მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პუტინის მორიგი „საერთაშორისო ხულიგნობა“ შავ ზღვაზე - 01 აპრილი 2013

[myrights.ge]

რუსეთის 20-მდე საბრძოლო ხომალდი შავ ზღვაში მოულოდნელად დაწყებული საბრძოლო მომზადების ფარგლებში ჩატარებული წვრთნების შემდეგ, სევასტოპოლის მთავარ ბაზაზე დაბრუნდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედროებმა საბრძოლო ამოცანებს პროფესიონალურად გაართვეს თავი. პრაქტიკულ მოქმედებებში მონაწილეობდა დაახლოებით 7 ათასი რუსი სამხედრო მოსამსახურე, 250-მდე ჯავშანმანქანა, 20-მდე სამხედრო თვითმფრინავი და ვერტმფრენი და 30-მდე სხვადასხვა დანიშნულების საბრძოლო ხომალდი.

პრეზიდენტმა პუტინმა შავ ზღვაში ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლების დაწყების განკარგულება დილის 04:00 საათზე, თვითმფრინავის ბორტიდან გასცა (როდესაც სამხრეთ აფრიკიდან შინ ბრუნდებოდა). მისი დავალებით, თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ საზღვაო ძალებში სამხედრო მზადყოფნა გამოაცხადა. მოგვიანებით, პუტინი შოიგუსთან ერთად წვრთნებს უშუალოდ დაესწრო.

საქართველოს საგარეო სამინისტრო შავი ზღვის რეგიონში რუსული შეიარაღებული შენაერთების ფართომასშტაბიანი წვრთნების მოულოდნელად დაწყებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული წვრთნები უჩვეულოა, რადგან ის სცდება სამხედრო შენაერთების განლაგების ჩვეულ ადგილს, რომელიც შესაბამისობაშია ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების შესახებვენის 2011 წლის დოკუმენტთან:

საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება შავი ზღვის რეგიონში რუსული შეიარაღებული შენაერთების ფართომასშტაბიანი წვრთნების მოულოდნელად დაწყებას. რუსეთის ოფიციალური წყაროები იტყობინებიან, რომ წვრთნებში მონაწილეობას იღებს დაახლოებით 7000 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის, საავიაციო და საზღვაო შენაერთებიდან, და ჩართულია 30-ზე მეტი სამხედრო ხომალდი. წვრთნები საქართველოს სახმელეთო და საზღვაო საზღვრების სიახლოვეს ტარდება. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ წვრთნების ჩატარების ხანგრძლივობის და სამხედრო ნაწილების დისლოკაციის ზუსტი ადგილმდებარეობის თაობაზე. აღნიშნული წვრთნები არის უჩვეულო, დაუგეგმავი და სცდება სამხედრო შენაერთების განლაგების ჩვეულ ადგილს, რომელიც შესაბამისობაშია ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების შესახებვენის 2011 წლის დოკუმენტთან. ამასთან, მასშტაბურობიდან გამომდინარე, წვრთნები ვერ მიიჩნევა მოსალოდნელ საფრთხეზე პროპორციულ რეაგირებად.

ამასთან, მაია ფანჯიკიძის უწყების შეფასებით, რუსეთის ქმედება ევროპის სამეზობლოში სტაბილურობისა და პროგნოზირებადობის დაცვის ინტერესებს ეწინააღმდეგება:

საქართველო შეშფოთებულია რუსული სამხედრო შენაერთების მოულოდნელი და პროვოკაციული ქმედებებით, ისევე როგორც საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში - აფხაზეთში, საქართველო და ცხინვალის რეგიონში, საქართველო, რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების შეიარაღების და/ან პერსონალის გამოყენების პოტენციური საფრთხით. ცალმხრივად განხორციელებული სამხედრო ქმედებები საქართველოს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს იმ ფონზე, რომ რუსეთი კვლავაც უარს აცხადებს, უპასუხოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2010 წელს ცალმხრივად ნაკისრ ვალდებულებას ძალის არგამოყენების შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის 7 მარტს ერთსულოვნად მიღებული დეკლარაციით დაადასტურა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიეროს ძალისხმევა, რათა უზრუნველყოს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება და გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები საქართველოსა და რუსეთს შორის ძალის არგამოყენების მტკიცე რეჟიმის ჩამოყალიბების მიზნით, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებით იქნება გამყარებული.

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი რუსეთის საოკუპაციო ჯარები შავი ზღვის აკვატორიაში მიმდინარე წვრთნებში ჩართულები არ არიან და არც საქართველოს საზღვაო აკვატორიაა დარღვეული. როგორც მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული წვრთნები საქართველოს დაკვირვებას გაათმაგებს, თუმცა საქართველო ამ წვრთნებიდან საფრთხეს პირდაპირ არ გრძნობს:

თავისთავად ის, რომ წვრთნები შეუთანხმებელი იყო მეზობელ ქვეყნებთან, საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკის დარღვევაა. ჩვენთვის ახალი არ არის, რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო პრაქტიკას და სამართლის ნორმებს. ეს წვრთნები ჩვენს დაკვირვებას გააათმაგებს, თუმცა საქართველო ამ წვრთნებიდან საფრთხეს პირდაპირ არ გრძნობს.

გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეს ვახტან კაპანაძეს არ ჰგონია, რომ რუსეთის მიერ შავ ზღვაში დაგეგმილი წვრთნები საქართველოსთვის საფრთხის შემცველი იყოს“:

მოგახსენებთ, რომ ჩვენი მონაცემებით აღნიშნული წვრთნები რუსეთის შეიარაღებული ძალების გარკვეული დანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელ შემოწმებას. შესაბამისად, ეს უნდა განხროციელდეს შესაბამისი რიტმითალგორითმით, ანუ ღამე მოულოდნელად და .. არ მგონია, რომ რაიმე საფრთხეს შეიცავდეს და დაკავშირებული იყოს აქ მიმდინარე წვრთნებთან, თუმცა ჩვენ აღნიშნულთან დაკავშირებით მონიტორინგსა და ინფორმაციის შეგროვებას ვახორციელებთ, მაგრამ დღესდღეისობით ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ქვეყნას საფრთხე არ ემუქრება.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი რუსეთის მიერ შავ ზღვაში წვრთნების დაწყებას საქართველოში ქართულ-ამერიკული წვრთნების გამოცხადების საპასუხო ნაბიჯად და პრევენციულ მიდგომად აფასებს. სესიაშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება განპირობებულია არა საქართველოსგან საფრთხის წარმოქმნის შიშით, არამედ დასავლეთზე ზემოქმედების მოხდენისთვის და იმის სათქმელად, რომ საქართველოსთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შემთხვევაში მათ ყოველთვის ექნებათ რეაქცია:

ანალიზს თუ გავაკეთებთ, როგორც კი საქართველოში სამხედრო სფეროში რაიმე თანამშრომლობა შედგება რუსეთი ყოვეთვის შეშფოთებას გამოხატავს. მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაშიც ესაა პოლიტიკური განაცხადი და პრევენციული მიდგომა, რათა ამით გარკვეულწილად დაფრთხნენ ის სახელმწიფოები, რომლებსაც საქართველოსთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობა სურთ. ვფიქრობ, რომ ის რაც მოხდა დაკავშირებულია სწორედ საქართველოში ქართულ-ამერიკულ წვრთნებთან. მიუხედავად იმისა, რომ მათ მხოლოდ უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიზანი აქვს“.

მისი შეფასებით, მიუხედავად მოსკოვის მხრიდან შავ ზღვაში წვრთნების გამოცხადების პრევენციული მიდგომისა აღნიშნული ნაბიჯი მასთან ურთიერთობის დარეგულირებას შეუშლის ხელს. სესიაშვილი ფიქრობს, რომ რუსეთის მხრიდანასეთი მიდგომისდარეგულირება ნატო-რუსეთის კომისიის ფარგლებშია შესაძლებელი.

რადიოეხო მასკვისთანსაუბრისას ნატო- გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ ასევე შეეხო შავი ზღვის რეგიონში რუსეთის სამხედრო წვრთნების საკითხს: „კარგი იქნებოდა, თუ მსგავსი წვრთნების საკითხში უფრო მეტი გამჭვირვალობა იქნებოდა. რუსეთს შეეძლო ნატო-სთვის გაენდო დაგეგმილი წვრთნების შესახებ, ჩვენ არ გავთქვამდით თქვენს საიდუმლოს“.

თავის მხრივ, აშშ- სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ ვიქტორია ნულანდ აცხადებს, რომ  ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის მიერ შავ ზღვაში მოულოდნელად დაწყებული სამხედრო წვრთნების გამო შეშფოთებული არ არის. მისი თქმით, შავ ზღვაში მიმდინარე სამხედრო წვრთნები საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებს არ სცდება.

ჩვენთან საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი პუტინის მიერ ჩატარებულ წვრთნებსსაერთაშორისო ხულიგნობადაფასებს:

ამ წვრთნებთან დაკავშირებით ყველაფერი მკაფიოდაა. შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მიერ ასეთი გაშმაგებით სწავლების მოწყობა, უპირველეს ყოვლისა იმის მცდელობაა, რომ მთელ დედამიწას კიდევ ერთელ მოჰფინოს მითი საკუთარი სიდიადის შესახებ; უნარი, მძლავრი და დაუგეგმავი ვარჯიშის ჩატარებისა. მაგრამ, ეს არ არის სახელმწიფოს მეთაურის ნაბიჯი. გარკვეულწილად, გახლავთ გაღიზიანებული რეაქცია ქართულ-ამერიკული წვრთნების მიმართ, რომელიც ამ დღეებში საქართველოში ტარდება.

ამასთან, როგორც ჩანს, კიდევ ერთხელ სიმშვიდის მოვლენის მცდელობაა სოჭის ოლიმპიადის მონაწილეთათვის; რომ იქ გარშემო რუსეთის შეიარაღებული ძალები იქნება კონცენტრირებული, რათა ვერანაირმა ტერორისტმა ვერ ჰპოვოს რაიმე ჩანაფიქრის განხორციელების საშუალება.

ნებისმიერ შემთხვევაში, სახეზეა საერთაშორისო წესების იგნორირება, რაც რეგიონების სახელმწიფოების წინასწარ გაფრთხილებას ითვალისწინებს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთს მოსწონს საკუთარი თავი  და არ გადაუფიქრია, რომ ითავხედოს საერთაშორისო ურთიერთობათა სივრცეშიც; არ მხოლოდ პოლიტიკურში, არამედ სამხედრო სივრცეშიც.

ამასთან დაკავშირებით, ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოხატა, რაც ასეთ დროს ბუნებრივი რეაგირებაა; შუმჩნევლად არ დაგვიტოვებია საერთაშორისო ხულიგნობის ეს ფაქტი. ამდენად, ქართული მხარე ჩადგა რიგში სახელმწიფოებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებისა, რომლებისთვისაც მიუღებელია ასეთი მასშტაბური საერთაშორისო წვრთნების ჩატარება იმ სივრცეში, რომელიც არ არის რუსეთის რაიმე შიდა ტერიტორია“.

პუტინის მორიგ ხულიგნობას ამჯერად შავ ზღვაზე, კიევსა და თბილისში ხაზგასმით უარყოფითი დამოკიდებულება მოჰყვა. თუმცა საგულისხმოა, რომ საქართველოსგან განსხვავებით, მოსკოვის ნაბიჯი უკრაინაში მხოლოდ ტიმოშენკოს ოპოზიციურმაბატკივშინამგააპროტესტა. სანამ კრემლში პუტინის მეფობა არ დასრულდება, როგორც ჩანს, მათ შორის კავკასიის რეგიონში სიმშვიდე არ დაისადგურებს. მეორე მხრივ, ქვეყანა მზად უნდა იყოს ნებისმიერი, თუნდაც მოულოდნელი გამოწვევისთვის.   

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია