მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რატომ არ ანიჭებენ დაღესტნელ უფლებადამცველ მიკაილ კადიევს ლტოლვილის სტატუსს? - 24 სექტემბერი 2014

„რუსეთში ექსტრადირება ჩემთვის გარდაუვალი წამებისა და სავარაუდო მკვლელობის ტოლფასი იქნება

გერა მამულაშვილი

მიკაილ კადიევისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით ლტოლვილთა სამინისტროსთან აქცია გაიმართა. უწყებასთან კადიევის ახლობლები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ საქართვლოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, რომ საქმე ხელახლა გადაიხედოს და უარი ეთქვას პროკურატურას კადიევის ექსტრადირებაზე. აქციის მონაწილეებმა დაღესტნის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართვაც გაავრცელეს, სადაც ისინი დევნილთა სამინისტროს კადიევის საქმის განხილვის თხოვნით მიმართავენ.

უფლებადამცველ მიკაილ კადიევს რუსეთის გენერალური პროკურატურა ინტერპოლის მეშვეობით ეძებს. ის საქართველოში გასულ წელს დააკავეს და 2 წელი მიუსაჯეს.

სასჯელაღსრულების  #8 დაწესებულებაში მყოფი კადიევი გადაცემის პოტენციურ საშიშროებას გრძნობს და არასამთავრობო უფლებადამცველ ორგანიზაციებს სპეციალურ მიმართვას უგზავნის:

უფლებადაცვითი საქმიანობის გამო რუსეთის ხელისუფლების მხრიდან განვიცდი პოლიტიკურ დევნას. ამ მიზეზით მე დავტოვე რუსეთი და 2010 წლიდან ვცხოვრობდი საქართველოში. სამწუხაროდ, საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების იმ წარმომადგენლებმა, რომლებსაც რუსეთის ხელისუფლებასთან აქვთ საიდუმლო კავშირები, გადაწყვიტეს ჩემი დაკავება და ფარულად გადაცემა. ამ გეგმის განსახორციელებლად სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ანტიტერორისტული ცენტრის წარმომადგენლებმა 2012 წლის დეკემბერში . ბათუმში დამაკავეს და ფაქტიურად გამიტაცეს კიდევ ერთ დაღესტნელ ლტოლვილთან მაგომედ მაგომედოვთან ერთად, თუმცა თბილისისკენ მომავალ გზაზე მე მოვახერხე გაქცევა, მოგვიანებით კი მაგომედოვი უკვალოდ გაქრა და შემდგომში იგი რუსეთის ერთ-ერთ ციხეში აღმოაჩინაწითელმა ჯვარმა“.

ამის შემდეგ ჩემმა გამტაცებლებმა გადაწყვიტეს ჩემი ოფიციალურად დაკავება და 2013 წლის 13 ივნისს, შუაღამისას შემოიჭრნენ ჩემს ნაქირავები ბინაში (. თბილისი, ბოჭორმის . #50/18), ჩხრეკისას ჩამიდესმაკაროვისსისტემის პისტოლეტი, 8 ცალი ვაზნა და ცელოფანში შეკრული რაღაც ფხვნილი, რომელიც თურმე 2253,83 გრამ ჰექსოგენის შემცველ ფეთქებად ნივთიერებას შეიცავდა. ამის გამო დამაკავეს მე და ჩემთან ორი დღის წინ სტუმრად ჩამოსული ჩემი ბიძაშვილი რიზვან ომაროვი. დაკავებიდან რამდენიმე საათში შსს- გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომ თითქოს ჩვენგანზრახული გვქონდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აფეთქების გზით ტერორისტული აქტების მოწყობადა თურმე ჩვენკარგად გაწვრთნილი მეომრები ვიყავით“.

მართალია, რამდენიმე დღეში თვითნ შსს- ოფიცილურად უარყო ეს აბსურდული სიტყვები და ბრალი წაგვიყენეს საქართველოს სისხლის სამართლისა კოდექსის 236- მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, ანუ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაში, რაც 6 თვიდან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალებიდან და სასამართლოს მსველობისას სრულიად აშკარად წარმოჩინდა, რომ სწორედ ჩხრეკის ჩამტარებელმა პოლიციელებმაჩადესჩემს საცხოვრებელ ბინაში ზემოთ ნახსენები კანონსაწინააღმდეგო ნივთები, თბილისის საქალაქო სასამართლომ მე და ჩემს ბიძაშვილს 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მოგვისაჯა, რომელიც შემდგომში ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ. ამჟამად განაჩენი გასაჩივრებული გვაქვს საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

მე ჩემს სამშობლოში, დაღესტანში, ვეწეოდი უფლებადაცვით საქმიანობას, ვიყავი სამოქალაქო აქტივისტი, რის გამოც რუსეთის ხელისუფლებამ ჩემს მიმართ შეთითხნა ბრალდება, რომ თითქოს მე ვმონაწილეობდი 2009 წლის სექტემბერში მოსკოვში მომხდარი მკვლელობაში და თუმცა უამრავი მოწმე და სხვა მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ, რომ ამ დროს დაღესტანში, სამსახურში და შემდეგ მშობლიურ სოფელში ვიმყოფებოდი, ამის მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლება ითხოვს ჩემს ექსტრადირებას. ყველასათვის ცნობილია, თუ რა საშინელი ბედი ელოდება მკვლელობაში სრულიად უსაფუძვლოდ ბრალდებულ ჩრდილოეთ კავკასიის ნებისმიერ მოქალაქეს (მით უფრო, სამოქალაქო აქტივისტს) რუსეთში ექსტრადირების შემთხვევაში.

საქართველოს ხელისუფლების მოქმედების მრავალი ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ ის აპირებს ჩემს ექსტრადირებას რუსეთში. კერძოდ:

1. ბათუმიდან ჩემი გატაცების გამო მე და ჩემმა ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა რამდენჯერმე მივმართეთ საქართველოს მთავარ პროკურატურას და გენერალურ ინსპექციას გამოძიების დაწყების მოთხოვნით, წარვუდგინეთ ამ გატაცების ფაქტის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, მაგრამ პასუხად მხოლოდ დუმილი მივიღეთ.

2. მე 2013 წლის ივლისში თხოვნით მივმართე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ჩემთვის ლტოლვილის სტატუსის მონიჭების შესახებ, წარვადგინე ჩემი სამოქალაქო აქტივისტობის და რუსეთის ხელისუფლების მხრიდან დევნის დამადასტურებელი უამრავი წერილობითი დოკუმენტი, თუმცა ჩემს თხოვნაზე სამინისტროს მხრიდან 2014 წლის 16 იანვარს ოფიციალური უარი მივიღე. უარის ერთ-ერთ მოტივად სამინისტროს წარმომადგენლები ასახელებენ იმას, რომ რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილე საქართველოს შესაბამისი უწყებისადმი მოწერილ წერილში პირობას დებს, რომ მე ექსტრადიციის შემთხვევაში არ დავექვემდებარები წამებას და არაადამიანურ, ღირსების შემლახველ მოპყრობას.

3. ჩემი ადვოკატის მიერ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ეს უარი გასაჩივრებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში, თუმცა, სასამართლომ უარი განაცხადა სარჩელის დაკმაყოფილებზე.

4.ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული გვაქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც მისი განხილვა დაიწყება 2014 წლის 8 ოქტომბერს, თუმცა, გამომდინარე საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ნებიდან (რაც გამოვლინდა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს და თბილისის საქალაქო სასამართლოს პოზიციებით) ნაკლებად მოსალოდნელია, რომ სააპელაციო სასამართლომ შეცვალოს ეს გადაწყვეტილება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს კანონი ხელისუფლებას უკრძალავს ლტოლვილის სტატუსის მქონე პირის ექსტრადირებას სხვა ქვეყანაში.   

ეს ყოველივე მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას განზრახული აქვს ჩემი ექსტრადირება რუსეთში, რაც ჩემთვის გარდაუვალი წამებისა და სავარაუდო მკვლელობის ტოლფასი იქნება.

მოგმართავთ საქართველოს უფლებადაცვით ორგანიზაციებს და გთხოვთ გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება და გავლენა, რათა დამეხმაროთ სამართლიანობის მიღწევაში, რათა ჩემი უკანონო 2-წლიანი სასჯელი საქართველოში არ გადაიზარდოს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთში ჩემს ექსტრადიციაში, რაც არა მხოლოდ ჩემი პიროვნების უპირობო გაწირვა, არამედ ერთ-ერთ სამარცხვინო ლაქა იქნება საქართველოს თანამედროვე ისტორიაში (სტილი დაცულია.რედ)“.

„myrights.ge“-სთან საუბრისას ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ადასტურებს, რომ მიკაილ კადიევს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც "აშკარად  შეთითხნილია", რადგან მასარანაირი იარაღი არ ჰქონია და ჩაუდეს - როგორც ჩანს, იმისთვის, რომ რუსეთისთვის გადასაცემად საფუძველი ჰქონოდათ. მისივე თქმით, გამოსავალი კადიევისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაშია, რაც კრძალავს რუსეთისთვის გადაცემას, სადაც უფლებადამცველს წამება და არაადამიანური მოპყრობა ელის:

რუსეთი ითხოვს იმის გამო, რომ თითქოს კადიევმა 2009 წლის სექტემბერში, მოსკოვში მომხდარ მკვლელობაში მონაწილეობა მიიღო; როცა არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომ ამ დღეს დაღესტანში, სამსახურში იმყოფებოდა, ხოლო მეორე დღეს დაბადების დღე ჰქონდა და სახლში იყო. ეს ყველაფერი ჩვენ წარვადგინეთ, მაგრამ არ გაიზიარეს - არც სასამართლომ და არც ლტოლვილთა სამინისტრომ მიანიჭა ლტოლვილის სტატუსი.

კადიევი ცნობილი უფლებადამცველი და აქტივისტია, რომელიც დაღესტანში მდგარი რუსული ჯარების განუკითხაობის შესახებ საუბრობდა, რის გამოც არაერთხელ აწამეს; იყო მკვლელობის მოწმე, რომელშიც ერთი-ერთი დაღესტნელი მაღალჩინოსანი მონაწილეობდა. ამაზე ჩვენება მისცა, რის შემდეგ გაიტაცეს, თავზე ცელოფანი ჩამოაფარეს და აიძულებდნენ, რათა ამ ჩვენებაზე უარი ეთქვა. შემდეგ ის იძულებული იყო რუსეთის ტერიტორია დაეტოვებინა და უკვე 2011 წლიდან საქართველოში ცხოვრობდა. 3 წლის განმავლობაში არავინ შეხებია და როცა თურქეთში გადასვლა და გარიდება დააპირა (რადგან რუსეთისთვის გადაცემის საეჭვო ნიშნები შეამჩნიეს), 2012 წლის დეკემბერში ბათუმში დააკავეს, თბილისში მოყავდათ, გზაში გაქცევა მოახერხა, 4 ტყვია ესროლეს და ღამე იყო, ააცდინეს. ამის შემდეგ, თბილისში ნახევრად არალეგალურ მდგომარეობაში, დაქირავებულ ბინაში ცხოვრობდა და გარეთ არ გამოდიოდა. მაინც მიადგნენ და დააკავეს, როგორც გითხარით, იარაღი ჩაუდეს.

ახლა, თავისუფლების აღკვეთის ვადა 2015 წლის 3 ივნისს გასდის და სანამ ჩვენ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურებს ვაწარმოებთ (სისხლის სამართლის საქმეზე უკვე უზენაეს სასამართლოში შეგვაქვს, ხოლო ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში გვაქვს შეტანილი), ექსტრადირების პროცესს ვერ დაიწყებენ. მაგრამ პროცესი დასრულდება თუ არა, ექსტრადიციის 9-თვიანი პროცედურა დაიწყება, რომელიც საბოლოოდ იმით დასრულდება, რომ იუსტიციის მინისტრმა ხელი უნდა მოაწეროს (ან უარი თქვას) მის გადაცემაზე. მართალია, სიტყვიერად ხელისუფლების წარმომადგენლები საპირისპიროს გვეუბნებიანმაგრამ სტატუსზე უარის თქმის მოტივები აშკარად მიუთითებს, რომ მის გადაცემას აპირებენ. ლტოლვილის სტატუსი რომ მიენიჭებინათ, საშიშროება უკვე გამოირიცხებოდა, რადგან ამას კანონი კრძალავს.

ასევე, სტატუსზე უარის თქმის ერთ-ერთი მოტივაცია ის იყო, რომ რუსეთის გენპროკურორის მოადგილემ ჩვენს იუსტიციის სამინისტროს მოსწერა, რომ ის ვალდებულებას იღებს ექსტრადიციის შემთხვევაში კადიევი არ განიცდის წამებას და არაადამიანურ, ღირსების შემლახავ მოპყრობას; როდესაც არგუმენტად ამ წერილს ასახელებენ, ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ შემდეგი ნაბიჯი გადაცემაა.

გამოსავალი ის არის, რომ კადიევს სტატუსი უნდა მიენიჭოს, რასაც ნამდვილად იმსახურებს. რეალურად, პოლიტიკურ- ჰუმანიტარული ნიშნით დევნილია, უფლებადამცველია და ამის არაერთი მტკიცებულება წარვადგინეთ, დევნილთა სამინისტრომ ყველაფერზე თვალი დახუჭა. წარმოვადგინეთ მის მიერ პრესაში გამოქვეყნებული წერილები, დაღესტნის არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთი მომართვა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, აქაც ჩამოვიდნენ და პრესკონფერენციები ჩაატარეს, რომ გადაცემის შემთხვევაში წამება ემუქრება. ამაზე აქ განაცხადეს, რომ ეს არ არის მტკიცებულება, რომ ის რუსეთში პოლიტიკური ნიშნით იდევნება.

შესაძლოა, შსს-ს კონტრტერორისტული ცენტრის, მისი შუა რგოლის ხელმძღვანელობა დაინტერესებულია, რომ კადიევის გადაცემა მოხდეს. ვერ გეტყვით, აქ პირადი კონტაქტებია რუსელ სპეცსამსახურებთან თუ რა ხდება, ყოველ შემთხვევში, პრემიერ-მინიტრისადმი გაგზავნილ ინფორმაცია (რაც ჩემი წყაროებიდან ვიცი) მიტანილია ამბავი, რომ თითქოს ეს ადამიანები რაღაც ტერაქტებს ამზადებდნენ. დაკავებისას ეს ვერსია იმავე დღეს გაავრცელეს, შემდეგ ეს ბრალი არც წაუყენებიათ და რამდენიმე დღეში თვითონვე უარყვეს. მაგრამ ქვეცნობიერად ისევ ამას ფიქრობენ, სხვა შემთხვევაში 2 წელი მისთვის რატომ უნდა შეეფარდებინათ? ამ მუხლისთვის გათვალისწინებულია ჯარიმიდან სამ წლამდე, ანუ, თითქმის მაქსიმუმი მიუსაჯეს. ამას ხურდაში კადიევის ბიძაშვილიც მიაყოლეს, რომელიც მაშინ მასთან სახლში აღმოჩნდა“.

მოქმედი კანონმდებლობით, თუ კადიევს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ლტოლვილის სტატუსს მიანიჭებს, მისი რუსეთში ექსტრადირება აღარ მოხდება. კადიევმა ეს სტატუსი მოითხოვა, მაგრამ  2014 წლის 16 იანვარს უარი მიიღო. ადვოკატებმა გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს...

ეჭვს არ იწვევს ის, თუ რა ელის დაღესტნელ უფლებადამცველს რუსეთისთვის გადაცემის შემთხვევაში, რაც კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი იქნება ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში. ამიტომ, ქართულ მხარეს სერიოზული დაფიქრება, ყველაფრის აწონ-დაწონა მოუწევს, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. ამ მიმართულებით, ბოლო წლებში მიღებული პრაქტიკა და მიღებული შედეგებიც უცილობლად გასათვალისწინებელია. 

myrights.ge გააგრძელებს მიკაილ კადიევის საქმეზე თვალყურის დევნებასა და რეაგირებას. 

ასევე იხილეთ ვიდეობმული: "კავკაზსკი უზელი" - ზაურბეკ მაგომედოვის დაკავება

http://www.youtube.com/watch?v=zj-km4jqjY0

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია