მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„ქვეყანას ერთი კაცის ნება მართავს და არა ინსტიტუტები და კანონები“ - 03 დეკემბერი 2014

უნდა გაიმიჯნოს მთავრობა, ბიზნესი, სამოქალაქო საზოგადოება

myrights.ge

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, „თავისუფალი დემოკრატებისლიდერის, ირაკლი ალასანიას შეფასებით, „დღეს სამწუხაროდ, ქვეყანას არ მართავს ინსტიტუციები, ერთი ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული სახელმწიფოებრიობის საკითხის გადაწყვეტა, ამიტომაც ჭიანურდება ყველა სახის გადაწყვეტილება“. ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ Forbes Georgia-სთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც ალასანიამ აღნიშნა, აქედან გამომდინარე, „რასაც სჭირდება 5 წუთი, ან თუნდაც ერთი დღე, იჭიმება ორი თვე“.

ძალიან ნათლად გამოჩნდა ბოლო მოვლენების განვითარებაში, რამდენად ჩახედულია თუნდაც ბიძინა ივანიშვილი იმ დეტალებში, რაზეც პროკურატურაც კი არ საუბრობს ასე ღრმად. ეს კიდევ ერთი საბუთია იმის, რომ ქვეყანას ერთი კაცის ნება და არა ინსტიტუტები და კანონები მართავს. როდესაც არ არის ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიმღები პირი პრემიერ-მინისტრი, როდესაც მას აქვს ვალდებულება, ყველა საკითხი კონკრეტულ ადამიანთან შეათანხმოს, ეს ქმნის ვაკუუმს. ეს ჩვენი ქვეყნისთვის არის დამაზიანებელი“, - აცხადებს ალასანია.

ამ თემაზე პოლიტოლოგ კახა გოგოლაშვილს ესაუბრებით.

- ამ პრობლემის შესახებ ირაკლი ალასანიამ, ალბათ, უფრო მეტი იცის, რადგან თავად გადაწყვეტილებების მიმღები იყო. ვერ გეტყვით, მთავრობის ნაბიჯები რამდენ ხანს იჭიმება, მაგრამ არსებულ ვერსიას გააჩნია საფუძველი, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ პროცესში მართლა იღებს მონაწილეობას. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ მას აცნობებენ, ეთათბირებიან და მის შეხედულებებს იზიარებენ. ამ ეჭვის პირდაპირი მტკიცება ჩემთვის ძნელია, შეიძლება ალასანიასთვის უფრო ადვილი იყოს, რადგან თავად იყო მინისტრი და პროცესს შიგნიდან აკვირდებოდა.

მეორე საკითხია, ის რამდენად გულწრფელია, ნებისმიერ შემთხვევაში ძელია ამას დაუპირისპირდე რამე არგუმენტებით ან პირიქით, ბოლომდე მხარი დაუჭირო.

- ექსმინისტრის გულწრფელობა რამდენად ბადებს კითხვის ნიშნებს?

- ალასანიასთან მიმართებაში შეიძლება ეს საკითხიც წამოიჭრას. პოლიტიკა ისეთი სფეროა, სადაც გულწრფელობას პირველი ადგილი არ უკავია. აღნიშნულ სფეროში  გულწრფელობა სადღაც მიამიტობად მიიჩნევა, სისუსტედაც და .. ამიტომ ნებისმიერი პოლიტიკოსის (თუ გნებავთ ალასანიას, რომელსაც მოსახლეობაში ნამდვილად კარგი ავტორიტეტი ქვს) ნებისმიერი განცხადების 100%-იან გულწრფელობაზე თავს ვერავინ დადებს. მათი განცხადებები პირველ რიგში პოლიტიკური მიზნებისთვის კეთდება.

მეორე მხრივ, ეს ეჭვი არსებობს და ალასანიას რომ არ ეთქვა, პრობლემაზე ბევრი საუბრობს. მმართველი ძალის მხრიდან, მაინც და მაინც, ამ ეჭვებისა და ფაქტების გაქარწლებაც არ ხდება. მაგალითად, ივანიშვილის მისვლა ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომაზე, იქ საკუთარი პოზიციების გამოხატვა იმას ნიშნავს, რომ ის ნებისმიერ შემთხვევაში იღებს მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში. ასევე ივანიშვილმა ტელევიზიით პოზიცია გამოავლინა ძალიან ბევრ ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც არაოფიციალურ პირს ინფორმაცია არ უნდა ჰქონოდა. ჩანს, რომ მას ყველანაირ ინფორმაციას უზიარებენ, რაც მას დააინტერესებს. ეს ყველაფერი ლოგიკურად იკვრება და დასკვნების კეთებაც შესაძლებელია.

- რამდენად მისაღებია მართვის ასეთი ფორმა ქვეყნის შუქცევადი განვითარებისთვის?

- ეს არ არის დემოკრატიული მმართველობის ფორმა და რასაკვირველია, ადგილი აქვს გარკვეულ კონფლიქტს, მათ შორის ინტერესთა კონფლიქტსაც. ადამიანი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს ან მათ მიღებაზე დიდი გავლენა გააჩნია, ამავე დროს დიდი ბიზნესმენია. მათ შორის ბიზნესი საქართველოში გააჩნია და ეს გადაწყვეტილებები, გარკვეულ მომენტში, შეიძლება ურთიერთკავშირში აღმოჩნდეს. ამიტომ მსგავსი მიდგომა დაუშვებელია.

რასაკვირველია, უნდა გაიმიჯნოს მთავრობა, ბიზნესი, სამოქალაქო საზოგადოება; ერთია, რომ შესაძლებელია სრულიად ღიად კონსულტაციების გამართვა და მასში მონაწილეობის უფლება ყველას აქვს, ბიზნესმენსაც და სხვასაც. მთავრობასთან დიალოგის წარმოება ყველას შეუძლია, მაგრამ ერთია დიალოგის წარმოება და მეორეა მასზე ფარული ზემოქმედება, თანაც არაფორმალური გზებით. ყოველ შემთხვევაში არა იმ საშუალებებით, რომელიც დემოკრატიულ საზოგადოებაში დასაშვებია.

- რა გავლენას ახდენს ასეთი ტიპის მართვა ევროინტეგრაციის პროცესზე?

- რასაკვირველია, უარყოფით გავლენას ახდენს. ევროპული ინტეგრაციის პროცესი გულისხმობს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, უპირველესად მმართველობის დემოკრატიული ფორმის ჩამოყალიბებას, სადაც გადაწყვეტილებები არის ღია, გამჭვირვალე და სადაც საზოგადოების თანამონაწილეობა უზრუნველყოფილია; არა ცალკეული ინდივიდების, არამედ მთელი საზოგადოების. ეს საზოგადოებრივი აზრი გადაწყვეტილებების მიღებისას გაითვალისწინება, გადაწყვეტილებების მიმღებებსა და ფართო საზოგადოებას შორის უკუკავშირია. ამ დროს, დაფარული არაფერია და გადაწყვეტილების მიღების პროცესი ტრანსპარენტულია. სწორედ ეს არის ევროპული ფასეულობები მმართველობაში, რაც ევროინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი პრიორიტეტია.

შესაძლოა, მოცემულ მომენტში ამის გამო ზეწოლას არ განვიცდიდეთ, სამომავალოდ თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება ხელი შეგვიშალოს; იმედი მაქვს, რომ ასე არ გაგრძელდება და საბოლოო ჯამში საქართველოში მმართელობა უფრო დემოკრატიული გახდება. ადამიანებში დემოკრატული მმართველობის მოთხოვნა ვითარდება და მგონია, რომ მოსახლეობა ამ პროცესის მონიტორინგს მოახერხებს.  

 

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია