მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რატომ არ აპროტესტებს საგარეო უწყება აჰმეთ დავუთოღლუს სკანდალურ გაცხადებას? - 10 აპრილი 2013

[myrights.ge] 

არასამთავრობო ორგანიზაციები თურქეთის საგარეო მინისტრ აჰმედ დავუთოღლუს სკანდალურ  განცხადებასთან დაკავშირებით, მეზობელი ქვეყნის ხელისუფლებისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვენ. „უფლებადამცველთა გაერთიანებამ“, „ადვოკატთა ასოციაციამ“, კოალიციამ „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისთვის“ და სხვა ორგანიზაციებმა თურქეთის საელჩოსთან აქცია გამართეს. მათი თქმით, დავუთოღლუს განცხადებით გამოჩნდა, რომ თურქეთი აჭარის ტერიტორიის მიერთებას გეგმავს.

„გასული საუკუნე ის გვერდია, რომელიც გადავფურცლეთ. ახლა ჩვენ დავამყარებთ ახალ კავშირებს სარაევოსა და დამასკოს, ბენღაზსა და ბათუმს შორის. ამჯერად, ამას გავაკეთებთ მშვიდობიანი გზებით. არავისთან არ ვიომებთ, საზღვრებსაც პატივს ვცემთ, ახლა ამაშია ჩვენი ძალა. დღეს ისინი სრულიად სხვა ქვეყნებია, მაგრამ 110 წლის წინ იემენი და სკოპიე, ბათუმი და ბენღაზა იყვნენ ერთი ქვეყნის, ოსმალეთის იმპერიის ნაწილი. ჩვენ ვიღებთ მათ გამოწვევას, რომლებიც ცეცხლს გაგვიხსნიან, ბრალს დაგვდებენ ნეო-ოსმალიზმში; მაგრამ თუ ასეა, ისინი რომლებმაც გააერთიანეს მთელი ევროპა, რატომ არ იწოდებიან ახალ რომაელებად?“, - აცხადებს აჰმეთ დავუთოღლუ.

„აშკარაა, რომ თურქეთს შორსმიმავალი გეგმები აქვს. ანკარა ოსმალეთის იმპერიის შენებას იწყებს და აპირებს აჭარის თურქეთისთვის მიერთებას ყოველგვარი ომისა და შეიარაღებული თავდასხმის გარეშე. თურქეთის საგარეო მინისტრის, აჰმეთ დავუთოღლუს განცხადება აშკარად შეურაცხმყოფელი და ორ ქვეყანას შორის განხეთქილების შემტანია. ჩვენ მოვითხოვთ ახსნა-განმარტებებს თურქეთის ხელისუფლებისგან დავუთოღლუს განცხადებასთან დაკავშირებით“, - აცხადებენ ქართული არასამთავრობოები.

არსებულ რეალობასა და მოსალოდნელ შედეგებზე „უფლებადამცველთა გაერთიანების“ ლიდერს, ნიკოლოზ მჟავანაძეს ვესაუბრებით.    

- თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება არის პირდაპირი და ღია აგრესია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. როდესაც უწყების პირველი პირი აცხადებს, რომ პრეტენზია აქვს აჭარასთან დაკავშირებით, წელში გამართული ქვეყანა, საერთოდ, დიპლომატიურ ურთიერთობას გადახედავდა. სამწუხაროდ, ჩვენ ამის ფუფუნება არ გვაქვს. ამიტომ, ელემენტარული პროტესტი მაინც უნდა გამოითქვას აღნიშნულ გამოხდომაზე. თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნდა დაიბარონ და პასუხი მოსთხოვონ, რატომ აკეთებს მინისტრი არამეგობრულ განცხადებებს.

რასაც ჩვენ რეალურად ვუყურებთ, ნონსენსია დიპლომატიურ ურთიერთობაში. ერთია თურქული მხარის საქციელი და მეორეა, ჩვენი ხელისუფლების დუმილი.

ამასთან, უნდა შეწყდეს აჭარის ისლამიზაციის პროცესი. მიმდინარეობს მეჩეთების მშენებლობასთან დაკავშირებული ნებართვების აღება. წარჩინებული ახალგაზრდები თურქეთში მიყავთ და ისლამის ფუძემდებლურ პრინციპებს ასწავლიან; რათა შემდგომ, მშობლიურ კუთხეში, სოფლებში იქადაგონ. ეს ყოვლად გაუგონარი ფაქტებია, რის გამოც ჩვენ აჭარის დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე ვდგავართ. ეს არ არის რაიმე გადაჭარბებული ნათქვამი. რა გადაჭარბებაზეა საუბარი, როცა თურქეთის საგარეო მინისტრი ამ ტიპის განცხადებას აკეთებს.

დღეს ბათუმში მთელი უბნებია, სადაც მოძღვარი ჯვრით ვერ შედის. ერთხელ მოახსნევინეს კიდეც. ამიტომ, არ შეიძლება ასეთი დოყლაპიობის რეჟიმში ვიცხოვროთ; ყოველთვის ასეთი არაადექვატური დამოკიდებულება გვქონდეს რეალური პრობლემების მიმართ. ასე იწყებოდა ტერიტორიების დაკარგვა აფხაზეთში, სამაჩაბლოში; იგივეს მივიღებთ ბათუმში, თუ არ გადავხედავთ პოლიტიკას თურქეთის სახელმწიფოსთან მიმართებაში. ჩვენი ეროვნული ინტერესები უნდა გვამოძრავებდეს, მით უმეტეს საზღვრისპირა რეგიონებში.

ასევე, ნათლად გამოხატული პოზიციები უნდა გვქონდეს მეზობელ სახელმწიფოებთან მიმართებაში. თუ მეგობარი ხარ, ჩემი მოთხოვნაც არ არის საჭირო, რომ ეს ისტორიული ძეგლები აღადგინო. ამ დროს რა ხდება? მე ამ ძეგლებს აღვადგენ, სანაცვლოდ მეჩეთი ამიშენეო, გვეუბნებიან. ეს უკიდურესად ცინიკური დამოკიდებულებაა. ახლა აქ რომ ძველი მეჩეთი იყოს და ინგრეოდეს, შეიძლება ომი დაგვიწყონ, ყურადღება მიაქციეთო. იქ კი ყველა აღიარებს, რომ ჩვენი ძეგლები დგას ამდენი საუკუნეა.

ეს ყველაფერი ურთიერთკავშირშია. ძირძველ ტერიტორიებთან დაკავშირებით შეიძლება ჩვენ გვქონდეს პრეტენზიები თურქეთის სახელმწიფოს მიმართ და არა პირიქით. 

- იქნებ, თურქეთის საგარეო მინისტრის განცხადება უფრო შიდამომხმარებაზე იყო გათვლილი... 

- ეს განცხადება საერთაშორისო მედიით იყო გაჟღერებული. ვიღაცასთან პრივატულ საუბარში ნათქვამი რომ ყოფილიყო, სხვა იქნებოდა. სხვათაშორის, ეს გამოსვლა რუსულ „ოერტეზე“ გადაიცა, იყო კამერები, არაერთი მედიასაშუალება. ამ კაცმა, დავუთოღლუმ ყველაფერი პირდაპირ თქვა, გასაგებ ენაზე. ეს უკვე ოფიციალური გამოსვლაა, სხვანაირად როგორ უნდა შეფასდეს? არანაირ შიდამოხმარებაზე ეს გამოსვლა განსაზღვრული არ ყოფილა, ამიტომ რეაგირებაც სათანადო უნდა იყოს.           

- ჩვენს ისტორიულ ძეგლებთან დაკავშირებით ოპტიმალურ გამოსავალს რაში ხედავთ?

- რა თქმა უნდა, მოლაპარაკებებში საქართველოს საპატრიარქო უნდა ჩაერთოს. როგორც ევროპის ნაწილმა და ნატოს წევრმა, დასავლური ცივილიზაციის წარმომადგენელმა, თურქეთმა მის ტერიტორიაზე კულტურულ-ისტორიული ძეგლების მოვლა საკუთარ თავზე უნდა აიღოს.  უსაფუძვლო ულტიმატუმებზე არ უნდა წამოვეგოთ. თბილისში დიდი მეჩეთის აშენება რომ მოგვთხოვონ, რა უნდა ვქნათ, დავთანხმდეთ?

სხვათაშორის, შვეიცარიაში ადგილობრივმა მუსლიმანებმა მეჩეთის მშენებლობა რომ მოითხოვეს, სპეციალური გამოკითხვა ჩატარდა. მოსახლეობამ უარი თქვა მის მშენებლობაზე. ჩვენ როდემდე უნდა ვიყოთ ასეთი დოყლაპიები და ვიღაც გადამთიელის შეძახილზე და მოთხოვნაზე ყველაფერი დავთმოთ?

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია