მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„რუსეთის თავისუფალ შემოტევას წინააღმდეგობა უნდა გაეწიოს“ - 02 აგვისტო 2013

[myrights.ge]

რუს სამხედროებ, .. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქეების დაკავებას აგრძელებენ. ამავე დროს, სოფელ დიცში ე.წ. სასაზღვრო-სადემარკაციო სამუშაობის დასრულების შემდეგ, შესაძლოა ოთხი ქართული ოჯახის კარ-მიდამო და სასაფლაო დე-ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღმოჩნდეს. სერიოზული საფრთხის მიუხედავად, ბერუაშვილები და რომელაშვილები სახლ-კარის მიტოვებას არ აპირებენ და რუსი მესაზღვრეებისთვის წინააღმდეგობის გაწევასაც არ გამორიცხავენ.

„კარგად მესმის, რა საფრთხის წინაშეც ვდგავართ. როგორც თავიდან გვითხრეს რუსებმა, საზღვარმა ისე უნდა გაიაროს, რომ ამ ოთხი მოსახლის კარ-მიდამო იქით უნდა დარჩეს. ამას ვერაფრით შევეგუებით! მე არც ოსების კონტროლირებად ტერიტორიაზე ვაპირებ ცხოვრებას და არც კომპენსაციისთვის გავიწვდი ხელს ჩვენი ხელისუფლებისკენ! არ დავთმობ ამ ადგილს! ეს ჩემი სახლია! არასდროს ყოფილა ეს ტერიტორია ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის შემადგენლობაში. როგორც შევძლებ, ისე ვაპირებ, რომ წინააღმდეგობა გავუწიო რუს სამხედროებს, მაგრამ დათმობას არ ვაპირებ“, - აცხადებს ადგილობრივი ილია ბერუაშვილი.

როგორც ცნობილია, რუსმა სამხედროებმა სოფელ დიცში პერიმეტრის დიდი ნაწილი ლითონის ბადით გამიჯნეს.

საოკუპაციო ხაზთან არსებულ მძიმე რეალობასა და მოსალოდნელ შედეგებზე, myrights.ge „სახალხო ფრონტის“ ლიდერ ნოდარ ნათაძეს ესაუბრა.

- ბატონო ნოდარ, როგორ უნდა გავაჩეროთ რუსი, რომელიც მოდის?

- რუსული პოლიტიკის ტრადიციული თვისებაა, რომ პატრნიორს იქამდე აწვება, სანამ ის წინააღმდეგობას არ გაუწევს, მერე ჩერდება. მანამდე, აგრძელებს და აგრძელებს, კიდევ უფრო სიღრმეში შედის. მეორე, საქართველოს ხელისუფლებას სრული შესაძლებლობა აქვს, რომ ეს მოწოლა მოიგერიოს, მაგრამ არ აკეთებს. ვერ აკეთებს კი არა, სწორედაც რომ არ აკეთებს. ჯერ ერთი, ეს ხელისუფლებაც რუსეთის აგენტურას წარმოადგენს და მერე იმიტომ, რომ უბრალოდ უვარგისია, მკვეთრი მოძრაობების უნარები არ აქვს.

აქ საჭიროა ზუსტად, დოკუმენტურად აღიწეროს და მსოფლიოს წარედგინოს საკითხის იურიდიული მხარე - არავითარი სამხრეთ ოსეთი ბუნებაში არ არსებობს და ეს რუსეთის მიერ მოგონილი ტერმინია. ოკუპაციის პირობებში შექმნილს, რუსული რეგულარული ჯარის ყოფნის გარეშე, არც ერთი საათი არ უარსებია. არსებობს ყოფილი ოლქის საზღვრები, რომელიც 1922 წელს, მისი შექმნისას დადგინდა. მაგრამ ამას გარდა, რუსების შეჩუჩხუნებით ოსურ პრეტენზიებში, სადაც კი ოსი ფიზიკურად ცხოვრობდა, ყველაფერი ოსეთად იწოდებოდა. ახლა, სინამდვილეში, რუსეთი იმ საზღვრებს იკავებს, რომლებზეც მხოლოდ პრეტენზიებს აცხადებდნენ. აი ეს ძალიან იაფფასიანი ბლეფი საქართველოს ხელისუფლებამ დოკუმენტურად უნდა დააფიქსიროს და მსოფლიოს წინაშე დადოს.

ახლა მეორე - საქართველო ვალდებულია, რომ რუსეთის თავისუფალი შემოტევა, რასაც წინააღმდეგობა არ ეწევა, არათავისუფალ შემოტევად შეცვალოს; შემოტევად, რომელსაც წინააღმდეგობა ეწევა მოხალისეების საშუალებით, რომლებსაც მკლავზე რაღაც განმასხვავებელი ნიშანი ექნებათ. გადმოვიდა რუსი ღობეზე, უნდა მიხვიდე და უთხრა, მაჩვენე დოკუმენტი, ვინ ხარ და რას მოდიხარ. თუ ფორმიანმა წინააღმდეგობა გაგიწია, ცეცხლი უნდა გაუხსნა და ადილზე გაანადგურო. თუ მან დაგასწრო და მოგკლა, ორსავე შემთხვევაში ეს იქნება ინციდენტი, რომელსაც რუსეთი ვეღარ გაიმეორებს.

დღეს რუსეთი ამას იმიტომ აკეთებს, რომ უინციდენტოდ ხდება ეს ყველაფერი. ამისთვის, მაშინვე ინციდენტი უნდა შექმნა. ერთი ქართველი, ჩემსავით ბებერი, ან კიდევ მოხალისე უნდა გაიწიროს და ამით საქმე გათავდება. რუსეთი ასეთ პოლიტიკას ვერ გააგრძელებს იმიტომ, რომ პოკერი ხომ გითამაშიათ, ბლეფი ხომ იცით რა არის პოკერში? რუშეთი ამ ყველაფრით ბლეფობს და გასდის. უნდა ჩაუშალო და რუსეთს არ აქვს დღეს იმის ძალა, რომ მსოფლიოს, თუნდაც დიპლომატიური წინააღმდეგობა გაუწიოს. ამიტომ, ეს უინციდენტო შემოტევა, ინციდენტიან შემოტევად უნდა გადავუქციოთ. ამის უნარი უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას.

- ამისთვის მოხალისეები რომ არ გვყავს?

- როგორ გეკადრებათ. თქვენ გგონიათ, რომ სულ ცოტა 5 ათასი კაცი არ არის მზად ამ ფუნქციისთვის, რაზეც გესაუბრეთ? ეტყობა საზოგადოების გარკვეულ ფენებს ნაკლებად იცნობთ, მაგალითად ვეტერანებს. მაგრამ ამის ორგანიზატორი უნდა იყოს არა ვთქვათ საძმაკაცო, არამედ სახელმწიფო. ამას უნდა მფარველობდეს სახელმწიფო ავტორიტეტი, ბრძანება მის მიერ უნდა იყოს გაცემული. მე უშუალოდ შემსრულებლებზე გეუბნებით, თორემ არ ვამბობ, რომ ეს საქმე კერძო დონეზე უნდა გაკეთდეს. ასე საქმე ვერ გაკეთდება.

- ხომ გვქონდა რეზერვი, რომელმაც ნაკლებად გამართლა?

- რეზერვი არ არის ის ფორმა, რომელიც მოხალისეობას გამოაჩენს. ეს უნდა გააკეთოს მოხალისემ, რომელიც არ არის ვალდებული, მაგრამ მიდის და მწყობრში ჩადგომის შემდეგ, ბრძანებას ასრულებს.

- ბერუაშვილები და რომელაშვილები სახლ-კარის მიტოვებას არ აპირებენ და რუსი მესაზღვრეებისთვის წინააღმდეგობის გაწევასაც არ გამორიცხავენ...  

- რასაკვირველია, ეს დადებით შედეგს გამოიწვევს. რუსეთის არამარტო ტაქტიკა, სტრატეგია არის დამყარებული იმაზე, რომ მისი ძალადობა ასეთად არ ჩანს. უნდა გამოჩნდეს, რომ ის შეიარაღებული ძალით, ომით მოდის ჩვენს წინააღმდეგ. და მე თუ გავრბივარ, ეს არ ნიშნავს, რომ ის ომით არ მოდის. არ უნდა გავიქცე, უნდა დავდგე და გავანადგურო. თუ დამასწრო და მომკლა, მაინც ინციდენტია და საქართველოს საქმე იგებს ამით. ეს ძალიან მარტივი ფორმულა და ლოგიკაა ადამიანთა და საზოგადოებათა ურთიერთობის, რომელიც არასოდეს დაიგრევა, არის და იქნება მუდამ.

- საერთაშორისო თანამეგობრობაც მუდმივად გვაიმედებს, მაგრამ ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის...

- საერთაშორისო თანამეგობრობა ზღაპრულად მხარს გვიჭერს, დედამიწის ისტორიაში რომ ასე არ ყოფილა. უცხოეთმა, დასავლეთმა თქვა, რომ ეს ტერიტორია ქართულია და ქართულად დარჩება. ასეც იქნება, ამას ვერავინ გადაახტება, არავინ უარყოფს და არ დათმობს. ეს მაქსიმალური მხარდაჭერაა. ახლა ამის რეალიზაცია როგორ და რა ფორმით მოხდება, ეს ჩვენზედაც არის დამოკიდებული. ჩვენ გვირჩევნია არ ველოდოთ მესამე მსოფლიო ომის დამთავრებას, რომელიც უკვე დაწყებულია და რომელშიც რუსეთი უსათუოდ დამარცხდება. რასაც ცივი და ცხელი პერიოდები ექნება. ახლავე უნდა დავაფიქსიროთ, რომ რუსეთის ფეხქვეშ აქ მიწა იწვის.

ამას გარდა, ჩვენი რეზერვი მარტო დასავლეთი არ არის. რეზერვია ვანკა, რუსეთის მასობრივი მოქალაქე. მან უნდა დაინახოს, რომ რუსეთი მარცხდება და პუტინი ჩამოახრჩოს, რაც აუცილებლად მოხდება. პუტინის შემოტევა იძულებით რომ გაჩერდება, ეს დიდი სტიმული იქნება რომ რუსეთში პუტინის ჩამოხრჩობა მალე მოხდეს. მაგას დასჯიან არა როგორც დიქტატორს, არამედ დამარცხებულ დიქტატორს. ამ დამარცხებულის სტადიაში რაც შეიძლება მალე უნდა გადავიდეს. მე როგორც ვამბობ, ისე თუ გაკეთდება, ეს ძალიან მალე მოხდება.

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია