მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რატომ არ ხვდება პრემიერი ღარიბაშვილი საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიულ ჯგუფს? - 21 თებერვალი 2015

"ჩვენთან არასწორი, უსამართლო, მახინჯი საარჩევნო სისტემაა და ის უნდა შეიცვალოს"

ქვეყანაში მოქმედ საარჩევნო გარემოსა და სისტემას წლების განმავლობაში ყველა ერჩის, როგორც წესი მოქმედი ხელისუფლების გარდა. ლიტერატურაში ლამის აღარ მოიპოვება უარყოფითი ეპითეტები, რითაც მას "ამკობენ" მარჯვნიდან და მარცხნიდან. საზოგადოებისთვის მიუღებელია მოქმედი საარჩევნო სისტემა, როდესაც მმართველი კოალიცია კენჭისყრაზე მიღებული 45%- შედეგად დედაქალაქის საკრებულოში მანდატების 75%- იღებს. არასაპარლამენტო ოპოზიციის საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიულმა ჯგუფმა ვითარების გამოსწორებისთვის კონკრეტული წინადადებები მოამზადა, მაგრამ პრეზიდენტისა და პარლამენტის სპიკერისგან განსხვავებით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ვერ მიაღწია. ჯგუფი წევრები საარჩევნო სფეროში სამართლიანობის მისაღწევად ბრძოლას აგრძელებენ და დანარჩენი საზოგადოების მხარადეჭარაზე იმედოვნებენ.

არასაპარლამენტო ოპოზიციის წინადადებებსა და ვითარების გაუმჯობესების პერსპექტივებზე, ჯგუფის წევრს, "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა კაციტაძეს ვესაუბრებით.   

- საარჩევნო გარემო რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხისგან შედგება. სისტემის გარდა ისეთი მნიშვნელოვანი თემებია, როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, წინასაარჩევნო კამპანია, ამომრჩეველთა სიები და .. მაგრამ ყველა ამ საკითხთა შორის საარჩევნო სისტემა თავისი მნიშვნელობითა და წონით უპირატესია. ამიტომ როდესაც ვსაუბრობთ ნორმალურ, თანაბარ, დემოკრატიულ საარჩევნო გარემოზე, უპირველესად უნდა ვისაუბროთ საარჩევნო სისტემაზე და მის სამართლიანობაზე. რაც შეეხება საქართველოში მოქმედ სისტემას, მისი მთავარი ნაკლი, სიმახინჯე, უსამართლობა და არაობიექტურობა ორი მნიშვნელოვანი პრინციპის დარღვევაში მდგომარეობს; მის ვერაღსრულებაში, რომელიც საარჩევნო სისტემების სამართლიანობისა და ობიექტურობის ფუნდამენტია; სწორედ ეს ორი პრინციპი ქმნის ან არ არ ქმნის მყარ საფუძველს საარჩევნო გარემოს ობიექტურობისთვის.

პირველი გახლავთ მანდატის წონის თანაბრობა. ანუ, პარლამენტში შეიძლება ისხდნენ დეპუტატები, რომლებიც არიან არათანაბარი ლეგიტიმაციით, მანდატის წონით. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, არათანაბარი რაოდენობის ამომრჩევლების მიერ არიან არჩეული და მივლენილი საქართველოს პარლამენტში. დღეს ქვეყნის პარლამენტში ზის 73 მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც არჩეული იქნა ერთმანდატიან ოლქში. ყველა ამ წარმომადგენელს აქვს თანაბარი წონა, როგორც დეპუტატს - ერთი მანდატი და ერთი ხმა, ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტის დროს. ამ დროს მათ უკან დგას კონტრასტულად განსხვავებული რაოდენობა ამომრჩევლებისა. მაგალითად, ერთი დეპუტატი არჩეულია 5 ათასი ადამიანის მიერ, მეორე 20 ათასის მიერ, მესამე 70-80 ათასის და მეოთხე 160 ათასი ამომრჩევლის მიერ. ანუ, მათ ზურგს უმაგრებს მკვეთრად განსხვავებულ ამომრჩეველთა რაოდენობა; თანაც, ისინი არჩეულს ზურგს უმაგრებენ არა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნებიდან, ანუ თანაბარი უფლებების მქონე ოლქებიდან თუ წარმონაქმნებიდან, არამედ აქ უბრალოდ ადამიანთა რაოდენობა არის განსხვავებული, თორემ ის წარმონაქმნები სახელმწიფოში რაიმე განსაკუთრებულ სტატუსს არ ატარებენ.

- მკითხველისთვის იქნებ დააკონკრეტოთ, რას გულისხმობთ?

- თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში ან სხვაგან ფუნქციონირებს სახელმწიფო ორგანო, სადაც პატარა და დიდი შტატები, მიწები ერთი რაოდენობის კონგრესმენს ირჩევენ, იქ შტატი-მხარე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნია და დიდსაც და პატარასაც ერთნაირი უფლებები აქვს მთელ სახელმწიფოში. ასეთ შემთხვევაში თანაბრობა ბუნებრივია უზრუნველყოფილი უნდა იყოს, ეს პრინციპი დაცული და გამართლებულია. მაგრამ როცა კონკრეტული არეალი არანაირ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს არ წარმოადგენს (რომლიდანაც პარლამენტში მაჟორიტარი ირჩევა), ეს უკვე დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს დიდი ოლქების ამომრჩევლებს; რომლებსაც ისეთივე ერთი წარმომადგენელი ჰყავთ, როგორც პატარა ოლქის წარმომადგენელს ეძლევა ერთი წარმომადგენლის ყოლის უპირატესობა. სპეციფიკურ ენაზე ამას მანდატის წონის გათანაბრება ჰქვია, რომ ამომრჩევლების ერთმა და იმავე რაოდენობამ აირჩიოს ერთი და იგივე რაოდენობა დეპუტატებისა, რომლებსაც ერთნაირი უფლებამოსილება და წონა ექნებათ წარმომადგენლობით ორგანოში. ეს პრინციპი საქართველოში დარღვეულია და წლების განმავლობაში ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, უპირველესად ვენეციის კომისია, ეუთო, ევროსაბჭო და .. ყოველთვის ეუბნებოდნენ საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლებებს, რომ უზრუნველეყოთ მანდატების წონის თანაბრობა, მაქსიმუმ ათპროცენტიანი ცდომილების ფარგლებში; რაც შეიძლება დასაშვები იყოს მიგრაციული რეგიონების, მაღალმთიანობის, დემოგრაფიული ცვლილებების და მსგავსი კრიტერიუმების გათვალისწინებით - ისიც 10 პროცენტი ფარგლებშიო. თავად განსაჯეთ ახლა საქართველოში რამხელა კონტრასტია - 5-დან 160 ათასამდე, რაც ამ ორ წარმომადგენელს შორის უდიდეს სხვაობას ადასტურებს. ეს არის პირველი და უაღრესად პრობლემური თემა მოქმედი საარჩევნო სისტემისა.

მეორე არანაკლებ პრობლემატური და გავლენიანი გახლავთ პრინციპი, რომელიც მოკლედ ასე განიმარტება - მიღებული ხმებისა და მანდატების თანაბრობა საარჩევნო სუბიექტებს, ანუ პარტიებსა და ბლოკებს შორის. კერძოდ, ეს ძალიან მარტივად ახსნადი თემაა; როდესაც პარტია მონაწილეობს არჩევნებში, დავუშვათ მან მიიღო ხმების გარკვეული რაოდენობა - 10, 20 ან 80% აქ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ლოგიკა იმას ამბობს, რომ შენი ქვეყნის ამომრჩევლების რამდენმა პროცენტმაც დაგიჭირა მხარი და ეს გამოხატა საპარლამენტო კენჭისყრაში, საერთო მანდატების ის რაოდენობა უნდა შეგხვდეს პროცენტულად. ანუ, თუ 150-კაციან პარლამენტში მთელი ქვეყნის  20%-მა მხარი დაგიჭირა, ლოგიკურად ეს ნიშნავს, რომ 30 მანდატი უნდა მიიღო, ანუ 150-ის 30%. მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენთან არასწორი, არაობიექტური, უსამართლო, მახინჯი საარჩევნო სისტემაა, ხდება შემდეგი, რომ თბილისის საკრებულოში (ეს მარტო მისი პრობლემა არ არის და იგივეა პარლამენტში) თვითმმართველობის არჩევნების დროს  კოალიცია ქართულმა ოცნებამ დამრგვალებულად ხმების 45% მიიღო. რაც იმას ნიშნავს, რომ რომ 50-კაციან საკრებულოში მას ლოგიკურად დაახლოებით 23-24 მანდატი უნდა მიეღო. მაგრამ სისტემის სიმახინჯის გამო, ქართულმა ოცნებამ 37 მანდატი მიიღო, რაც პროცენტებში გადაყვანით არის 75%-ზე მეტი. ანუ, არსებულმა სისტემამერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების არსებობამ ხელისუფლებას მანდატების 30% პროცენტი მოაპარინა. ასე ხდებოდა წლების განმავლობაში და მაჟორიტარული ოლქები ყოველთვის ითვლებოდა სხვადასხვა ხელისუფლებების - მოქალაქეთა კავშირის, ნაციონალური მოძრაობის, ახლა ქართული ოცნების მანდატების მომტან საშუალებად. ამიტომ ამ ოლქებს ხელისუფლებისთვის მანდატების ბეღელს ვუწოდებთ; იღებ დაბალ პროცენტს, მაგრამ ისაკუთრებ დიდ რაოდენობას მანდატებისას. თავად განსაჯეთ რა ხდება - უბრალო უმრავლესობაც კი ვერ მიიღო კოალიცია ქართულმა ოცნებამ საკრებულოში, მიიღო 45 პროცენტი, ანუ ნახევარზე ნაკლები; მაგრამ რაოდენობრივად მან არათუ ორი მესამედი, სამ მეოთხედზე მეტი მიიღო ამ მახინჯი სისტემის მოქმედების გამო.

ამიტომ მეორე პრინციპია, დავიცვათ მიღებული ხმებისა და კონკრეტულ ორგანოში მიღებული მანდატების პროცენტული შესაბამისობა, ანუ თანაბრობა. შეიძლება მოხდეს მცირედი განსხვავება, ოღონდ ეს რაღაც გონივრული ცდომილების ფარგლებში უნდა იყოს ჩატეული. და რა იყოს ისეთი, როგორსაც საქართველოში ადგილი აქვს. ამ ორი პრინციპის გასწორება-დაცვის, ნაკლოვანების ალაგმვის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში საარჩევნო გარემოსთან მიმართებაში საარჩევნო სისტემის ნაწილი გაჯანსაღდება, გაობიექტურდება და სამართლიანი გახდება.

- დასახელებული ხარვეზების გათვალისწინებით გამოსავალს რაში ხედავთ, რა კონკრეტული მექანიზმების გამოყენებით უნდა გამოსწორდეს და გაუმჯობესდეს არსებული მდგომარეობა?

- ეს სისტემა პატარა მეცნიერებად შეიძლება ჩაითვალოს და ამაზე ბევრ ქვეყანაში წლების განმავლობაში სპეციალური ინსტიტუტები, საექსპერტო ჯგუფები მუშაობენ. სხვადასხვა ქვეყანას განსხვავებულ ვერსიებსა და მექანიზმებს სთავაზობენ, რომელიც სამართლიანი და ობიექტური პრინციპების დამკვიდრებას უზრუნველყოფს. როდესაც ჩვენ ოპოზიციის ინტერპარტიულ ფორმატში დავსხედით და დავიწყეთ მუშაობა ამ ნაკლოვანებების გამოსწორებაზე, მინდა გითხრათ, რომ სერიოზული სამუშაო გავწიეთ არსებული სისტემების შესწავლის, მათი გაანალიზების, საქართველოში მათი დამკვიდრების მიზანშეწონილობისთვის; ეს ინდივიდუალური თემაა და ყველა ექსპერტი შემდეგ რამეს გვეუბნება - კი არის განსხვავებული სისტემების 7-8 ტიპის ვერსია, მაგრამ ასევე არსებობს სახელმწიფოს გვარობა, მისი მოწყობის კონსტიტუციური ფორმა, უნიტარულია, ფედერალურია, მონარქისტულია, საპარლამენტოა, თუ საპრეზიდენტოა... ამ ყველაფრის, გარკვეული ტრადიციებისა და თვითმყოფადობის გათვალისწინებით, ისეთი სისტემა უნდა აირჩეს, რომელიც ერთი მხრივ უზუნველყოფს იმ პრინციპების დაკმაყოფილებას, რაზეც მქონდა საუბარი და მეორე მხრივ, რაღაც ტრადიციულ, ისტორიულ, გეოგრაფიულ და სხვა მსგავს სიტუაციებსაც გაითვალისწინებსო.

სწორედ ასეთი მიმოხილვისა და ანალიზის დროს, ჩვენ მივედით კონკრეტულ დასკვნამდე - იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მანდატის წონის თანაბრობა, მიღებული ხმებისა და მანდატების პროცენტული თანაბრობა, პოლიტიკური, პარტიული ცხოვრების ხელშეწყობა (პარტია პოლიტიკური ცხოვრების ქვაკუთხედია და ვინც ამბობს, რომ პოლიტიკა პარტიების გარეშე უნდა იყოსო, მასთან არც ვიკამათებ, ეს დაახლოებით ისეა ადამიანმა უმაღლეს მათემატიკაზე გესაუბროს და ორჯერ-ორის პასუხი არ იცოდეს), როგორც მაღალრეიტინგული, ასევე შედარებით დაბალრეიტინგული პარტიებისთვის საპარლამენტო ტრიბუნის ხელმისაწვდომობა, არა მხოლოდ ცენტრის, არამედ პერიფერიების წარმომადგენლობის და იქ მცხოვრები ამომრჩევლების ხმის მიტანა ცენტრალურ ხელისუფლებადე, ამისთვის ყველა ამ კომპონენტის უზრუნველმყოფ ვერსიაზე ჩამოვყალიბდით; საქართველოს პარლამენტში ნაწილი, პირობითად ნახევარი არჩული იქნას .. ერთიანი პროპორციული სიით, ანუ, მთელი საქართელო არის ერთი ოლქი და პარტიებს აძლევს ხმას ამომრჩეველი. ხოლო მეორე ნახევარი არჩეული იქნას .. რეგიონულ-პროპორციული სიით, საქართველოში გასაგებ ენაზე თუ ვიტყვით, სამხარეო-პროპორციული სიით, ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით. ანუ, ერთი მხრივ მთელი საქართველო ირჩევს დეპუტატების გარკვეულ რაოდენობას პარტიული სიების მეშვეობით და მეორე მხრივ, ქვეყნის ტრადიციული წარმონაქმნები, მაგალითად კახეთი, ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი და .. ირჩევს გარკვეულ, არათანაბარ რაოდენობას დეპუტატებისა, ამ მხარეებში მანდატთა რაოდენობა კუთხის ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით კონკრეტდება. შეიძლება მეტი ჰქონდეს იმერეთს, ვიდრე სამეგრელოს, უფრო ნაკლები ექნება კახეთს, კიდევ უფრო ნაკლები სამცხე-ჯავახეთს, ყველაზე ცოტა რაჭა-ლეჩხუმს, გურიას და აქ არის როგორც რეგიონული, ანუ ადგილობრივი, ასევე პოლიტიკურ-პარტიული წარმომადგენლობა. ეს არის ჩვენი შეთავაზება. არ ვამბობ იმას, რომ ეს არის ერთადერთი და ყველაზე უნიკალური ვერსია საარჩევნო სისტემებისა; მზად ვიქნებოდით დავსხდეთ, ვისაც განსხვავებული მოსაზრება აქვს და იმ ორი მთავარი პრინციპის (ან კიდევ სხვა პრინციპის, თუ ვინმეს ასეთი აქვს) უზრუნველსაყოფად დავდოთ სხვა ვერსია; ოღონდ იქიდან ამოვიდეთ, არ ამ პრინციპების სამართლიანობა დავაკმაყოფილოთ და შევქმნათ ისეთი სისტემა, რომელიც ამას რეალურად უზრუნველყოფს.

- ანუ, ამ გზით ჩვენ კლასიკურ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე უარს ვამბობთ...

- მაჟორიტარული სისტემა, თუ შეიძლება ამას კლასიკური ვუწოდოთ, არის უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ ერთი მხრივ მანდატის წონა არათანაბარია; სიტყვაზე, 6 ათასი ონელი, ყაზბეგელი, 11 ათასი თიანელი ირჩევს ერთ დეპუტატს და მაგალითად, 98 ათასი მარნეულელი, 100 ათასი ბათუმელი, 100 ათასი რუსთაველი, 160 ათასი ქუთაისელი, 130 ათასი გორელი ასევე ერთ წარმომადგენელს ირჩევს. ეს არის მთავარი პრობლემა და მეორე მხრივ, სწორედ მაჟორიტარული სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ მიიღო ხმების 45%, ოღონდ მანდატების 75% ხელში ჩაიგდო.

- თქვენი ჩამოყალიბებული შეხედულებები მიაწოდეთ თუ არა ხელისუფლებას და როგორია პოზიციები?

- ამ თემაზე ჯერ ჩვენ, ანუ არასაპარლამენტო ოპოზიციის საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიულ ფორმატში ჩამოვყალიბდით, უბრალოდ, თანმიმდევრობას გიყვებით. გვქონდა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან, მათ შორის დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბთან. გვქონდა შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, მათ შორის ევროსაბჭოს წარმომადგენლობაში, ცალკეულ საელჩოებში და ამ პროცესს ვაგრძელებთ. მხოლოდ ამის შემდეგ, გავაკეთეთ რა გარკვეული კორექტირებები, მათი მოსაზრებების გათვალისწინებით და .. შემდეგ შეხვედრა გვქონდა ჯერ პარლამენტის თავმჯდომარესთან, რადგან ეს ყველაფერი საპარლამენტო თემატიკაა; მთელი ეს სისტემა დარეგულირებულია საქართველოს კონსტიტუციის მიერ და დღეს როგორც მოგეხსენებათ, შექმნილია საკონსტიტუციო კომისია, რომლის ხელმძღვანელიცაა პარლამენტის თავმჯდომარე. ამიტომ ჩავთვალეთ უფრო გამართლებულად, რომ ჯერ სპიკერს შევხვედროდით; შემდეგ მივმართეთ კოალიციის ლიდერსა და ამავდროულად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომლისგანაც დღემდე პასუხი არ მიგვიღია. ანუ, ფაქტობრივად, უპასუხობით უარი მივიღეთ შეხვედრაზე. ამის შემდეგ უკვე მივმართეთ და შევხვდით კიდეც საქართველოს პრეზიდენტს. პარლამენტის თავმჯდომარესთან და პრეზიდენტთან ბუნებრივია ჩვენ სრული პრეზენტაცია მოვახდინეთ როგორც ნაკლოვანებებისა, ასევე მათი აღმოფხვრის გზებისა, რაც სამწუხაროდ, კოალიციის ლიდერთან და პრემიერთან ვერ განვახორციელეთ.

მინდა გითხრათ, რომ ერთიც და მეორეც, დავით უსუფაშვილიც და გიორგი მარგველაშვილიც სრულ უნისონში არიან ჩვენს მიერ მომზადებული მიდგომებთან დაკავშირებით, ასევე მათი გადაჭრის გზებთან მიმართებაში. არის გარკვეული დეტალების დაზუსტების მომენტი, შეიძლება რაღაც საკითხები ტრანსფორმირებულად იყოს განხილული, მაგრამ პრინციპი, რომ დღევანდელი სისტემა არღვევს ამ ორ მთავარ პრინციპს, ის გამოსასწორებელია და ეს სწორედ გზით უნდა მოხდეს, ორივეს მიერ დეკლარირებულად და ღიად იყო მხრადაჭერილი. უფრო მეტიც, ერთმაც და მეორემაც აღნიშნეს შემდეგი, ჯერ პარლამენტის თავმჯდომარემ - მე ერთგული ვრჩები იმ პრინციპების, რის ერთგულიც ადრე ვიყავიო; რაც სრულ თანხვედრაში და უნისონშია თქვენს წინადადებებთან და ჩათვალეთ, რომ მე ვარ თქვენი მოკავშირეო, - ეს სიტყვები ბატონ უსუფაშვილს ეკუთვნის.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მოისმინა რა ჩვენი პრეზენტაცია, ბევრი კითხვა დაგვისვა, პასუხები მიიღო, ვიმსჯელეთ და ბოლოს მარტივად თქვა - თქვენ ნუ ჩათვლით, რომ მე ამ პროცესის უბრალო დამკვირვებელი ვარ, ამ პროცესის თანამონაწილე ვარ და შევეცდები, რომ საქართველოში საარჩევნო სისტემა უფრო ობიექტური, სამართლიანი გახდესო - ასეთი სიტუაცია იყო ამ სამ ინსტიტუციასთან მიმართებაში. სამწუხაროდ, მთავრობა და კოალიციური ფორმატი მთლიანობაში მზად არ აღმოჩნდა შეხვედრისთვის, ან მოუმზადებლობის, ან პროცესის ხელოვნურად გაწელვის გამო, ან კიდევ რაღაც სხვა ჩანაფიქრის გამო. ფაქტი ის არის, რომ ჩვენი მიმართვის მიუხედავად, დღემდე ეს შეხვედრა არ გამართულა.

- ამ შეხვედრის გარეშე, მათი რეალური დამოკიდებულების შესახებ არაფერი იცით?

- ვერ გეტყვით, ვისგან, როგორ და რანაირად ვიცით, მაგრამ თვითონ კოალიციაში არ არსებობს ერთიანი ჩამოყალიბებული მიდგომა ჯერ საარჩევნო სისტემის შეცვლის აუცილებლობასთან დაკავშირებით და მერე - შეცვლის შემთხვევაში კონკრეტული ვერსიის ჩამოყალიბებასთან მიმართებაში. პირდაპირ გეტყვით ჩემს შთაბეჭდილებას - ისინი ერთგული რჩებიან დღეს არსებული სისტემის, რომელიც საშუალებს იძლევა შეინარჩუნონ სიმახინჯეები, რაც ჯერ კიდევ მოქკავშირის დროს იქნა ჩამოყალიბებული; მას მერე ის შენარჩუნებული და ვიტყოდი უარყოფითად დახვეწილი იყო ნაციონალური მოძრაობის მიერ, როდესაც შედარებით მცირე რეიტინგი ბევრი მანდატის მიღების საშუალებას იძლევა; დღესაც მოეწონათ ეს ვერსია და შედარებით ნაკლები რეიტინგის პირობებში გაცილებით მეტი მანდატის უზრუნველყოფისა და შენარჩუნების მიზნით ცდილობენ შეხვედრასაც თავი აარიდონ; თავის დროზე არაფერი თქვან, რომ შემდეგ განაცხადონ - ახლა დრო არ გვრჩება, ვეღარაფერს შვცვლითო. ანუ, ძალაში დატოვონ ის სიმახინჯე, რაც მათ ძალიან მკაფიო და დაუმსახურებელ უპირატესობას მისცემს, თუ შეუნარჩუნებს.

- ამ ფონზე, თქვენ რას გეგმავთ და ელით აღნიშნული მიმართულებით?

- მე პირადად, 2002-2003 წლიდან ამ თემაზე პერმანენტულ ბრძოლაში ვარ და რაღაც პატარ-პატარა ცვლილებებს ვახორციელებთ; ხან ბარიერის აწევის კუთხით, მაგალითად მერებისა და გამგებლების თვალსაზრისით, ხანაც პროპორციულისა და მაჟორიტარულის პროპორციების განსხვავების თვალსაზრისით. რაღაცებს ვაღწევთ და ამას იმიტომ ვამბობ, რომ ბრძოლის ერთგავარი ფორმებიც გამოცდილ-ადაპტირებულია, ახალი ველოსიპედის გამოგონებას არ ვაპირებთ. ამ დღეებში შეხვედრა გვქონდა და გადავწყვიტეთ, რომ ფორსირებულად, ძალიან აქტიურად და ინტენსიურად ვიწყებთ შეხვედრებს ორი მიმართულებით - ერთი მხრივ ეს არის ქართული საზოგადოება, დაწყებული სამოქალაქო არასამთავრობო სექტორით, რომელიც გარკვეულ ძალასა და ფაქტორს წარმოადგენს ჩვენს სახელმწიფოში. მეორე მხრივ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ძალის მატარებელ სტრუქტურებთან, როგორიცაა საერთაშორისო ინსტიტუტები, საერთაშორისო საზოგადოება, საელჩოები და .. რომელთა შეფასებები, დამოკიდებულებები საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ მეათეხარისხოვანი ნამდვილად არ არის ხელისუფლებისთვის. როგორი მთავრობაც არ უნდა იყოს საქართველოში, შედარებით ავტორიტარული, ნაწილობრივი თუ საერთოდ ერთმმართველური, რაც წინ ხელისუფლების პირობებში გვქონდა, ყოველთვის არსებობდა დიდი თუ მცირედ საგრძნობი ანგარიშის გაწევის ვალდებულება საერთაშორისო და ქართული საზოგადოების მიმართ. ჩვენი ბრძოლის ფორმა და ხერხი ამჯერადაც ეს მიმართულება იქნება და შევეცდებით, რომ საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ამ თემის მაქსიმალური გაცხელება მოვახდინოთ; რათა ხელისუფლებაში მყოფი პოლიტპარტიების იმ ნაწილმა, რომელსაც ძველი, უპირტესობის მომნიჭებელი მახინჯი საარჩევნო სისტემის შენარჩუნებ სურს, კარგად გაიაზროს რის წინაშე დგას, ვაიძულოთ, რათა აური თქვან ამ სიმახინჯის შემდგომ შენარჩუნებაზე.

უბრალოდ, ერთ მაგალითს გეტყვით (შემიძლია უამრავი დავასახალო) - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ცხელ თემად იქცა პირდაპირი არჩევნების ჩატარება მერებისა და გამგებლებისთვის 40%-იანი ბარიერით. ხელისუფლება გვეუბნებოდა, რომ 40%-იც მაღალიაო, წინა ხელისუფლებისას საერთოდ არ არსებობდა, ჯერ 30%-იანი იყო, ჩვენ გავზარდეთ და 40-მდე ავწიეთო. როცა ჩვენ ვამბობდით, რომ ბარიერი უნდა იყოს 50% პლუს ერთი, ნიშნავდა, რომ უმრავლესობას უნდა გაემარჯვა უმცირესობაზე. როდესაც ეს თემა გაცხელდა, ერთ მშვენიერ დღეს პრემიერი ღარიბაშვილი გამობრძანდა და თქვა, რომ ჩემი ინიციატივაა ბარიერი 50% იყოსო. ეს მისი ინიციატივა კი არა, ლოგიკური უკანდახევა იყო, იმის აღიარება, რომ ჩვენ მართლები ვიყავით; უბრალოდ, პიარულად სურდა ეს მისი აქტივი ყოფილიყო. დაე ერქვას მისი აქტივი, თუ ვინმეს ამის აკვიატება და ბავშვური სურვილები აქვს; მთავარია, ისეთივე წარმტებული შედეგი დადგეს, როგორც ამ ბარიერთან მიმართებაში დადგა. ახლა ასეთი მოცემულობის წინაშე ვიმყოფებით და მინდა გითხრათ, რომ პოზიციათა კონსოლიდაციის შემთხვევაში, როგორც პოლიტიკოსების, სამოქალაქო სექტორისა და განსაკუთრებით ამომრჩევლისა, ვფიქობთ, რომ ხელისუფლებას გარკვეული იძულების წინაშე დავაყენებთ, რომ სისტემა შეიცვალოს.

- ამ საკითხის სამართლიანად გადაწყვეტაში ამომრჩევლის როლს რაში ხედავთ?

- ხელისუფლების წყარო ხალხია. ბუნებრივია, რომ რიგითი ამომრჩევლის აზრი გასათვალისწინებელია. თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ კვლევას, ჩატარებულ ქართული, თუ საერთაშორისო ორგანიზაციის, მთავრობის თუ არასამთავრობოს მიერ, რომელიც რაიმე ტიპის პოზიტივს ავლენს მაჟორიტარებთან მიმართებაში. უფრო მეტიც, 70-78%-მა საერთოდ არ იცის, თუ ვინ ჰყავს მაჟორიტარ დეპუტატად. მეორე, შეხვედრებს რაც შეეხება, 3-დან 5%-მდეა ამომრჩევლებისა, ვისაც რაღაც ტიპის კონტაქტი ჰქონია საკუთარ მაჟორიტართან - მიკითხვის, დახმარების და რაიმე პრობლემის გადაჭრის კუთხით. და მესამე - პრობლემები, რაც დღევანდელ ჩვენს მოქალაქეს ხშირად აწუხებს, უმრავლეს შემთხვევაში პარლამენტის უშუალო კომპეტენცია არ არის- ადამიანებს აწუხებთ დასაქმების, მედიკამენტების, ტრანსპორტის, გზის, ყოველდღიური სამეურნეო-საარსებო ცხოვრების პრობლემები, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობების კომპეტენციაა. პარლამენტი არის საკანონდებლო ორგანო, რომელმაც საკანონმდებლო ბაზა უნდა შექმნას. ხოლო ადგილობრივ თვითმმართველობაში მაჟორიტარული წარმომადგენლობები მოქმედებს; უფრო მეტიც, ახლა უკვე პირდაპირი წესით ირჩევიან მერები და გამგებლები და აქედან გამომდინარე, პირდაპირი დემოკრატიის ეს ფორმა უზრუნველყოფილია ადგილობრვ თვითმმართველობებში.

ამიტომ ჩვენ უნდა გავყოთ ერთმანეთისგან კომპეტენციების თვალსაზრისით, თუ რას წარმოადგენს ქვეყნის უმაღლესი საკანონდებლო ორგანო პარლამენტი და რას წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო საკრებულო და აღმასრულებელი სტრუქტურა მერიისა და გამგეობის სახით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ საკმაოდ იმედიანად ვართ.

თუმცა ახლა გაჩნდა ახალი ფანდი ხელისუფლების მხრიდან; სახელისუფლებო წრეები .. რიგგარეშე არჩევნებზე ალაპარაკდნენ, რაც ერთი შეხედვით შეიძლება ლოგიკური იყოს. საზოგადოებას ყოფილი ხელისუფლების მიმართ აგრესიული დამოკიდებულება და პარლამენტში მათ წარმომადგენლობაზე ადეკვატურად ნეგატიური განწყობა აქვს. დღევანდელ ხელისუფლებას სურს ამით ისარგებლოს, ანუ დააჩქაროს მომდევნო არჩევნები ისე რომ იქვე თქვას - ვერ ვასწრებ ცვლილებებს კანონმდებლობაში, საარჩევნო სისტემას ვერ ვცვლი და ამიტომ ძველი სისტემითვე ვაპირებ კენჭისყრის ჩატარებასო. ანუ, ისევ ვაპირებ მანდატების ქურდობასო, რაგან ამ ყველაფერს კონსტიტუციის ცვალებადობა სჭირდება. აქაც ჩვენ კონკრეტული შეთავაზებები გვაქვს, თუ მათ აქვთ პოლიტიკური ნება, რომ სიმახინჯე გამოასწორონ. კი ბატონო, არის ლაპარაკი რიგგარეშე არჩევნებზე, ჩავატაროთ ეს კენჭისყრა, ოღონდ საარჩევნო სისტემის ცვლილების წინსწრებით; თუ გვინდა, რომ მომავალ ხელისუფლებას არ ჰქონდეს ის უდიდესი კითხვის ნიშნები ლეგიტიმაციისა, რაც წინა ხელისუფლებებს ჰქონდათ აი ამ არათანაბარი მანდატებისა და პარლემენტსა თუ საკრებულოებში მანდატების მითვისების გამო.

გელა მამულაშვილი   

გამოქვეყნდა გაზეთ "ქრონიკა პლუსში"

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია