მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საინგილოში ქართული სკოლები იხურება - 03 ოქტომბერი 2014

,,მშობლიურ ენას სამუდამოდ დავკარგავთ და ქართველობასაც ვეღარ შევინარჩუნებთ!’‘

myrights.ge

საინგილოში შექმნილი ვითარება, ასიმილაციის რეალური საშიშროების გამო, აქტუალობას არ კარგავს. დღეს ყველაზე დიდი პრობლემის წინაშე იქაური ქართული სკოლა დგას _ ადგილობრივი ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს, რომ მას ბოლო მოუღოს, ამ გზით ქართველებს მშობლიური ენა დაავიწყოს და ცნობიერება გაუმრუდოს. სანამ ოფიციალური თბილისი პრეზიდენტისა და პრემიერის უფლებამოსილებების გამიჯვნითაა დაკავებული, ინგილოები თანადგომასა და რეალური ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ... ,,ვერსიასადგილობრივი პედაგოგი დაუკავშირდა და საინგილოში, ქართულ სკოლაში შექმნილ ვითარებაზე გვიამბო, თუმცა გვთხოვა, ობიექტური მიზეზების გამო, მისი ვინაობა არ გაგვემხილა

_ ბოლო წლებში, საინგილოს ყურადღებას არავინ აქცევს. ეს ტენდენცია წინა ხელისუფლების დროს დაიწყო. 2004 წელს, გაუქმდა მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული საინგილოს საშეფო საბჭო, რომელსაც თავის დროზე თსუ- რექტორი, ნოდარ ამაღლობელი ხელმძღვანელობდა. ამ კომისიას ხელისუფლებისგან ჰქონდა მინიჭებული უფლება, სახელმწიფო ორგანოების წინაშე ნებისმიერი პრობლემა დაესვა და გადაეწყვიტა. მათ შორის, უპირველესად _ ინგილო ქართველების სწავლა-განათლების საკითხი. მთავრობამ სასწავლო შეღავათებიც გააუქმა. ადგილობრივი პედაგოგების ჯგუფი მაშინვე ჩამოვედით და განათლების მაშინდელ  მინისტრს შევხვდით. კატეგორიული უარი გვითხრა ინგილო აბიტურიენტებისთვის რაიმე გამონაკლისის დაშვებაზე. ვერ გავაგებინეთ, რომ ჰერეთში სწავლის დონე უცბად ვერ ამაღლება. ამის შემდეგ, გაუქმდა თსუ-სთან არსებული ინგილო აბიტურიენტების ერთწლიანი მოსამზადებელი განყოფილება. თბილისმა საინგილოს სკოლებს ვერაფერი შესთავაზა. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კი, ყოველწლიურად ერთი-ორი ბავშვი თუ ირიცხებოდა. პარალელურად, აზერბაიჯანში ქართული სახელმძღვანელოების შეტანა კიდევ უფრო გართულდა, ბოლოს, საერთოდ აიკრძალა. ადგილობრივი მასწავლებლები არ გადამზადებულან... ამ ყველაფრის შედეგია, რომ საინგილოს ქართული სექტორები და სკოლები რეალური დახურვის საფრთხის წინაშე დადგა. 12-ათასკაციანი დაბა ალიაბადის (ისტ. ელისენი, ზაქათალის რაიონი) 4 საშუალო სკოლიდან მხოლოდ ერთში შემორჩა ქართული სექტორი. ახალშობილებისთვის კვლავ იკრძალება ქართული სახელების დარქმევა, ისტორიული გვარების აღდგენაზე საუბარიც ზედმეტია. ჰერეთში კი არა, ინგილოებს თბილისში უჭირთ ისტორიული გვარების აღდგენა და საქართველოს მოქალაქეობის მიღება. ამ დროს, წლების განმავლობაში უამრავ გადამთიელ ბიზნესმენს ურიგებდნენ ქართულ პასპორტებს. მათ, ვინც საინგილოში ქართული პასპორტები აიღო, ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლები სახლში მიუცვივდნენ და წაართვეს _ ორმაგი მოქალაქეობა არ გაქვთ და კანონს არღვევთო. მოვითხოვეთ, დაბა ალიაბადში ცალკე ქართული სკოლა გახსნილიყო. საკითხი საქართველოს პარლამენტის წინაშე დავაყენეთ, მაგრამ საქმე დაპირებას არ გასცდენია. სხვა გამოსავალი არ არის _ თუ ცალკე სკოლა არ გვექნება, შერეული ტიპის სასწავლებელში, ქართული სექტორის შენარჩუნება გართულდება. თუ ოფიციალური თბილისი ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს, მერე გვიანი იქნება. სახელმწიფო დონეზე ქართულ-აზერბაიჯანულ მეგობრობას მივესალმებით, მაგრამ სამწუხაროდ, ჰერეთის შემთხვევაში, ეს პოლიტიკა მხოლოდ საპირისპირო მიმართულებით ვითარდება

_ პრობლემის გადასაჭრელად კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას?   

_ თუ საინგილოში ქართული სკოლა დაიხურება, მშობლიურ ენას სამუდამოდ დავკარგავთ. არადა ეს, ქართველობის შენარჩუნების ერთგვარი გარანტიაა. ჰერელების ნაწილს საქართველოდან დახმარების იმედი დღემდე აქვს. ამას ჩვენც ვუწყობთ ხელს _ ალიაბადში, მასწავლებლებმა, მცირე ხელფასით მიკროავტობუსი დავიქირავეთ (თვეში 200 დოლარი) სკოლაში მოსწავლეების მოსაყვანად. სასკოლო ჩანთები, სახელმძღვანელოები ვიყიდეთ და ჩუმად გადმოვიტანეთ აზერბაიჯანში. რაღაცებს კი აკეთებს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიმაგალითად, ზაფხულობით ინგილო მოსწავლეები ჩაჰყავთ დასასვენებელ ბანაკში, მაგრამ ეს არასაკმარისია. სამინისტროს წარმომადგენლები, ძირითადად, სკამების შენარჩუნებაზე ფიქრობენ, ამიტომ ცალკე ჯგუფი უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც საინგილოს გამოწვევებსა და კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტაზე იმუშავებს. არ აქვს მნიშვნელობა, ჯგუფი რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურას დაექვემდებარება თუ დამოუკიდებლად იმუშავებს. მთავარია, ხელისუფლებისგან გარკვეული უფლებამოსილება ჰქონდეს. ხელისუფლებში მოსვლამდე, საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ქართული ოცნება’‘, თბილისში საინგილოს დიასპორის წარმომადგენლებს დაპირდა, რომ ასეთი ჯგუფი ჩამოყალიბდებოდა, მაგრამ არჩევნების შემდეგ, ეს საკითხი არავის გახსენებია. კარგია, რომ თურქეთში ოფიციალურად დართეს ნება, სკოლებში ქართული ენა შეისწავლონ. მსგავსი ტენდენცია ირანსა და ფერეიდანში შეინიშნება. ამ დროს, აქვე, მდინარე ალაზნის მეორე მხარეს, ქართველებს სკოლას, მშობლიურ ენას ართმევენ და ხმის ამომღები არავინაა.

მერაბ ბერიძე

წყარო: versia.ge

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია