მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რუსული მართლმადიდებელი ეკლესია აფხაზეთს მოუწოდებს, ქართულ ეკლესიასთან მიმართებაში კანონები დაიცვას - 02 აპრილი 2013

[myrights.ge] 

სოჭში ქართველი და რუსი სასულიერო პირების აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბთან შეხვედრა შედგა. ონაწილეებმა აფხაზეთში მართლმადიდებლობის კუთხით არსებულ ვითარებასა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს და პრობლემების გადაწყვეტის საკუთარი ხედვები წარმოადგინეს.რუსული მართლმადიდებელი ეკლესია აფხაზეთს მოუწოდებს, დაიცვას კანონები ქართულ ეკლესიასთან მიმართებაში“, - ნათქვამია რუსეთის საპატრიაქროს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც აღნიშნულ შეხვედრას ეხმაურება.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სოჭში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სერაფიმე, აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიაქროს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონი.

როგორც მიტროპოლიტმა ილარიონმა აღნიშნა, პრობლემების გადაწყვეტა შესაძლებელია ეკლესიური კანონმდებლობის დაცვით.

.. პრეზიდენტმა, ალექსანდრე ანქვაბმა კი აღნიშნა, რომ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან სულიერი კავშირი დიდი ხანია, დაკარგულია და აღარ აღდგება: „სულიერი კავშირი აფხაზეთის მართლმადიდებელ სასულიერო პირებს, აფხაზ ხალხსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დიდი ხანია, დაიკარგა და აღარ აღდგება.

მეუფე სერაფიმემ კი, ხაზი გაუსვა სამშვიდობო ღვთისმსახურების აუცილებლობას, რომელიც მიმართულია ხალხებს შორის მეგობრობის გამყარებისკენ.

როგორც რუსეთის საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი, მსგავსი კონსულტაციები მომავალშიც, სხვადასხვა ფორმატშიც გაგრძელდეს.

ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტ, მეუფე სერაფიმე აცხადებს, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ქართველი სასულიერო პირი პირველად შეხვდა აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პირველ პირს და ეს ფაქტი უკვე დადებითი მოვლენაა. მისი თქმით, საქართველოს საპატრიარქომ, რუსეთის საპატრიარქოს დახმარებით, აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობას შესთავაზა, შესაძლებელი იყო თუ არა შეხვედრა ქართველი სასულიერო პირების სოხუმში, რაზეც უარი მიიღო.

ეს შეუძლებელი გახდა, მაგრამ, ფაქტია, რომ პირველად, სოჭში, საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელი შეხვდა აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პირველ პირს. ამ შეხვედრას ორი აფხაზი მეცნიერი- დამენია და ღვინჯილია, ასევე რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელი, მიტოპოლიტი ილარიონი ესწრებოდა. შეხვედრაზე განხილული იყო ჩვენი სამომავლო და დღევანდელი ეკლესიური ურთიერთობების საკითხები. აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პირველმა პირმა, ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა, რომ აფხაზმა ხალხმა თავისი არჩევანი უკვე გააკეთა, რომ აფხაზი ხალხი ისწრაფვის დამოუკიდებლობისთვის, რომ ის მადლობელია რუსეთის სახელმწიფოსი, რომელმაც აფხაზეთი აღიარა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა და ასევე ისწრაფვის, რომ ეკლესიურადაც მოიპოვონ დამოუკიდებლობა. ამაზე რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელმა, ილარიონმა, უთხრა, რომ კანონიკურ ჩარჩოებში უნდა იყოს ნებისმიერი მცდელობა, რომ ყველაფერი ეკლესიურ კანონმდებლობას უნდა ექვემდებარებოდეს, - აცხადებს მიტროპოლიტ სერაფიმე და აღნიშნავს, რომ ილარიონის ნათქვამში იგულისხმებოდა, რომ აფხაზეთი საქართველოს იურისდიქციას ეკუთვნის.

მეუფე სერაფიმეს განცხადებით, შეხვედრაზე დაისვა საკითხი, შესაძლებელი იყო თუ არა ქართველი სასულიერო პირების ჩაბრძანება სოხუმში, რაზეც აფხაზური მხარის წარმომადგენელმა განაცხადეს, რომ ეს შეუძლებელია.

ქართველი სასულიერო პირის თქმით, ანქვაბმა განაცხადა, რომ 2008 წლის ომმა კიდევ ერთხელ აჩვენა მათ, რომ ცალკე უნდა იყვნენ ქართველებისგან, რომ შეუძლებელია მათი საქართველოს წიაღში დაბრუნება:

ანქვაბმა თქვა - პატივს ვცემთ ქართველ ხალხს, თქვა, რომ უსურვებს ქართველ ხალხს და სახელმწიფოს მშვიდობას, მაგრამ ჩვენ, აფხაზი ხალხი ვდგავართ დამოუკიდებელ გზაზეო.

რაც შეეხება კითხვას, დაიგეგმა თუ არა მსგავსი შეხვედრები, მეუფე სერაფიმემ განაცხადა, რომ ამაზე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ, თუმცა, შეხვედრის მონაწილეების მიერ აღინიშნა, რომ კარგი იქნება, თუ მსგავსი შეხვედრა მომავალშიც შედგება.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოდგილე დავით ზალკალიან აცხადებს, რომ სამინისტრო სოჭის შეხვედრის შესახებ ინფორმირებული იყო:

ამ შეხვედრის შესახებ ინფორმირებულები ვართ, მაგრამ ეს საპატრიარქოს პრეროგატივაა. აღნიშნული კონსულტაციები რუსეთის საპატრიარქოსთან ერთად მიმდინარეობდა. შეხვედრის დეტალები ჩვენთვის ცნობილი არ არის და შესაბამისად, არ ვიცით, როდის დაიგეგმა კონსტულტაციების მომდევნო რაუნდი.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის ინფორმაციით, სოჭის შეხვედრაზე რუსული მხარე კონსტრუქციული იყო, რასაც ვერ ვიტყვით ანქვაბის დამოკიდებულებაზე. მისივე თქმით, რუსული მხარის პოზიცია შემთხვევითი არ არის და გარკვეული პოლიტიკის ანარეკლია:

„ზოგად კონტექსტში, კითხვა რუსულ მხარეზე უფრო დაისმება, ვიდრე აფხაზურზე. ამ ტიპის განაცხადს არ ველოდით. თუმცა ბოლოდროინდელი ზოგადი კონსტრუქციულობის ტენდენცია ამ შემთხვევაშიც გამოჩნდა; მე ველოდი ამას, ვთვლი, რომ ეს შემთხვევითი არ არის და გარკვეული პროცესების ანარეკლია.

ადრე თუ გვიან, მოსკოვის მხრიდან ასეთი ბიძგი იქნებოდა. ეს უზარმაზარი ხარჯი, ეკონომიკური დანაკარგია და გაუგებარია, რატომ უნდა გაიღოს ეს რუსეთმა; როცა ამ რეგიონებიდან ყველაფერი მიიღო და სახეზეა პოლიტიკური დანაკარგი. ვისაც არ მოწყინდება, რუსეთს ამ ნაბიჯებს საყვედურობს; ითხოვენ აღიარების უკან წაღებას, გაუქმებას, აგრესორად აფასებენ და ა.შ. ამ ფონზე, რუსეთს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თავიდან მოშორება, დისტანცირება რომ უნდოდეს, გასაკვირი არ არის. მეორე მხრივ, როგორ უნდა მოიშოროს, ვის რად უნდა ეს პატარა სეგმენტები, საქართველოს გარდა. აქ კი იყო სააკაშვილი, რომელთანაც რუსეთი შეპირებული იყო რომ არაფერ საერთოს არ იქონიებდა. ახლა სიტუაცია შეიცვალა; ოღონდ, რუსეთი ბოლომდე არ არის დარწმუნებული, სამაგისოდ შეიცვალა თუ არა მდგომარეობა.

რახან პერსონალური ცვლილებაა და რეალურად სათავეში აღარ არის სააკაშვილი, რომელზეც პრეტენზიები ჰქონდა, სავარაუდოა, რომ ის ნელ-ნელა ეცდება რელსები გადაიყვანოს იმის ძებნაში, რაზეც პუტინმა უკვე თქვა, რომ ამ რთულ კითხვაზე პასუხს თვითონ ვეძებო; ანუ, როგორ უნდა მოიხსნას საქართველოს პრობლემა რუსეთისთვის.

რაც შეეხება საეკლესიო სფეროში აფხაზურ მხარესთან ურთიერთობის რესურსს, ეს არის კონტაქტები, რომლებიც უნდა აღდგეს. მეტნაკლებად რესურსად ისიც შეიძლება შეფასდეს, რომ აფხაზეთში გამაგრებას ბევრი ცდილობს; რუსეთიდან დაწყებული, სხვადასხვა საეკლესიო თუ სხვა სტრუქტურებით დამთავრებული. აფხაზების რელიგიურ დამოუკიდებლობას შეიძლება რეალური საფრთხე შეექმნას. ეს ერთ-ერთი რესურსია და მისი გამოყენების შემთხვევაში ქართული და აფხაზური მხარეების საეკლესიო მოღვაწეთა დიალოგი შეიძლება უფრო კონსტრუქციული აღმოჩნდეს“.  

შეგახსენებთ, რომ თავის დროზე ახალი ათონის მონასტერში გამართულ კრებაზე .. აფხაზური ეკლესიის ფაქტობრივ მმართველთან ბესარიონ აპლიასთან დაპირისპირებულმა სასულიერო პირებმა აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია დააფუძნეს, რომელიც დროთა განმავლობაში დამოუკიდებელ აფხაზურ ეკლესიად უნდა გარდაიქმნას. მიტროპოლიის ეპისკოპოსად კი სასულიერო პირი დოროთე დბარი აირჩიეს. შეკრებზე გადაწყდა, რომ აფხაზური ეკლესია ავტოკეფალიაზე მსჯელობას საქართველოს საპატრიარქოსთან დაიწყებს და ამ პროცესში ყველა მართლმადიდებელ ეკლესიას ჩართავს.

თბილისი და სოხუმი ოცი წლისწინანდელი, მესამე ძალის მიერ პროვოცირებული ომის შედეგებს იმკიან. სამწუხაროდ, ერთმანეთთან მისასვლელი გზების ძიება „უფროსი ძმის“ ჩარევის გარეშე კვლავ ვერ ხერხდება. როგორი იყო რუსეთის მიერ წლების განმავლობაში დამყარებული „მშვიდობა“, ყველას კარგად მოეხსენება. როგორც ჩანს, „მოჯადოებულ წრეში“ ტრიალი გრძელდება და საშველი არ ჩანს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია