მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რუსეთი დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად პირველ ნაბიჯს საქართველოსგან ელის? - 26 ივნისი 2014

რა იმალება კარასინის განცხადებებს მიღმა 

myrights.ge

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორ კარასინი აცხადებს, რომ რუსეთ- საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად პირველი ნაბიჯი ქართულმა მხარემ უნდა გადადგას. მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმ კეთილი ტრადიციების აღსადგენად, რომელიც ყოველთვის არსებობდა ქართველ და რუს ხალხს შორის: „2008 წლის აგვისტოში რუსეთ- საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთს არ გაუწყვეტია, ამიტომ მათი აღდგენის ფორმალურ მხარეზე ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ. მიუხედავად ამისა, ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა აღვადგინოთ ის კეთილი ტრადიციები, რომელიც ყოველთვის არსებობდა ქართველ და რუს ხალხს შორის“.

კარასინის თქმით, ამ მიზნით, თავდაპირველად, საჭიროა პრაქტიკული საკითხების განხილვა ტრანსპორტის, ვაჭრობის, ჰუმანიტარულ სფეროებში: „ივლისის შუა რიცხვებში, პრაღაში, ჩემი და ზურაბ აბაშიძის მორიგი შეხვედრა იმ სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებას შეეხება, სადაც ეს დიპლომატიური ურთიერთობების გარეშეა შესაძლებელი’‘.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, სანამ სამი წინაპირობა არ შესრულდება, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე საუბარი არ იქნება. როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, საქართველოს არც ერთი ნაბიჯი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად არ გადაუდგამს:

„განცხადება, რომ დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად პირველი ნაბიჯი საქართველომ უნდა გადადგას, ადრეც მოგვისმენია. საქართველო ვერ გადადგამს რუსეთის მიმართულებით დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენ ნაბიჯს, რადგან საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, საქართველოს ორი განუყოფელი ნაწილის დამოუკიდებლობა აღიარა რუსეთმა, ცხინვალსა და სოხუმში რუსეთს დიპლომატიური წარმომადგენლობები აქვს და არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“.

მაია ფანჯიკიძის თქმით, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც შესრულდება 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, მოხდება დეოკუპაცია და აღიარების უკან წაღება. ფანჯიკიძისვე მტკიცებით, არც ერთ ფორმატში, რომელიც დღეს რუსეთთან არსებობს, არ განიხილება დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხი.

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ- მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის თქმით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ,,ახალ რეალობასთან’‘ შეგუება და იმის დადასტურება იქნება, რომ ცხინვალი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილი აღარაა: „ეს საკითხი დღის წესრიგში რომ დადგეს, აფხაზეთსა და ცხინვალთან დაკავშირებით სერიოზული პროგრესი უნდა მოხდეს. კონფლიქტების დარეგულირებას ვგულისხმობ’‘.

„ვერსიასთან“ საუბრისას, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ამბობს, რომ დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა რუსეთთან, თბილისის ლოგიკური და გარდაუვალი რეაქცია იყო იმ რეალობაზე, რომელიც ქართულ- რუსულ ურთიერთობებში ღია აგრესიამ შექმნა:

„იგულისხმება ტერიტორიების ოკუპაცია, ე.წ დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნა და საქართველოს სუვერენულ მიწაზე თბილისის გარდა ორი „დიპლომატიური მისიის“ დაარსება. ეს რეალობა საქართველოსთვის მიუღებელია. სანამ, მინიმუმ ვითარების ნორმალიზება არ დაიწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე კი არა, ამ წინადადების განხილვაზეც კი ზედმეტია საუბარი. ნორმალიზაციის პროცესი გულისხმობს, რომ მეზობელი სახელმწიფოები, რომლებსაც კეთილმეზობლური ცხოვრება სურთ, ელემენტარულად, უნდა თანამშრომლობდნენ, ერთმანეთის ინტერესებს ითვალისწინებდნენ და ამას საფუძვლად ორმხრივი ინტერესების ურთიერთგაგება და ღრმა პატივისცემა ედოს. სამწუხაროდ, საქართველოსა და რუსეთს შორის ამგვარი პირობა, ჩვენი დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან ვერ ჩამოყალიბდა. რუსეთს სურს, მთლიანად კავკასიაში და კერძოდ, საქართველოში იმგვარი ვითარების შექმნა, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს ჰქონდა; საქართველოსთვის ეს მიუღებელია, რადგან ეს სუვერენიტეტის შელახვას ნიშნავს. რაც შეეხება რუსეთის ამ მესიჯს –საერთაშორისო და მათ შორის რუსულ საზოგადოებას ახსენებს, რომ ჩვენ შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა თბილისის ინიციატივა იყო. რასაკვირველია, თვით ბატონ კარასინსაც არ აქვს ილუზია და საერთაშორისო თანამეგობრობამ, ასევე რუსეთის პოლიტიკური კლასის უმრავლესობამ კარგად იცის, რომ ეს საქართველოს ინიციატივა არ გახლდათ – ეს 2008 წელს განვითარებული მოვლენების შედეგი. ზოგადად, რუსეთის დიპლომატიას ასეთი სტილი აქვეს _ დაჟინება, ერთსა და იმავეს გამეორება, მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა სინამდვილეს. ახლა ამ სტილის კიდევ ერთი გამოვლენა გვაქვს, მეტი არაფერი“.   

მერაბ ბერიძე                                              

წყარო: versia.ge                                               

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია