მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„ნაციონალები“ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის შერბილებას აპროტესტებენ - 04 აპრილი 2013

myrights.ge] 

საპარლამენტო უმრავლესობა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის შერბილების ინიციატივით გამოდის. უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი აღნიშნულ ნაბიჯს ეხმაურება. განმარტებებს თაქთაქიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აკეთებს:

პირველი მოსმენით გაბედეს და გამოიტანენ პარლამენტში განსახილველად ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს.

ამ კანონის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფოს ექნება 2 ტიპის საზღვარი, ერთი, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთს შორის საზღვარი, რომლის დარღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაუჯდება 400 ლარი და მეორე, საქართველოს დანარჩენ რეგიონებსა და რუსეთს შორის საზღვარი, რომლის დარღვევა სისხლის სამართლის კოდექსით დაისჯება.

ეს ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი, ზაქარეიშვილი, ხიდაშელი, ძმები ბერძენიშვილები ბედავენ, რომ ქართველი ხალხი არჩევნების შემდგომი ეიფორიის ფონზე შეიტყუონ აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობის აღიარების შეუქცევად პროცესში. ამ ხალხისგან ეს გასაკვირი არ არის! ეს ხელისუფლება რუსეთიდან იმიტომ გამოგვიგზავნეს სწორედ, რომ ეს მთავარი დავალება შეასრულონ:

- გაანადგურონ ახალშექმნილი ქართული ჯარი;

- ძირი გამოუთხარონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ფუნდამენტს;

- უარი თქვან აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპირებულ ტერიტორიებად მოხსენებაზე;

- გააუქმონ ჟენევის ფორმატ, ერთადერთ წარმატებულ ფორმატ საქართველოს ისტორიაში, სადაც საქართველო-რუსეთი, როგორც სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტის მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან სხედან საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით,

- საერთაშორისო საზოგადოებას, როგორც საქართველოს სახელმწიფოს პოზიცია, წარუდგინონ ის, რომ საქართველომ დაიწყო ომი, რომ რუსეთის ჯარი ლეგიტიმურად არის აფხაზეთში, რომ ნამდვილად, ქართველებმა მოუწყვეს გენოციდი აფხაზებს და მძინარე ცხინვალში მყოფ ოსებს;

- საბოლოო ჯამში, თუ ამის უფლებას მისცემს ქართველი ხალხი, ხელი მოაწერონ საქართველოს ნაწილ-ნაწილ დაქუცმაცებას.

აი, ამას ნიშნავს არლამენტის მიერ, ოკუპირებული ტერიტორიების კანონში პირველი და შეუქცევადი ცვლილებების შეტანა, რომლის მიხედთაც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და რუსეთს, ცხინვალის რეგიონსა და რუსეთს შორის აღარ იარსებებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი!

ეს არ იქნება მხოლოდ ამ მთავრობის პასუხისმგებლობა, ამ გადაწყვეტილების შედეგებს ჩვენი მომავალი თაობები ზღავენ.

გული მიკვდება, რა ხელში ჩავარდა ჩვენი ქვეყანა!

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ, პაატა ზაქარეიშვილ გაცხადებს, რომ  ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, თუ ვინმეს საქართველოში ხმა არ აქვს ამოსაღები, ეს ნაციონალური მოძრაობაა, სწორედ მათ ჩააბარეს რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20%“.

ზაქარეიშვილის თქმით, აღნიშნული მიზეზით, მისთვის ნაციონალური მოძრაობის წევრების მხრიდან ყოველგვარი კრიტიკა მიუღებელია.

მინისტრი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილების კანონპროექტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული კანონი არ უნდა ზღუდავდეს იმ ხალხს, ვისაც ოკუპაცია არ ეხება, ანუ სხვა ქვეყნის მოქალაქეა:

ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია წინასწარი განზრახვა დაარღვიოს სახელმწიფო საზღვარი და უნებლიედ არღვევს საზღვარს, ის ციხეში არ უნდა ხვდებოდეს. ამიტომ, ვთავაზობთ პარლამენტსა და საზოგადოებას, რომ საზღვრის დარღვევის ასეთ შემთხვევაში პირველ ჯერზე იყოს მხოლოდ ჯარიმა, თუ ადამიანმა იცის, რომ არღვევს კანონს და მეორედ შემოდის, ასეთ შემთხვევაში უკვე შეიძლება სისხლის სამართლის დევნის დაწყება.

ჩვენთან საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის შერბილება არ არის პრინციპული საკითხი, არც უკან დახევაა და არც კანონის გაუქმება“:

„ელემენტარულად, კანონი ოკუპირებული მიწების შესახებ ცოტა ლიბერალური ხდება; ანუ, პირველი დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია გაფრთხილება და ჯარიმა. ზოგადად, სანქციების შერბილება კარგი ტენდენციაა. იქნებ, მთავრობამ ჯარიმები საგზაო შემთხვევებზეც შეგვიმციროს; მე პირადად ამის იმედი მაქვს. არსად პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, ამხელა ჯარიმები არ მოქმედებს, როგორც საქართველოშია. ეს ზაფხულში სააკაშვილის მთავრობამ შემოიღო და დღემდე ასევე დარჩა.

ამიტომ, სასაზღვრო დამრღვევებზე სანქციების შემცირებაშიც ტრაგედიას ვერ ვხედავ. მთავარია, კანონი არ გაუქმდეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ; ასევე კანონს სახელი არ უნდა შეეცვალოს. თუ ეს გაკეთდა, სიტყვა ოკუპირებული წაიშალა და გაქრა, ამას უკვე შეიძლება პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდეს“.

რაც შეეხება თბილისის ამ ნაბიჯის დაფასებას მეორე მხრიდან, ცინცაძე აცხადებს, რომ ამას აბსოლუტურად არ შეაფასებენ და არც დააფასებენ:

„ელემენტრულად, შემდეგი მოთხოვნა მათი მხრიდან უფრო რადიკალური იქნება. ხომ იცით, მადა ჭამაში მოდისო. ამით ჩვენ არაფერს ვკარგავთ და რეალურად და არც ვიგებთ რაიმეს. იმის იმედი, რომ კანონის შერბილებას დაგვიფასებენ და ამის გამო შეგვირიგდებიან, ზღაპრებია, მეტი არაფერი. არავინ არაფერს მოგვიწონებს. უბრალოდ, ქართულმა მხარემ ეს შეიძლება რომელიმე შეხვედრაზე გამოიყენოს და შერიგებისკენ გადადგმულ კეთილ ნაბიჯად განიხილოს. თუმცა ყველას მშვენივრად ეცოდინება, რომ ამით პრაქტიკულად არაფერი იცვლება.

დღეს ერთადერთი, რაც აწყობთ და რაზეც მადლობას გვეტყვიან აფხაზებიც და ოსებიც, ეს მათი აღიარებაა. თუმცა მე არ მგონია, აქაც დიდი მადლობა გადაგვიხადონ. ალბათ, მაშინაც იტყვიან, სხვა რა გზა ჰქონდათ და არსებულ რეალობას თვალი გაუსწორესო“.

ცნობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიები, საერთაშორისო სამართლით აღიარებული ტერმინია. 1907 წლის ჰააგის მეოთხე კონვენციის 42-ე პუნქტის მიხედვით ოკუპირებულად ითვლება ტერიტორია, რომელიც იმყოფება მოწინააღმდეგის შეიარაღებული ძალების ეფექტური კონტროლის ქვეშ.

2008 წლის 28 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონი სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად, ხოლო რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალების საოკუპაციო საჯარისო შენაერთებად გამოცხადების შესახებ.


პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია