მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რიკოთის მიდამოებში მეწყერის გახშირებას ტყის უმოწყალო ჩეხვას აბრალებენ - 06 ივლისი 2014

მთავრობა უღელტეხილთან დაკავშირებით რეკომენდაციებს შეიმუშავებს 

myrights.ge 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის, ხათუნა გოგალაძის განცხადებით, გეოლოგებმა რიკოთის უღელტეხილის 146-ე კილომეტრზე არსებული მდგომარეობა წინასწარ უკვე შეაფასეს. მისი თქმით, ამ ეტაპზე გეოლოგების წინასწარ დასკვნასა და რისკებს აანალიზებენ, რის შემდეგაც საჭირო რეკომენდაციებს შეიმუშავებენ: „გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. პროცესში პირველივე დღიდან ჩაერთნენ გეოლოგები. მალე მოვამზადებთ რეკომენდაციებს, რა გაკეთდეს და რა საინჟინრო გადაწყვეტილება მივიღოთ, რათა ეს მონაკვეთი უსაფრთხო გახდეს“.

რიკოთის უღელტეხილის 146- კილომეტრზე მეწყერი განმეორებით ჩამოწვა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევთან 3 ათასი კუბური მეტრი მოცულობის მიწისა და კლდის მასის ჩამოშლამ მთლიანად გადაკეტა საავტომობილო გზის სავალი ნაწილი. ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა და გომი- საჩხერე- ჭიათურა- ზესტაფონის საავტომობილო გზაზე გადაერთო. მთავრობის შეფასების გარეშეც, ადგილობრივები რიკოთის უღელტეხილის მიდამოებში მეწყერის გახშირებას ტყის უმოწყალო ჩეხვას აბრალებენ. ცნობილია, რომ სადღეღამისო ბრიგადები მწვანე საფარს 24-საათიან რეჟიმში ანადგურებენ. ადგილობრივი მოსახლეობა დიდი ხანია შიშობს, რომ ლიხის ქედზე შეფენილ სოფლებს მეწყერი წალეკავს. ხალხი კიდევ ერთხელ მიმართავს ინვესტორს და მთავრობას დახმარებას სთხოვს:

წვიმა, დიდი ნალექი რომ მოვიდეს, ჩვენი სოფლები აღარ იქნება, სტიქია წაგვლეკავს. მერამდენე წელია ტყე იჩეხება, ბოლო დროს კი ძალიან გააქტიურდნენ _ არანორმალური ჭრა მიდის, ჩადგეს ჯიხურები და დღედაღამ მუშაობენ. ყველგან ხეების ნარჩენები ყრია. გაჩეხილი ტერიტორია არ სუფთავდება. პატრონი არ გამოგვიჩნდა! იქნებ ვინმემ მოგვაქციოს ყურადღება და დაგვეხმაროს“.

ჯერ კიდევ შარშან, პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრმა გია გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ყველა ლიცენზია, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გაიცა, გადასახედია. თუმცა ასეთ კრიტიკულ დამოკიდებულებას რეალური შედეგები არ მოჰყოლია.

ტყეების სარგებლობის მრავალწლიანი ლიცენზიების გაცემის ინიციატივა ექსმინისტრ კახა ბენდუქიძეს ეკუთვნის. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სწორედ ბენდუქიძის რეკომენდაციით, უარი თქვა ინვენტარიზაციაზე და აუქციონზე ტყეთსარგებლობის მრავალწლიანი ლიცენზიები გამოიტანა. სალიცენზიო პაკეტების მომზადებისას გამოიყენეს ვადაგასული დოკუმენტაცია. ტყეები წინასწარი შეფასების გარეშე გაიცა, დაირღვა საქართველოს ტყის კოდექსი. ინვენტარიზაციის გარეშე ტყეების გასხვისებამ ადგილობრივი მოსახლეობა მთლიანად მოვლენებს მიღმა დატოვა, რადგან მათ ინფორმირებულობასა და ჩართულობას, კოდექსის მიხედვით, სწორედ ინვენტარიზაციის პროცედურა უზრუნველყოფდა. ტყის მასივების შემცირებაზე ხშირი სტიქიაც მიუთითებს. რა რაოდენობის ხე-ტყის ექსპორტი გაედინება ქვეყნიდან, ამასთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს.

2011 წლის ზაფხულში, რესტორანრიკოთისადა მისი მიმდებარე ტერიტორიის დამეწყვრის შედეგად, ექვსი ადამიანი დაიღუპა. სათავეში ასვლისას გამოჩნდა, რომ წყალმა მიწა იმ ადგილიდან მოწყვიტა, რომლის ირგვლივაც რამდენიმე ათეული მეტრის რადიუსზე, ხეები გაჩეხილია. ტყის ფერდობზე ასვლისას შესაძლებელი გახდა ხეობის მეორე მხარის დანახვაც, სადაც ტყე იმ დონეზეა შეთხელებული, რომ ასეულობით მეტრის დაშორებით გაჩეხილი ადგილები და მოჭრილი ხის ძირები ჩანს. ასევე, კარგად ჩანს, რამდენიმე დამეწყრილი მონაკვეთიც, რომლებიც სათავეს ასევე გაჩეხილი ტერიტორიებიდან იღებს. მაშინაც მეწყრის ერთ-ერთ მიზეზად ტყეების მასობრივი განადგურება დასახელდა.

2011 წლის შემდეგ უღელტეხილზე ტყის ჩეხვის პროცესი არ შეჩერებულა. გეოლოგების შეფასებით, მეწყერის ჩამოწოლის თვალსაზრისით, კავკასიაში საქართველო უმაღლესი რისკის ზონაა. საქართველოს ტერიტორიის 70%, ანუ მილიონ ჰექტარზე მეტი დამეწყრილია. სულ ქვეყანაში 53 ათასი მეწყრული უბანია, რომელთა გააქტიურება ქვეყნის მიწის ფონდს ყოველწლიურად ანადგურებს, განსაკუთრებით საშიშ ზონაში კი 400 ათასი ოჯახი ცხოვრობს.  

მერაბ ბერიძე

წყარო: versia.ge

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია