მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მეშახტეები შრომის დაცვის ინსპექციის აღდგენას ითხოვენ - 22 ივნისი 2014

myrights.ge

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში საწარმო პროცესის დროს 7 მაღაროელი დაშავდა _ ექიმების განმარტებით, მეშახტეებს მეორე- მესამე ხარისხის დამწვრობა აქვთ. შემთხვევის მიზეზი მაღაროდან გამოტყორცნილი ცხელი ჰაერი გახდა, დაშავებულები ტყიბულისა და ქუთაისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მაღაროდან ცხელი ჰაერის გამოტყორცნის მიზეზებს სპეციალური კომისია გაარკვევს.

თბილისში, დამწვრობის ცენტრთან, სადაც დაშავებულ მაღაროელებს მკურნალობენ, მეშახტეთა სოლიდარობის აქცია გაიმართა. მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების სტატისტიკასა და კანონმდებლობაში რეგულაციების სიმცირეს აპროტესტებს. მეშახტეები შრომის დაცვის ინსპექციის აღდგენის მოთხოვნით გამოდიან:

ადმინისტრაციის წარმომადგენლების თქმით, შემთხვევა გამოიწვია მაღაროდან გამოსულმა ცხელმა ჰაერმა. რა იყო მიზეზი, ვინაა დამნაშავე ან შეიძლებოდა თუ არა მომხდარის თავიდან აცილება, უბედური შემთხვევების კვლევის კომისიამ უნდა დაადგინოს“.

მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტი თამაზ დოლაბერიძევერსიასთანმომხდარი ინციდენტის დეტალებსა და იმ პირობებზე საუბრობს, რომლებშიც მაღაროელებს მუშაობა უწევთ:

„9 ივნისს, ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროზე, აღმოსავლეთ ველის მე-3 სამრეწველო უბანში, სამთო მაშველებისა და მაღაროელებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი ნახშირის ფენებში წარმოქმნილი ხანძრის ლოკალიზება- ლიკვიდაციას აწარმოებდა. დაახლოებით 17:00 საათზე, სამთო დარტყმის შედეგად ტალღამ გელა ქათამაძეს მიაყენა ზარალი _ ძლიერი ვარდნის გამო, სახეზე ტრავმები მიიღო. ერთი საათის შემდეგ კი, მეთანის აალების შედეგად დანარჩენებმა (გოჩა კუბლაშვილი, ბეჟან ჭუმბურიძე, თამაზ ფუტკარაძე, თამაზ გაბელაშვილი, ვაჟა კირკიტაძე, მალხაზ ბოჭორიშვილი) სახისა და ხელების დამწვრობა მიიღეს. დაშავებულ მაღაროელებს ტყიბულის საავადმყოფოში ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება, რის შემდეგაც ხუთი მათგანი რეანომობილით თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს, ერთი ქუთაისის კატასტროფის ცენტრში, ხოლო ერთი მკურნალობას აგრძელებს ტყიბულში. პირველივე წუთებიდან ჩვენი წარმომადგენელი საავადმყოფოში იმყოფებოდა. დამწვრობის ცენტრის მკურნალი ექიმების შეფასებით, მაღაროელებს მე-2 და მე-3 ხარისხის დამწვრობა ჰქონდათ და მათი მდგომარეობა კვალიფიცირდებოდა, როგორც საშუალო სიმძიმის, ორი მაღაროელის მდგომარეობა შედარებით მძიმე იყო. მოგვიანებით, მდგომარეობის გაუარესების გამო, აუცილებელი გახდა დაშავებული ვაჟა კირკიტაძის ქუთაისიდან თბილისში გადმოყვანა. დღეს, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია. სასუნთქი გზების დაზიანება არც ერთ მათგანს არ აღენიშნება. ექიმების თქმით, მკურნალობა მიმდინარეობს, სიტუაცია სრულ კონტროლს ექვემდებარება, კრიზისი დაძლეულია და არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რეალურად, რატომ მოხდა ზემოაღნიშნული ფაქტი, ვინ არიან დამნაშავეები და შეიძლებოდა თუ არა მისი თავიდან აცილებაეს საწარმოში უბედური შემთხვევების კვლევის კომისიამ უნდა დაადგინოს, რომლის მუშაობაშიც პროფკავშირის წარმომადგენელიც მიიღებს მონაწილეობას. როგორც პროფკავშირს კომპანიის ადმინისტრაციიდან აცნობეს, კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა სამშაბათს უნდა გაიმართოს“.

კითხვებზე, რა არის გამოსავალი, როგორ უნდა გამოსწორდეს არსებული მდგომარეობა და ხელისუფლება რას აკეთებს ამისთვის, თამაზ დოლაბერიძე პასუხობს:

ვითარების გამოსასწორებლად აუცილებელია, შეიქმნას შრომის დაცვის ინსპექცია, რომელიც განახორციელებს მონიტორინგს და ასევე მოახდენს რეაგირებას აღმოჩენილ დარღვევებზე როგორც ტექნიკური, ასევე შრომით- სამართლებრივი თვალსაზრისით. აუცილებელია, საქართველოს პარლამენტმა მოახდინოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 176- კონვენციის რატიფიცირება, რომელიც დამატებით ვალდებულებებს აწესებს დამსაქმებლისთვის, მაღაროებზე ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების ამაღლების მიზნით. შრომის კულტურის ამაღლების, სამუშაო ადგილებზე კოლექტიური პასუხისმგებლობის ამაღლებისა და სოციალური პარტნიორობის მოდელის გაძლიერების მიზნით, ასევე აუცილებელია, საქართველოში დაინერგოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისშრომის დაცვისა და უსაფრთხოების სისტემების მართვის 2001 წლის სტანდარტი, რომელიც ითვალისწინებს შრომის რისკების ყოველდღიურ რეჟიმში მონიტორინგს, შეფასებასა და აღმოფხვრას მუდმივმოქმედი კომისიის მიერ“.

ტყიბულში მომხდარ შემთხვევას სახალხო დამცველიც გამოეხმაურა და მთავრობას მოუწოდა, უმოკლეს დროში გაატაროს კონკრეტული ქმედებები სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. უჩა ნანუაშვილი განმარტავს, რომ ტყიბულის მაღაროში მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული პრობლემების სიმწვავეს:

,,სამწუხაროდ, უკანასკნელ პერიოდში სამუშაო ადგილზე დაშავებისა და გარდაცვალების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, რის შესახებაც სახალხო დამცველმა არაერთხელ გაამახვილა ყურადღება. თუმცა, დღემდე შრომის უსაფრთხოების მოწესრიგების კუთხით ეფექტიანი ღონისძიებები არ განხორციელებულა. ტყიბულის მაღაროში მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების კუთხით სერიოზული პრობლემები არსებობს _ მოქმედ კანონმდებლობაში არ არსებობს რეგულაცია, რომლითაც განხორციელდება შრომის უსაფრთხოებისა და პირობების მონიტორინგი სამუშაო ადგილებზე. საკითხის სიმწვავეზე ბოლო წლებში სამუშაო ადგილებზე ფატალური შემთხვევებისა და დაშავებულთა რიცხვის მკვეთრი ზრდა მიუთითებს. მოვუწოდებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მინდელის სახელობის შახტის ადმინისტრაციას, მიმართონ ყველა ღონეს დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მთავრობას კი, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, უმოკლეს დროში დაიწყოს კონკრეტული ქმედითი ღონისძიებების გატარება სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“.   

მერაბ ბერიძე

წყარო: versia.ge

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია