მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რაულ ხაჯიმბა ენგურზე ხუთი გადასასვლელის ჩაკეტვას აპირებს - 09 ოქტომბერი 2014

„ამას უწინარესად აფხაზების მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვება“

myrights.ge

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ენგურზე, ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვას და ექვსიგამშვები პუნქტისნაცვლად, ერთის დატოვებას გეგმავს. ამის შესახებ ხაჯიმბამ აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმის პოლიტსაბჭოს სხდომაზე განაცხადა. დე ფაქტო პრეზიდენტი თანაპარტიელებს დაჰპირდა, რომსაქართველოსთან საზღვარს გაამაგრებს“.

სახელმწიფო საზღვარზე საქართველოსთან, მდინარე ენგურის გასწვრივ, მხოლოდ ერთი გამშვები პუნქტი უნდა ფუნქციონირებდეს, სახელმწიფოს უსაფრთხოების გათვალისწინებით, ყველა დანარჩენი პუნქტი უნდა დაიკეტოს“, - აცხადებს ხაჯიმბა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია რაულ ხაჯიმბას განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას აფხაზეთში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვება. მისი თქმით, გამშვები პუნქტების ჩაკეტვის მიზეზად მოყვანილი უსაფრთხოების ზომების გამკაცრება არალოგიკური და საფუძველს მოკლებულია:

ხაჯიმბას განცხადების შესახებ აფხაზური მედიიდან შევიტყვე. რბილად რომ ვთქვა, გამიკვირდა, როცა ამ გადაწყვეტილების არგუმენტად ხაჯიმბას მოჰყავს საქართველოს მხრიდან თითქოსდა რევანშისტული განცხადებები. საიდან ან ვისგან გაიგო მან ასეთი განწყობის შესახებ. ეს არასწორი და ცილისმწამებლური განცხადებაა. ვის სჭირდება ყურით მოთრეული რევანშიზმი? როდესაც წყარო არ სახელდება, უნდა ვიფიქროთ, რომ ეს უფრო აფხაზურ საზოგადოებაზე ინფორმაციული ზემოქმედების მექანიზმია. აღარაფერს ვამბობ კონიუნქტურაზე, რომელიც ამ განცხადებით ხაჯიმბას, როგორც პარტიული ლიდერის პოზიციების განმტკიცებას ემსახურება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მან განცხადება აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმის პოლიტსაბჭოს სხდომაზე გააკეთა. აამოქმედონ სრულად თავიანთი რესურსები (რუსებისდახმარებისგარეშე) აფხაზეთის ტერიტორიაზე და სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გაუქმებით თავის გამოდება აღარ გახდება საჭირო. ხალხის ტანჯვა და ზედმეტად შეშინება არა მგონია .. ლიდერის პოზიციას წაადგეს. ამას წინააღმდეგობა აუცილებლად მოჰყვება, უწინარესად აფხაზების მხრიდან. არა მგონია დაძაბულობა დღეს რომელიმე მხარეს, მათ შორის, აფხაზებს აწყობდეთ. მე მაინც იმედი მაქვს, რომ ერთია განზრახვა და მეორე მისი სისრულეში მოყვანა. ვფიქრობ, რაც დრო გავა, გადაწყვეტილებები უფრო პრაგმატული და რეალისტური გახდება, რომელიც პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით, არ იქნება წამგებიანი აფხაზური მხარისთვის“.

თავის მხრივ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ხუთი გამშვები პუნქტის დახურვამ შესაძლოა, გამყოფი ხაზის გასწვრივ ვითარების დაძაბვა და უსაფრთხოების პირობების გაუარესება გამოიწვიოს. ზაქარეიშვილი იმედოვნებს, რომ აფხაზური მხარის ეს პოზიცია გადახედილი იქნება:

გამყოფ ხაზზე გადასასვლელი დამატებითი 5 გამშვები პუნქტი 2013 წელს გაიხსნა. ეს ნაბიჯი აღქმული იყო, როგორც აფხაზური მხარის კეთილი ნება, რომელიც მიმართული იყო როგორც გალის რაიონის, ისე მთლიანად აფხაზეთის ტერიტორიაზე და გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებისკენ. გამშვები პუნქტების გახსნამ ხელი შეუწყო ადგილზე ვითარების განმუხტვას და გამყოფი ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამ გამშვები პუნქტების გაუქმების შემთხვევაში კი გამოიკვეთება, რომ მხოლოდ ერთი პუნქტი არ არის საკმარისი მოსახლეობის გადაადგილებისთვის. 5 გამშვები პუნქტის დახურვამ შესაძლოა, გამოიწვიოს გამყოფი ხაზის გასწვრივ ვითარების დაძაბვა და სწორედ უსაფრთხოების პირობების გაუარესება. ამით კი ეჭვქვეშ დადგება გამშვები პუნქტების შესაძლო დახურვის არგუმენტი, კერძოდ, რომ თითქოს, მიზანი უსაფრთხოების განმტკიცებაა. ამიტომ იმედს გამოვთქვათ, რომ ბატონი ხაჯიმბას ეს განცხადება გადახედილი იქნება, კარგად იქნება გაანალიზებული ყველა შედეგი და მიღებული იქნება უსაფრთხოებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე ყველაზე მოსახერხებელი გადაწყვეტილება“.

ჩვენთან საუბრისას, ყოფილი საგარეო მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი აცხადებს, რომ  ეს ნაბიჯი გაართულებს გალის ქართველების კონტაქტს ზუგდიდის რაიონთან, რასაც მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მისივე თქმით, არამარტო გალის, საერთოდ აფხაზეთის მოსახლეობის დანარჩენ საქართველოსთან დაახლოების პროცესის შეფერხება სურთ:

ამაში შეიძლება მხოლოდ ის ძალები იყვნენ დაინტერესებულნი, ვინც აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების წინააღმდეგია და არ სურს მოვლენების ამ გზით განვითარება. ვიღაცის ავადმყოფურ გონებაში შეიძლება ასიმილაციის ფანტასტიკური გეგმაც არსებობდეს, თუმცა მისი რეალიზაციის ვერავითარ პერსპექტივას ვერ ვხედავ და არ მგონია, ეს სერიოზული და რეალისტური მიდგომა იყოს. თუმცა ყველა ამგვარი მცდელობის ძირითადი შედეგი, რასაკვირველია, არის და იქნება სიტუაციის დაძაბვა და იმ ბუნებრივი პროცესის შეფერხება, რასაც გახლეჩილი ორგანიზმის, ჭრილობების შეხორცება და მოშუშება ჰქია; ვისაც ეს არ სურს, თავის დროზე გარკვეულ მიზანს მიაღწია და ახლაც ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს მდგომარეობა შეინარჩუნოს. იმედია, მათ მიზნებს ასრულება არ უწერია.

რაც შეეხება ქართული მხარის ბერკეტებს, კიდევ და კიდევ საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობასთან აპელირება, ამგვარი დესტრუქციული ნაბიჯების შესახებ მათი ინფორმირება. ამასთან, ამ ბოროტგამზრახველთა საწინააღმდეგოდ ჩვენი მცდელობა უნდა გააქტიურდეს დაახლოების, გამყოფი ხაზის იქით დარჩენილ მოსახლეობასთან კომუნიკაციის გაძლიერების, ჩვენს რეალობასთან მოზიდვის მიზნით. აქ უნდა ვაჯობოთ მათ, ვისაც მოვლენების საპირისპირო გზით განვითარება სურს“.    

ამ დროისთვის ადმინისტრაციულ საზღვარზე 6 – ერთი ცენტრალური და 5 დამატებითი გადასასვლელი ფუნქციონირებს. გალის რაიონში, ცენტრალური გამშვები პუნქტის გარდა, ხუთი დამატებითი გამშვები პუნქტი (4 საფეხმავლო და 1 საავტომობილო) 2013 წლის მაისში გაიხსნა. გალის რაიონის მცხოვრებლებს გადაადგილება მხოლოდ .. აფხაზური ან ყოფილი საბჭოთა პასპორტებით შეუძლიათ.

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია