მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ქეთი ორჯონიკიძე აშშ-ში ,,ამომავალ ქალ რეჟისორად' მონათლეს - 25 სექტემბერი 2014

ქართველ ემიგრანტებზე გადაღებული ფილმი, რომელმაც ამერიკელი მაყურებელი აატირა

myrights.ge

ქეთი ორჯონიკიძის შესახებ „ფეისბუქით“ შევიტყვე. წერდა, მალე დასრულდება ჩემი ფილმინანა“, რომელიც შორეულ აშშ-ში მყოფი ემიგრანტი ქართველი ქალის ცხოვრებას ეხებაო... ,,ნანა' დასრულდა და მისი პრემიერაც შედგა. ბევრი აღარ მიფიქრია, ქეთი ორჯონიკიძეს კითხვები გავუგზავნე... ქეთიმ, როგორც მისმა ბევრმა თანატოლმა, საქართველო 90-იან წლებში დატოვა, აშშ- მიაშურა და ახალი ცხოვრება დიდი ემოციითა და შთაბეჭდილებებით დაიწყო.           

_ 90-იანი წლების დასაწყისში აქტიური პოლიტიკური ჟურნალისტი ვიყავი. მართალია, მცირე ჰონორარი მქონდა, მაგრამ ჩემი საქმე მაინც უზომოდ მიყვარდა... 90-იანების გარემომ თავისი გაიტანა და ერთი წლით აშშ-ში წასვლა გადავწყვიტე _ ინგლისური ენის კურსების გავლა მინდოდა. ენა არ ვიცოდი, არც მეგობარი მყავდა, არავინ მიცნობდა... ისიც კი არ იცოდნენ, რომ ეროვნება ,,ქართველი' არსებობდა, ყველას რუსები ვეგონეთ.               

_ თუ ასე იყო, აშშ-ში დარჩენა რატომ გადაწყვიტეთ?         

_ აშშ ჭაობივით გიზიდავსო, ნათქვამია და მეც ასე დამემართა. 2002 წელს ირლანდიური წარმოშობის ძირძველი ამერიკელი, პატრიკ ქეისი გავიცანი, შემიყვარდა და ცოლად გავყევი. 2008-ში ნათია ქეისი შემეძინა. მთელი დღე მისი მოვლით ვარ დაკავებული. ამერიკელებით დასახლებულ ლონგ აილენდზე ვცხოვრობთ. ისე, შვილს მხოლოდ ქართულად ვესაუბრები. ყურადღებას ყველგან ჩვენი ქართულით ვიპყრობთ. შორეულ კუნძულზე თავს მარტოსულად არ ვგრძნობ _ პატარა მესაიდუმლე მყავს. შემოქმედებითი ცხოვრება ღამით, ნათიას დაძინების შემდეგ იწყება... 2013 წლის დეკემბერში დავამთავრე სიტი უნივერსიტეტის ბრუკლინ კოლეჯის სარეჟისორო ფაკულტეტი, სადაც პირველი ქართველი სტუდენტი ვიყავი. თავის დამკვიდრება ადვილი არ არის. მით უმეტეს, როცა დედა ხარ, თან უცხოელი... ვეცადე, პროფესორები ქართულ კინოს გასცნობოდნენ. ინტერნეტით ვიძენდი ჩვენებურ ფილმებს და ყველას ვჩუქნიდი, ნებისმიერ დავალებას ქართველებზე, ქართველების მონაწილეობით ვასრულებდი. ჩემი ორი ფილმი _ „ნანადაქართული პურიბრუკლინ კოლეჯის ბაზაზე შეიქმნა. ტექნიკურ და შემოქმედებით ჯგუფში 25 სტუდენტი მონაწილეობდა. დღეს ფაკულტეტზე ყველამ იცის, რომ ქართველებს უმაღლესი დონის ფილმები გვაქვს, სტუმართმოყვარეები ვართ. თანაკურსელები გეტყვიან, რომ პიცას ხაჭაპური სჯობს. პრაქტიკულად, ბარათაშვილის ,,მერანივით', ჩემი მისია შევასრულე. ახლა აქ უკვე რამდენიმე ქართველი სწავლობს. მათ ბევრად გაუადვილდათ ჩემს გაკვალულ გზაზე სიარული. ამას წინათ, ფაკულეტეტზე, ქართველმა სტუდენტმა გოგონამ მითხრა, თქვენი გაცნობა მინდოდა, რადგან ყველა პროფესორი მეკითხება, თუ იცნობ ქეთისჯორჯიიდანო“.                  

_ ჟურნალისტმა სარეჟისორო ფაკულტეტი რატომ აირჩიეთ?             

_ აშშ-ში ბავშვობის გატაცებას _ პროზასაც მივუბრუნდი, რამაც სარეჟისორო ფაკულტეტამდე მიმიყვანა. ემიგრანტულ ნოველებს რომ ვწერდი, ყველა დეტალს ფოტოგრაფიულად, მოძრაობაში ვხედავდი. მარტო ფურცელი აღარ იყო საკმარისი. ვიფიქრე, ყველაფერი ეს ეკრანზე უნდა ვაჩვენო- მეთქი. შევარჩიე სახელმწიფო, სიტი უნივერსიტეტი, რომელიც დაბალი და საშუალო ფენის ამერიკელებისთვის შედარებით ხელმისაწვდომია. საქართველოში პარადოქსული წარმოდგენაა სწავლის ამერიკულ სისტემაზე. ამბობენ, მაღალი დონე არ არისო, მაგრამ ასე არაა. მეცადინეობა ყოველ კვირას გიწევს. თავიდან, პროტესტი გამიჩნდა. ბოლოს, თავი დავარწმუნე, რომ ესაა სწორი და არა _ სემესტრის ბოლოს 4 დღეში მომზადებული საგანი. მალე მივეჩვიე ამ არაადამიანურ შრომას და მაღალი შეფასებებიც დავიმსახურე.               

_ პირველად რა ფილმი გადაიღეთ?              

_ ,,თუთიყუში“. სცენარი ჩემია, ამავე სახელწოდების ნოველის მიხედვით დავწერე. თავის დროზე ბევრ ჟურნალ- გაზეთში დაიბეჭდა, 2004 წელს კი, ,,15 საუკეთესო ქართულ მოთხობაშიმოხვდა. „თუთიყუში“, რომ იტყვიან, ჩემი პირველი ,,შვილია'. ნიუ იორკის უნივერსიტეტში ერთი კლასი ავირჩიე, რათა მომესინჯა, იყო თუ არა რეჟისორობა ჩემი მოწოდება. პროფესორმა პარკერმა თქვა, გადით და ფილმის გადაღება დაიწყეთო. დავუჯერე და ჯიბეგამოფხეკილმა ემიგრანტმათუთიყუშიგადავიღე. პრიზი არ მიმიღია, მაგრამ ფილმი, მსოფლიო მასშტაბით, 8 საერთაშორისო ფესტივალზე მოხვდა, რაც საოცრება იყო. ,,თუთიყუში' თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზეც აჩვენეს, რაც ჩემთვის დიდი პატივია. ეს ფილმი ემიგრატი გოგონას ისტორიაა. წარმოდგენა არ მქონდა, რა იყო კინოხელოვნება, მაგრამ დიდი გამოცდილება მივიღე. სამაგიეროდ, ბევრი ფული დავხარჯე, მძიმე მდგომარეობაში ჩავაგდე ოჯახი საქართველოში და ამერიკული ოჯახი გავანაწყენე. „თუთიყუშმადამანახა, რომ საჭიროა სრული განათლების მიღება და არა დილეტანტობა.            

_ ქართველი ემიგრანტი ქალის ცხოვრებაზე ფილმის გადაღება როდის გადაწყვიტეთ?          

_ ფილმნანამდე' 8 წუთიანიბრუკლინის სახლის საიდუმლოიყო. ფილმი ქართველ ქალზეა, რომელიც მოხუცს უვლიდა და ღამით, სახლში მოჩვენებებს ხედავდა, მარამ სამსახურიდან მაინც არ მიდიოდა, უმუშევრობის ეშინოდა. ამ ისტორიამ ჩემზე ძალიან იმოქმედა. ვფიქრობდი, თემას მივბრუნებოდი. სწორედ ამ პერიოდში უნივერსიტეტის მეგობარმა, ნინო ჩუტკერაშვილმა ცუცა კაპანაძესთან დამაკავშირა. ცუცამ მკითხა, ფილმში როდის უნდა გადამიღოო. გამიხარდა. სადიპლომოს ვიწყებდი და ცუცას მონაწილეობით ქართველი ქალის ისტორიის დაწერა გადავწყვიტე. ამ იდეით ჩემი პროფესორი მოიხიბლა. ზოგადად, სადიპლომო 15-წუთიანი ნამუშევარი უნდა იყოს. შესაბამისად, 15-ფურცლიანი სცენარი დავწერე (ერთი გვერდი ფილმის ერთ წუთად აღიქმება). საოცრება მოხდა და ფილმი დიდი გამოვიდა. პროფესორის რჩევით, არ შევკვეცეთ. გავრისკეთ, რადგან მოსალოდნელი იყო, ფაკულტეტს, 30-წუთიანი ფილმის ჩვენებაზე უარი ეთქვა. ნანა თავდადებული ქალბატონია, რომელშიც, ვფიქრობ, ქართველი ქალის დადებითი თვისებები გავაერთიანე. ნანა გმირია, ოჯახის დახმარების პარალელურად, სურს, გადაარჩინოს უცხო ადამიანიც. ის სიკეთისა და თავდადების განსახიერებაა. ფილმში, ემიგრაციის თემასთან ერთად, სიყვარულიცაა, რაც მას რომანტიკულს ხდის. „ნანაზემუშაობა შრომატევადი იყო _ პროდიუსერიც ვიყავი, რეჟისორიც, სცენარისტიც და სამხატვრო ხელმძღვანელიც. მთავარ როლს ცუცა კაპანაძე ასრულებს. მეორეხარისხოვანი მსახიობები, მოჩვენებების სახლი, შემოქმედებითი თუ ტექნიკური ჯგუფი, პროფესორი რობერტ ტუტაკი, რომელიც ზედამხედველობდა ფილმზე მუშაობის პროცესს _ ყველაფერი ეს ერთად ბრწყინვალე იყო. სამი თვის ძებნის შემდეგ, ვიპოვე სახლი, როგორიც წარმოდენილი მქონდა; სახლის უცნობმა ამერიკელმა მფლობელმა გამიმართა ხელი _ ტექნიკით აღჭურვილი 15-კაციანი ჯგუფი უმდიდრეს, ანტიკვარებით გაწყობილ სახლში, 4 დღით შეგვიშვა. ფილმის გადაღება ძვირი სიამოვნებაა. სადიპლომოზე მუშაობისას სარეჟისორო კლასის ნახევარი იცლება. სკოლის ინვენტარისა და ტექნიკის მიუხედავად, ფილმის გადაღება დაკავშირებულია დიდ თანხებთან: საკვები, ტრანსპორტი, კოსტუმები... ამ ფონზე, უსახსრობის გამო, ბევრმა მიატოვა სწავლა და სხვა ფაკულტეტზე გადავიდა. ვიბრძოლე, მათი ბედი არ გამეზიარებინა. ემიგრანტებისთვის ჩემი პატარ- პატარა ფილმების ჩვენებას ვაწყობდი. ამ შემოწირულობამ ,,ნანას' ბიუჯეტის მხოლოდ 1% შეადგინა. თუ სადმე ვიმუშავებდი, მთელ ფულსნანაშივდებდი. წვალებით, არაჩვეულებრივი ამერიკელების უანგარო დახმარებით, ფილმი დავასრულე.             

_ ამერიკელი მაყურებელი ფილმს როგორ შეხვდა?            

_ რეაქცია მოულოდნელი იყობევრი იცინეს და იტირეს. ცუცას აქცენტმა და თავიდან ბოლომდე გათავისებულმა როლმა საოცარი განწყობა გამოიწვია. ჩვენება ქართველი ემიგრანტებისთვისაც მოვაწყვე. მათ ნანაში საკუთარი თავი დაინახეს, სენტიმენტალურად განეწყნენ და იტირეს. „ნანასპირველი ოფიციალური შემფასებელი ბრუკლინ კოლეჯის ფილმების 32- ფესტივალი იყო, რომელიც ყოველწლიურად საკმაოდ პრესტიჟულ ცენტრში, ბრუკლინის მუსიკის აკადემიაში (BAM) იმართება. წელს 80 ფილმი იყო წარდგენილი და აქედან 24 ფესტივალისთვის უნდა შეერჩიათ. „ნანა“ 24 ფილმში მოხვდა. მეტიც, ოთხ ნომინაციაზე წარადგინეს. მათგან სამზე მე _ საუკეთესო პროდიუსინგის, საუკეთესო სამხატვრო დიზაინისა და საუკეთესო სცენარისთვის. მეოთხეზე კი, ჩემი ჯგუფის წევრი, საუკეთესო ხმის ჩაწერისთვის. ნიუ იორკის ოფისმა გადმომცაამომავალი ქალი რეჟისორისპრიზი, რაც უდიდესი პატივია. პარალელურად, ორგანიზაციამ წევრად მიმიღო.               

_ გაქვთ წარმატების ფორმულა, რომელიც შეგიძლიათ, სხვა რეჟისორებსაც გაუზიაროთ?             

_ ფილმის წარმატება არანორმალურმა შრომამ, ღამეების თევამ, დეტალებზე არაერთგზის შეჩერებამ, თავდადებამ და მიზნის მიღწევისთვის ბრძოლამ, ასევე სხვისი აზრის გათვალისწინებამ განაპირობა. პროფესორმა მითხრა, ეს ფილმი აუცილებლად დაიპყრობს მაყურებელს, რადგან სხვისი აზრის გაზიარება შეგიძლიაო. წარმატებაში ლომის წილი ცუცა კაპანაძეს მიუძღვის. ასევე. ყველა მსახიობი ჩემთვის დიდი მონაპოვარია. მნიშვნელობანი იყო პროფესორ რობერტ ტუტაკის გვერდში დგომა _ დროს, ენერგიას არ იშურებდა, ტექნიკურად, აზრობრივად თუ ემოციურად მეხმარებოდა. 2014-2015 წლებინანასფესტივალებზე მოგზაურობის პერიოდია. მსურს, რაც შეიძლემა მეტმა მაყურებელმა ნახოს. პრობლემა ისაა, რომ აქაც თანხებია საჭირო _ აშშ-ის ყველა ფესტივალზე ფილმის წარდგენა დიდ ფულთანაა დაკავშირებული.       

_ ,,ნანა' მაყურებელმა უკვე ნახა. აი, „ქართული პურიკი ჯერ არავის ,,დაუგემოვნებია'.            

_ „ქართული პური“, კახი კავსაძის მონაწილეობით, პრაქტიკულად, ორჯერ გადავიღე. პირველად ერთ კვირაში, როგორც საშინაო დავალება რეჟისურის კლასისთვის. უმაღლესი შეფასება მივიღე. პროფესორმა მირჩია, მეორედ გადამეღო, აუჩქარებლად, როგორც პროექტი და მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ასე აღმოჩნდა კახი კავსაძე ქართველი ემიგრანტის როლში. სამწუხაროდ, ფილმის დამთავრდება ფინანსების გამო ვერ ხერხდება _ მონტაჟის ფაზაშია. ვერ ვიპოვე სპონსორი მიუხედავად იმისა, რომ მთავარ როლს ბუმბერაზი მსახიობი ასრულებს. ძალიან განვიცდი. არ მინდა, ბატონ კახის იმედი გავუცრუო. იმედია, „ქართული პურისგადაღებაც დასრულდება და მაყურებლის მოწონებას დაიმსახურებს. ზოგადად, ყველაფერს ქართველებზე და ქართველებთან დაკავშირებულს ვაკეთებ. სამშობლო ყველაზე ტკბილია. სამშობლოში გატარებული ახალგაზრდობის წლები ყველაზე ბედნიერად მახსენდება. ომის წლებში გატარებული სტუდენტობაც ტკბილი იყო: ჟურნალისტების მეექვსე კორპუსი და ნოდარ ტაბიძის დაბალ და შემპარავ ხმაზე ჩატარებული არაჩვეულებრივი ლექციები. პოლიტიკური კორესპონდენტობაც ჩემი ცხოვრების უბედნიერესი მომენტი იყო. სამშობლოში თავს ყველაზე ბედნიერად გრძნობ. ემიგრანტობა რთულია, ყოველდღიურად თავის დამკვიდრების მცდელობაა _ სადაც უნდა წახვიდე, უნდა აჩვენო, რომ კარგი ადამიანი და პროფესიონალი ხარ. ეს მაშინ ხდება, როცა შრომით მოპოვებულ შენს საფეხურს ინარჩუნებ. დაბლა თუ ჩამოხვალ და თავს დახრი, არარაობად გადაიქცევი, ალბათ, ემიგრატნობაც გაგიადვილდება. ჩემი ფილმებით მინდა, ქართველებსა და საქართველოზე, როგორც ქვეყანაზე ვისაუბრო. მეტი ინფორმაცია გავავრცელო, რის ნაკლებობასაც აშშ-ში ჩამოსვლის დღიდან განვიცდი. ეს მისიად დავისახე. თუ ამის გაკეთებას შევძლებ, ჩავთვლი, მიზანს მივაღწიე.   

 

მერაბ ბერიძე

წყარო: versia.ge

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია