მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მიმდინარეობს თუ არა დეზინტეგრაცია ევროკავშირში და რა ელის საქართველოს? - 17 იანვარი 2015

myrights.ge

ბოლო დროს, ევროპის კავშირი ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. იმით დავიწყოთ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი შეეცდება ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით ბრიტანეთში საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარება დააჩქაროს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმაბიბისისთვისმიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „რეფერენდუმის ჩატარება 2017 წლის ბოლოსთვის იგეგმება, თუმცა თუ პროცესი დაჩქარდება, მოხარული ვიქნები“.

კემერონი პირობას დებს, რომ მაისის საყოველთაო არჩევნებშიკონსერვატიული პარტიისგამარჯვების შემთხვევაში, 2017 წლის ბოლოს  ევროკავშირის წევრობის შესახებ რეფერენდუმს ჩაატარებს. თუმცა, ასევე აცხადებს, რომ თუკი კავშირის წევრი ქვეყნები მის მიერ შეთავაზებულ რეფორმებს დათანხმდებიან, ის ევროგაერთიანებაში ბრიტანეთის დარჩენის შესახებ აგიტაციას დაიწყებს.

თავის მხრივ, გერმანიის მთავრობა ევროზონაში შემავალი ქვეყნების შესახებ პოზიციას ცვლის. გამოცემაშპიგელისინფორმაციით, ქვეყნის კანცლერი მზადაა დაუშავას იმის ალბათობა, რომ საბერძნეთმა, შესაძლოა, ევროზონა დატოვოს. ბერლინში თვლიან, რომ საბერძნეთის მიერ ევროზონის დატოვება, ფაქტობრივად, გარდაუვალი იქნება იმ შემთხვევაში, თუ საპარლამენტო არჩევნებში რადიკალი მემარცხენე ძალების კოალაცია გაიმარჯვებს.

შეგახსენებთ, საბერძნეთმა მსოფლიო სავალუტო ფონდიდან დაახლოებით 240 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარება მიიღო.

ისლანდია კი ევროკავშირში გაწევრიანებას აღარ აპირებს. უახლოეს პერიოდში ხელისუფლება ევროკავშირის წევრობაზე შეტანილ განაცხადს უკან გაიწვევს. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერმინიტრმა რადიოეთერში საუბრის დროს გააკეთა. ისლანდიამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 2009 წლის ივლისში, ეკონომიკურ კრიზისში ყოფნის დროს შეიტანა. თუმცა ევროკავშირის პოლიტიკამ თევზჭერის კვოტებთან დაკავშირებით, ევროკავშირსა და ისლანდიის ხელისუფლებას შორის დაძაბულობა გამოიწვია, რის გამოც 2014 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.

ევროკავშირში მიმდინარე პროცესებზე და ამ კონტექსტში ქართულ მისწრაფებებზე, ყოფილ საგარეო საქმეთ მინისტრს, ირაკლი მენაღარიშვილს ვესაუბრებით:

- მთელ მსოფლიოში ეკონომიკური სიტუაცია საკმაოდ ტურბულენტურია. ის პროცესები, რომელიც ევროპაში ადრეც შეიმჩნეოდა, ახლა უფრო ხაზგასმულად გამოიკვეთა. საუბარია დისკუსიაზე ევროსკეპტიკოსსა და ევროინტეგრაციის მომხრეებს შორის. დიდი ბრიტანეთი ყოველთვის ამ გზაჯვარედინზე იყო, ევროკავშირში გაერთიანებული სამეფოს წევრობის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა ბანაკები ყოველთვის არსებობდა. აქედან გამომდინარე, ევროკავშირში დღეს არსებულმა სირთულეებმა, მათ შორის ეს დისპუტიც გაამწვავა. თუმცა მე პირადად არ მივიჩნევ, რომ ვითარება დრამატულია - ევროპას უფრო მწვავე კრიზისებისთვისაც გაუძლია და დაუძლევია; იმედი მაქვს, რომ არც ამ შემთხვევაში სირთულეები მისთვის ფატალური არ იქნება.

- რამდენად უკავშირდება ეს პროცესები რუსეთისთვის გამოცხადებული სანქციების პოლიტიკას და სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ეს წინაღმდეგობა?

- ჩვენ მიერ აღნიშნულ პროცესებს სანქციების პოლიტიკასთან ნაკლები კავშირი აქვს. უფრო მეტიც, თუკი სანქციებზე დიალოგის დაწყებისას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის აზრთა სხვადასხვაობა ბევრად უფრო ღრმა და სერიოზული იყო, რუსეთის ასეთმა საქციელმა ყველა დაარწმუნა, რომ მის წინააღმდეგ თუ აქტიურად არ იმოქმედებენ, შეიძლება სიტუაცია კონტროლს აღარ დაექვემდებაროს. ამიტომ აქ რუსეთმა თავისი ინტერესების საწინააღმდეგოდ, უკვე მერამდენედ თავისივე ოპონენტების ინტეგრატორის როლი შეასრულა. აქ, ალბათ, რაიმე სხვა კავშირს ვერ დავინახავთ. საუბარი იმაზე, რომ ევროპაში კრიზისული მოვლენები სანქციების გამო მოხდა, მოვლენების თავდაყირა დაყენებაა, მეტი არაფერი. იცით, რომ სანქციები რამდენიმე თვის მოვლენაა, ხოლო ევროკავშირს შიდა ეკონომიკური სივრცის პრობლემები რამდენიმე წელი აქვს, ეს ჯერ კიდევ 2007 წლიდან მომდინარეობს.

ძირითადი თემა მაინც ის არის, ახერხებს თუ არა ყველა სახელმწიფო საკმარისად ეფექტური როგორც შიდაფისკალური, ისე საერთოეკონომიკური პოლიტიკის გატარებას; ახერხებენ თუ არა ახალი წევრები და .. სამხრეთის ზოლის სახელმწიფოები (სადაც ამგვარი სირთულეები უფრო მწვავედ გამოიკვეთა) იმ წესების, მკაცრი საფინანსო-საბიუჯეტო დისციპლინის დაცვას, რაც ეკონომიკური წარმატების საფუძველია. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ეს მთლად ასე არ არის. ევროპაში ბევრგან იმძლავრა .. მემარცხენე პოპულიზმმა, სოციალური პროგრამების სახსრების ხარჯვამ მიუხედავად იმისა, ქვეყანას ამის საშუალება ჰქონდა თუ არა. საბერძნეთს სწორედ ეს დაემართა და ახლანდელი სირთულეებიც ამიტომ აქვს. იქაური პრობლემა საზოგადოების დამოკიდებულებამაც განაპირობა, რატომღაც უჭირთ მეგობარ ბერძნებს დაიჯერონ, რომ როდესაც რაიმე სირთულე და პრობლემაა, აჯობებს მიზეზი უპირველესად შიგნით ოჯახში ეძებო და ყველაფერი სხვას არ გადააბრალო. როგორც ჩანს, ბერძენი პოლიტიკოსებისთვის ბევრად ადვილია საკუთარი სირთულეების გარეთ ძებნა. ეს თავის მოტყუებაა და ადრე თუ გვიან დარწმუნდებიან, რომ მხოლოდ კორექტული, მაღალდისციპლინირებული ეკონომიკური პოლიტიკა მისცემთ საშუალებას, რომ ეკონომიკურ სირთულეებს თავი დააღწიონ.

- ევროკავშირის შიგნით შესაძლო დეზინტეგრაციული პროცესები რა ზეგავლენას მოახდენს საქართველოზე და ჩვენს ევროპულ მისწრაფებებზე?

- ეს ნამდვილად კარგის მომტანი არ იქნება, რადგან საბაბს მისცემს ევროპული კურსის კრიტიკოსებს და ასეთები ჩვენთან საკმაოდ ბლომად არიან. თუმცა მოვლენების ამგვარი განვითარება, მხოლოდ ჰიპოთეტურ სცენარად მიმაჩნია. რეალურად, ვინც ვერ შეძლებს მოვლენების რეალური სურათის დანახვას, ალბათ, მხოლოდ ასეთები წამოეგებიან ამგვარი დემაგოგიის ანკესს.

ამას გარდა, მეორე მომენტიც მნიშვნელოვანია, რომლის გაკეთებაც ქართველებს გვიჭირს ხოლმე. ანუ კარგად გააზრება, თუ რა არის ევროპული გზის ალტერნატივა. ჩვენი საკმაოდ რთული ისტორიული წარსულიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, საბოლოდ ასეთი შეჯერებული დასკვნის გაკეთება გვიჭირს. დროა ეს ვისწავლოთ და ჩვენს პოლიტიკურ და ინტელექტუალურ ელიტასაც, ალბათ, უპირველეს ამოცანად ეს აქვს, რომ შეძლონ საზოგადოებას სწორად აუხსნან რა ხდება და რატომ ხდება ესა თუ ის პროცესები ჩვენს გარშემო და ჩვენთან შიგნით.

- ამ კონტექსტში, რამდენად ქმედითია საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ევროპასთან დაახლოების თვალსაზრისით?

- ყველა დაგეგმილი ნაბიჯი დროულად და საკმარისად ეფექტურად გადაიდგა. ასე რომ, გაკეთებულს თუ შევაფასებთ, უნდა ვთქვათ, რომ აქ ალბათ შესაძლებლობის მაქსიმუმი გაკეთდა. თუმცა ქვეყანა უამრავი პრობლემის და გამოწვევის წინაშე დგას, რაც ჩვენ კარგად ვიცით. მათი დაძლევის, მოგვარების მიზნით, შიდა რესურსების და რაც მთავარია საზოგადოებრივი ძალისხმევის ორგანიზება დამატებით ძალისხმევას უდავოდ მოითხოვს. აი აქ ჩვენს ხელისუფლებას სჭირდება მობილიზებაც, შემოქმედებითი მიდგომის უნარის გამოვლენაც და ბოლოს და ბოლოს, იმ სირთულის დაძლევა, რასაც გამოცდილების ნაკლებობა ჰქვია. გამოცდილების ნაკლებობის გამო დაშვებული შეცდომები ქვეყნისთვის სერიოზული წინაღობის მიზეზად არ უნდა იქცეს ევროპული წინსვლის გზაზე. ამ მხრივ სერიოზული გამოწვევებია, რასაც ძალიან აქტიური მოქმედება სჭირდება.

ასე რომ, შეფასება შეიძლება ასეთი იყოს - დღევანდელი ხელისუფლება არჩეული კურსის ერთგულია უდაოდ, მაგრამ მას სჭირდება უფრო ეფექტური იყოს აღნიშნულ გზაზე სვლისას.    

გელა მამულაშვილი

გამოქვეყნდა გაზეთ "ქრონიკა პლუსში"

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია