული საკითხია და ამის გაკეთება არ შეიძლება. მეორე მხრივ, თუ მან იცის ამ ელჩების მიმართულება, ხარისხი და პოლიტიკური გეგმები, ვალდებულია ეს მიუღებლობა რაღაც ფორმით გამოხატოს, გააპროტესტოს. ასევე ვალდებულია, გადადგმულ ნაბიჯთან დაკავშირებით საზოგადოებას მოტივაცია წარმოუდგინოს. ხელს თუ არ აწერს, უნდა დაასაბუთოს, ამას რატომ არ აკეთებს. დეტალებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ მისი საქციელი, ძალიან უცნაურად გამოიყურება.

დაუშვებელია მდგომარეობა, როცა სახელმწიფოებში ელჩები არ გვყავს. ეს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უჟანგბადოდ დატოვებაა. ქვეყანა ასეთ მდგომარეობაში არ უნდა იყოს. მთავრობამ ღიად უნდა განაცხადოს ამ კონფლიქტური სიტუაციის შესახებ. ოფიციალურად უნდა მოითხოვოს განმარტებები და მოტივაცია. ბოლოს და ბოლოს, პრეზიდენტს ამაზე კონფიდენციალურად უნდა დაელაპარაკონ. უნდა ათქმევინონ, რით იწუნებს წარდგენილ ელჩებს.

მაგალითად, ჩემთვის გაუგებარია არჩილ გეგეშიძის კანდიდატურას ხელს რატომ არ აწერს. ეს კაცი, ჩემი აზრით, ვარგისია ამ თანამდებობისთვის. მაგრამ მიხეილ უკლებას მიუღებლობა, ჩემთვის შეიძლება გასაგებიც იყოს. მას ჯერ კიდევ შევარდნაძის დროსაც ვხედავდი, როცა ძალიან აქტიური იყო. ყოველ შემთხვევაში, ამას გაცხადება სჭირდება და კონფლიქტის შინაარსი უნდა გამოიტანონ ქართული საზოგადოების წინაშე“.

შეგახსენებთ, რომ ახალი ელჩების სიას პარლამენტმა კენჭი რამდენიმე კვირის წინ უყარა და დაამტკიცა. ამის შემდეგ სია ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნა. სწორედ მისი ხელმოწერის შემდეგ იქნებიან კანდიდატები უფლებამოსილნი ელჩის მოვალეობა შეასრულონ.

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია