მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რა პრობლემებს იწვევს კაზრეთში მადნის ღია კარიერული წესით მოპოვება? - 17 იანვარი 2015

საწარმოს არანაირი სტიმული არ აქვს, რომ გარემოსდაცვითი პროგრამები განავითაროს

myrights.ge

ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში რომ რთული ეკოლოგიური მდგომარეობაა, ეს ყველას კარგად მოეხსენება. სამთო-გამამდიდრებელ კომბინატში მადნის ღია კარიერული წესით მოპოვების გამო გარემო განსაკუთრებით ზიანდება. დაბინძურებული წყალი მდინარეებში - კაზრეთულასა და შემდეგ მაშავერაში ჩაედინება. ადგილობრივები ხშირად ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებაზე, მოსახლეობაში დაავადებების მატებაზე საუბრობენ, მაგრამ ძაღლი ყეფს, ქარავანი გზას აგრძელებს.

კაზრეთის ეკოლოგიურ პრობლემებზე, გარემოს დაცვის საკითხებში ექსპერტ ნინო ჩხობაძეს ვესაუბრებით.

- მთავარი გამოწვევა მადნეულთან და მდინარე კაზრეთულასთან მიმართებაში ის არის, რომ ღია კარიერული წესით მოპოვებასთან გვაქვს საქმე. ეს არ იძლევა საშუალებას, რომ წყალი მაქსიმალურად გაწმენდილი იყოს. იმისთვის, რომ მდინარე კაზრეთულაში არ მოხვდეს მძიმე მეტალები და პოლიმეტალები (რომლის საბადოც ეს არის), მნიშვნელოვანია, რომ საბადოს ძალიან ძლიერი დამცავი სისტემა ჰქონდეს; ანუ იყოს შესაბამისი ფილტრები, წყლის სათანადო გაწმენდა და ამ თვალსაზრისით, მაქსიმალური კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელება. ეს მნიშვნელოვანი ნაწილია, რაც წყლის დაბინძურებას შეეხება. მეორე პრობლემა წიაღის მოპოვებას ეხება.

- მანამდე, ძლიერი საბადოს დამცავი სისტემა რომ არ აქვს, ვისი პასუხისმგებლობის სფეროა?

- უპირველესად, ეს საწარმოს პასუხისმგებლობაა. სამწუხაროდ, ბოლომდე არ ვიცი ეს დამცავი სისტემა რა დონეზეა; თვითონ საწარმო აცხადებს, რომ აქვს ეს სისტემა და რომ ამისთვის მაქსიმალური გააკეთეს. სიმართლე გითხრათ, ამის დადასტურებაც არის - შარშან ზალპური ჩაშვება და კაზრეთულას დაბინძურება რომ მოხდა, მდინარე მაშავერაში ამის გამო თევზი ამოყარა. წლების განმავლობაში, როდესაც მადნეულთან დაკავშირებით მეტ ინფორმაციას ვფლობდი, აბსოლუტური სიცარიელე გვქონდა, ანუ თევზის რაოდენობა, იხტიოფაუნა პრაქტიკულად აღარ იყო; ეს ცოცხალი სისტემა განადგურების პირას იდგა. შარშან კი ასეთი რამ მოხდა, თევზი ამოიყარა და სიმართლე გითხათ, ძალიან გამიკვირდა. ეს ნიშნავს, რომ წყლის გარკვეული გაწმენდითი პროცესი მაინც მიმდინარეობს. მაგრამ არის თუ არა ეს საკმარისი, სერიოზულმა მონიტორინგმა და ინსპექტირებამ უნდა უჩვენოს.

- წიაღისეულის მოპოვების პრობლემაზე გავაგრძელოთ...

- წიაღისეულთან დაკავშირებითაც იგივე მომენტია, მთავარია, რომ საწარმოს მიერ ნებისმიერ სიტუაციაში მტაცებლური მოპოვება არ ხდებოდეს. საბადო თავის დროზე სამოციან წლებში ღია კარიერული წესით გაიხსნა, მაქსიმუმი წიაღისეული, ანუ სპილენძი უნდა მოეპოვებინათ. ამ დროს, ღია კარიერული წესით დამუშავების დროს ტერასირება უნდა მოხდეს, რომ არ ჩამოინგრეს, ასევე ტერიტორიიდან ფუჭი ქანების გატანა უნდა მოხდეს; ამას გადახსნას უწოდებენ, საწარმო მარტო მოპოვებაზე კი არ უნდა მუშაობდეს, არამედ აწესრიგებდეს და ამზადებდეს თვითონ კარიერს იმისთვის, რომ შემდგომში მისი რეკულტივაცია მოხდეს; გაშენება და ტერიტორიის, ფერდობის თვითაღდგენა განხორციელდეს. ეს ძალიან რთული პროცესია, რომელიც საწარმოს ასევე დაგეგმილი უნდა ჰქონდეს.

- ამ დროს, რეალურად რა ხდება ადგილზე?

- საწარმო ამტკიცებს, რომ ყველაფერს მაქსიმალურად აკეთებს. მაგრამ მე ვიცი, რომ იქ პრობლემები იყო. ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ მადნეულის განვითარების პროგრამა და სხვა რაღაცები, რომელშიც ეწერა, რომ ისინი სწორად გადახსნის პროცესის უზრუნველყოფას აპირებენ. მათი თქმით, დიდხანს მუშაობდნენ გადახსნაზე იმისთვის, რომ მადანი სწორად ყოფილიყო ამოღებული და არა მტაცებლურად. რეალურად, როდესაც საბადოს არ ამუშავებენ და მხოლოდ მადნის მოპოვება ხდება, სწორედ ეს არის გარემოსთვის დამღუპველი.

- ეს რა შედეგებს იწვევს, ბევრი საუბარია წყალთან ერთად, ჰაერის დაბინძურებაზე...

- ჰაერი ნაკლებად პრობლემატურია. უფრო პრობლემატური ის არის, რომ რადგან ეს ტერიტორია თავის დროზე ღია კარიერული წესით არის გადახსნილი, გარკვეულ პრობლემებს ქმნის უკვე სათბურ გაზებთან დაკავშირებით. ოღონდ ეს ნაწილი ჩვენს შეტყობინებებში არ არის მოხვედრილი, შესწავლილი არ არის და ჯერ არ ვიცით, თუ რა ხდება ამ დროს. ადრე ეს ტერიტორია დახურული იყო, მწვანე საფარის ქვეშ და ჟანგბადის გამომუშავება ხდებოდა, დღეს გადახსნილია, აბსოლუტურად შიშველია და ითვლება, რომ სათბური გაზების ერთ-ერთი წარმომქმნელი სწორედ ეს ღია კარიერებია.

- დაბა კაზრეთის მოსახლება დაავადებების რაოდენობის მატებაზე საუბრობს...

- ამის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი არის წყალი და მეორე ისტორიული დაბინძურება, რომელიც სერიოზულად არსებობს ამ რეგიონში. ოღონდ სად არის ზღვარი ისტორიულ დაბინძურებასა და დღევანდელ მოქმედებას შორის, ამაზე ვერ გეტყვით და ნამდვილად შესასწავლი საკითხია.

- არსებული დაბინძურების მაჩვენებელი რა შედეგებს იწვევს?

- ერთ-ერთი ლაბორატორიის ბოლო მონაცემებით, თურმე მდინარე კაზრეთულა პესტიციდებით არის დაბინძურებული, რაც აბსურდია. ჯერ ერთი, რომელი პესტიციდებით ესეც არ არის გარკვეული და მერე, რატომ არის კაზრეთულა ამ პესტიციდებით გაჭუჭყიანებული. თუ მდინარე ამით არის დაბინძურებული, .. იქ სამთო მოპოვების მაგივრად სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები ხდება. ჩვენ რაც ვიცით, იქ დაბინძურების გარკვეული დონე ნამდვილად არის, მაგრამ უცნობია ეს დაზოთიაა გამოხატული.

- მწარმოებელს რამდენად გააზრებული აქვს გარემოს დაცვის აუცილებლობა?

- ვერ ვიტყვი, რომ ეს საკითხი არ აქვს გააზრებული. მცდელობა აქვთ, რომ რაღაც გაასწორონ, მაგრამ ყველაფერი რატომღაც უკუღმა გამოდის. ამასწინათ განცხადებაც გააკეთეს, რომ გარემოსდაცვითი აუდიტის შემოყვანა სურთ, რეალურად რომ ნახონ თუ რა სურათია მადნეულში. ეს ცალსახად კარგი გადაწყვეტილებაა და ეს ნიშნავს, რომ საწარმო ფიქრობს თავის განვითარებაზე. ეს განხილვა საჯარო იყო და სიმართლე გითხრათ გამიკვირდა იმხელა მოთხოვნები ჰქონდათ ჩაწერილი, თუ რა უნდა გაკეთდეს აუდიტის დროს. რეალურად კი, ძალიან რთული იქნება ასეთი აუდიტის გაკეთება.

- მთავრობა რამდენად იცავს ბალანსს წარმოების ინტერესსა და ეკოლოგიურ გამოწვევებს შორის?

- ეს თავიდან ბოლომდე მთავრობის პრეროგატივაა. მივიჩნევთ, რომ ამ თვალსაზრისით ჩვენთვის ერთ-ერთი პრობლემატური არსებული კანონმდებლობაა. რეალურად, საწარმოს არანაირი სტიმული არ აქვს, რომ გარემოსდაცვითი პროგრამები განავითაროს, ვგულისხმობ ეკონომიკურ მექანიზმს. მარტო დაჯარიმებითა და სანქციებით საწარმოს ვერ აიძულებ, ჩართული უნდა იყოს მთელი ინსტრუმენტები, რაც კი არსებობს გარემოს დაცვაში, მართვის სისტემებში.

მერე, საკმაოდ რთული მემკვიდრეობა აქვს შეხვედრილი დღევანდელ კომპანიასრამდენადაც ვიცი, 20011 წელში გაფორმდა ის სამარცხვინო კანონი, რომელსაც ჩვენ ინდულგენცია ვუწოდეთ. მოგვიანებით, პროტესტის შედეგად გააუქმეს, მაგრამ ის ხელშეკრულებითი ვალდებულება, რომელიც ამ კანონმა წარმოშვა, დარჩა მადნეულს და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საწარმომ ეს თანხა გადაიხადა; და მას ფაქტობრივად ჩამოეწერა ყველანაირი ტიპის ვალდებულება, რაც კი მანამდე ჰქონია გარემოს დაბინძურების კუთხით; ჩემი აზრით, შეიძლება ეს სწორი არ იყოს.

- როგორია თქვენი პოზიცია საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით?

- ეს არის არქიტექტურული ძეგლი და მისი ბოლომდე შესწავლა უნდა დასრულებულიყო. ძალიან ბევრ შემთხვევაში არსებული დასკვნებიც მცდარია. მიუხედავად ამისა, დღესაც ვფიქრობ, რომ საყდრისი არქიტექტურული ზონა უნდა იყოს, რა მნიშვნელობა აქვს, რომ ვანდალური ზემოქმედება განიცადა. დარწმუნებული ვარ, რომ შიგნით, ღრმად შეიძლება კიდევ რაღაცები იყოს და ამიტომ სერიოზული შესწავლა და შეფასება უნდა განხორციელდეს.

გელა მამულაშვილი

გამოქვეყნდა გაზეთ "ქრონიკა პლუსში"

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია