მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ევროკავშირს სოხუმში ოფისის გახსნა სურს - 24 თებერვალი 2015

მოსკოვი სოხუმს დამოუკიდებლად თამაშის საშუალებას არ მისცემს

აფხაზური სააგენტოაპსნიპრესისინფორმაციით, ევროკავშირს სოხუმში ოფისის გახსნა სურს. ამის შესახებ საუბარი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელ, ჰერბერტ ზალბერისა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ, რაულ ხაჯიმბას შეხვედრისას შედგა. გამოცემის ინფორმაციით, ჰერბერტ ზალბერმა განაცხადა, რომ ამ ჯერზე გალის რაიონის გარდა, გაგრისა და ბიჭვინთის მონახულების საშუალება მიეცა, გარდა ამისა, იგი გალის რაიონში ევროკავშირის პროექტების მიმდინარეობით დაინტერესდა.

აპსნიპრესიწერს, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ვიაჩისლავ ჩირიკბასთან კონსულტაციების შემდეგ, ჰერბერტ ზალბერმა იმედი გამოთქვა, რომ მისი მისიის საქმიანობა გალის გარდა, აფხაზეთის სხვა რაიონებზეც გაფართოვდება. ზალბერი სოხუმში ევროკავშირის სპეცწარმომადგენლის ოფისის გახსნის შესაძლებლობით დაინტერესდა, რათამუდმივი კონტაქტი ჰქონდეთ კოლეგებთან ევროკავშირის წარმომადგენლობიდან თბილისში“.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ აფხაზეთი არა საქართველოს ჭრილში, არამედ მოლაპარაკებების დამოუკიდებელ მოთამაშედ უნდა განიხილებოდეს: „ნებისმიერი წარმომადგენლობა, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე შეიქმნება, აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, უნდა აღიქვამდეს. მე მესმის, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოსთან ურთიერთობა, მაგრამ ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია დასავლეთთან კონტაქტები. საქართველოს დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა გუშინდელი დღეა“, - აცხადებს ხაჯიმბა და დასძენს, რომ ძირითადი შიდა პრობლემების მოგვარების შემდეგ, აფხაზეთის მთავარი ამოცანა საერთაშორისო აღიარების მოპოვება იქნება.

ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ აფხაზეთის ეკონომიკური ზრდის მიმართულებით მთავარი რუსეთის ფედერაციაა, თუმცა ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული პროექტებიზედმეტი არ იქნება“.

ამ მომენტისთვის ევროკავშირი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ აფხაზეთი აღიაროს, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ზოგიერთი პრაქტიკული ნაბიჯისთვის, რომელიც ყველასთვის სასარგებლო იქნება“, - დასძინა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჰერბერტ ზალბერმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროაპსნიპრესისმიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. უწყებაში აცხადებენ, რომ აფხაზეთის რეგიონში ნებისმიერი ოფისის გახსნა, ქართულ მხარესთან შეთანხმებული იქნება: „გავრცელებული ინფორმაცია და მისი კონტექსტი მოიცავს უზუსტობებს, როგორც ეს ხშირ შემთხვევაში ხდება. ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. აქედან გამომდინარე აფხაზეთის რეგიონში ნებისმიერი ოფისის გახსნა, სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით ქართულ მხარესთან შეთანხმებული იქნება. რაც შეეხება კონკრეტული პროექტების განხორციელებას, აღნიშნული უნდა ემსახურებოდეს ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას და მათი ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილებას“.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ამბობს, რომყველაფერი, რასაც ევროკავშირი ოკოპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით ახორციელებს, მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კონტექსტში განიხილება“. ბაქრაძე აფხაზური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ენდობა და ამბობს, რომ მსგავსი ინფორმაციები ბევრჯერ გავრცელებულა, თუმცა საბოლოოდ არ დადასტურებულა:

რაც შეეხება იმას, რაც აფხაზური მედიით იქნა გაჟღერებული, ვფიქრობ კომენტარს იმსახურებს მას შემდეგ, როდესაც ჩვენ ამას მოვისმენთ უშუალოდ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლებისგან. ყველაფერი, რასაც ევროკავშირი ოკოპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით ახორციელებს, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთიანობის კონტექსტში განიხილება. იმის ალბათობა, რომ იქ ოფისი გაიხსნება, განიხილება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და საქართველოში წარმომადგენლობის ნაწილის კონტექსტში. არ არის სანდო მხოლოდ აფხაზური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. ჩვენ მოგვისმენია ბევრი ასეთი ინფორმაცია, რომელიც საბოლოოდ არ ყოფილა დადასტურებული“.

შერიგებისა და სახელმწიფო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მოქმედებები მთელ საქართველოში, მათ შორის აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს ინტერესების შესაბამისი იქნება. მისივე თქმით, ევროკავშირის მოქმედებები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისკენ არის მიმართული:

ცალსახად მიმაჩნია, რომ ჩვენ მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ, რომ მეტი ევროპა იყოს წარმოდგენილი როგორც ცხინვალის, ისე აფხაზეთის რეგიონში. ჩვენ ამ მიმართულებით ვმოძრაობთ და არსებობს სპეციალური სტრატეგია. აბსურდულია ევროკავშირს ვედაოთ ჩვენ რაღაც საეჭვო განცხადებებზე, როცა მოქმედებები ცალსახად მიმართულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისკენ და მე ამაში ეჭვი არ მეპარება. რაც არ უნდა გამეგო მე, მშვიდად ვიყავი, რადგან გამორიცხულია ევროკავშირს რაიმე შეეშალოს“.

სოხუმის ოფისთან დაკავშირებულ საკითხებზე ქართული მხარის განცხადება უყურადღებოდ არც ოკუპირებული აფხაზეთის . . საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუტოვებია. უწყების წარმომადგენელთა აზრით, საქართველოს უფლება არა აქვს სოხუმში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის გახსნის საქმეში ჩაერიოს.

საქართველოს, რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილების ეშინია, ვინაიდან მისი მიზანის გარე სამყაროსგან აფხაზეთის მაქსიმალური იზოლაცია წარმოადგენს. თუმცა მსგავს გადაწყვეტილებებზე მას არავითარი ვეტოს უფლება არა აქვს“,  - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქაან ტანიამ.

აღსანიშნავია, რომ სოხუმიდან თბილისში ჩამოსვლისთანავე გერმანელმა დიპლომატმა ჰერბერტ ზალბერმა რადიოთავისუფლებასთანსაუბარში განმარტა, რომ სოხუმში გამართულ შეხვედრებზე იყომხოლოდ წინასწარი საუბარი ევროკავშირის წარმომადგენლობის პოტენციური გაფართოების თაობაზედასრულიად ღიაა საკითხი, ეს წარმომადგენლობა ოფისის სახით იქნება თუ რაიმე სხვა სახით“.

თავისუფლება“: ზოგიერთმა აფხაზურმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ცნობა, რომ თქვენ გამოხატეთ ინტერესი სოხუმში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ოფისის გახსნის შესახებ. თუ ასეა, რას აპირებთ იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც აუცილებლად წამოიჭრება ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს? მაგალითად - ოფისის ოფიციალური სახელწოდება... ერთი მაგალითი მაინც რომ გვითხრათ...

ჰერბერტ ზალბერი: ეს იყო ძალზე ზოგადი საუბარი ევროკავშირის წარმომადგენლობის პოტენციური გაფართოების შესაძლებლობაზე. ღიად რჩება საკითხი ეს ოფისი იქნება თუ რაიმე სხვა. საუბარი ნამდვილად იყო... წინასწარი საუბარი და ნათელი არ არის როგორი იქნება ეს წარმომადგენლობა მომავალში, თუკი საერთოდ იქნება... როგორც აღვნიშნეთ, ჩვენ უკვე გვაქვს იქ გარკვეული პროექტები და თუ ეს პროგრამა გაფართოვდება, ნამდვილად იქნება უფრო ხშირი კონტაქტის საჭიროება. ეს გარკვეულწილად გამოიწვევს აფხაზეთში ჩვენი ოფისიდან წარმომადგენლების უფრო ხშირ მივლინებას, მაგრამ რა სახე ექნება ყოველივე ამას ჯერ გაურკვეველია. ჩვენ ზოგადად გავაჟღერეთ ეს კონცეფცია და ისიც განვაცხადეთ, რომ ყველა დაინტერესებულ მხარესთან განვმარტავდით, თუ რას გულისხმობს ის.

- ესე იგი ჯერ არ განგიმარტავთ?

- არა.

- სეპარატისტი ლიდერებისთვის მიუღებელია, როცა აფხაზეთის პრობლემებს საქართველოს ჭრილში განიხილავენ. მედიას რაულ ხაჯინბას სიტყვები მოჰყავს: „ნებისმიერი მისია, რომელიც აფხაზეთში დაფუძნდება უნდა აღიაროს აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო“. მიუხედავად ამისა, სოხუმი, როგორც ჩანს, თანახმაა ევროკავშირთან ითანამშრომლოს. როგორ ახსნით ამ ამბავს ევროკავშირის მკაცრი არაღიარების პოლიტიკის გათვალისწინებით?

- არაღიარების პოლიტიკა არსებობს და რჩება. ჩვენ მას არც შევცვლით. ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, პატარა პრაგმატული ნაბიჯები გადავდგათსხვა არაფერი. მე ახლა არ დავიწყებ იმის განსჯას, თუ რა მოვისმინე ბატონი ხაჯიმბასაგან. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ უნდა ვნახოთ, როგორ შეგვიძლია მუშაობა მსგავს ვითარებაში. რასაც გავაკეთებთ ეს არის: კონკრეტული პროგრამები, მცირემასშტაბიანი პროექტები. რა თქმა უნდა, თუ ყოველივე ეს მისაღებია. შევეცდებით ვიყოთ ძალზე პრაგმატულები. მეტი არაფერი და არაფერი სხვა.     

სოხუმში ევროკავშირის ოფისის გახსნის შესაძლებლობასა და პერსპექტივებზე, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ყოფილ უშიშროების მინისტრს, ლევან კიკნაძეს ვესაუბრებით.

- ძნელია ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებას კონკრეტული შეფასება მიეცეს; თუ ევროკავშირს აფხაზეთის საკუთარ სტრუქტურებში ინტეგრირება სურს, რასაკვირველია, მოსკოვი სოხუმს ასე დამოუკიდებლად თამაშის საშუალებას არ მისცემს. და თუ ეს ყველაფერი ჩვენთან, ქართულ მხარესთან  შეთანხმებულია, ასევე მეეჭვება, რომ რუსულმა მხარემ ამას თვალი მოუხუჭოს. ჩემი გადასახედიდან ცუდი არ არის იმის მცდელობა, რომ აფხაზეთმა ევროპისკენ რაღაც მოძრაობები გააკეთოს და ბებერი კონტინენტიც ამისთვის მზად იყოს. პროცესი ისევ ჩვენებთან შესათანხმებელი უნდა იყოს, მაგრამ მეორე მხრიდან სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლება ეცდება ეს არ დაუშვას.

აქედან გამომდინარე, უნდა ვაცალოთ, როგორ განვითარდება პროცესები. დღეს ამ ლაბირინთებში გზის გაკვლევა მარტივ საქმეს არ წარმოადგენს.

- რამდენად შესაძლებელია, რომ ევროკავშირმა თბილისთან კოორდინაციის გარეშე გადადგას მსგავსი ნაბიჯები სოხუმში?

- შეიძლება აქ დავსვათ კონტრშეკითხვა, თუ რატომ უნდა ჩაიდინოს ეს ევროკავშირმა. თუ ევროპის კავშირი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, მაშინ ქართული მხარის კანონიერ მოთხოვნებს იგნორირება არ უნდა გაუკეთოს. მოვლენების განვითარების ლოგიკა ხომ ამას გვკარნახობს? თუ ევროპამ ქართულ მხარეს სათანადო ყურადღება არ მიაქცია, გამოვა, რომ ისიც რუსულ თამაშს თამაშობს, რაც არ მგონია ასე იყოს.

- ხომ არ მისცა ბიძგი ევროკავშირის სოხუმურ გააქტიურებას, რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებამ?

- ამასთან დაკავშირებით ყველაფერს ვერ იტყვი და ვერც დაწერ. ისე, ნებისმიერ მსგავს გადაწყვეტილებს თუ ნაბიჯს, თავისი მიზეზი და პერსპექტივა აქვს

- „პრეზიდენტრაულ ხაჯიმბას განცხადებით, აფხაზეთის ეკონომიკური ზრდის მიმართულებით მთავარი რუსეთის ფედერაციაა, თუმცა ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული პროექტებიზედმეტი არ იქნება“...

- რაულ ხაჯიმბა არსებული რეალობიდან გამომდინარე მსჯელობს. თუ პროცესი ამგვარად წავიდა, ანუ ევროპასთან ურთიერთობა გააქტიურდება, ეს მხოლოდ დადებითი შედეგების მომტანი იქნება. შორსმიმავალ დასკვნებს ვერ გავაკეთებთ, მაგრამ რალურად არ მგონია, რომ ევროპელებს მსგავსი ნაბიჯები ქართველ კოლეგებთან შეთანხმებული არ ჰქონდეთ.

- პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მეტად შემრიგებლური განცხადებები გააკეთა აფხაზებისა და ოსების მისამართით; როგორ შეფასებას მისცემთ პრემიერის გამოსვლას?

- პრინციპში, მე რასაც მოვუსმინე, პრემიერ-მინისტრის ყველა განცხადება სწორად არის აქცენტირებული. შესაძლოა ეს ბოლო გამოსვლა ევროკავშირის წარმომადგენლის სოხუმურ განცხადებებთანაც გარკვეულ ბმაში იყოს. ეს ყველაფერი შეიძლება ჯერ კულუარულად ვითარდება და ჩვენთვის ბოლომდე არ არის ცნობილი მისი კონკრეტული პერსპექტივები. ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას; დღეს პროცესები ბევრი მიმართულებით დაჩქარებულია და შედეგების სანახავად, ალბათ, ბევრი დრო არ დაგვჭირდება.    

გელა მამულაშვილი

გამოქვეყნდა გაზეთ "ქრონიკა პლუსში"

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია