მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მინიმუმ 10 წელი დასჭირდება“ - 15 დეკემბერი 2014

შტეფან ფულე უკრაინისა და საქართველოს გამო ევროკავშირს აკრიტიკებს

myrights.ge

გაფართოების საკითხებში ყოფილი ევროკომისრის შტეფან ფულეს განცხადებით, უკრაინის კრიზისზე პასუხისმგებლობის წილი გერმანიის ხელისუფლებაზეც მოდის. გამოცემაშპიგელთანინტერვიუში ჩეხმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა ერთი წლის წინ არა მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის ზეწოლის შედეგად ჩაიშალა, არამედ ევროპული ქვეყნების, მათ შორის გერმანიის მერყევი პოზიციის გამოც, რომლებმაც უარი განაცხადეს უკრაინისთვის გაეხსნათ ევროკავშირში შესვლის პერსპექტივა.

არ შეიძლება უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას უთხრა, რომ, ერთის მხრივ, რუსეთის საბაჟო კავშირში შესვლა შეუთავსებელია ევროკავშირთან ასოცირებასთან, მეორეს მხრივ კი შეუზღუდო ევროკავშირში გაერთიანების შესაძლებლობა“, - აცხადებს ფულე.

მისივე თქმით, 2013 წლის შემოდგომაზე გერმანიამ და ევროკავშირის სხვა ქვეყნებმა უარი თქვეს, გაეხსნათ პერსპექტივა ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა მონაწილე ქვეყნებისთვის და შედეგად შექმნეს თავისებურისანიტარული კორდონი“ - იმის მსგავსი ბუფერული ზონა, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა აღმოსავლეთ ევროპაში გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის, საფრანგეთის დაჟინებული მოთხოვნით.

ფაქტობრივად, უკრაინელებს ჩვენ ვუთხარით: ვწუხვართ თქვენი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ არც აღმოსავლეთისკენ წასვლა და არც დასავლეთისკენ“, - განაცხადა ფულემ. მან ასეთ პოზიციასგაუგონარიუწოდა და დასძინა, რომ მასში ესღრმა მწუხარებასიწვევს.

თავის მხრივ, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკი აცხადებს, რომ ახლა არ არის საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ნატო-ში გაწევრიანებაზე საუბრის დრო. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ავრცელებს.

ელმარ ბროკის განცხადებით, ნატო- ტერიტორიების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ყველა წევრი ქვეყნის სანდო დაცვის მიზნით ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა კოლექტიური თავდაცვის გაძლიერებაზე უნდა მოახდინოს კონცენტრირება:

უმჯობესია, მხარი დავუჭიროთ პოლიტიკური და ეკონომიკურ რეფორმებს, ასევე საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში უსაფრთხოების სტრუქტურების რეფორმას, რათა ეს ქვეყნები კიდევ უფრო დაუახლოვდნენ ევროკავშირს და საგარეო ბაზარზე მათი ინტეგრაცია მოხდეს. დებატები ამ ქვეყნების ნატო- წევრობაზე კონტრპროდუქტიულია“.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ნატო- გაფართოების გადაწყვეტილება არა მხოლოდ თითოეული ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, არამედ მას სჭირდება ალიანსის ყველა წევრი ქვეყნის მხარდაჭერა. მისივე განმარტებით, ყოველმა გაფართოებამ უნდა გააძლიეროს ალიანსის თანმიმდევრულობა და თავდაცვითი შესაძლებლობები.

ევროინტეგრაციის კუთხით არსებულ რეალობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ამ საკითხების ექსპერტს, კახა გოგოლაშვილს ვესაუბრებით:

- ამ ეტაპზე ყველაფერი კეთდება ჩვენი ქვეყნების ევროპული ინტეგრაციისთვის. ის კი არა, მოლდოვასთან აშკარად დაჩქარებულად მოხდა საქართველოსთან შედარებით ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა. ასევე, უკრაინასთან აპირებდნენ დაჩქარებული ტემპით ასოცირების ხელშეკრულების ინიცირებას და მერე ხელმოწერას; ვიცით, რომ ამ შემთხვევაში რუსეთმა დაასწრო. დღეს ადგილი აღარ აქვს ევროკავშირის ძველ მიდგომას, რომ ქვეყნებმა ბოლომდე უნდა შეასრულონ თავისი ვალდებულებები და შემდეგ ისაუბრონ მასთან უფრო დაახლოებაზე. მიმდინარე გეოპოლიტიკური ომის შედეგად, ვხედავთ, რომ ევროკავშირი ჩვენთან მიმართებაში ძალიან ბევრ პროცესს აჩქარებს.

რაც შეეხება უკრაინას, იქ რეალურად ომი მიმდინარეობს და როგორ უნდა დააჩქარონ ევროპელებმა ამაზე მეტად ინტეგრაციის პროცესი? ასეთ პირობებში, იქ რეფორმები არ მიმდინარეობს, უკრაინა ჯერ ვერ აეწყო ისეთ სახელმწიფოდ, რომელიც დღესვე შეძლებს ნაბიჯის წინ გადადგმას. მათთვის ასოცირების ხელშეკრულება სრულიად საკმარისია, რომელსაც ხელი მოწერეს.

საქართველოსთან მიმართებაშიც, ჯერ ასოცირების შეთანხმების დებულებათა იმპლემენტაცია დავიწყოთ და მერე ვისაუბროთ უფრო დაახლოებაზე, ევროკავშირის სამომავლო წევრობაზე და .. ამ მიმართულებით ცოტა ხანში შეგვიძლია განაცხადი კიდევ ერთხელ გავაკეთოთ. მაგალითად, აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტისთვის გარკვეული საკითხების ლობირება განვაახლოთ, რომ ჩვენი ევროპული პერსპექტივა ცნონ.

რა შეეხება ნატოს, უკრაინა და მოლდოვა ჯერ არც დგანან ნატოში ინტეგრაციის გზაზე. საქართველო ამ გზაზე იმყოფება, მაგრამ ჯერ არ არის კანდიდატი სახელმწიფო. ამ კანდიდატობას მწვავე გეოპოლიტიკური ვითარება ხელს უშლის; არავის უნდა, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ კიდევ გადადგმული იყოს თავზეხელაღებული ნაბიჯები. ამიტომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არ ჩქარობენ. უფრო სწორად, სამოქმედო გეგმის მინიჭებას, რადგან ფიქრობენ, რომ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, საქართველოს ასე მარტივად ვერ დაიცავენ.

- მაინც რით განსხვავდება ინტეგრაციის ქართული ტემპი იგივე მოლდოვურისგან და უკრაინულისგან?

- შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ და მოლდოვა პარალელურ რეჟიმში  მივდივართ. ერთადერთი, მოლდოვა ვიზის ლიბერალიზაციის საკითხში ჩვენზე წინ აღმოჩნდა, მაგრამ ეს არ არის მარტო ოფიციალური კიშინიოვის დამსახურებაა. ეს ქვეყანა  უშუალოდ ესაზღვრება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს, რუმინეთს. შესაბამისად, იქიდან გადაადგილება უფრო აქტუალურია. ამიტომ უფრო ადრე მისცეს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა და მომზადებაც დაიწო. დაწესდა კიდეც საბოლოო ჯამში მოლდოვასთან უვიზო რეჟიმი.

მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველოში უფრო ძლიერია ევროპული ინტეგრაციის პროცესისადმი მხარდაჭერა, ვიდრე მოლდოვაში. ჩვენთან მოსახლეობის 80% ისეა განწყობილი, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრად იხილოს; მოლდოვის მოსახლეობის მხოლოდ ნახევარს აქვს ამის სურვილი. ამ მხრივ მეტი პრობლემები აქვთ, მოსახლეობა ნაკლებად არის მზად, რომ ევროპული ინტეგრაციისთვის რაღაც მსხვერპლი გაიღოს, ძლიერი მხარდაჭერა აღმოუჩინოს ხელისუფლებას აღნიშნულ გზაზე. რაც შეეხება რეფორმებს, მოლდოვა და საქართველო პრაქტიკულად ერთ დონეზე არიან.

მეორე მხრივ, საქართველოში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა; ძლიერი პროგრესია იგივე სამართალდამცავი ორგანოების მუშაობაში, სასამართლოს დამოუკიდებლობის მხრივ, თუ გნებავთ კორუფციასთან ბრძოლის, სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით. საქართველოში ბევრი ისეთი რეფორმაა გაკეთებული, რითაც მოლდოვას ვჯობივართ. ხოლო მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის ევროპულთან დაახლოების პროცესში, შეიძლება მოლდოვა ჩვენზე წინაც იყოს.

- ვიზების ლიბერალიზაციის საკითხში ცოტა ჩამორჩენა შიდაპოლიტიკური პრობლემებითაც ხომ არ იყო გამოწვეული?

- მოლდოვას ვიზალიბერალიზაციის გეგმა უფრო ადრე, 2010 წელს მისცეს, ჩვენ 2012-ში; ორი წლით ადრე დაიწყეს ამაზე მუშაობა, რადგან იქ რუმინეთის ლობირება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. მოლდოვა უშუალოდ ესაზღვრება ევროკავშირს და ფიქრობდნენ, რომ უფრო მალე შეძლებდა რეფორმების გატარებას. აქ დნესტრისპირეთის პრობლემის მოგვარების საკითხიც იდგა, ფიქრობდნენ, რომ ვიზების ლიბერალიზაციის საკითხი ხელს შეუწყობდა სეპარატისტული კონფლიქტის მოგვარებას. იქ ცოტა სხვა სიტუაციაა, ვიდრე საქართველოში, სადაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სრულიად იზოლირებულია, ასეთი სახის რეფორმები პრობლემების მოგვარებას არ უშველის. ხოლო დნესტრისპირეთში, პრინციპში, მოქმედებს კიდეც, რადგან დნესტრისპირელები მოლდოვურ პასპორტებს ატარებენ და ევროკავშირში სამოგზაუროდ იყენებენ. ეს სტიმულია იმისთვის, რომ დნესტრისპირეთი საბოლოოდ არ გამოეყოს მოლდოვას.

- თუნდაც უკრაინული პროცესების ფონზე, რამდენად მოუწევს ევროკავშირს ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის სრულად აღიარება და წევრებად მიღება?

- ახლა ევროკავშირის წევრობაზე საუბარი არ არის და ვერც იქნება. ჩვენს ევროკავშირში გაწევრიანებას მინიმუმ 10 წელი მაინც დასჭირდება. რაც შეეხება პერსპექტივის აღიარებას, შესაძლოა დადგეს ამის აუცილებლობა, რომ ჩვენი ქვეყნები მყარად იყვნენ დარწმუნებულნი თავიანთ მომავალში. ეს მეტ სტაბილურობას შეძენს რეფორმების პროცესს, საერთოდ ქვეყნის კონსოლიდაცის ხელს შეუწობს. ასევე გეოპოლიტიკური ნიშნით ევროპისთვის მომგებიანია, რომ მყარი პარტნიორობის დაფიქსირება მოხდეს. სრულიად შესაძლებელია, მომავალ წელსაც განაცხადონ, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას გააჩნის ევროპული პერსპექტივა.    

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია