მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რატომ იქმნება ქართულ შეიარაღებულ ძალებში აღმოსავლეთის და დასავლეთის სარდლობა - 07 აპრილი 2013

[myrights.ge]

ქართულ შეიარაღებულ ძალებში აღმოსავლეთის და დასავლეთის ავტონომიური სარდლობა იქმნება. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტზე მუშაობა დასრულდა. როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, დოკუმენტში შეტანილია ადაპტირება და შესაბამისი ცვლილებებიც, რომელიც პრეზიდენტს გადაეგზავნა ხელმოსაწერად.

ეს ნიშნავს იმას, რომ ამის შედეგ ჩვენ უკვე გადავდივართ სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის შესრულების, ანუ იმპლემენტაციის ფაზაზე. გაიწერება ეს შესრულების ვადები და შეიქმნება, უკვე ამოქმედდება ის სამი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შევქმენით არასამთავრობო ორგანიეზაციებთან, რომელიც დააკვირდება და მონიტორინგს გაუწევს როგორ სრულდება რეფორმების განხორციელება ჩვენს უწყებაში.

მისი თქმით, არასამთავრობო საზოგადოება უწყებაში რეფორმების განხორციელების მონიტორინგშიც მაქსიმალურად იქნება ჩართული.

მისნიტრის განცხადებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, საქართველოს საბრძოლო მდგომარეობის ამაღლება და მისკენ გადადგმული ნაბიჯებია:

შესწავლილ იქნა თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებულ შტაბთან ერთად ბუნებრივია, ის ნაკლოვანებები, რაც დღეს გაგვაჩნია ჩვენს სისტემაში და უკვე დაგეგმილია და შეთანხმებულია შეიძლება ითქვას, პრემიერ-მინისტრთან და ფინანსთა მინისტრთანაც, პირველი რიგის ღონისძიებები დასაფინანსებელი რა არის, რომ ჩვენ საბრძოლო მზადყოფნა მუდმივად იყოს ამაღლებულ დონეზე.

მისივე თქმით, პრაქტიკულად, საოკუპაციო ძალების მხრიდან, ამ ეტაპისთვის არანაირი ნიშანი არ არის იმისთვის, რომ მათი დამოკიდებულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის განხორციელებაზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონზე, რაიმე ფორმით შეიცვალა.

მინისტრის შეფასებით, მათი სამხედრო ყოფნა საერთაშორისო სამართლის პრინციპების სრული დარღვევით, დღესაც იძლევა იმის საფუძველს, რომ საქართველო მუდმივად მზადყოფნაში იყოს.

ბოლო პერიოდში დაწყებული მოლაპარაკებები სავაჭრო საკითხებში, რაც იმედს აჩენს იმისას, რომ რიტორიკა ორ ქვეყანას შორის შემცირდება, აჩენს პატარა იმედს იმისას, რომ ჩვენ შეიძლება გადავიდეთ სამუშაო ურთიერთობების იმ ფაზაზე, რაც დაამდაბლებს სამხედრო ესკალაციის შესაძლებლობებს, მაგრამ დღეისთვის, ასეთი თვითრწმენის საფუძველი ჩვენ არა გვაქვს, ამიტომ უმთავრესი ამოცანა თავდაცვის უწყების შინაარსიდან გამომდინარე არის - უზრუნველყოს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა, - აცხადებს ალასანია და დასძ, რომ აგერსიის თუ ნებისმიერი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად შეიარაღებული ძალები მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყოს.

ასევე, თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, შეიარაღებულ ძალებში აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობა ჩამოყალიბდება. ალასანიას განმარტებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე შეიარაღებული ძალები წარსულის გამოცდილების გათვალისწინებით მივიდა. მინისტრმა იქვე აღნიშნა, რომ აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობის შექმნის გადაწყვეტილებას თავადაც ეთანხმება:

როდესაც 2008 წლის აგვისტოში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, სხვა პრობლემებთან ერთად, ქართული არმია დადგა იმ პრობლემის წინაშეც, რომ დასავლეთში და აღმოსავლეთში განლაგებულ სამხედრო ქვედანაყოფებს ავტონომიური მოქმედების შესაძლებლობა არ ჰქონდათ.

აღმოსავლეთის და დასავლეთის სარდლობა იქნება დამოუკიდებელი რესურსების შექმნის ძალიან მოკლე გზა. ჩვენ გვაქვს ზუსტად გათვლილი გეგმა როგორ უნდა შევუქმნათ როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის სარდლობას ის ავტონომიური ელემენტები, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს კონფლიქტის ესკალაციის პირობებში ავტონომიურად იმოქმედონ და შემოსულ მტერს წინააღმდეგობა გაუწიონ.

სამხედრო ანალიტიკოსს ირაკლი ალადაშვილს შეიარაღებულ ძალებში აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობის შექმნა აუცილებლად მიაჩნია:

ასეთი მიმართულება იყო მანამდეც, აფხაზეთის ომის შემდგომ. ეს აუცილებელია, გამომდინარე იქიდან, თუ რა მოგვივდა 2008 წლის ომის დროს. რუსეთმა გადაკეტა გორთან საავტომობილო გზა, სარკინიგზო ხაზი და საქართველო გაიყო ორად. ამ დროს სამხედრო დანაყოფების გადასროლა დასავლეთის მიმართულებით ან პირიქით თითქმის წარმოუდგენელი იყო. ამიტომ, დასავლეთის, ისევე როგორ აღმოსავლეთის მიმართულება უნდა იყოს დამოუკიდებელი, ოპერატიული მოქმედების დონეზე, რათა რამდენიმე დღე მაინც  შეასრულოს მასზე დაკისრებული ამოცანები, სანამ ჩაერთვებიან დასავლელი პარტნიორები და პოლიტიკური გზით მოახდენენ სავარაუდო მოწინააღმდეგის შეჩერებას. აუცილებელია, რომ დანაყოფებს უფრო მეტი ავტონომია ჰქონდეთ. აგვისტოს ომის დროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაული და შეცდომა იყო მეორე ქვეითი ბრიგადის გადასროლა სენაკიდან გორის მიმართულებით.

ექსპერტი სამხედრო საკითხებში გიორგი თავდგირიძე ამბობს, რომ სტრატეგიული დოკუმენტის განხილვას არასამთავრობოებიც ესწრებოდნენ და მის შემუშავებაში მათი გარკვეული რეკომენდაციებიც გათვალისწინებული იქნა. მისივე თქმით, აღმოსავლეთ-დასავლეთ სარდლობის შექმნისას, მეტი არგუმენტები უნდა იქნეს მოყვანილი:

„სტრატეგიული მიმოხილვა არის უფრო ზოგადი დოკუმენტი, რომელიც თავდაცვის პოლიტიკას შეეხება. ვფიქრობ, რომ პირველ რიგში სამუშაო დოკუმენტი უნდა შექმნილიყო და არსებული პრობლემები დაწვრილებით განსაზღვრული. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შემუშავებულიყო თავდაცვის მინისტრის ხედვაც, სტრატეგიული მიმოხილვის და სხვა მნისვნელოვანი დოკუმენტები, რომლებიც არსებული ხარვეზების აღმოფხვრისკენ იქნებოდა მიმართული.

ამიტომ ვფიქრობ, არსებული პროექტი უფრო პარტნიორებზეა გათვლილი, ვიდრე შიდა მოხმარებაზე. ასეთი პუნქტია მაგალითად, აღმოსავლეთის და დასავლეთის სარდლობის შექმნა. მე ჯერ არ მინახია, ამ ნაბიჯის დასაბუთება. არ არსებობს რაიმე ტიპის პროფესიული ანალიზი, რაში ჭირდება საქართველოს ერთი შეიარაღებული ძალებისთვის ორი, თანაბარუფლებიანი სარდლობა. ამ თვალსაზრისით, მოყვანილი არგუმენტები კრიტიკას ვერ უძლებს. გაუგებარია, სარდლობამ როგორ უნდა აამაღლოს ქვედანაყოფების ავტონომიურობა, რაც 2008 წლის აგვისტოში ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენდა. თუ სხვა რამეა კიდევ ჩაფიქრებული, ესეც ნათქვამი უნდა იყოს და არა მხოლოდ საუბრები ორი სარდლობის შექმნაზე.

დანარჩენი ზოგადი პრიორიტეტები ასე თუ ისე სწორადაა ჩამოყალიბებული, მაგრამ საჭიროა განმარტება ამ ნაბიჯების და ასევე, რა შედეგების მომტანია სამომავლოდ ეს ყველაფერი.  ნებისმიერი სამხედრო გადაწყვეტილება შექმნილი ვითარების ფართო ანალიზს უნდა ემყარებოდეს. თუ ეს შეფასება არ არის, ძნელია განსაზღვრო, რის საფუძველზე შეარჩია სამინისტრომ ესა თუ ის პრიორიტეტული მიმართულება; შეიტანა დოკუმენტში, რომელიც გარკვეული დროს განმავლობაში, მისთვის სახელმძრვანელო უნდა იყოს“.

რაც შეეხება ნაკლოვანებების აღმოფხვრას, თავდგირიძის თქმით, საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება მუდმივი პროცესი და ყოველდღიურობაა:  

„ეს ნებისმიერი შეიარაღებული ძალის მთავარი პრიორიტეტია. მთავარია, რა ახალი მეთოდოლოგიით გახორციელდება ეს პოლიტიკა; ღონისძიებათა რა კომპლექსი განხორციელდება საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისთვის. სამწუხაროა, რომ ქართული შეიარაღებული ძალები არ დგას სათანადო თეორიულ ბაზაზე. ქართულ ენაზე ვერ ნახავთ გარკვეულ მეთოდოლოგიაზე დაფუძნებულ, თუნდაც არამეცნიერულ კვლევას. ანუ, ქართული შეიარაღებული ძალები პრაქტიკულად თეორიის გარეშე არსებობს. ეს დაახლოებით ისეა, გვქონდეს სამედიცინო ინსტიტუტი და არ გვქონდეს მშობლიურ ენაზე რაიმე ტიპის სამედიცინო ლიტერატურა. ამას სასწრაფო გამოსწორება სჭირდება. ერთია, უცხოური შეიარაღების ყიდვა და მეორე, მისი გამოყენება. ათი ავტომატი და ამდენივე ჯარისკაცი არ ნიშნავს, რომ ჩვენ გვყავს ათეული. თეორიულად გაწერილი უნდა გვქონდეს, როგორ უნდა იმოქმედის ამ ათეულმა. ეს თეორიული საფუძვლები კი აუცილებლად ქართულ ენაზე უნდა გვქონდეს. ეს თეორიული ბაზა და პრაქტიკული ღონისძიებები პარალელურ რეჟიმში უნდა ვითარდებოდეს“.  

როგორც ვხედავთ, ცალ-ცალკე სარდლობის შექმნაზე აქცენტი არახალია. ამიტომ, მთავარია ნებისმიერი გადაწყვეტილების კონკრეტული შინაარსი და არა გარეგნული ფორმა. იმედია, სწორება გაკეთდება შედეგებზე და არა პიარზე, რაც ქართულ რეალობაში ყოველთვის ბლომად იყო. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია