მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„პანკისიდან სირიაში მოქალაქეების გადინების კონტროლი შეუძლებელია“ - 07 ოქტომბერი 2014

„ამ ადამიანების წასვლის მთავარი მიზეზი გაჭირვებაა“

myrights.ge

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პანკისიდან სირიაში მოქალაქეების გახშირებულ გადასვლაზე აცხადებს, რომ ქართული მხარე ცდილობს დაამკვიდროს ის სტანდარტები, რაც ევროკავშირს გააჩნია. სესიაშვილის განმარტებით, გადინების კონტროლი შეუძლებელია, თუმცა მიგრაციასა და ემიგრაციასთან დაკავშირებული საკითხის დარეგულირების მიზნით საქართველო აპირებს უახლოეს მომავალში გაეროს და ევროკავშირისის რიგ საერთაშორისო რეზოლუციას შეუერთდეს.

ეს არის გლობალური პრობლემა. ძალიან რთულია ასეთ ტერორისტულ ორგანიზაციებში გადინების პროცესის შეჩერება, რადგან, რიგ შემთხვევაში, არიან ადამიანები, რომლებსაც ქვეყნიდან გასვლისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევაც კი არ აქვთ, ამიტომ წინასწარ იმის განსაზღვრა, რომ ჩვენი თანამოქალაქეები ტერორისტულ ქმედებებში ჩაერთვებიან, უბრალოდ შეუძლებელია. ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, საჭიროა შემდგომი რეგულირება: მაგალითად, მათი უკან დაბრუნების შემთხვევაში როგორ მოქმედებს სახელმწიფო, ასევე რეგულაციას მოითხოვს ტერორისტული ორგანიზაციების და მათთან დაკავშირებული პირების, იგივე ფინანსური საქმიანობის კონტროლი. ამის გამოცდილება გააჩნია ევროკავშირის ქვეყნებს. ასევე არსებობს საერთაშორისო რეზოლუციები, მათ შორის გაერო-, ევროკავშირის და ჩვენ ვეცდებით, რომ ყველა დოკუმენტს შევუერთდეთ, რათა დავამკვიდროთ ის სტანდარტი, რომელიც მიღებულია საერთაშორისო საზოგადოებაში“, -  აცხადებს სესიაშვილი.

დეპუტატის თქმით, საქართველო უერთდება და სოლიდარულია ყველა ანტიტერორისტული ღონისძიების: „ეს ხდება არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ ჩვენი ქვეყნის და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებისთვის“.

ვერსიასთანსაუბრისას, სამხედრო ჟურნალარსენალისრედაქტორი ირაკლი ალადაშვილი აცხადებს, რომ მოქალაქის შეზღუდვა ქვეყნიდან გასვლა-შემოსვლაში არაკონსტიტუციურია და ამის უფლება არავის აქვს, თუ რაიმე დარღვევა არ აქვს და სამართალდამცავების ან სასამართლოს მიერ არ იძებნება. ამიტომ, მისივე თქმით, ძალიან ძნელია გაიგო, ადამიანი თურქეთში მიდის სამუშაოდ, თუ იქიდან შეიძლება სირიაში ან სხვა ქვეყანაში საბრძოლველად გაემგზავროს:

მეორე მხრივ, სპეცსამსახურები იმისთვის არსებობს, რომ ასეთი პოტენციურად საშიში ადამიანების სია მოიპოვოს, დაამუშაოს და ანალიზი ჩაატაროს. მით უმეტეს, ეს განსაკუთრებულ საიდუმლოებას არ წარმოადგენს და თვითონ პანკისში ბევრმა კარგად იცის, ვისი შვილი სად მიდის. ხეობა პატარაა, ეს ინფორმაცია არ იმალება, თუმცა ადამიანები არამარტო პანკისიდან იყვნენ წასულები. როდესაც საქართველოში ბრუნდებიან და მათზე ინფორმაცია არსებობს, სპეცსამსახურების მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ უნდა იყვნენ აყვანილნი და სპეციალური დოსიეები შედგეს. რადგან, სავარაუდოდ, საბრძოლო მოქმედების ზონაში გაიარეს სპეციალური სამხედრო მომზადება, მიიღეს გამოცდილება, რომელიც შესაძლოა რომელიმე ტერორისტული ორგანიზაციის მიერ გამოყენებული იქნეს. ასე რომ, ანალიზი გასაკეთებელია“.

რა შეეხება საერთაშორისო დოკუმენტებთან მიერთებას, ირაკლი ალადაშვილის თქმით, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ასეთმა ქვეყნებმა (რომელთა მოქალაქეები ერაყში, სირიაში და სხვაგან იბრძვიან) კონტროლი უნდა გაამკაცრონ: „როგორ ჩანს, საქართველოს ამ ქვეყნებთან შეერთებაზეა საუბარი. ამასთან, თუ საქართველოდან სირიაში რამდენიმე ათეული ადამიანი იბრძვის, რუსეთიდან იქ უკვე ასობით მებრძოლია ჩასული, ევროპიდან საუბარია 3 ათას ადამიანზე, აშშ-დანაც არიან - პრობლემა ყველა ქვეყანაშია. მეზობელი აზერბაიჯანიდან იქ კიდევ უფრო მეტი ადამიანი იბრძვის“.

ალადაშვილის შეფასებით, ამ ადამიანების მთავარი მამოძრავებელი ფინანსური პრობლემები, გაჭირვებაა: „იცით, პანკისში და საქართველოს სხვა რეგიონებშიც რა სოციალური პრობლემებია. თუმცა პანკისის ხეობაში ასეთი ინფორმაციაც გავრცელდა, რომ ვინც სირიიდან დაბრუნდა, იმედები გაუცრუვდათო. არც ის გამოირიცხება, რომ თავის მხრივ ვაჰაბიტური მოძრაობის წარმომადგებლები რელიგიური მრწამსით მიდიან. აქ რამდენიმე მიზეზი ემთხვევა, რაც მოქალაქეთა გადინებას იწვევს. აქვე ერთ ნიუანსს ხაზს გავუსვამ, რომ ჩვენს საკონტრაქტო სამსახურში ძირითადად სოფლის ახალგზრდობა მიდის, რადგან სხვა სამსახურის მოძებნა ძალიან რთულია; მით უმეტეს, განათლების მაღალ დონეს საჭიროებს, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ხოლო ჯარში წასვლა, კონტრაქტზე ხელის მოწერა და მინიმუმ 1000 ლარის აღება (თუ ბედმა გაუღიმათ და ავღანეთში მოხვდნენ, დამატებით ათასი დოლარია), მათთვის სერიოზული ფინანსური შენაძენია. “.   

შეგხსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო და სახაზინო დეპარტამენტებმა გამოაქვეყნეს შავი სია, რომელშიც ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი ოცზე მეტი ადამიანია შეყვანილი. სიაში ომარ ალ შიშანის სახელით ცნობილი ქართველი თარხან ბათირაშვილიც ფიგურირებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ნუსხაში ჩეჩენი ტერორისტი მურად მარგოშვილიც არის მითითებული, რომელმაც სირიაში ტერორისტების საწვრთნელი ბაზა ჩამოაყალიბა.

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია