მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რატომ უზღუდავენ ჩეჩენ საიხან მუზაევს საზღვრის გადაკვეთის უფლებას? - 19 მაისი 2014

გერა მამულაშვილი

ქართველმა სამართალდამცავებმა ჩეჩენ საიხან მუზაევს უკვე მეთორმეტეჯერ ქვეყნის საზღვრის დატოვების უფლება არ მისცეს. მისი ადვოკატი ალექსი შოშიკელაშვილი განხორციელებულ უკანონობაზე საუბრობს და აცხადებს, რომქართულ სპეცსამსახურებს ეთნიკურად ჩეჩენის მალულად რუსი კოლეგებისთვის გადაცემა სურთ“. თავად მუზაევი ამბობს, რომ მიუხედავად ოფიციალური უწყებებისადმი მრავალგზის მიმართვისა, ამ დრომდე არავინ აძლევს განმარტებას, რატომ არ აძლევენ თავისუფალი გადაადგილების საშუალებას.

„12 მცდელობის შემდეგ, კანონიერად დამეტოვებინა საქართველო, დავრწმუნდი, რომ ეს შეუძლებელია. ეს იმ პოლიტიკის ნაწილია, რომელიც ახლა ჩეჩენი ხალხის წინააღმდეგ  ხორციელდება. მანამდე არაერთხელ საჯაროდ განვაცხადე, რომ მთხოვდნენ, ცრუ ჩვენება მიმეცა შსს ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ლოპოტას ხეობის სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით“, – აცხადებს მუზაევი.

„myrights.ge“ ადვოკატ ალექსი შოშიკელაშვილს ესაუბრა.

ბატონო ალექსი, რის საფუძველზე არ უშვებენ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფ საიხან მუზაევს, მიზეზი რაში მდგომარეობს?

ფაქტია, რომ საზღვარის დატოვებაზე კიდევ ერთხელ უკანონოდ  უარი უთხრეს. მიზეზი, თუ რატომ არ უშვებს სასაზღვრო სამსახური საიხან მუზაევს, ოფიციალურად არ სახელდება. სასაზღვრო პოლიცია მუზაევს არ ატარებს და უცხადებს, რომ მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო სამინისტრო არანაირ შეკითხვასა და განცხადებაზე არ პასუხობს. რალურად, გადაადგილების უფლების შეზღუდვის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ სახელდება.

არაოფიციალურად, ეს არის შსს კონტრდაზვერვის თანამშრომელთა მუქარა, რომ თუ მუზაევი მათთან არ ითანამშრომლებდა, მის ცხოვრებაში საშინელებები დაიწყებოდა.

საიხან მუზაევს საზღვრის დატოვების მომავალი მცდელობა 21 მაისს ექნება (აქამდე 11 უშედეგო მცდელობის შემდეგ).

რეალურად, რას ერჩიან ამ პიროვნებას?

მუზაევი დაიბადა ჩეჩნეთში, არის დევნილი საქართველოში, თუმცა დღეისთვის საქართველოს მოქალაქეობა უკვე მიღებული აქვს. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში თარჯიმნად მუშაობდა, როგორც არაბულის სპეციალისტი, თუმცა ამ მოვლენების კვალდაკვალ, მას აღნიშნული პოზიცია დაატოვებინეს.

არის მცდელობა, რომ საიხან მუზაევი რუსეთის სპეცსამსახურებს მალულად გადასცენ, არადა, მუზაევს არა ლტოლვილის, არამედ საქართველოს მოქალაქის სტატუსი აქვს, ჩვენი კონსტიტუციით კი, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნისათვის გადაცემა დაუშვებელია. შესაბამისად, რჩებათ მხოლოდ ერთი გზამოიტაცონ და უკანონოდ, მალულად გადასცენ რუს კოლეგებს, რაც სხვა ჩეჩენი ეროვნების პირთა მიმართ მომხდარა.

ვითარებიდან გამოსავალს რაში ხედავთ?

ამ საქმიდან გამოსავლის პოვნა ადვილი არ არის. რეალურად, შსს საზღვარზე არ ატარებს, სამართლებრივი პროცედურები კი, მათ შორის სასამართლოში ძალზედ გაჭიანურებულია; მუზაევმა შსს წინააღმდეგ განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა, თუმცა პროცესი გაყინულია.

მით უმეტეს, თუ ქვეყნის შიდა სამართლებრივი სისტემის ნაწილი, სასამართლო ვერ შეძლებს შსს წინააღმდეგ წასვლას, სტრასბურგის სასამართლოს პროცედურა მეტად გაჭიანურებულია.

ასევე, აღნიშნული ფაქტები (მუზაევის საზღვარზე უკანონოდ არგატარება, მასზე პოლიციის მხრიდან მუქარის განხორციელება) შსს გენერალურ ინსპექციაში, პროკურატურაში გასაჩივრდა, მაგრამ ამ განცხადებებს რეაგირება არ მოსდევს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველი ეთნიკურად ჩეჩენი საიხან მუზაევისთვის მიმოსვლის თავისუფლების სავარაუდო ხელყოფის ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მიუხედავად ომბუდსმენის ოფისის არაერთი განცხადების და რეკომენდაციისა, პროკურატურას გამოძიება კვლავ არ დაუწყია.

myrights.ge– ამ საკითხზე შსს უკვე მიმართა, თუ რის საფუძველზე არ ატარებს სასაზღვრო პოლიცია საიხან მუზაევს, სამინისტროს მხრიდან პასუხი არ მიგვიღია.   

http://www.ombudsman.ge/ge/page/rekomendacia-shs-ministrs-moqalaqe-sms-mimosvlis-tavisuflebis-uzrunvelyofastan-dakavshirebit

ამ თემაზე ასევე იხილეთ ვიდეობმულები:

http://www.youtube.com/watch?v=6fAx-QsRSpw

http://www.youtube.com/watch?v=zBi56f1IBws

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია