მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დემურ გიორხელიძე - არამკითხე მოამბენი რაიონებსა და ქალაქებს არ უნდა განაგებდნენ - 24 მარტი 2013

[myrights.ge]

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ არამკითხე მოამბენი რაიონებსა და ქალაქებს არ უნდა განაგებდნენ. აღნიშნულ მოსაზრებას გიორხელიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. მაჟორიტარული წესით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრების საქმე არჩევის ადგილების (რაიონები/ქალაქები) მიხედვაარ არის! რა სიბნელეა?! მათი უშუალო მოვალეობაა პარლამენტში და მთავრობაში ამ რაიონებისა და ქალაქების და იქ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვა! რა უნდათ და რა ესაქმებათ ადგილობრივი ხელისუფლების ფუნციების განხორციელებაში?!

თუმცა, თვითმმართველობები განადგურებულია და ამიტომ გვაქვს ეს სუროგატული მმართველობა, როცა არამკითხე მოამბენი განაგებენ რაიონებსა და ქალაქებს. ეს ამ მაჟორიტარებს კლანური მმართველობისაკენ უბიძგებთ და ასეც არის საქმე, - წერს გიორხელიძე.

ამ პრობლემატიკაზე დემურ გიორხელიძეს რამდენიმე კითხვა დავუსვით.

- ბატონო დემურ, რამ გიბიძგათ ამ განცხადების გასაკეთებლად?

- ჩვენში შექმნილია სიტუაცია, როდესაც რაიონებსა თუ ქალაქებში მაჟორიტარი დეპუტატები  ცდილობენ გააკეთონ ის საქმე, რომელიც აბსოლუტურად არ ევალებათ. რეალურად, ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის, აღმასრულებელი ხელისუფლებების და არა დეპუტატების უფლებამოსილება.

პარლამენტის წევრი სულ სხვა ფუნქციის მატარებელია. მან საკანონმდებლო ორგანოში ტრადიციულ საქმიანობაში, კანონების მიღებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს; ამას პლუს, წარმომადგენლობითი ორგანო იმიტომ იქმნება, რომ ადამიანების თითოეულ ჯგუფს, რომელიც სხვადასხვა ადგილას არის განსახლებული, საკუთარი ინტერესების დაცვის შესაძლებლობა ჰქონდეს. საუბარია მონაწილეობაზე იმ საერთო პოლიტიკაში, რომელსაც სახელმწიფო ეწევა.

მაჟორიტარები ამაში უნდა იყვნენ აქტიურები, რომ ბიუჯეტი იქნება ეს თუ სახელმწიფო პროგრამები, სამთავრობო გადაწყვეტილებები, რაიონების და ქალაქების ინტერესები საერთო კონტექსტში იყოს ასახული; და არა ის, რომ საკადრო პოლიტიკაში იღებდნენ მონაწილეობას, თანამდებობებზე ახლობელ-ნათესავებს, მათ მხარდამჭერებს ნიშნავდნენ და ა.შ.

საერთოდ, ეს ისევ ბოლშევიზმის მარაზმია, რადგან პროგრესულ წინაპირობას არ ქმნის იმისთვის, რომ ჩვენ ამ გზით ქვეყანას დავალაგებთ და სამშვიდობოს გავიყვანთ.

- შეგიძლიათ ამ მიმართებით დაასახელოთ კონკრეტული გვარები, ვის არადამაკმაყოფილებელ საქმიანობაზეც ამახვილებთ ყურადღებას?

- ამასთან დაკავშირებით, რაც მესმის და ვიცი, მედიასაშუალებებითაა და ამიტომ, ახალს ვერ მოგახსენებთ. თან ეს არაფერს ცვლის თუ მაიცდამაინც გვარებს გეტყვით. პრაქტიკულად, ყველგან ასეა და მაჟორიტარების 95 პროცენტი ამ არასწორ გზას ადგას.

დეპუტატს მიაჩნია, რომ ეს მისი სამფლობელოა და როგორც მოესურვება, ისე მოიქცევა. ასე გაგრძელება კი არ შეიძლება. ბოლოს და ბოლოს, რაღაც სისტემური ცვლილებები ხომ უნდა განხორციელდეს. თუ მახინჯი სისტემა არ შეიცვალა, მაშინ საყრდენად რა შეიძლება გვქონდეს? მართვის მეთოდები და სისტემა, აი ჩვენი ყველაზე დიდი რესურსი, რომელთაგან ჯერ არც ერთია გამოყენებული და არც მეორე.

- რასაც დეპუტატები აკეთებენ, ეს მათი ინიციატივით ხდება თუ ზემოდან მიცემული დავალებით?

-  რაკი ეს პრაქტიკა დანერგილია, როგორც ჩანს, უხმო თანხმობაა მათი პოლიტიკური ლიდერების და ზემდგომი ინსტანციების მხრიდან. ამას უნდა მივაწეროთ, თორემ მთლად თავისი ნებით რომ მოქმედებდნენ, ვფიქრობ ეს ელემენტარულად აღსაკვეთი ქმედება იქნებოდა; რადგან, ცუდად გახმაურდებოდა ეს სიტუაცია.

- ხომ არ ყოფილა ამ საკითხზე განხილვა კოალიცია „ქართული ოცნების“ შიგნით?

- ვერ გეტყვით, რადგან ასეთ შეკრებებზე მე არასოდეს ვყოფილვარ.

- გამოსავლის სახით რომ ვთქვათ, რა ეშველება ამ მდგომარეობას?

- დასავლური ორიენტაცია ეს არის, რომ ამ ტიპის სახელმწიფო შევქმნათ. ალტერნატივა ამ ორიენტაციისა არ არსებობს. ჩვენ ეს მარტო სიტყვით გვინდა. პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დასავლეთი მხოლოდ იმიტომ უნდოდა, რომ ვიღაცეებს მხარი დაეჭირათ აქ მათი თარეშისთვის და იქიდან ფული მიეღოთ. დასავლეთი არის კონსტიტუცია, უფლებების გამიჯვნა, თვითმმართველობა, საზოგადოებრივი, სახელმწიფო ინსტიტუტები და ა.შ.

ჩვენ კი არაფერი გვაქვს. ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა ვერ გადაგვიწყვეტია 22 წელია. რაზე შეიძლება პრეტენზია ჰქონდეს პოლიტიკურ ჯგუფებს, როდესაც პოლიტიკური ფუნდამენტის საკითხი დღემდე გადაუწყვეტელია.   

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია