მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ადგილობრივ თვითმმართველობებში სავალდებულო კონკურსების ჩატარების ვადებმა მეოთხედ გადაიწია - 02 ოქტომბერი 2014

გიგი ჩიხლაძე

transparency.ge

გუშინ პარლამენტმა გამარტივებული წესით, ერთი მოსმენით, მიიღო ცვლილებასაჯარო სამსახურის შესახებკანონში. კანონპროექტი პარლამენტში 15 სექტემბერს დარეგისტრირდა და მისი ავტორი და ინიციატორიც საპარლამენტო ფრაქციაქართული ოცნებისწევრი გია ჟორჟოლიანია. ცვლილების თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის იმ თანამდებობებზე, რომლებიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს, კონკურსის ჩატარების ვადა ისევ შეიცვალა და ახალ ვადად 2014 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა. კანონის წინა რედაქციის თანახმად, ეს ვადა 31 ოქტომბერს იწურებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ თანამდებობაზე ყოფნის ვადები ორი თვით გაუგრძელდათ დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულ მოხელეებსაც. კანონპროექტის ავტორის აზრით, ვადის გაგრძელება აუცილებელია, რადგან საჯარო სამსახურის ახალი რეგულაციების გამო 31 ოქტომბრამდე კონკურსების ჩასატარებლად საჭირო ღონისძიებების მოსწრება შეუძლებელია. განმარტებით ბარათში ვადის გაგრძელების ერთ-ერთ მიზეზად, ასევე, მოყვანილია თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები, რომლებმაც კიდევ უფრო შეამჭიდროვა არსებული ვადები.

საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველოკონკურსების ჩატარების თარიღის შემოთავაზებულ გადაწევაში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ცვლილების ავტორის დასაბუთებას არგუმენტირებულად მიიჩნევს. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს რეფორმის გადაწევის უკვე მეოთხე შემთხვევაა. ვადების ცვლილება კი რეფორმის არაეფექტიანი დაგეგმვის შედეგია.

ადგილობრივი თვითმმართველობის მიმდინარე რეფორმა მტკივნეული პროცესია და ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეფორმის განვითარების თითოეული ეტაპის სტაბილურობა, ასევე, დაინტერესებული მხარეებისთვის, განსაკუთრებით კი რამდენიმე ათასი საჯარო მოსამსახურისთვის, მკაფიო და ნათელი მოლოდინების შექმნა. კონკურსების ვადების ხშირმა ცვლილებამ კი ამ პროცესს შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს.

ქვემოთ გთავაზობთ წინა ცვლილებების მოკლე მიმოხილვას.

2012 წლამდე საჯარო სამსახურში კონკურსის წესით შესავსებ თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლის ყოფნა განუსაზღვრელი ვადით იყო შესაძლებელი, ხოლო კონკურსის ჩატარებაარასავალდებულო პროცედურა. „საჯარო სამსახურის შესახებ კანონის“ 2012 წლის 29 ივნისის ცვლილებებით, დაწესდა გარკვეული შეზღუდვები, კერძოდ, მაღალ თანამდებობებზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად ყოფნა შესაძლებელი გახდა მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში, ხოლო სხვა თანამდებობებზესამი თვის ვადით. კანონის ამ ჩანაწერის ამოქმედება და შესაბამისად ვადების ათვლა უნდა დაწყებულიყო 2013 წლის პირველ იანვარს.

ახალი მოწვევის პარლამენტმა 2012 წლის 21 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებებით ზემოაღნიშნული ვადის ათვლის თარიღი 6 თვით გადადო და ამოქმედების თარიღად 2013 წლის 1 ივლისი დააწესა. თუმცა, კანონის ამოქმედებიდან 29 დღეში, 29 ივლისს, პარლამენტმა კვლავ შეიცვალა შეხედულება და კანონის ამოქმედების თარიღად თანამდებობის პირებისთვის 2014 წლის 1 ივლისი დააწესა, ხოლო სხვა საჯარო მოსამსახურეებისათვის – 2014 წლის 1 იანვარი. აღსანიშნავია, რომ ეს თარიღები აღნიშნავს კონკურსში გამარჯვებული პირის თანამდებობაზე დანიშვნის და არაკონკურსის გამოცხადების ბოლო ვადას.

მიუხედავად თავდაპირველი ვადების მნიშვნელოვანი გაგრძელებისა, 2013 წლის დეკემბერში პარლამენტმა კვლავ გააგრძელა მის მიერვე დადგენილი ვადა გარკვეული კატეგორიის საჯარო მოსამსახურეებისათვის; კერძოდ, 13 დეკემბრის ცვლილების მიხედვით, „ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის იმ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს, კონკურსი ტარდება არაუგვიანეს 2014 წლის 31 ოქტომბრისა.“ თუმცა, ისევე როგორც წინა ცვლილებების შემთხვევაში, ვადის ეს ცვლილებაც არ აღმოჩნდა სათანადოდ გათვლილი და მოვლენათა განვითარების ყველა სცენარისთვის შესაბამისი, რადგან ცვლილებების ამოქმედებამდე ერთი თვით ადრე საჭირო გახდა კონკურსების ჩატარების ვადების მეოთხედ გადაწევა.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის 2014 წლის 5 სექტემბრის განკარგულებით, საჯარო მოხელეთა კონკურსის სავალდებულო ეტაპსტესტირებას ცენტრალიზებულად ჩაატარებს შეფასებისა გამოცდების ეროვნული ცენტრი და იუსტიციის სასწავლო ცენტრი, ხოლო მეთოდიკას, თემატიკისა და შეფასების კრიტერიუმებს განსაზღვრავს საჯარო სამსახურის ბიურო. უმნიშვნელოვანესია, ამ არსებითი ცვლილებების კვალდაკვალ გაიზარდოს ნდობა საჯარო სამსახურში კონკურსების მიმართ, რაც გადამწყვეტი საკითხია რეფორმის წარმატების თვალსაზრისით. ამასვე ადასტურებს ჩვენ მიერ 2013 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევა, რომლის მიხედვითაც ცენტრალური ხელისუფლების დაწესებულებებში ჩატარებული კონკურსების 87%-ის შემთხვევაში მხოლოდ მოვალეობის შემსრულებლები იმარჯვებდნენ, ხოლო ჩვენს ორგანიზაციას 30-მდე ადამიანმა მიმართა, ვინც თვლიდა, რომ კონკურსი არასამართლიანად ჩატარდა.

საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველომოუწოდებს:

პარლამენტს, გაითვალისწინოს ყველა გარემოება სავალდებულო კონკურსის ჩატარების თარიღის განსაზღვრისას, რათა თავიდან იქნას აცილებული ვადების მორიგი ცვლილება;

საჯარო სამსახურის ბიუროსა და შესაბამისი უწყებების საკონკურსო-საატესტაციო კომისიებს, ჩამოაყალიბონ ძალიან ნათელი, გაზომვადი კრიტერიუმები, რათა მაქსიმალურად შემცირდეს მიკერძოების რისკი; შეიმუშაონ საკონკურსო კომისიის დაკომპლექტების გამჭვირვალე და ეფექტიანი პროცედურები; გახადონ კონკურსის მიმდინარეობა, მისი შედეგები და დასაბუთება უფრო მეტად გამჭვირვალე, ინფორმაცია კი დაინტერესებული პირებისთვის – მეტად ხელმისაწვდომი.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია