მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სტომატოლოგიური კაბინეტების შემოწმება ერთი წლით გადავადდა? - 21 მაისი 2014

რეგულაციების გამკაცრების დადებითი და უარყოფითი შედეგები   

myrights.ge

,,ვერსია’‘ უკვე წერდა, რომ სტომატოლოგიური დაწესებულებების რეგულაციები მკაცრდება. გავრცელებული ინფორმაციით, დანტისტთა კაბინეტების შემოწმება ერთი წლით გადავადდა. საპარლამენტო უმცირესობის წევრს, გიგი წერეთელს მიაჩნია, რომ ამ ინიციატივას, შესაძლოა, უარყოფითი შედეგები მოყვეს: ,,რეგულაციების გამკაცრების საფუძვლად სახელმწიფოს არგუმენტები, რომ არ იციან, რამდენი დაწესებულება მოქმედებს ან შემოწმების უფლება არ აქვთ, არ არის მართებული. ყოველთვის არსებობს კანონიერი გზა, საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაცია მიიღო და დაწესებულება გააკონტროლო. ბევრი დაწესებულება სისტემატურად უგზავნის სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს“.

გიგი წერეთლის თქმით, სტომატოლოგიური საქმიანობა ბოლო წლებში სწრაფად განვითარდა. ამ სფეროში, პირდაპირ თუ ირიბად, დასაქმებულია ათასობით ადამიანი _ სამედიცინო პერსონალი, მასალის, მედიკამენტისა თუ ინვენტარის მომწოდებელი. სწორედ, თავისუფალმა კონკურენციამ და სტომატოლოგიურ საქმიანობაში სახელმწიფოს ნაკლებად ჩარევამ განაპირობა მაღალი ხარისხის სერვისის უამრავი მიმწოდებლის შექმნა:

სტომატოლოგიური დაწესებულებების უმრავლესობას მაღალი დონის შიდაკონტროლის მოთხოვნები აქვს. ყველას ესმის, ნებისმიერი შეცდომა ან პაციენტის უკმაყოფილება შეიძლება ძვირად დაუჯდეს და საქმიანობაც ვეღარ გააგრძელოს. გარდა ამისა, თუკი ასეთ დაწესებულებებში, დაუდევრობის გამო, ცე ჰეპატიტი ან შიდსი გავრცელდება, კანონი მკაცრია. ამ ფონზე, თავად დაწესებულებების მოტივაციაა, შეინარჩუნონ მაღალი ხარისხის უსაფრთხო მომსახურეობა“.

დეპუტატის განცხადებით, როცა ქვეყანაში დასაქმების პრობლემაა, ამგვარმა რეგულაციებმა შეიძლება ამ სექტორში სამუშაო ადგილების შემცირება და ფასების ზრდაც გამოიწვიოს. მისი თქმით, არც ისაა გამორიცხული, სახელმწიფოს მხრიდან სტომატოლოგიური დაწესებულებების აქტიურმა კონტროლმა კორუფციის წარმოქმნას შეუწყოს ხელი. გიგი წერეთლის აზრით, ,,ტექნიკური გადაიარაღებისა და პანდუსების მოწყობისთვის ვადა უნდა დაწესდეს, რა პერიოდშიც დაწესებულებები არ დაჯარიმდებიან. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, სტომატოლოგიური მომსახურეობა მოსახლეობისთვის მეტად ხელმისაწვდომი გახდეს’‘.

ვერსიასთანსაუბრისას, არასამთავრობო ორგანიზაციაგვახსოვდეს ჰიპოკრატესხელმძღვანელი მარინა ბერაძე განმარტავს, სტომატოლოგიური დაწესებულებების რეგულაციების გამკაცრებაზე საუბარი იმიტომ დაიწყო, რომ კვლევების თანახმად, ცე ჰეპეტატისა და სხვა ინფექციური დაავადებების გავრცელების კუთხით, საქართველოში საგანგაშო მდგომარეობაა. მისივე თქმით, ყველა ქვეყანაში ამ სფეროს გარკვეული სამსახური არეგულირებს და ფუნდამენტურ მიმართულებებსაც კარნახობს:

გიგი წერეთელი აცხადებს, დაწესებულებებს აქვთ მოტივაცია, შეინარჩუნონ მაღალი ხარისხის უსაფრთხო მომსახურება და ამ ფონზე, დამატებითი რეგულაციები საჭირო აღარ არისო. თუ ასეა, რატომ მოიაზრება სწორედ სტომატოლოგიური დაწესებულებები ცე ჰეპატატისა და სხვა ინფექციური დაავადებების გავრცელების კერად? ჯანდაცვის სფერო და რეფორმის სიკეთე თუ ხარვეზები პოლიტიკისგან უნდა გაიმიჯნოს. ყველა პროფესიონალის აზრთა თანხვედრა უნდა მოხდეს, თორემ მწარე გამოცდილება გვაქვს. ლიბერტარიანულმა მიდგომამ დააზიანა და კომერციული გახადა ჯანდაცვა“.

რაც შეეხება გამოსავალს, მარინა ბერაძის თქმით, საჭიროა ისეთი ცვლილებები, რომელიც ხარისხის უზრუნველყოფის სისტემას ჩამოაყალიბებსასე ხდება უცხოეთშიც და არამხოლოდ სტომატოლოგიური კაბინეტებისთვის:

მხოლოდ მაშინ იქნები დარწმუნებული სამედიცინო დაწესებულების სანდოობაში, როცა იგი აკრედიტაციას გაივლის. აპელირება, რომ ამას თავად დაწესებულება ან მეპატრონე უზრუნველყოფს, დაუშვებელია. პროცესის კეთილ ნებაზე მიშვებით, საგანგაშო ვითარება მივიღეთ და რეგულაციების დაწესება გახდა საჭირო. მიზანი უნდა იყოს უსაფრთხო, ხარისხიანი მომსახურება და მხოლოდ ჯანსაღი კონკურენციაა პროგრესის მომტანი. სახელმწიფომ უნდა დაადგინოს თამასა, თითოეულ სამედიცინო დაწესებულებაში ხარისხის უზრუნველმყოფი შიდასისტემა დანერგოს და პარამეტრებიც წინასწარ განსაზღვროს. სტომატოლოგია ყველა ქვეყანაში ძვირია, რადგან მაღალკვალიფიციური ექიმების მომზადებაა ძვირი, ექიმის შრომაც ადეკვატურად უნდა ანაზღაურდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგს ვერ მივიღებთ“.

ჯანდაცვის მინისტრი სტომატოლოგიური კაბინეტების შემოწმების ერთი წლით გადავადებას არ ადასტურებს. დავით სერგეენკოს განმარტებით, არსებობს გეგმა, რომლის თანახმად დაწესდა ნორმატივები და კაბინეტებს დაუწესდა გამოსასწორებელი ვადა. ჯანდაცვის სამინისტრო ითანამშრომლებს სტომატოლოგიურ კაბინეტებთან და უწყება არ იქნება სადამსჯელო ფუნქციის მატარებელი. მთავრობის დადგენილებით, 2014 წლის პირველი მაისიდან სტომატოლოგიური მომსახურების მომწოდებლებისთვის სავალდებულო პირობაა შესაბამისი ინფრასტრუქტურა პირადი ჰიგიენის დაცვისა და შენობის დეზინფექციისთვის.

სტომატოლოგიურ კლინიკებს ევალება სამედიცინო ნარჩენების უსაფრთხო შეგროვება- განადგურება, იარაღების სტერილიზება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის სათანადო პირობების შექმნა, სამედიცინო და სტატისტიკური დოკუმენტების შესაბამისი წესით წარმოება, კვალიფიციური, სერტიფიცირებული პერსონალი. ამასთან, სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტთათვის თვალსაჩინო ადგილას უნდა განთავსდეს ინფორმაცია ამ დაწესებულების მიერ მოწოდებული სერვისების სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამებით დაფარვის შესახებ.

ექსპერტების ინფორმაციით, საქართველოში, 200 000 ადამიანია ცე ჰეპატიტით ინფიცირებული, რაც ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის 6,7%-ია. ასეთი მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთ მიზეზად სპეციალისტები სწორედ სტომატოლოგიური საქმიანობის უკონტროლობას ასახელებენ. სტატისტიკის მიხედვით, ამ დაავადების გავრცელების მხრივ, საქართველოში, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში, სავარაუდოდ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.   

მერაბ ბერიძე

წყარო: versia.ge

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია