მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საპატრიარქო თანამედროვე ილია ჭავჭავაძეს ეძებს - 09 ივლისი 2014

ვის წისქვილზე ასხამს წყალს უცხოელებისთვის მიწების შეძენაზე დადგენილი მორატორიუმის გაუქმება

myrights.ge

საკონსტიტუციო სასამართლომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების შეძენაზე დადგენილი მორატორიუმი გააუქმა. კანონპროექტის ინიციატორები, მიწების გასხვისების პროცესის შესაჩერებლად, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ფიქრობენ და ამ მიზნით საპარლამენტო უმცირესობასთან კონსულტაციებს გეგმავენ, თუმცა ყოფილი სახელისუფლებო პარტია შესაძლო ცვლილებებს არ ეთანხმება.    

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ სასოფლო- სამეურნეო მიწების პრივატიზება საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებულ გადაწყვეტილებას დაემთხვა:

მორატორიუმის შემდეგ, ყველანაირი საკანონმდებლო საფუძველი შევქმენით, რათა კვალიფიციური, კორპორატიული ინვესტორების, ასევე კომერციული საბანკო სისტემისთვის საკუთრების უფლება არ შეგვეზღუდა, ამიტომ მორატორიუმის პრობლემატურობა, ჩემი აზრით, დღის წესრიგში აღარ იდგა. რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროს მიერ პრივატიზაციის განახლებას, ჩემი მითითებით, სასოფლო- სამეურნეო მიწების ნაწილში ახალი საპრივატიზაციო ლოტების გამოტანა შევაჩერე და აუცილებლად მოვძებნით ახალ მექანიზმს, საუკეთესო ევროპული და მსოფლიო პრაქტიკის მიხედვით, ის კონტროლის მექანიზმები შევქმნათ, რაც სერიოზული სოციალური პრობლემის წინაშე არ დაგვაყენებს. მორატორიუმი სწორედ იმით იყო გამოწვეული, რომ სერიოზული სოციალური პრობლემის წინაშე ვიდექით და მოვლენები, შეიძლება, არაპროგნოზირებადი სცენარით განვითარებულიყო“.

მინისტრი ფიქრობს, რომ სასოფლო- სამეურნეო მიწების პრივატიზება გარკვეული რეგულაციებითა და შეზღუდვებით უნდა მოხდეს: ,,ეკონომიკური ზრდა ძალიან კარგია, მაგრამ უხვმიწიანი ქვეყანა არ ვართ, რთულ რეგიონში ვცხოვრობთ და აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ სასოფლოსამეურნეო მიწების პრივატიზების კუთხით გარკვეული რეგულაციები უნდა არსებობდეს“.

ვერსიასთანსაუბრისას, ექსპერტი სოსო ცინცაძე მიწების გასხვისებაზე მორატორიუმის გაუქმებას უარყოფითად აფასებს და აღნიშნავს, რომ მყიდველზე გარკვეული ვალდებულებების დაკისრების გარეშე, იმაზე უარეს შედეგს მივიღებთ, რაც წინა ხელისუფლების პირობებში გვქონდა, როცა ლამის ყოველდღიურად ხელჩართული დაპირისპირება იმართებოდა:

,,მორატორიუმის გაუქმება, არ მომწონს, რადგან თავის დროზე გლეხების სარგებლობაში არსებული მიწები გაიყიდა. სანამ მიწის კადასტრი არ მოწესრიგდება და ყველა გლეხს არ ეცოდინება, რომ ეს მისი საძოვარი ან სახელმწიფოს მიწაა, ასე, ხელაღებით გაყიდვა ნაჩქარევია. ხომ ვნახეთ, ამას ერთხელ რა მოჰყვა _ კინაღამ ხელჩართული ჩხუბი გაჩაღდა, ბურებმა გუდანაბადი აიკრეს და სამშობლოში გაიქცნენ. ეს იმიტომ მოხდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა საძოვრების გარეშე დარჩა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა, სოფლის მეურნეობისთვის ვარგისი მიწა ძალიან ცოტაა, გამოფიტულია _ გლეხები საჭირო შხამ-ქიმიკატებს ვერ ყიდულობენ, მთელი რიგი პრობლემებია. უნდა გაირკვეს, გასაყიდად გამოტანილი მიწებით სარგებლობენ თუ არა იმ რაიონის ახლომდებარე სოფლები, თუ ასეა და საქონელს აძოვებენ, რას უშვრები? რა უქნას ამ ძროხას, ფერად ტელევიზორთან დააბას და ,,ვანოს შოუს’‘ აყურებინოს? ამიტომ, დეტალურად უნდა შეისწავლონ, გასაყიდი მიწა მართლაც უპატრონია თუ მასზე ადამიანების ცხოვრებაა დამოკიდებული. მიწის კადასტრის არქონის მიზეზი კი შეიძლება, უთავობა ან ის იყოს, რომ მისი შექმნა არავის აწყობს. საქართველოში, ერთხელ და სამუდამოდ, დაზუსტებული მიწის კადასტრი არ არსებობს. ჩადით ნებისმიერ რაიონში, ხელი დაადეთ რომელიმე ფერდობს, მინდორს, თითქოს მოუვლელსა და უპატრონოს და ჰკითხეთ, ვისია. ვერ დაგიკონკრეტებენ. ზოგადად კი გეტყვიან, სახელმწიფოსიაო, მაგრამ, 20-30 კომლიც გამოჩნდება, რომელიც იტყვის, ეს მიწა წინაპრებიდან, ათადამ- ბაბადამ მოყოლებული გვეკუთვნის, ვსარგებლობდით და აქ პირუტყვს ვაძოვებდითო. ანუ მიწა, რომელიც აქამდე სათემო, სოფლის საძოვარი იყო, ახლა უპატრონოა და სახელმწიფოსია? ამიტომ, გაუგებარია, რას და როგორ გაყიდიან... სოციალური მდგომარეობა გაუარესებულია, სოფელს განსაკუთრებული სიკეთე ჯერ არ ეტყობა, სეტყვაზე დარიგებული ფული უკვე დაიხარჯა, შეიჭამა. რუსეთის ბაზარიც პრობლემური ხდება _ უკვე ვაღიარებთ, რომ სხვა ტარიფები და შეზღუდვები იქნება; ამ დროს გლეხის მიწის გაყიდვით, არ ვიცი, წყალს ვის წისქვილზე ვასხამთ“.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საქართველოში მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით, საპატრიარქომ სრულიად საქართველოს კათალიკოს- პატრიარქის განცხადება გაავრცელა. ამ თემას უწმინდესი საკვირაო ქადაგებისასაც შეეხო:

დღეს, როდესაც მძიმე სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის გამო სოფლად მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობა სიღატაკის ზღვარზეა და ბევრ შემთხვევაში, იძულებულია, თავისი ქონება ძალზე იაფად გაასხვისოს, ახალი რეალობა დიდი დარტყმის წინაშე დააყენებს სახელმწიფოს. თავისთავად უცხოური კაპიტალისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დამკვიდრება მისასალმებელია, რადგან შეუძლებელია ამის გარეშე ქვეყნის განვითარება, მაგრამ ეს პროცესი უმართავი არ უნდა გახდეს. მან არ უნდა განაპირობოს ყველაზე დიდი მატერიალური სიმდიდრის, ჩვენი მიწა- წყლის დაკარგვა და ჩვენი მოქალაქეების მხოლოდ მოსამსახურე პერსონალად გადაქცევა. არ უნდა მოხდეს ისე, რომ ამ ქვეყნის მკვიდრთ, რომელთაც, პირველ რიგში, ეკუთვნით აქაური სიკეთე და დოვლათი, აღარ ჰქონდეთ შიდასამეწარმეო რესურსების გამოყენების საშუალება“. პატრიარქის განცხადებით, მსგავსი პრობლემების წინაშე ჩვენი ქვეყანა მე-19 საუკუნის დასასრულსაც იდგა, სწორედ ამიტომ დააარსა წმინდა ილია მართალმა საადგილმამულო ბანკი. „დღეს დიდი ილიას ჭაპანი თითოეულმა ჩვენგანმა ძალისამებრ ჩვენისა უნდა გავწიოთ“, _ ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.

პარლამენტმა შარშან უცხოელებისთვის სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწების მიყიდვაზე მორატორიუმი დააწესა. სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონში განხორციელდა ცვლილებები, რომლის მიხედვით, 2014 წლის 31 დეკემბრამდე კანონის იმ ნაწილის მოქმედება შეჩერდა, რომელიც უცხოელებისა და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირებისათვის სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მინიჭებას ითვალისწინებს. ამასთან, მთავრობას ექვსი თვის ვადაში უნდა უზრუნველეყო მიწის კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემის ორგანიზება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. მოგვიანებით, მთავრობის ინიციატივით, ამ კანონში ცვლილებები კიდევ ერთხელ შევიდა და სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწების შეძენაზე გამოცხადებულ მორატორიუმთან დაკავშირებით, ერთგვარი გამონაკლისი დაუშვეს. ბოლო ცვლილებების თანახმად, 2014 წლის 31 დეკემბრამდე უცხოელის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის, ასევე უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ პირთა სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მოპოვების შეჩერების გადაწყვეტილება კომერციულ ბანკებზე არ ვრცელდება; ასევე კანონს დაემატა პუნქტი, რომლის მიხედვით, აღნიშნული შეზღუდვა, მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილებით, „განსაკუთრებულ შემთხვევებზეარ ვრცელდება.  

მერაბ ბერიძე

წყარო: versia.ge

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია