მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„აფხაზეთზე ძალოვანი კონტროლი 2009 წლის ჩარჩო-ხელშეკრულებით გადაწყდა“ - 11 დეკემბერი 2014

შორს არ არის ყირიმიზაციის პროცესი, მოსკოვი რეფერენდუმს ჩაატარებს და აფხაზების ამბავი გათავებულია

myrights.ge

რუსეთ-აფხაზეთის სამოკავშირეო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ვნებები მცირედ ჩაცხრა. მოსკოვს საქართველოს ძირძველი ტერიტორიის ანექსიის პროცესი ბოლომდე მიჰყავს, რასაც სოხუმში ჯერჯერობით სუსტი პროტესტი თან ახლავს. სამწუხაროდ, თბილისს არანაირი ბერკეტები არ აქვს მიმდინარე უკანონო პროცესზე ზეგავლენის მოსახდენად.

მოსკოვი-სოხუმს შორის ხელშეკრულების ანატომიაზე აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების უშიშროების ყოფილ მინისტრს, ლევან კიკნაძეს ვესაუბრებით.

- პრინციპში, ამ ხელშეკრულებით რამე განსაკუთრებული არ გადაწყვეტილა, მხედველობაში მაქვს რუსეთის დამოკიდებულება ოკუპირებული აფხაზეთის მიმართ. საქმე ისაა, რომ ანექსიასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები 2009 წლის ჩარჩო-ხელშეკრულებით გადაწყდა, რომელიც სოხუმის დე-ფაქტო ხელისუფლებასა და რუსეთს შორის გაფორმდა. საუბარია იმ ძირითად გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენთვის და აფხაზებისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს; რუსეთის მხრიდან აფხაზეთზე ძალოვანი კონტროლის დამყარება სწორედ იმ ხელშეკრულებით გადაწყდა - სამხედრო ბაზის, მესაზღვრეების და სხვა საკითხები, რამაც თვითონ აფხაზების აზრით, მათი სუვერენიტეტი შელახა. აქ მეორე საკითხია, რატომ წამოწია ეს რუსეთმა მაინც და მაინც დღეს. ბევრი რამის გამო, რაც დაკავშირებულია ევროკავშირთან ჩვენი ხელშეკრულების ხელმოწერასთან, დასავლეთის დამოკიდებულებასთან რუსეთთან, უკრაინის პროცესებთან და რიგ სხვა საკითხებთანაც. ამიტომ რუსეთმა გადაწყვიტა დამატებით ასეთივე ხელშეკრულება გაეფორმებინა. ამასთან, აფხაზების გულის მოსაგებად, სოციალური საკითხები - პერნსიები, დასაქმების თემა და .. რუსეთის კანონმდებლობას გაუთანაბრა. ამის მიუხედავად, აფხაზეთში მაინც მიაჩნიათ, რომ მათი სუვერენიტეტი შეილახა და საპროტესტო აქციები დღესაც მიმდინარეობს.

- რა იდეოლოგიას ატარებენ ეს ძალები?

- აპროტესტებენ, რომ რუსეთმა ხელში ჩაიგდო მათი ძირითადი ეკონომიკური ბერკეტები. მაგრამ რა აქვთ საპროტესტო, როდესაც ამისკენ თვითონ მიდიოდნენ. ახლა მდგომარეობა შეტრიალებული რომ იყოს და ხაჯიმბას დე-ფაქტო ხელისუფლება ოპოზიციაში გვევლინებოდეს, თვითონაც იგივე პროტესტით გამოვიდოდნენ. ამას მარტო მე კი არა, თვითონ აფხაზი ექსპერტებიც აღნიშნავენ, რომ დღევანდელი აფხაზური ხელისუფლება-ოპოზიციის გადანაცვლებით, ჯამი არ იცვლება. ასე რომ, ეს თამაშია, მეტი არაფერი. ფაქტობრივად კი, უნდა ვაღიაროთ, რომ აფხაზეთი ანექსირებულია, ახლა ეს პროცესი დასასრულისკენ მიდის. ადრე რუსეთი ამას ინტეგრაციას უწეოდებდა, ახლა უკვე ხელეშეკრულების სათაურში პარტნიორობა ფიგურირებს. ეს პრაქტიკულად არაფერს ცვლის, ერთი და იგივე თემებია, რითაც მანიპულირებენ და აფხაზეთში შექმნილ სიტუაციას მაქსიმალურად სათავისოდ იყენებენ.

- .. აფხაზური ოპოზიციის გამოსვლებში თბილისთან რამე ურთიერთობის დამყარების ნოტები ხომ არ გაისმის?

- სამწუხარო სწორედ ეს არის, რომ ჩვენ მოვლენებზე ზეგავლენის საშუალება არ გვაქვს, პროცესებს უკან მივდევთ და მერე გაკვირვებული ვიძახით, ვაიმე, ეს რა მოხდაო. რეალურად, ჯერ ნაბიჯი არ გადაგვიდგამს, რომ აფხაზებში ჩვენს მიმართ ნდობა გაჩენილიყო. ამიტომ აფხაზებისთვის ჩვენ ფაქტობრივად არ ვარსებობთ, სამწუხარო რეალობა უნდა ვაღიაროთ. აფხაზებს ჩვენკენ გამოხედვაც არ უნდათ, მხოლოდ იქით, რუსებისკენ იქაჩებიან. ამისთვის მოქალაქეობის შესახებ პუნქტიც კი შეცვალეს და ჰგონიათ, რომ მათი დემოგრაფიული სურათი იგივე დარჩება. არადა, ეს სურათი სულ მალე შეიცვლება, თუ დროზე არ გამოფხიზლდნენ. მაგრამ ეს მათი გამოფხიზლებაც რას მოიტანს, ძნელი სათქმელია.

- სადამდე მიგვიყვანს ეს გზა, როცა ჩვენ მხოლოდ მივყვებით პროცესს და მასზე ზეგავლენის საშუალება არ გვაქვს?

- შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 22 წელი გავიდა, ვინმემ დამისახელოს ერთი ნაბიჯით მაინც თუ წინ წავედით. გასაგებია, ჩვენი მოწინააღმდეგე ისეთი მონსტრია, ძნელია მასთან ბრძოლა, მაგრამ თვითონ აფხაზებთან ხომ უნდა გვეპოვა ურთიერთობის რაღაც ფორმულა ან ერთად წავსულიყავით ამ ფორმულის საძებნელად, რომ პატარა შედეგი მაინც დამდგარიყო. ის კი არა, სახალხო დიპლომატიის კუთხით რაც მიღწეული იქნა (საუბარი იყო პირველ ეტაპზე გალში დევნილების დაბრუნებაზე, მერე ოჩამჩირეზე), აქაც ყველაფერი აირია, ჩვენი უთავბოლობით, შექმნილი ვითარებით ყოველთვის რუსეთი სარგებლობს და აკეთებს რაც სურს და როგორც სურს.

- რუსეთის მიერ ეკონომიკური ბერკეტების ჩაგდებაში რა იგულისხმეთ?

- აფხაზეთის ისედაც მწირი ეკონომიკა მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული. რატომ აქვთ აფხაზებს პროტესტი - ისინი ამბობენ, რომ რუსეთს აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების ინტერესი რომ ჰქონდეს, ის არა საკვებს, თევზს, არამედ ანკესს მოგვცემდა და გვასწავლიდა თევზის დაჭერასო. მაგრამ აფხაზებს არ სურთ იმის აღიარება, რომ მათ ანკესის ხელში დაჭერა არასოდეს სურდათ საბჭოთა დროიდან მოყოლებული, ყოველთვის ყველაფრის მომხმარებლები იყვნენ და ამ სიტუაციას თითქოს თავის სასარგებლოდ იყენებდნენ. მაგრამ ამან იქამდე მიიყვანა, რომ პრაქტიკულად არც ერთი დარგის სპეციალისტი არ ჰყავთ, მეორე, მუშაობაც არ უნდათ, ეზარებათ. მიჩერებული არიან, როგორმე პირი დააღონ და მასში ლუკმა ჩაუგდონ. ეს მარტო ჩემი სიტყვები არ არის, თვითონაც ამაზე საუბრობენ. ამას თავადაც ვხედავდი და ვგრძნობდი მთელი ამ ხნის განმავლობაში. აფხაზეთში შემოსულ ფინანსურ ნაკადებთან დაკავშირებით მაინც ჭკიანურად რომ მოქცეულიყვნენ და საკუთარი ცხოვრების კეთილმოწობაზე არ გადასულიყვნენ, შეიძლება კიდევ რაღაც-რაღაცები გაეკეთებინათ. მაგრამ მათ არ იციან და არც უნდათ, ამაშია მათი უბედურება.

- მაშინ სადამდე მიიყვანს აფხაზეთს ანექსიის დასრულება და დღეს იქ შექმნილი რეალობა?

- შორს არ არის აფხაზეთის ყირიმიზაციის პროცესი. რუსეთი ამოავსებს იმ ვაკუუმს, რაც იქიდან ჩვენი გამოდევნის შემდეგ დარჩა და აფხაზები ისევ უმცირესობაში აღმოჩნდებიან. ამის შემდეგ, მოსკოვს არავითარი დაბრკოლება არ ექნება, ერთხელ რეფერენდუმს ჩაატარებს და მათი ამბავი გათავებულია. ახლა ზოგი მიერთებაზე საუბრობს, აფხაზები კატეგორიულად წინააღმდეგი არიან. მათ სურთ .. დამოუკიდებლობა, შეიძლება ეს იყოს ვირტუალური თავისუფლება და ასეც არის, მაგრამ მაინც აწყობთ ეს .. სტატუსი.

- ამ რეალობის გათვალისწინებით, თბილისს რა გზა რჩება აფხაზეთთან საურთიერთობოდ?

- რა აჯობებდა, რომ ამ მარადიულ კითხვაზე ზუსტი რეკონენდაციები გვქონოდა. მაინც ვიტყვი, რომ ჩვენ აფხაზეთის ტერიტორიის დაბრუნებაზე მეტად აფხაზების დაბრუნებისკენ უნდა მივისწრაფვოდეთ. მათთან საერთო ენა უნდა გამოვძებნოთ, სხვა საშველი არ არის. ძნელი სათქმელია, ეს რამდენად გამოგვივა და რუსეთი მოგვცემს თუ არა ამის საშუალებას, მაგრამ უალტერნატივო გზა აქეთკენ უნდა იყოს მიმართული. მათ რაღაცნაირად უნდა ავუხსნათ და დავარწმუნოთ, რომ ევროპისკენ განვითარება ერთადერთი გზაა, რომელიც მათ და ჩვენც გადაგვარჩენს. ვიმეორებ, თუ რუსეთი მოგვცემს ამის საშუალებას, ხომ ხედავთ, რა ხდება უკრაინაში.

- თვითონ აფხაზეთში არის ასეთი ფენა, რომელთანაც ამ ტიპის ურთიერთობა შესაძლებელია?

- როგორ არა, არიან პრაგმატულად მოაზროვნე აფხაზები, რომლებიც ფიქობენ, რომ თბილისთან რაღაც საერთოს გამონახვა შესაძლებელია. ხშირად იმასაც კი აღნიშნავენ, თუ საქართველო გვაღიარებს, სასაუბრო ენასაც გამოვძებნითო. ამ ნაწილს რუსეთთან ინტეგრაცია არ სურს, დამოუკიდებლობა უნდათ და სწორედ მათთან არის სალაპარაკო. სამწუხაროდ, ასეთი ადამიანების რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ ჯერ ერთი ხმას ვერ იღებენ და კიდეც რომ ამოიღონ, დღეს მათი მხარდამჭერები ძალიან ცოტა იქნებიან.

- მთელი ამ პერიპეტიების გათვალისწინებით, რა ელის გალის რაიონის ქართულ მოსახლობას?

- სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმებისას მაშინვე ვამბობდი, რომ ხაჯიმბას და მოსკოვის ძირითადი მიზანია ადმინისტაციული გამყოფი ხაზი, აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის .. სახელმწიფო საზღვრად გადააქციოს. ამისკენ მიმართული საქმიანობა სწორედ 2009 წლის ხელშეკრულების შემდეგ დაიწყო. გალის მაღალ და დაბალ ზონაში სასაზღვრო ინფრასტრუქტურა ააშენეს და ახლა უკვე ფუნქციონირებს. მაგრამ საზღვრის გადაკეტვა და სავიზო რეჟიმის დაწესება, საბედნიეროდ არ მომხდარა. მაგრამ ყველაფერი ამისკენ მიდის და შეიძლება აღმოვჩნდეთ ფაქტის წინაშე, რომ გალის მოსახლეობა აქეთ ვიზის გარეშე ვეღარ გადმოვა. ისე სადღეისოდ, აფხაზეთის სიღრმიდამ გადმოსვლა გაძნელებული კი არა, პრაქტიკულად აკრძალულიც არის. თითო-ოროლა, რუსების მოსყიდვით თუ ახერხებს მდინარის ფონზე გადმოსვლას და არა ცენტრალური გზით. დღეს გალის მოსახლეობას გამოსვლის საშუალება აქვს, მაგრამ ჩვენთვის ყველაფერი დაღმავალი გზით მიდის. როგორ მოიქცევა ხაჯიმბა გალის ქართველებთან მიმართებაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.     

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია