მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პროფკავშირები შრომის კოდექსში ცვლილებებს ითხოვს - 01 ოქტომბერი 2014

,,ქალებს არ აქვთ გარანტია, რომ ბავშვის გაჩენის შემდეგ სამსახურს შეინარჩუნებენ’‘   

myrights.ge

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტი მოითხოვს, შრომის კოდექსში ცვლილებების მეორე ეტაპი დაჩქარდეს. ოფიციალური სტატისტიკით, ყოველი მეორე ორსული აბორტს იკეთებს, რაც ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობისთვის კატასტროფაა. პროფკავშირები ამ მხრივ შექმნილ ვითარებას ქალთა უუფლებობას, უმუშევრობასა და მძიმე შრომით პირობებს უკავშირებენ:

,,ქალებს არ აქვთ გარანტია, რომ ორსულობისა და მშობიარობის შემდეგ სამსახურს შეინარჩუნებენ. დეკრეტულ შვებულებაში ყოფნისას გამოყოფილი თანხა არასაკმარისია ერთზე მეტი ბავშვის რჩენისთვის. სამსახურში აყვანისას ორსულობა შემაფერხებელი გარემოებაა; ორსულებსა და მრავალშვილიანებს, პრაქტიკულად, არ ეძლევათ სამსახურეობრივი წინსვლის პერსპექტივა. ამ პრობლემების გადაჭრის საუკეთესო საშუალება შრომის კოდექსში ცვლილებები დაჩქარდეს. წლების განმავლობაში ვითხოვდით და დღემდე ვითხოვთ, ქვეყანამ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 183- კონვენციის რატიფიცირება მოახდინოს დედობის დაცვის შესახებ; მით უმეტეს, რომ ბოლო 12 წელია, საქართველოს ხელისუფლებას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის არც ერთი კონვენციის რატიფიცირება არ მოუხდენია. კარგი იქნება, თუ პირველივე ეტაპზე მოხდება სწორედ დედობის დაცვის შესახებ კონვენციის რატიფიცირება, რაც კიდევ ერთი დასტური იქნება, რომ ხელისუფლების პოლიტიკა ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესებისკენაა მიმართული’‘.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი გიგი წერეთელი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე პარლამენტში ცვლილებების ახალი პაკეტი არ შესულა. მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში არსებული რესურსების ფონზე შესაძლებელია .. დეკრეტული შვებულების ანაზღაურების გაზრდა. რაც შეეხება კოდექსში ქალთა შრომითი უფლებების დასაცავად დამატებითი გარანტიების ჩადებას, დეპუტატის აზრით, კოდექსში ნათლადაა განმარტებული, რომ სამუშაო ადგილზე ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია დაუშვებელია:

კოდექსში არსებობს ჩანაწერი, რომ ორსულობა და მშობიარობა არ შეიძლება გახდეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. თუ ამ თვალსაზრისით რაიმე კიდევ არის დასახვეწი, მზად ვართ ჩავერთოთ პროცესში“.

,,ვერსიასთან’‘ საუბრისას, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე აცხადებს, რომ პროფკავშირების ეს სამართლიანი მოთხოვნები კანონში რომც ჩაიწეროს, ბევრს არაფერს შეცვლის _ აუცილებელია ქვეყანაში საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება:

არსებული ტოტალური უმუშევრობის პირობებში, გარკვეულ ჩარჩოებში, პროფკავშირების ყველა მოთხოვნა სამართლიანი იქნება, მაგრამ უბედურება ისაა, რომ სანახევრო ცვლილებებზეა საუბარი. ქვეყანაში მძიმე პირობებია, დაქირავებულს არანაირი უფლებები არ აქვს და ოდნავ უკმაყოფილება თუ გამოამჟღავნა, სამსახურიდან აგდებენ; უამრავი მსგავსი ფაქტია, მაგრამ ეს მოთხოვნები კანონში რომც ჩაიწეროს, ბევრს არაფერს შეცვლის, ამიტომ აუცილებელია საერთო მდგომარეობის ცვლილება, რაც ჯერჯერობით არ ხდება. მიზეზი იმ ერთიანი პოლიტიკის არარსებობაა, რომელმაც ყველა მიმართულებით უნდა დაალაგოს როგორც შრომითი ურთიერთობები, ასევე ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებას შეუწყოს ხელი’‘.   

მერაბ ბერიძე

წყარო: versia.ge

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია