მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„რუსეთ-აფხაზეთის სამოკავშირეო ხელშეკრულება ყირიმის მიერთების ტოლფასია“ - 27 ოქტომბერი 2014

myrights.ge

რუსეთ-აფხაზეთს შორის ინტეგრაციისა და მოკავშირეობის პროექტთან დაკავშირებით აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ მოსახლეობას ტელეეთერით მიმართა. დეფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, „აფხაზეთს რუსეთის გარდა, სხვა მოკავშირე არ გააჩნია და არ აქვს უფლება, სხვადასხვა მიმართულებებით რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაფართოების იდეის დისკრედიტაცია განახორციელოს“.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ასეთ თანამშრომლობას მხოლოდ ჩვენი კონსტიტუციისა და აფხაზეთის სუვერენიტეტის საფუძველზე განვახორციელებთ. ასეთივე იქნება ჩვენი ხედვაც შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელზე მუშაობაც ახლა მიმდინარეობს. ეს შეთანხმება არ არის მოწოდებული შეცვალოს რუსეთთან 2008 წელს ხელმოწერილი საბაზისო შეთანხმება, არამედ ახალი დოკუმენტი ძველზე იქნება დაფუძნებული“, - აცხადებს ხაჯიმბა.

მისივე თქმით, თავდაცვის საერთო კონტურები, საქართველოსთან საზღვრის დაცვის გაძლიერება, რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე თავისუფალი გადაადგილებისთვის პირობების შექმნა, საბაჟო პროცედურების გამარტივება - ეს ყოველივე აფხაზურ ინეტერესებს შეესაბამება.

ხაჯიმბას თქმით, ეს პრაქტიკა წარმოადგენს თანამედროვე ტენდენციას, რომელსაც ყველა ქვეყანა უჭერს მხარს, რადგან გლობალიზაციის და საერთაშორისო რისკების პირობებში, შეუძლებელია მარტომ უზრუნველყო ეროვნული ინტერესები.

ოფიციალური თბილისის განცხადებით, აფხაზეთთან .. ხელშეკრულების ხელმოწერა სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს:

აფხაზეთისა და სხვა საინფორმაციო წყაროების საიტებზე განთავსდარუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებისპროექტი. როგორც იუწყებიან, აღნიშნული დოკუმენტი მომზადდა რუსეთის მხარის მიერ და გადაეცა განსახილველად დე ფაქტო რეჟიმის ახალ ხელმძღვანელობას. სამწუხაროდ, ზემოაღნიშნული ინფორმაცია და .. შეთანხმების პროექტის ტექსტი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი კვლავ აგრძელებს საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპების უხეშ დარღვევასა და აღებული ვალდებულებების იგნორირებას“.

თავის მხრივ, „ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტისდამფუძნებელი ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების რეაქცია აბსოლუტურად არაადეკვატურია იმ ხელშეკრულებაზე, რომლითაც აფხაზეთის ფაქტობრივად რუსეთთან მიერთება ხდება:

ხელშეკრულება, რომლის გაფორმებაც იგეგმება რუსეთის ფედერაციასა და დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებას შორის ნათლად მიუთითებს, რომ ეს თავისი შინაარსით, შედეგობრივად არის თითქმის იგივე, რაც ყირიმის მიერთება რუსეთის მხრიდან. გასაგებია, რომ იქ არის საუბარი გაერთიანებული სამხედრო ძალების შექმნაზე, რომლის მეთაურიც კრიზისულ სიტუაციებში ინიშნება რუსეთისგან და გარდა ამისა, აფხაზეთის მცხოვრებლებს უფლება ეძლევათ, გაიარონ სამხედრო სამსახური რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში. თუმცა ასევე, არის ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი: აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს კურირებას გაუწევს რუსეთის შს სამინისტრო, ანუ შიდა საქმეების და სამართალწარმოების ფუნქციასაც რუსეთი იღებს - ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ აფხაზეთი, როგორც .. დამოუკიდებელი წარმონაქმნი რუსეთისთვის, აბსოლუტურად უქმდება და ის ხდება რუსეთის ერთ-ერთი რეგიონი, ანუ დე ფაქტო სტატუსსაც ვეღარ ინარჩუნებს“.

მისი თქმით, ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლების რეაქცია სრულიად არაადეკვატურია: წავიკითხე საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ეს საფრთხეს შეუქმნის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებას. რომელ ნორმალიზებაზეა საუბარი? ხელშეკრულების თანახმად, ეს შედეგობრივად არის ტოლფასი ყირიმის რუსეთთან მიერთებისა და როგორ შეიძლება, ამას ასეთი ცალყბა განცხადებით ხვდებოდეს ოფიციალური თბილისი? არც იმას ვამბობ, რომ აბჯარი უნდა ავისხათ და საომრად ვემზადებოდეთ, მაგრამ ახლა განგაშის ზარები უნდა ისმოდეს ყველა მიმართულებით, ყველა საერთაშორისო ორგანიზიაციაში და მეგობარ სახელმწიფოში, რომ ეს არის ფაქტობრივი ანექსია და აუცილებლია ძალიან მკვეთრი რეაგირება. მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ხვალ და ზეგ არ დადგეს საკითხი, რომ საქართველომ თავისი სიჩუმით ირიბად ცნო ამ ხელშეკრულებით დამდგარი ფაქტი, ანუ აფხაზეთის რუსეთთან მიერთება“.

მიუხედავად ამისა, ხათუნა ლაგაზიძე მიზანშეწონილად არ მიიჩნევს აბაშიძე-კარასინის დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლას, რა მოწოდებაც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ გააკეთა: „ორივე ადამიანს ძალიან დიდ პატივს ვცემ, ამიტომ არ გამოვდგები მათი კამათის შემფასებლად, მაგრამ თავად ტრიბუნას რაც შეეხება, ვფიქრობ, საქართველომ ყველა ტრიბუნა უნდა გამოიყენოს, რათა მოვლენებს დაარქვას თავისი სახელი, მათ შორის, რუსეთთან არსებული ფორმატები“.

ჩვენთან საუბრისას, ექსპერტი გია ნოდია აცხადებს, რომ .. სამოკავშირეო ხელშეკრულება სამართლებრივად განამტკიცებს იმ ვითარებას, რომელიც სადღეისოდ უკვე არსებობს: „თუ ახლა აფხაზეთი ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფოა (ფაქტობრივად, რასაკვირველია, რუსეთის დომინირების ქვეშაა), ამ ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, სოხუმის  ხელისუფლება განსაკუთრებით სამხედრო უსაფრთოების, საზღვრის დაცვის ნაწილში პირდაპირ მიბმულია და ექვემდებარება რუსეთის ხელისუფლებას. ეს საზღვრის ენგურზე გატარებას ნიშნავს, რუსეთ-საქართველოს საზღვარი არ ერქმევა, მაგრამ რეალურად მასზე კონტროლი მოსკოვს ექნება - დაცვის მექანიზმები ისეთივე იქნება, როგორიც რუსეთ-საქართველოს საზღვარზეა“.

გია ნოდიას შეფასებით, თუკი მოსკოვი და სოხუმის ფაქტობრივი ხელისუფლება შეთანხმებას ხელს მოაწერენ, ქართულ მხარეს ამის წინააღმდეგ ქმედითი ბერკეტები არ აქვს, პროცესს ვერ შეაჩერებს. მაგრამ მისივე თქმით, ოფიციალურ თბილისს შეუძლია და უნდა გამოხატოს ენერგიული პროტესტი და საერთაშორისო თანამეგობრობა ამ საქმეში მაქსიმალურად ჩართოს:

დღეს რუსეთი დასავლეთის მხრიდან სანქციების რეჟიმში იმყოფება, მათ შორის მწვავე ურთიერთობაა; მაგრამ სანქციების რეჟიმი და ზოგადი გამწვავება უკრაინის საკითხზე არის ფოკუსირებული და საქართველოს ხელისუფლება არ ცდილობს ან ნაკლებად ცდილობს, რუსეთ-საქართველოს პრობლემები უკრაინა-რუსეთის გამოწვევებს დაუკავშიროს; ანუ, აჩვენოს და ხაზი გუსვას, რომ ეს პრობლემები ანალოგიურია და რუსეთის ერთიანი პოლიტიკის ნაწილიაჩვენს ინტერესებშია და შეგვიძლია მაქსიმალური ინტერნაციონალიზაცია მოვახდინოთ, საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება გაცილებით მეტად მივმართოთ ამ პრობლემატიკაზე“. 

აფხაზეთის ყოფილმა პრემიერმა სერგეი შამბამ კი, რუსულკომერსანტსგანუცხადა: „ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო გვაქვს და რასაკვირველია, ხელშეკრულების პროექტი საზოგადოებამ სხვადასხვაგვარად აღიქვა. დადგა ეტაპი, როცა აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობა ახალ სტადიაზე უნდა გადავიდეს. ხელშეკრულების პროექტი, ცხადია, გარკვეულ კორექტირებას საჭიროებს, მაგრამ მთლიანობაში ეს დოკუმენტი აფხაზეთისათვის სასარგებლო დებულებებს შეიცავს. რაც შეეხება ქართული მხარის რეაქციას, ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან საქართველოს გარეშე მიმდინარეობს და ამ შემთხვევაშიც აფხაზეთი საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს“.

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია