მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პატარა სტრასბურგი უნდა გახდეს“ - 22 დეკემბერი 2014

„მოქალაქეები უკვე დროის მცირე მონაკვეთში იპოვიან სამართალს“

myrights.ge

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოპატარა სტრასბურგიუნდა გახდეს, რომელიც იქნება ერთგვარი ფილტრი, დამაკავშირებელი რგოლი საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებსა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას შორის, - საკონსტიტუციო სასამართლოს ამგვარი რეფორმირების აუცილებლობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი მერაბ ტურავა საუბრობს.

მისი აზრით, უნდა შეიქმნას მოდელი, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლო არა მხოლოდ საკანონმდებლო ნორმის კონსტიტუციურობის შემმოწმებელი იქნება, არამედ მისი მეშვეობით მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, უფლებების დარღვევის შემთხვევაში, სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ.

თუკი საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოს სახით პატარა სტრასბურგი შეიქმნება, ეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საჩივრების რაოდენობას შეამცირებს და მოქალაქეებს იმის საშუალებას მისცემს, გადაწყვეტილებებს წლების განმავლობაში არ ელოდონ. ეს იქნება სისტემა რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით უფრო ეფექტიანი იქნება“, - აცხადებს მერაბ ტურავა.

საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმირების თაობაზე საკუთარი ხედვები მან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გააცნო, სადაც მას მხარი ერთსულოვნად დაუჭირეს. მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ფრაქციაქართულმა ოცნებამწარადგინა.

ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ გახდა საჭირო საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული მიმართულებით რეფორმირება, მერაბ ტურავა პასუხობს:

- უპირველესად, ეს არის ევროპული გამოცდილება. ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში არსებობს მოდელი, რომლის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს შეიძლება მიმართო უფლებადაცვითი კუთხით არამარტო იმ შემთხვევაში, როდესაც ესა თუ ის კანონი ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი არღვევს შენს უფლებას (რადგან არაკონსტიტუციურია), არამედ კონკრეტული უფლების დარღვევის ფაქტის დასადგენადაც. ანუ, არაერთ ევროპულ ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლოების ფუნქცია არის არამარტო ნორმის კონსტიტუციურობის კონტროლი, არამედ რეალური კონტროლი, როდესაც ადგილი აქვს კონსტიტუციურად გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას. პრაქტიკულად, არამარტო კანონები და კანონქვემდებარე აქტების კონსტიტუციურობა, არამედ საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობა მოწმდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.

ამას თავისი პრაქტიკული დანიშნულება აქვს; იმ ქვეყნებიდან, სადაც ასეთი მოდელი არსებობს, გაცილებით ცოტაა საჩივრების რაოდენობა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ასეთია მაგალითად ჩეხეთი, უნგრეთი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა. გვაქვს პრობლემები სტრასბურგთან მიმართებაში, რადგან ჩვენი მოქალაქეების მიერ დიდი რაოდენობით საჩივარი არის შეტანილი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში; იმის გამო, რომ ეს სასამართლო საქმეებით გადარტვირთულია (დიდი ხნით, ხშირად ათ წლამდე უწევთ ადამიანებს სტრასბურგის გადაწყვეტილებისთვის ლოდინი) ამიტომ აუცილებელია ქვეყანამ იზრუნოს ისეთი შიდასამართლებრივი მექანიზმის შექმნაზე, რომელიც საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობის მაკონტროლებელი იქნება. ამით, პირველი რაც მიიღწევა ის არის, რომ საქართველოდან სტრასბურგში საჩივრების რაოდენობა შემცირდება. შესაბამისად, მოხდება ის, რომ მოქალაქეები უკვე დროის მცირე მონაკვეთში იპოვიან სამართალს და ამით, უფლებათა დაცვის უფრო სამართლიანი და ეფექტიანი მექანიზმი უკვე ქვეყნის შიგნით გვექნება.

მეორე მხრივ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოში საკონსტიტუციო სამართლაწარმოების გზით უფლებათა დაცვის მექანიზმი არასრულყოფილად, არაეფექტიანად მიიჩნია და შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლოს ერთ-ერთი გადაწყვეტილებიდანაც გამომდინარეობს ჩვენი ვალდებულება, რომ 1996 წლიდან არსებული საკონსტიტუციო სამართალწარმოების ფორმები და მეთოდები, მათ შორის ამ სასამართლოს უფლებამოსილებები კიდევ უფრო დაიხვეწოს და განვითარდეს, - ამბობს მერაბ ტურავა.

საქართველოში ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა რეალობა, როდესაც მთავარი ღირებულება ადამიანი და მისი ფუნდამენტური უფლებები იქნება. უფლებაშელახულმა მოქალაქეებმა ელემენტარული სამართალი რომ იპოვონ, ჯერ წლობით ქვეყნის შიგნით სხვადასხვა ინსტანციებში უნდა იბრძოლონ და შემდეგ ევროპულ სასამართლოში. ურმით მავალი სამართლის ლოდინში კი მთელი ცხოვრება გადის. ამიტომპატარა სტრასბურგისაქართველოში ის გამოსავალი იქნება, რომლითაც ადამიანი საკუთარ კანონიერ უფლებებს აქვე ქვეყნის შიგნით დაიცავს. უმთავრესი კი სასამართლო ხელისუფლების სრული დამოუკიდებლობაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართლიანობის აღდგენაზე საუბრები ლიტონ სიტყვებად დარჩება.   

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია