მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„თუ საქართველო ხელს გაიწვდის ფარისა თუ ჯავშნის მოსაპოვებლად, ამ ხელს ძირში მოაჭრიან“ - 31 მარტი 2015

უსაფრთხოების კონცეფცია ბევრი მიმართულებით გადასახედია“

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებამ, რომ ნატოში გაწევრიანების მსურველებს ამ ეტაპზე უარი უნდა ეთქვათო, ახლო მომავალში ალიანსში გაწევრიანების მომლოდინეებს ცივი წყალი გადაასხა. ამ ფონზე, რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ატარებს და ყველას მიანიშნებს, თუ ვინ არის რეგიონში ბატონ-პატრონი. საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დამოუკიდებელი განვითარების პერსპექტივა კვლავ დიდი გამოწვევების წინაშე დგას.

არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო პერსპექტივებზე, უსაფრთოების საკითხებში ექსპერტნიკა ლალიაშვილს ვესაუბრებით:

- 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, თითქმის 20% ოკუპირებულია და ამ ტერიტორიებზე სხვა ქვეყნის შეიარაღებული ძალები არის განლაგებული. ეს სერიოზული პრობლემაა ნებისმიერი ქვეყნის, ამ შემთხვევაში საქართველოს უსაფრთხოებისთვის.

- ბოლო სამხედრო წვრთნები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რისკენ არის მიმართული?

- სამხედრო მანევრები თავისთავად მნიშვნელოვანია იმ ხაზით, რომ საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება, მისი ამაღლება ხდება; გარკვეული სიმულირებული სამხედრო ამოცანების, ანუ ხელოვნურად მოდელირებული ამოცანების გადაწყვეტა მიმდინარეობს. ამ წვრთნებში ჩართულია ყველა ის ძალა და სამხედრო ნაწილი, რომელიც კონკრეტულ ლოკაციაში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის განლაგებული.

მოკლედ, ყველა სამხედრო წვრთნას თავისი ამოცანა და სამიზნე აქვს.

- რამდენად შესაძლებელია ამ ტიპის მანევრების შედეგად სამხედრო აგრესიის გადმოტანა საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე; რა გზავნილია ეს აღნიშნული მიმართულებით?

- კრემლს არანაირი გზავნილი არ სჭირდება თბილისისთვის და ამ შემთხვევაში, წვრთნების პოლიტიკური სარჩული არ უნდა ვეძებოთ. რუსეთს თუ რაიმე პოლიტიკური მესიჯის განხორციელება სჭირდება, ამას ძალიან მარტივად და უხეშად ახორციელებს. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში საქართველო აბსოლუტურად უსუსურია, რომ წინ აღუდგეს რუსეთის რაიმე სამხედრო მიზნების განხორციელებას.

ასე რომ, არ უნდა ვეძებოთ ის მომენტი, რომ რეალურ მუქარას შეიცავს აღნიშნული წვრთნები. თავისთავად ის, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებულია უცხო სახელმწიფოს სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა, ეს უკვე მუქარაა. ამიტომ რაიმე დამატებით მესიჯს ამ წვრთნებში მე ნამდვილად ვერ ვხედავ.

- უკრაინის მოვლენების შედეგად, მიიღო თუ არა ახალი დივიდენდები რუსულმა მხარემ საქართველოსთან მიმართებაში?

- არაფერი მიუღია; ყველა დივიდენდი, რაც მას სჭირდებოდა, საქართველოსგან უკვე განაღდებული აქვს. რაც უნდოდა, ეს ყველაფერი რეალურად განახორციელა კიდეც; დაარღვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, პრაქტიკულად ძალიან დიდი ხნით, დაამუხრუჭა საქართველოს ეკონომიკური განვითარება და კარები ჩაუკეტა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.

- ამ კონტექსტში, როგორ უნდა განვიხილოთ საფრანგეთის პრეზიდენტის ცნობილი, ნატოს გაფართოების საწინააღმდეგო განცხადება?

- სრულიად ცხადია, რომ ნატოს გაფართოება ძალიან სკეპტიკურად არის აღქმული რიგი ევროპული ქვეყნის მიერ და მათი ეს პოზიცია რასაკვირველია, გამოწვეულია რუსეთის ფაქტორით.

- ნატოს საწვრთნელი ცენტრი რა შედეგებს მოგვიტანს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით?

- თბილისში საწვრთნელი ცენტრი ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც სამხედრო ბაზა. ეს იქნება ერთგვარი ცენტრი, რომელშიც ქართველი სამხედროები, ოფიცრები გარკვეულ მომზადებას გაივლიან. ვიმეორებ, ეს ცენტრი პოლიტიკურად შეიძლება განსაკუთრებულად არაფერს ნიშნავს და უკვე ოლანდის განცხადების შემდეგ ცენტრის არსებობა საერთოდ არ განაპირობებს, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით ამას შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს, რადგან კიდევ უფრო მეტი ქართველი ოფიცერი კვალიფიციურ კურსებს გაივლის.

- ამ არცთუ სახარბიელო რეალობის გათვალისწინებით, ქართულმა მხარემ რა ნაბიჯები უნდა გადადგას საკუთარი უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად?

- საქართველოსთვის საფრთხის შემცველი მთავარი წყარო არის რუსეთი, იქიდან მოდის რეალური გამოწვევები. თუკი აქამდე ქართული პოლიტიკური აზრი ყალიბდებოდა იმ იდეის ირგვლივ, რომ ქვეყანა მოიპოვებდა საიმედო დამცავ ჯავშანს ნატოში გაწევრიანებით, ოლანდის განცხადების შემდეგ ნათელი გახდა, რომ განჭვრეტად მომავალში ეს ჯავშანი და ფარი საქართველოს ხელში არ აღმოჩნდება; და თუკი თბილისი ხელს გაიწვდის ამ ფარისა თუ ჯავშნის მოსაპოვებლად, მას ამ ხელს ძირში მოაჭრიან.

შესაბამისად, ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფცია ბევრი მიმართულებით გადასახედია; პარადოქსულია, მაგრამ ამ შემთხვევაში ფარისა და ჯავშნის ძებნა საქართველოს კიდევ უფრო მეტ საფრთხეებს შეუქმნის. საერთოდ, ყოველთვის ასე იყო - თუ დავაკვირდებით საქართველო-ნატოს და მეორე მხრივ, საქართველო-რუსეთის ურთიერთობების განვითარების გრაფიკს, მარტივად დავინახავთ, რომ რაც უფრო უახლოვდებოდა თბილისი ნატოს, მით უფრო მოწყვლადი ხდებოდა მისი ეროვნული უსაფრთხოება რუსეთის მხრიდან.

ბუქარესტის სამიტის შემდეგ, როდესაც კომუნიკეში ჩაიწერა აბსოლუტურად ბუნდოვანი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ოდესმე გახდება ნატოს წევრი, ამან მოვლენები კიდევ უფრო დააჩქარა - რუსეთის სამხედრო აგრესიის პედალირება მოახდინა. ამის შემდეგ შეიქმნა რაღაც ფორმატები, სასწავლო ცენტრი და .. მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ-დიპლომატიური მიღწევებია და მის უკან, სამწუხაროდ, არ დგას ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა; რაც ჩვენ მხოლოდ იმისთვის გვჭირდებოდა, რომ საჭიროების შემთხვევაში ამოქმედებულიყო ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლი, რაც ნატოს წევრ ქვეყნებს ავალდებულებდა დაეცვათ ასევე ალიანსის წევრი ქვეყანა სამხედრო აგრესიისგან.

ასე რომ, ჩვენ სამწუხაროდ ვერ მივაღწიეთ მაპსაც კი (ნატოში გაწევრიანების სამოქმედო პროგრამაბუქარესტის სამიტზე, როცა ძალიან ახლოს ვიყავით აღნიშნულ მიზანთან. ალბათ გახსოვთ, რომ 2008 წელს საქართველოსთვის მაპის მისანიჭებლად უპრეცენდენტო მხადაჭერა იყო აშშ- პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან. ბრიუსელში, ჯორჯ ბუში ევროპელ ლიდერებს პირად საუბრებში არწმუნებდა, რომ თბილისისთვის მხარი დაეჭირათ მაპის მინიჭების საკითხში. იმ პერიოდში ძალიან მაღალი იყო საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი; აბსოლუტურად ცალსახა იყო ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის ნება, რომ საქართველო გამხდარიყო ალიანსის წევრი.

შეგახსენებთ, რომ ბუქარესტის სამიტს წინ უძღოდა 2008 წლის იანვარში ჩატარებული პლებისციტი, რომელშიც მოსახლეობის 77%-მა ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. იმ პერიოდში ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული რუსეთის ღია სამხედრო აგრესია, აქტიურ ფაზაში არ იყო შესული კრემლის ექსპანსიონისტური ამბიციები.

ასე რომ, მაშინ ბევრად უფრო ხელსაყრელი პერიოდი იყო საქართველოსთის. სამწუხაროდ, ამ ყველაფერმა არ იმუშავა და ჩვენთვის  მაპის მინიჭების საკითხი დაბლოკეს; სწორედ იმ ევროპულმა ქვეყნებმა, რომლის ერთ-ერთი უმაღლესი პირი დღეს უკვე ღიად აცხადებს, რომ სკეპტიკურად უყურებს საერთოდ ნატოს გაფართოების საჭიროებას.

დღეს საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტის პარამეტრები შემცირებულია; აშშ- პრეზიდენტის ადმინისტრაცია ბევრად უფრო იზოლაციონისტურია, ვიდრე მაშინ იყო და ბევრად ნაკლებ მარდაჭერას უცხადებს ნატოს გაფართოებას; საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს ერთიანი პოზიცია, უფრო სწორად, მკაფიო პოზიცია ნატოში გაწევრიანებასთან მიმართებაში, როგორც ეს 2008 წელს იყო; დღეს რომ პლებისციტი ჩავატაროთ იგივე შეკითხვით, ბევრად უფრო ნაკლებ მხარდამჭერ პროცენტს მივიღებთ; ამ ფონზე, მით უმეტეს, ოლანდის განცხადების შემდეგ (რაც მანამდე ვიწრო ექსპერტებმა და ჩინოვნიკებმა, რომლებიც მოლაპარაკებაში ჩართული იყვნენ, მშვენივრად იცოდნენ და ჩვენი ფართო საზოგადოებისთვისაც ცნობილი გახდა) ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე აბსურდული იქნება ნებისმიერი საუბრები, რომ ნატოს კარებზე კაკუნის გაგრძელებით ეს კარი გაიღება.

რასაკვირველია, ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ კარებზე კაკუნი, დემოკრატიული რეფორმების გზა, ინსიტუტების მშენებლობა, ეს პოლიტიკური გემოვნების საკითხია; კარგი იქნება, თუ რეფორმები გაგრძელდება და ქართველი სამხედროები მომზადებას ნატოს სტანდარტების შესაბამისად გაივლიან; მაგრამ ჩვენ მკაფიოდ უნდა ვიცოდეთ, რომ უახლოეს მომავალში ნატოს კარებს არავინ გაგვიღებს. განჭვრეტად მომავალშიც კი ეს ძნელად წარმოსადგენი პერსპექტივაა

ამის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია ცვლილებების შეტანა ისეთ ფუნდამენტურ დოკუმენტში, როგორიც არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია.

- ქვეყნისთვის ერთგვარ გამოსავალს მაინც სად ხედავთ?

- საქართველო საკუთარი სამხედრო ძალებით ვერ გაუმკლავდება ისეთი რისკს, როგორიც არის რუსეთის შეიარაღებული ძალების პოტენციური, სავარაუდო  ექსპანსია. ეს ფაქტია და საქართველოს ეს არ შეუძლია თავისი შეიარაღებული ძალების, ტექნიკის რაოდენობიდან გამომდნარე; უბრალოდ, ფიზიკურად შეუძლებელია მარტო წინ აღუდგეს რუსეთის ფედერაციის რეგულარულ ნაწილებსა და შეიარაღებულ ძალებს; თუკი ჰიპოთეტურად ვივარაუდებთ, რომ შესაძლებელია ასეთი შეჯახება კიდევ მოხდეს.

რაც გვაქვს, ჯერჯერობით გაყინული მდგომარეობაა, რომელიც ისევ რუსეთის ინტერესებშია. რასაკვირველია, ასეთი სიტუაცია არ აწყობს საქართველოს. მაგრამ აქ პოლიტიკური და დიპლომატიური მუშაობის გარდა, მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. თუმცა არც პოლიტიკურ-დიპლომატიური მუშაობის განვითარებით მაქვს იმედი, რომ რაიმეს მივაღწევთ და დიპლომატიითა და პოლიტიკით შევძლებთ ვაიძულოთ რუსეთი, რომ მოახდინოს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და დატოვოს ტერიტორიები.

შესაბამისად, ეს მდგომარეობა ჩვენ შეიძლება დავახასიათოთ როგორც ერთგვარი ჩიხი, ის სტატუს-ქვო, რომელიც არსებობს ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ და აგრესორის მიერ გამოვლენილი ნების შესაბამისად.

გელა მამულაშვილი

გამოქვეყნდა გაზეთ "ქრონიკა პლუსში" 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია