მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„ნატოს საწვრთნელი ცენტრი თბილისთან უნდა განთავსდეს, რადგან დაცვის მექანიზმად მოიაზრება“ - 21 თებერვალი 2015

„ამით საქართველოში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მუდმივად ყოფნა დაფიქსირდება“

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ აცხადებს, რომ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განიხილეს საქართველოში ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის გახსნის საკითხი. „ნატო-ს საწვრთნელი ცენტრი, სადაც ალიანსის, საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების ჯარისკაცები ერთად გაივლიან წვრთნებს, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ნატო-სთვისაც“, - ამბობს გენერალური მდივანი.

მისივე თქმით, სხდომაზე კიდევ რამდენიმე ქვეყანამ გამოთქვა სურვილი, თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოში საწვრთნელი ცენტრის ამოქმედებაში. სტოლტენბერმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს წვლილს ნატო-სა და ევროკავშირის მისიებში მონაწილეობის კუთხით. ამას გარდა, ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველო პროგრესს განიცდის, აგრძელებს რეფორმებს და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, რაც მისასალმებელია.

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის, ალექსანდერ ვერშბოუს განცხადებით კი, ალიანსის საწვრთნელი ცენტრი საქართველოს თვადაცვისა და უსაფრთხოების სფეროს რეფორმირებასა და მოდერნიზებაში დაეხმარება.

თავის მხრივ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის გახსნა რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული. მისივე თქმით, ნატო-ს საწვრთნელ ცენტრს საერთო არაფერი აქვს რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან, მისი მიზანი მხოლოდ სამხედრო წვრთნა იქნება.

 ჯეიმს აპატურაის განცხადებით, სად განთავსდება ნატო-ს საწვრთნელი ცენტრი, ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება საქართველომ უნდა მიიღოს: „ეს გადაწყვეტილება ნატო-მ არა, საქართველომ უნდა მიიღოს, რადგან ეს არის საქართველოს ტერიტორია. მინისტერიალის დასრულების შემდეგ ძალიან მალე საქართველოში გავაგზავნით ექსპერტების ჯგუფს. მათ ქართულ მხარეს უნდა მისცენ რჩევები და რეკომენდაციები. საქმე ისაა, რომ ერთია აღჭურვილობა და მე ვიცი, რომ ორივე შესაძლო ლოკაციაზე, რომლებზეც მიდის საუბარი, საჭიროა ინფრასტრუქტურა. მეორე საკითხია და ამაში ვეთანხმებით ქართველ კოლეგებს, რომ ადგილი უნდა შევარჩიოთ იმის მიხედვით, რას უნდა ემსახურებოდეს ეს ერთობლივი ცენტრი.

ჩვენ საბოლოო მონახაზის გაკეთება ჯერ კიდევ გვჭირდება. ერთ ადგილი უკვე დაათვალიერა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, შემდეგი ნაბიჯია ექსპერტების ვიზიტი საქართველოში და ბოლოს - საქართველოს გადაწყვეტილება“.

კითხვაზე, რა იქნება საწვრთნელი ცენტრის მიზანი, აპატურაიმ განაცხადა, რომ ამაზე უნდა ჩამოყალიბდნენ საბოლოოდ. „ისეთი ცენტრი უნდა გავაკეთოთ, ისეთი შესაძლებლობებითა და ინფრასტრუქტურით, რომ ალიანსის წევრებისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის იყოს საინტერესო. არ გვინდა მაგალითად იყოს ისეთი, როგორც ყველას აქვს. ჩვენი მიზანია, ისეთი ცენტრი ჩამოვაყალიბოთ და ისეთი შეთავაზება გავაკეთოთ, რომელიც ალიანსის წევრი სახელმწიფოების და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებს საქართველოში ჩამოიყვანს როტაციით, მათთვის იქნება საინტერესო და მიმზიდველი წინადადება. ამიტომ, ვფიქრობთ რა არის შესაძლებელი. ყველა ქვეყნის შესაძლებლობა სპეციფიურია. მაგალითად, ის, რაც შეიძლება გააკეთო ჩემს ქვეყანაში, ამის გაკეთება ძნელი იქნება საქართველოში, მაგრამ რისი გაკეთებაც შეიძლება საქართველოში, ის რთული იქნება ჩემს ქვეყანაში. ამიტომ, ზუსტად უნდა განვსაზღვროთ რა შეუძლია საქართველოს შემოგვთავაზოს“, - აცხადებს აპატურაი და აღნიშნავს, რომ საბოლოო პასუხს ვერ იტყვის. „მაგრამ, მიზნის და ფუნქციების განსაზღვრის ბოლო ეტაპზე ვართ“, - აღნიშნა აპატურაიმ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, მინდია ჯანელიძე აცხადებს, რომ ნატო-ს სასწავლო ცენტრის ერთ-ერთ ადგილად ვაზიანი განიხილება: „ამჟამად მიმდინარეობს ნატო-სთან ერთობლივი წვრთნის შეფასების ცენტრის ადგილის მოძიება. ეს პროცესი გრძელდება. ვაზიანი არის ერთ-ერთი ადგილი, სადაც შეიძლება ეს ცენტრი გაიხსნას“.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ლევან ღირსიაშვილის განცხადებით კი, ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის ამოქმედებასთან დაკავშირებით რისკები შეფასებულია. ღირსიაშვილმა საწვრთნელი ცენტრისა და ერთობლივი წვრთნების მნიშვნელობაზეც ისაუბრა:

„ნატო-ს დელეგაცია საკმაოდ კმაყოფილი დარჩა ვაზიანის ბაზაზე ჩატარებული საჩვენებელი წვრთნებით. მინდა გითხრათ, რომ პაკეტის განხორციელების პროცესში ერთ-ერთი ნაწილი არის სწორედ ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ამოქმედება. თუ სად იქნება ეს ცენტრი, ამჟამად გადაწყვეტილი არ არის, მიმდინარეობს ამ ეტაპზე ადგილების შერჩევა. მოიაზრება რამდენიმე ადგილი, მათ შორის, ვაზიანის ეროვნული საწვრთნელი ბაზაც. ცენტრის დაარსებაზე პასუხისმგებელი გახლავთ ქართული მხარე, თუმცა ამ ინიციატივის ისევე როგორც არსებითი პაკეტის სხვა დანარჩენი ელემენტების განხორციელების კოორდინაციასა და მონიტორინგს ნატო-ს ექსპერტებით დაკომპლექტებული ჯგუფი განახორციელებს, რომელიც მოვლენილი იქნება საქართველოში“.

მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტრომ ნატო-ს შესაბამის სამსახურებთან ერთად მჭიდრო თანამშრომლობით ცენტრის ჩამოყალიბების პირველადი პროექტი უკვე მოამზადა: „ასევე, განსაზღვრა ის ქვედანაყოფები, რომლებიც უშუალოდ იქნებიან პასუხისმგებელი ცენტრის ამოქმედებაზე და ასევე არამარტო ცენტრის, არამედ პაკეტით გათვალისწინებული სხვა ელემენტების განხორციელებაზე. უახლოეს მომავალში იგეგმება ნატო-ს შემფასებელი მისიის ჩამოსვლა, რომელიც ასევე იქნება დაკომპლექტებული მოკავშირე სახელმწიფოების ექსპერტებით და სწორედ ეს ჯგუფი მოახდენს შეფასებას საქართველოში არსებული შესაძლებლობების, ცენტრის ადგილმდებარეობის და გაირკვევა, თუ სად იქნება ცენტრი ამოქმედებული, იქნება ეს ვაზიანი თუ სხვა ადგილი, ასევე განისაზღვრება ფინანსური საკითხები და სხვა ტექნიკური დეტალები“.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საწვრთნელი ცენტრის ამოქმედებასთან დაკავშირებით რისკები შეფასებულია. მისივე თქმით, საქართველოში, გვიან გაზაფხულზე, ნატო-ს ჯგუფი ჩამოვა, რომელიც განახორციელებს არა მხოლოდ ცენტრის კოორდინაციას და მის მხარდაჭერას ქართველ პარტნიორებთან ერთად, არამედ არსებითი პაკეტით გათვალისწინებული სხვა ელემენტების და პროექტების განხორციელებას უზრუნველყოფს: „მოგეხსენებათ საწვრთნელი ცენტრის გარდა ასევე დაგეგმილია ნატო-საქართველოს თანამშრომლობა ამ პაკეტის ფარგლებში. განათლების კუთხით, ლოჯისტიკის კუთხით და სხვა მიმართულებებით“.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში რუსეთის სპეციალური წარმომადგენლის, ალექსანდრ გრუშკოს განცხადებით, საქართველოში ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის შექმნა პროვოკაციული ნაბიჯია: "ნატო-ს არ სჭირდება მსგავსი ცენტრი საქართველოში. ჩვენ, რა თქმა უნდა, კარგად ვიგებთ ამ ნაბიჯის მნიშვნელობას და მიგვაჩნია, რომ საქართველოში ნატო-ს სამხედრო ობიექტის გამოჩენა რეგიონში უსაფრთხოების მხრივ ვითარების გაუარესებას და დაძაბულობის გაზრდას გამოიწვევს".

ნატოს საწვრთნელი ცენტრის ადგილსა და სამომავლო გამოწვევებზე, პოლიტიკურ საკითხებში ექსპერტ თორნიკე შარაშენიძეს ვესაუბრებით.

- როგორც მოგეხსენებათ, ნატოს საწვრთნელი ცენტრის ადგილმდებარეობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. რასაკვირველია, ის ყველა ვარიანტში თბილისთან ახლოს უნდა განთავსდეს; ეს ბაზა ჩვენი დაცვის მექანიზმად მოიაზრება და ამიტომაც დედაქალაქთან უნდა იყოს. ლოგიკურად, მტერი თუ წამოვა, რა თქმა უნდა, თბილისზე გამოილაშქრებს.

- რა შედეგებს მიიღებს ქართული მხარე ამ ცენტრის გახსნით?

- ეს იქნება დაცვის თუნდაც სიმბოლური გარანტია, რომ აქ განთავსებულია ნატოს საწვრთნელი ბაზა და მასზე შეხება ნატოს მხრიდან უკვე ძალიან მძაფრ რეაქციას გამოიწვევს. ეს არის უპირველესი დივიდენდი, რასაც ჩვენ ამ გადაწყვეტილებით მივიღებთ; რასაკვირველია, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მრხიდან ტექნიკური დახმარებაც იქნება გაწეული. საუბარია ჩვენი სამხედროების შემდგომ წვრთნებზე, ეკიპირებაზე და ა.შ. რაც ნატოს სპეციალისტების მიერ გახორციელდება. ესეც ჩვენთვის ცალკე პლუსია.

- ნიშნავს თუ არა ეს გადაწყვეტილება ნაბიჯს ნატროს სამხედრო ბაზის შექმნისკენ?

- ალბათ არა, რადგან სამხედრო ბაზები ასე მარტივად არ იხსნება. ამ ეტაპზე ნატოს თავისივე წევრი სახელმწიფოების დაცვა აწუხებს, უპირველესად ბალტიისპირეთზე და მის გარშემო არსებულ მდგომარეობაზეა აქცენტი გაკეთებული. ალიანსს, ამერიკელებს ჯერჯერობით იქაც არ გაუხსნიათ სამხედრო ბაზები და ამიტომ ჩვენთან აღნიშნულ პერსპექტივაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

- რა გამოწვევებს შეიცავს საწვრთნელი ცენტრი საქართველოსთვის?

- ეს ცენტრი გამოწვევა მაშინ იქნება, როდესაც საქართველო, როგორც სახელმწიფო სუსტი იქნება როგორც ეკონომიკურად, ასევე თავისი შეიარაღებული ძალებით. თუ ჩვენ ასეთი სუსტები ვიქნებით, მაშინ რუსეთს რამდენი შანსიც ხელში ჩაუვარდება, იმდენს მოგვიწყობს პროვოკაციას და დაგვარტყამს კიდეც. მაგრამ თუ ძლიერები ვიქნებით, არანაირი საფრთხე არ არის ნატოს საწვრთნელი ბაზის გახსნაში.

- ჩვენს შეიარაღებულ ძალებს რა კონკრეტულ შედეგებს მოუტანს ეს სამხედრო ცენტრი?

- ჩვენს სამხედროებს სხვადასხვა სამხედრო მისიებში საკმაოდ დიდი გამოცდილება უკვე მიღებული აქვთ, მათ შორის ისეთ მძიმე მისიაში, როგორიც ავღანეთია. ეს საწვრთნელი ბაზა კი ემსახურება უფრო იმას, რომ გარკვეული ფორმით საქართველოში ნატოს მუდმივად ყოფნა  დაფიქსირდება. ჩემი აზრით, საწვრთელი ცენტრის არსებობა უპირველესად ამისთვის არის განკუთვნილი.

- რა ტიპის სიგნალია ეს ნაბიჯი ნატოში გაწევრიანების გზაზე?

- გავმეორდები, რომ ამ ეტაპზე ნატოს უმთავრესი საფიქრალი თავისი წევრი სახელმწიფოების დაცვა აქვს. ამ მხრივ ჩვენთვის საწვრთნელი ცენტრის მიღება ნიშნავს, რომ წევრად თუ არ მოვიაზრებით, ვითვლებით იმ სახელმწიფოდ, რომელსაც მეტი ყურადღება და დაცვა სჭირდება. სწორედ ამას გულისხმობს ეს გადაწყვეტილება.

- ბალტიისპირეთი ახსენეთ, რამდენად კარგად იცავს ნატო ამ ქვეყნების უსაფრთხოებას უკრაინის მძიმე მოვლენებისს ფონზე?

- ბალტიისპირეთის საჰაერო ცაზე მუდმივად დაფრინავს არამხოლოდ ამ ქვეყნების, არამედ ნატოს წევრი ქვეყნების ავიაცია. უკვე ბევრჯერ იყო მცდელობები, რომ რუსული თვითმფრინავები მათ საჰაერო სივრცეში შესულიყო და ყველა მსგავსი გამოხტომა აღიკვეთა. როგორც ჩანს, ეს ტესტი რუსებმა ნატოს ჩაუტარეს და ალიანსმა ჯერჯერობით გამოცდა კარგად  ჩააბარა. მოვლენების განვითარების ამ ეტაპზე ნატო კარგად იცავს თავის წევრ სახელმწიფოებს.

- ცხინვალის რეგიონში ან აფხაზეთში სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში, ნატოს საწვრთნელი ცენტრის როლი რაში შეიძლება გამოიხატოს?

- თუ ესკალაცია იმას გულისხმობს, რომ პირდაპირი შეტევა წამოვა იქიდან ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, ამ შემთხვევაში მგონია, რომ ეს ცენტრი იქნება ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც ხელშეუხებელი იქნება.  ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ამ ცენტრის განთავსება თბილისთან ახლოს, თუნდაც ვაზიანში.    

გელა მამულაშვილი

გამოქვეყნდა გაზეთ "ქრონიკა პლუსში"

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია