მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საქართველო ევროკავშირის რიგის სამიტიდან უვიზო რეჟიმის მიღებას ელოდება - 04 თებერვალი 2015

„უვიზო რეჟიმი აჩენს შესაძლებლობებს ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების შემორიგების“

მიმდინარე წლის 21–22 მაისს, რიგაში, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მორიგი სამიტი გაიმართება. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული პროგრესი აღიარებული და დაფასებული იქნება. მოკავშირეებს კი სურთ, რომ რიგის სამიტი საქართველოს ევროპაში უფრო ახლო ინტეგრაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი გახდეს. ევროპელები საქართველოსა და მოლდოვას აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერებედ განიხილავენ და მიაჩნიათ, რომ რიგის სამიტზე უნდა განისაზღვროს საგზაო რუკა, რომელიც ევროკავშირთან ამ ორი ქვეყნის უფრო ღრმა და ფართო თანამშრომლობას უზრუნველყოფს.

საგზაო რუკა უნდა მოიცავდეს ევროკავშირის მეტ ძალისხმევას საქართველოს დახმარების კუთხით, მათ შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების კონტექსტში, კერძოდ კი ამ შეთანხმების იმ ნაწილისა, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობას ეხება. „ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ რიგის სამიტი იყოს ვიზების ლიბერალიზაციის სამიტი იმ ქვეყნებთან, რომლებიც ასრულებენ ჩვენ (ევროკავშირის) კრიტერიუმებს“, – განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩმა.

თავის დროზე ევროკავშირმა განაცხადა, რომ საქართველომ შეასრულა ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის დიალოგის პირველი ფაზის მოთხოვნები, რაც მეორე ფაზის დაწყებას განაპირობებს. პირველი ფაზის ამოცანები მოიცავდა პოლიტიკური ჩარჩოს, რაც ასევე გულისხმობდა  შესაბამისი კანონმდებლობის მიღებას, ხოლო მეორე ფაზის ამოცანებია კანონმდებლობის პრაქტიკული აღსრულება.  ახლა საქართველოს სურვილია, რომ რიგის სამიტისთვის დადებითი შეფასება მიიღოს ევროკავშირისგან მეორე ფაზის ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებით. 

რიგის სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინებზე, ევროპული ინტეგრაციის საკითხებში ექსპერტ კახა გოგოლაშვილს ვესუბრებით: 

- საქართველო მზად არის ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზო გადაადგილების მისაღებად. აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტზე ყველაზე რეალური შედეგი სწორედ  უვიზო რეჟიმის დაფიქსირება იქნება. მიმდინარე წლის ბოლოსთვის ან 2016 წლის დასაწყისში ეს პერსპექტივა სავსებით რეალურია. შედეგად, ადამიანებს სამი თვით ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრების უფლება ექნებათ, მერე ექვსი თვის გასვლის შემდეგ, სამი თვით ლეგალურად დაბრუნება შეეძლებათ. 

რიგის სამიტიდან სხვა მნიშვნელოვანი შედეგის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. ასოცირების ხელშეკრულება უკვე გაფორმებული გვაქვს და ამ ეტაპზე მეტს ვერ მივიღებთ. ახლა ხელშეკრულების პუნქტების აქტიური იმპლემენტაცია უნდა დაიწყოს, მისი რატიფიცირება გაგრძელდეს და შეთანხმების პირობები რეალურად განვახორციელოთ. 

ამასთან, რიგაში საუბარი შეეხება აღმოსავლეთ პარტნიორობის კიდევ უფრო გავითარებას, ახალი ხარისხობრივი შესძლებლობების გამოყენებას იმ ქვეყნებში, ვინც ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. კონკრეტული მიმართულებებით რა მოხდება, დღეს ამაზე საუბარი ზედმეტია. 

- არის საუბრები, რომ რიგის სამიტზე შესაძლოა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ევროკავშირში სამომავლო გაწევრიანების პერსპექტივა აღინიშნოს; ეს რამდენად მოსალოდნელია? 

- რასაკვირველია, თეორიულად ეს შეიძლება გაკეთდეს. ბევრი საუბრები იყო ამასთან დაკავშირებით, მათ შორის ჩვენი მეგობარი ბალტიისპირელების, ბრიუსელში ლატვიის წარმომადგენლების მხრიდან. მაგრამ ევროკავშირში ამაზე კონსენსუსი არ არსებობს და ამ ეტაპზე ცოტა ძნელად წარმოსადგენია, რომ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას იმაზე მეტი მისცენ, რაც უკვე მიღებული გვაქვს. 

- რა შედეგებს მიიღებს საქართველო ევეროკავშირთან უვიზო რეჟიმით? 

- უვიზო რეჟიმი ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან მოსახერხებელი იქნება; ბევრ ადამიანს სურს ბებერ კონტინენტზე მოგზაურობა, სწავლა და ამისთვის გაცილებით მეტი შესაძლებლობა გაჩნდება; ანუ იმისთვის, რომ 3 თვით უვიზოდ წახვიდე, მეტი შესაძლებლობა შეიძინო,  გაიცნო ხალხი, ეძებო სამსახური, უნივერსიტეტში ჩააბარო და ა.შ. ეს დიდი შესაძლებლობაა ადამიანისთვის, ვისაც მეტი პერსპექტივის მიღების, საქმის კეთების სურვილი ამოძრავებს. 

ასევე, უვიზო რეჟიმი აჩენს შესაძლებლობებს ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების შემორიგებისთვის. რაც უფრო ცუდი მდგომარეობა იქმნება რუსეთში, შეიძლება ჩვენი შეხების მეტი პერსპექტივები გაიხსნას. ოსებსა და აფხაზებს საქართველოს პასპორტით შენგენის ქვეყნებში მოგზაურობის უფლება ექნებათ, ახალი შესაძლებლობები კი მათ პოზიციებზეც გავლენას იქონიებს. 

- არსებობს მოსაზრება, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღება საქართველოდან მოსახლეობის გადინებას გამოიწვევს და არსებულ დემოგრაფიულ სიტუაციას კიდევ უფრო გააუარესებს...

- არ მგონია ასეთი საფრთხე არსებობდეს. უვიზო რეჟიმის გარეშეც ადამიანები საზღარგარეთ მიდიან - ემზადებიან, როგორღაც არალეგალურად გადაადგილდებიან და შესაბამისად, ცუდ პირობებში იმყოფებიან. ახლა კი შიშში აღარ იქნებიან, არალეგალის მძიმე ხვედრს აღარ გაიზიარებენ. სამი თვე საკმაოდ დიდი პერიოდია იმისთვის, რომ განათლების მიღების, სამსახურის შოვნის შესაძლებლობა გაიჩინოს. 

დღემდე ძალიან დიდი ნაწილი ისე მიდის, რომ მხოლოდ ერთკვირიანი ტურისტული ვიზა აქვს. მერე, როგორც ხდება ხოლმე, იქ რჩებიან და გამუდმებული რისკის ქვეშ იმყოფებიან. თუ დააკავეს, როგორც არალეგალს დეპორტირებას გაუკეთებენ და ამის გამო დიდი ხნის განმავლობაში უკან ვერ დაბრუნდებიან. ეს პრობლემები მოიხსნება, რადგან უვიზო რეჟიმი ნებისმიერ გადაადგილებას ლეგალურ ჩარჩოებში აქცევს. მოსახლეობის გადინების რისკს რაც შეეხება, ვისაც წასვლა უნდა ისედაც წავა, უბრალოდ, ამ ყველაფერს ლეგალური ფორმა მიეცემა. 

- რა ნაბიჯები იდგმება რიგის სამიტისთვის სათანადოდ მოსამზადებლად? 

- საგარეო საქმეთა სამინისტრო და ევროპული ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ინტენსიურად მუშობენ ამ მიმართულებით. ყველაფერს აკეთებენ, რომ მომავალ სამიტზე ევროინტეგრაციის კუთხით ახალი პერსპექტივები გაიხსნას, ამ მხრივ მათ ვერ დავემდურებით. მაგრამ ახლა მთავარია არა სამიტი, არამედ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედება, რათა ჩვენმა ბიზნესმენებმა მეტი სარგებელი ნახონ, მეტი ინვესტიცია შემოვიდეს ქვეყანაში, უპირველესი სამუშაო სწორედ აქ არის. 

- რაც შეეხება ევროატლანტიკური ინტეგრაციის ნატოს მიმართულებას, ალიანსის ხელმძღვანელის მოადგილემ, ალექსანდრ ვერშბოუმ საქართველოს მისამართით ძლიერი მხარდამჭერი განცხადება გააკეთა, რომ ქვეყანა მზად არის დაახლოებისთვის; რამდენად შესაძლებელია ამ პროცესის გაწევრიანების სამოქმედი პროგრამის (მაპის) გარეშე განხორციელება? 

- ობიექტურად შესაძლებელია მაპი არ გქონდეს და ნატოში გაწევრიანების პროცესი ამის გარეშე განახორციელო. მაგრამ აქაც უპირველესი პრობლემა ალიანსის წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსის მიღწევაა. უნდა არსებობდეს იმის საერთო რწმენა, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანებით უფრო მეტ სარგებელს მიიღებენ, ვიდრე პოტენციურ ზიანს. 

კონკრეტულ მაგალითს გეტყვით: ბალტიისპირეთის ქვეყნები  ნატის რიგებში არიან, მარამ იქ ალიანსის ბაზები არ არის. რეგიონის სამხედრო მიმართულებით გაძლიერება ახლა დაიწყეს, უკრაინის მძიმე მოვლენებთან დაკავშირებით; მზარდი საფრთხეების გათვალისწინებით, რეგიონში საჰაერო პატრულირებას ახორციელებენ. ამ ფონზე, ჩვენ ვხედავთ, რომ ბალტიისპირეთის გაწევრიანებამ ნატოს ქვეყნებისთვის რეალურად თავის ტკივილი უფრო მოიტანა. რუსეთმა რომ შეუტიოს ლიტვას ან ლატვიას, ნატო ცუდ მდგომარეობაში ჩავარდება, ომისთვის მზად არ არის და უახლოეს ხანში ასეც იქნება. არადა, ხელშეკრულება ნატოს ავალდებულებს, რომ წევრი ქვეყანა გარე აგრესიისგან სრულად დაიცვას. 

რუსეთი საქართველოს მიმართაც მუქარაზე უარს არ ამბობს. თუ ამისთვის საფუძველი მიეცემა, აგრესიას წარბშეუხრელად განახორციელებს კიდეც. ამიტომ ვერშბოუს განცხადება ჩვენთვის ერთგვარად გამამხნევებელი სიგნალი იყო, მაგრამ სამწუხაროდ ეს საკმარისი არ არის.  ჩვენ ნატოსთან სრული ინტეგრაციისთვის ბევრი მიმართულებით მზად ვართ, მათ შორის დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან შედარებითაც, რომელთა ნაწილი უკვე გაწევრიანდა ალიანსის შემადგენლობაში. მაგრამ აქ პოლიტიკური მიზანშეწონილების პრობლემა დგას, იძლევა თუ არა ამის შესძლებლობას არსებული საერთაშორისო მდგომარეობა; რამდენად გახდება ეს საბაბი  რუსეთის მორიგი აგრესიული იმპულისისთვის, მით უმეტეს, ჩრდილოელი მეზობელი ამას ეძებს; თუნდაც იმის გამო, რომ უკრაინის ფრონტზე გართულებები აქვს. ამიტომ ნებისმიერ მომენტში ეს აგრესია შეიძლება საქართველოზე გადმოიტანოს. რუსეთი რეალურად ებრძვის დასავლეთს და ფიქრობს, რომ ეს დაპირისპირება ნებისმიერ მომენტში შეიძლება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში გადმოიტანოს. ამიტომ რისკის ქვეშ ვართ და ეს მომენტი ალიანსის რიგებშიც კარგად გააზრებული აქვთ. მათ მათ უკრაინის მოვლენების ფონზე არ სურთ კიდევ ერთი დამატებითი თავის ტკივილი ჰქონდეთ საქართველოს სახით.      

გელა მამულაშვილი

გამოქვეყნდა გაზეთ "ქრონიკა პლუსში"

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია