მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სახალხო დამცველმა 2014 წლის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა - 18 დეკემბერი 2014

myrights.ge     

სახალხო დამცველმა ოფისის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა, დასახული მიზნების განხორციელება, მიღწევები და გამოწვევები შეაჯამა.

ანგარიშში შესულია 2014 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობა სხვადასხვა მიმართულებით, მოქალაქეთა მომართვიანობის სტატისტიკა, სახალხო დამცველის რეკომენდაციები და წინადადებები, განხორციელებული საგანმანათლებლო კამპანიები, ახალი ინიციატივები, საკონსტიტუციო სარჩელები და სასამართლო მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებები, სახალხო დამცველის მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადებები, სპეციალური ანგარიშები. განხილულია აგრეთვე, სახალხო დამცველის თანამშრომლობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმებთან, საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებსა და აპარატის შესაძლებლობათა გაძლიერებისათვის მოქმედი პროექტების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები.

სახალხო დამცველისადმი მომართვიანობამ წინა წლებთან შედარებით იმატა, რაც აპარატის საქმიანობის გააქტიურებისა და ცნობადობის ამაღლების მაჩვენებელია. შარშან ამავე პერიოდისთვის შემოსული იყო 5457 განცხადება, წელს - 7272.

გაუმჯობესდა საქმისწარმოების ერთიანი ელექტრონული პროგრამა, შემუშავდა და სისტემატიზირდა სახალხო დამცველის აპარატში დაცული ინფორმაციის ამსახველი მონაცემთა ერთიანი ბაზები, გაუმჯობესდა ინტერნეტ ტექნოლოგიებით სარგებლობის ხარისხი; ამუშავდა მუდმივად განახლებადი ოფიციალური ვებ-გვერდი.

შეიცვალა აპარატის სტრუქტურა, გაიზარდა აპარატში მომუშავეთა რიცხვი. შეიქმნა ანალიტიკური დეპარტამენტი და თანასწორობის დეპარტამენტი. მუშაობა დაიწყო სახალხო დამცველის მრჩეველმა კონფლიქტებით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საკითხებში. ამასთან, ჩამოყალიბდა ეთნიკურად ოსი მოსახლეობის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული საკონსულტაციო ორგანო - ოსური ფორუმი.

გაძლიერდა რეგიონული წარმომადგენლობები. სახალხო დამცველი წლის განმავლობაში 30-ჯერ ეწვია ქვეყნის რეგიონებს, შეხვდა მოსახლეობას, გაეცნო მათ პრობლემებს და შეიმუშავა შესაბამისი რეკომენდაციები. სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ჩაატარეს ტრენინგები და სემინარები სამოქალაქო განთლების დონის ასამაღლებლად ადრეული ქორწინების, შშმ პირთა უფლებების დაცვის, ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

აპარატმა მიმდინარე წელს მოამზადა 9 სპეციალური ანგარიში და კვლევა, 9 პუბლიკაცია; 4 სარეკლამო კლიპი და 4 დოკუმენტური ფილმი, 8 საკონსტიტუციო სარჩელი, ათეულობით კანონპროექტი და საკანონმდებლო წინადადება.

იანვრიდან ყოველთვიურად გამოდის ორენოვანი საინფორმაციო ბიულეტენი; ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით იმართება საჯარო დებატები აქტუალურ თმებზე.

მიმდინარე წელს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა სხვადასხვა უწყებებს 131 რეკომენდაციითა წინადადებით მიმართა, აქედან 38 შესრულდა, ხოლო 12 ნაწილობრივ შესრულდა.

პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა მიმდინარე წელს მოინახულა 2 845 პატიმარი; 44 ვიზიტი განახორციელა მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში, შეამოწმა ადამიანის უფლებათა მდგომარეობა ქვეყანაში არსებულ პენიტენციალურ დაწესებულებებში, დროებითი მოთავსების იზოლატორებში, პოლიციის სამმართველოებში, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებებში. დაინერგა სიახლე - მიგრანტთა დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგი.

ანგარიშში ასევე, შესულია ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატის გაძლიერების ფარგლებში მოქმედი საერთაშორისიო პროექტების საქმიანობის შესახებ; სახალხო დამცველის ოფიციალური ვიზიტები და საერთაშორისო დელაგაციების სტუმრობა.

საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საქმიანობიდან გამომდინარე აპარატის მუშაობა განსაკუთრებულად ღია და გამჭვირვალე გახდა. სახალხო დამცველმა წელს გამართა 40 პრეს-კონფერენცია, მაუწყებელ სატელევიზიო ეთერში სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის ასახვამ დაიკავა 486 საათი, ხოლო რადიო ეთერში  108 საათი.

საქმიანობის ანგარიში საქართველოს სახალხო დამცველმა საზოგადოებას, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს წარუდგინა“, - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციაში.

იხილეთ საქმიანობის ანგარიშის ელექტრონული ვერსია

ასევე იხილეთ ვიდეობმული:

https://www.youtube.com/watch?v=mPlfmzeUsAc

პოპულარული სტატიები
ბავშვთა იძულებითი შრომის საზარელი სახე - მათხოვრობა
  ნონა ხიდეშელი: ჩვენმა მოქალაქემ საერთოდ არ იცის, რა უნდა ხელისუფლებისგან
რატომ არის დანაშაულის მაღალი რისკი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში? 

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2019 ყველა უფლება დაცულია