მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ვინ აგებს ქვეყანაში არსებულ კრიზისზე პასუხს? - 30 აპრილი 2015

ქვეყანაში რომ კრიზისია, ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. დაცემული ლარი, გაძვირებული ცხოვრება, ყოველდღიურად ზრდადი საბანკო პროცენტები და ა.შ. ადამიანების ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის. ამ ფონზე, პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები მოვლენებს თავისი სამრეკლოდან აკვირდებიან და შეფასებებიც რადიკალურად განსხვავებული აქვთ. 

დავიწყოთ ექსპრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სურვილია, როგორმე ჩამოინგრეს და ჩამოიშალოს ქვეყნის ეკონომიკა და ხელი შეეშალოს ინვესტიციების შემოსვლას. როგორც ივანიშვილმა გადაცემა „კვირის 20/30-ში“ განაცხადა, ამის მიღწევას ყოფილი სახელისუფლებლო პარტია სიცრუის ტირაჟირებით ცდილობს.

ბიძინა ივანიშვილი: „რატომ გაჩნდა საზოგადობაში შფოთვა და ბევრი ეთანხმება ოპოზიციას, რომ ხელისუფლება არის სუსტი და უუნარო, უნიათო ეს იმიტომ, რომ ყველაზე კარგად ამ მონაპოვარით, რაც საზოგადოებამ მიიღო, ისევ ყოფილი მთავრობა და ოპოზიციად შერაცხული „ნაციონალური მოძრაობა“ სარგებლობს.

 ის ისევ განაგრძობს საკუთარ საზოგადოებაზე ძალადობას, რაც ამ შემთხვევაში, სიცრუით ხდება. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სიცრუით მოახერხონ და ჩვენს ქვეყნაში არ შემოვიდეს ინვესტიცია. პერმანენტულად იბრძვიან და ამბობენ, რომ ეკონომიკა ინგრევა, კრიზისია, ჩამოიშალა ეკონომიკა, დაინგრა ქვეყანა.

ამ დროს მსგავსი არაფერი არ ხდება. საუბრობენ იმის შესახებ, რომ კრიმინალი გაიზარდა, რამეთუ იციან, რომ  თუ კრიმინალის ზრდას დაასაბუთებენ, ეს ინვესტორისთვის სახიფათოა. ეკონომიკა თუ კრიზისშია გასაგებია, რომ ინვესტიციები არ უნდა შემოდეს.

თუ კრიმინალი იზრდება და პოლიცია ვერ ართმევს თავს თავის ფუნქციებს, ესეც, რა თქმა უნდა, ინვესტიციების შემოდინებას აფერხებს და აჩერებს. ყველაფერ ამას ნერგავენ და აკეთებენ, რომ როგორმე მიიღონ, ამის დიდი სურვილი აქვთ, როგორმე ჩამოინგრეს და ჩამოიშალოს ქვეყნის  ეკონომიკა. პირველი დღიდან, რაც მოვედით მოყოლებული შემოტევაა, ეტაპობრივად დღე არ გავა, არ აღნიშნონ,  რომ ინგრევა და ჩამოიშალა ეკონომიკა და საზოგადოება, რომელიც ხედავს, რომ ისინი ცრუობენ, ამიტომაც ჩნდება კითხვები. რაც დაგვარქვეს უნიათო მთავრობა, საზოგადოების ნაწილი ეთანხმება მათ, რამეთუ მათგან ისე არიან გაღიზიანებული, რომ ისევ ესენი გამოდიან და ისევ ესენი ძალადობენ ტელევიზიებით, ამასაც აბრალებენ მთავრობას“.

ექსპრემიერის თქმით, ოპოზიცია საკუთარ როლს უაღრესად ცუდად და უხეშად ასრულებს:

„ოპოზიციის ნაწილს პოლიტიკა აქვს პროფესიად. მათი ვალდებულება მხოლოდ მთავრობის კრიტიკა და ლანძღვა არ არის. მათ უნდა იზრუნონ ქვეყნის განვითარებაზე. მთავრობის ოპოზიციონერობა ქვეყნის ოპოზიციონერობაში არ უნდა გადავიდეს. მათ მუდამ უნდა ახსოვდეთ, რომ ეს მათი ქვეყანაა და უნდა ჰქონდეთ ვალდებულების განცდა, იზრუნონ ქვეყნის განვითარებაზე. შესაბამისად, მარტო გინებით, ლანძღვით და ყვირილით ეს არ კეთდება. მათ უნდა გადადგან კონსტრუქციული ნაბიჯები, არგუმენტირებულად შემოიტანონ იმაზე უკეთესი, რასაც მთავრობა აკეთებს. რაც კარგი კეთდება, ამას მხარი უნდა დაუჭირონ და აღიარონ, რომ ეს კარგია. ქვეყნის განვითარებაში ოპოზიციას აქვს უდიდესი, ძალიან მნიშვნელოვანი როლი“.

მისივე აზრით, ოპოზიცია „ძალიან ცუდ მდგომარეობაშია“. „მე რომ ქვეყნის მტრად დამასახელებ, ან სხვას, ვისაც მსგავსი არაფერი გაუკეთებია, ეს მართლა საოცრებაა“, - დასძინა ივანიშვილმა. ექსპრემიერ მინისტრი იმასაც ამბობს, რომ დღეს დემოკრატიით ყველაზე კარგად ოპოზიცია სარგებლობს.

თავის მხრივ, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ლარის კურსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების კომენტირებისას აცხადებს, რომ თუ ასე გაგრძელდა ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება და შესაბამისად, მოსახლეობა კიდევ უფრო რთულ ვითარებაში. როგორც ბუჯანაძემ აღნიშნა, სამწუხაროდ, მისი და იმ ადამიანების პროგნოზები რეალურია, რომლებიც საქართველოს სერიოზულ ფინანსურ და ეკონომიკურ პრობლემებს უწინასწარმეტყველებდნენ. მისივე თქმით, ეს ყოველდღიურად მტკიცდება:

„ლარის კურსი ერთი პერიოდი თითქოს შეჩერდა და ახლა კვლავ მყისიერი გაუფასურება დაიწყო. როგორც ჩანს, ეს პროცესი გაგრძელდება. თუ ხელისუფლებამ სასწრაფოდ ზომები არ მიიღო, შეიძლება, 2.4-ს მიაღწიოს, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის ნამდვილად კატასტროფის ტოლფასი იქნება და ეს საბოლოო ზღვარი კიდევ არ არის. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ მოსახლეობას ლარის კურსის გაუფასურება ძალიან სერიოზულ პრობლემებს უქმნის. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ მოსახლეობისთვის ეს ძალიან მტკივნეულია. ასევე მოსახლეობისთვის კიდევ უფრო მტკივნეულია ის, რომ ხალხი ხედავს, იმის ნაცვლად ქვეყნის ხელისუფლება დაკავებული იყოს რეალური პრობლემების მოგვარებით, ხელმძღვანელობაში კინკლაობით არიან დაკავებულები“.

ნინო ბურჯანაძემ იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რამაც ლარის კურსის გაუფასურება გამოიწვია:

„ვერ ვიტყვით, რომ ის რაც ხდება, მხოლოდ საგარეო ფაქტორების ბრალია, ან მხოლოდ იმის ბრალია, რომ ეროვნული ბანკი ინტერვენციას არ ახორციელებს - ეს ყველაფერი მეორადია. მთავარი პრობლემაა ის, რომ ჩვენ, სამწუხაროდ, საექსპორტო პოტენციალი არ გვაქვს, რომ ჩვენი საწარმოები რეალურად არ მუშაობს. მარტო რუსეთთან ვაჭრობა რომ ავიღოთ, შარშანდელ პირველ სამ თვესთან შედარებით, 10%-დან 5.4%-მდეა დაწეული ექსპორტი. არაფერს ვამბობ, თუნდაც უკრაინის შემთხვევაზე გასაგები მიზეზების გამო. რაც არ უნდა ილაპარაკოს ქვეყანამ ინვესტიციებზე, როდესაც ინვესტორი ხედავს იმას, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა დაკავებულია არაფრის მომცემი კინკლაობით, როდესაც ინვესტორი ხედავს, რომ მთავრობაშიც კი არის რეალური დაპირისპირება, რაც ჩანს ტელეეკრანებზე, როდესაც ინვესტორი ხედავს, როგორ ელაპარაკება მინისტრის მოადგილე, რომელსაც ზურგს ეტყობა ვიღაც უმყარებს, პრემიერ-მინისტრს და როგორ კამათობენ ერთამენთთან პრემიერ-მინისტრი და მინისტრები - ეს არ არის ჯანსაღი და საქმიანი კამათი, არამედ არაფრისმომცემია, აქ ინვესტიციების მოზიდვაზე ლაპარაკი ზედმეტია. თუ ასე გაგრძელდა ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება და შესაბამისად, მოსახლეობა კიდევ უფრო რთულ ვითარებაში, ამიტომ ხელისუფლებამ სასწრაფოდ ან რამე უნდა იღონოს, ან უბრალოდ ის უნდა შეიცვალოს“.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ პირველ რიგში, ხელისუფლებამ უაზრო კამათსა და დაპირისპირებას თავი დაანებოს და ანტიკრიზისული გეგმა დადოს:

„ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რეალური ინვესტიციების მოზიდვა მართლაც განხორციელდეს, რადგან ეს არის რეალურად სერიოზული გამოსავალი. ეკონომიკა უნდა ამუშავდეს. თუ ეს არ მოხდა, საწარმოები რეალურად არ ამუშავდა, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი არ გაზიარდა, ლარის კურსი ნამდვილად ვერ გაჩერდება“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

არსებულ რეალობაზე, პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ვესაუბრებით: 

- წმინდა ეკონომიკურ პარამეტრებზე ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ, მაგრამ მოსახლეობის განწყობილებაა (რასაც საქონლის, ცხოვრების გაძვირება იწვევს და რაც ყველგან შეინიშნება), რომ პროცესი ნამდვილად უკან მიდის და მისი შეჩერება ვერანაირი ძალისხმევით ვერ მოხერხდა.  ეს რაღაც სასოწარკვეთის მაგვარ პრობლემა ბადებს და ქუჩებში ამ მდგომარეობაზე უკვე ღია ლაპარაკი მიმდინარეობს.

- მთავრობის დამოკიდებულება ამ რეალობისადმი რამდენად ადეკვატურია? 

- ადეკვატური უნდა იყოს იმ თვალსაზრისით, რომ როგორც მინიმუმი, მთავრობამ კონკრეტული და რადიკალური ამოცანა უნდა დასვას; და თუ ამ ამოცანას თანამდებობის პირთა გარკვეული ჯგუფი (რადგან მეეჭვება, ეს რომელიმე ერთი თანამდებობის პირს ეხებოდეს, პრობლემა კომპლექსურად დგას) ვერ გადაწყვეტს, მაშინ ეს ჯგუფი ახლით უნდა შეიცვალოს; დროულად უნდა მოიძიონ ამ გადაუდებელი ცვლილების მექანიზმები. 

მაგალითად, ახლახან ერთ-ერთ ინტერვიუში სოსო ცისკარიშვილმა ბრძანა, რომ სანამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ის იქნება, ვინც ახლა არის, არაფერი გვეშველებაო. კი ბატონო, ვეთანხმები სოსოს, რომ აღნიშნულ პროცესში ერთ-ერთ რგოლად ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობა მოიაზრება. მაგრამ ამ პასუხისმგებლობის დაყენება და მის მიხედვით ცვლილებების გატარება, სხვას არავის ხელეწიფება, გარდა ხელისუფლებისა. 

ამ მხრივ, მოსახლეობა პასიურობას რომ ხედავს, ფიქრობს, რომ ან არ უნდა ხელისუფლებას, ან არ შეუძლია იმ რადიკალური ნაბიჯების გადადგმა, რასაც სიტუაციის გაუმჯობესება მოითხოვს. არც ერთი მიზეზი და არც მეორე მოსახლეობას ხელისუფლებაზე სასურველ შთაბეჭდილებას არ დაუტოვებს; მთავრობისთვის არც ერთი ვერსიაა სასურველი და არც მეორე. 

ამიტომ არ მესმის, თუნდაც მოახლოებული არჩევნების გამო, რატომ არ უწევენ ამას ანგარიშს.

- მიზეზებზე საუბრისას ორი მთავარი აქცენტი კეთდება – საგარეო ფაქტორები და შიდა მართვის პრობლემები; რას უფრო აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა? 

- თქვენს წინა კითხვას რომ დავუბრუნდეთ, ანუ აკეთებს თუ რა ხელისუფლება ყველაფერს, რაც ჩვენი თვალთახედვის დონეზეც გასაკეთებელია - დავუშვათ საკადრო და საკანონმდებლო ცვლილებები; რახან ერთი ან მეორე არ კეთდება, უკვე შთაბეჭდილება გრჩება, რომ არ კეთდება ის, რაც რეალურად გასაკეთებელია; მინიმუმ ეს ნაბიჯები ხომ გადასადგმელია? ამ დროს, ხელისუფლებას აქვს მოდელი, რომ მხოლოდ საგარეო ფაქტორებია და შიდა მიზეზები არ მოქმედებსო. რომ დაზამთრდება და აცივდება, ეს რასაკვირველია, საგარეო ფაქტორია; მაგრამ ბინა თუ არ გავათბე, ეს უკვე ჩემი ბრალია. ანუ ჩვენ რომ ძალისხმევას ვხედავდეთ თუნდაც საკადრო საკითხებში (რაც ზედაპირზე გამოჩნდებოდა) ეს შთაბეჭდილება არ დარჩებოდა. 

ხოლო ეს პასიური ყურება საგარეო ფაქტორების მოქმედებაზე, ისევ და ისევ ცუდ სამსახურს უწევს თვითონ ხელისუფლების იმიჯს. 

- ეროვნული ბანკი ახსენეთ, მთავრობის ეკონომიკური გუნდი რამდენად პასუხისმგებელია შექმნილ მდგომარეობაზე? 

- ეროვნული ბანკი ცისკარიშვილის რეპლიკის ციტირებისას ვახსენე. ბანკი ყველაზე ძნელი პოზიციაა, რადგან ვიცით, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კანონი იცავს; ასე ადვილი არ არის მისი შეცვლა. მაგრამ ისიც მოგახსენეთ, რომ ძალიან საეჭვოა მთელი ეს პროცესი ერთი რომელიმე უწყების ფუნქციიდან გამომდინარეობდეს. როგორც წესი, ფინანსები ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე მოვლენაა, მე ამას უკვე ფსიქოლოგიიდან მოგახსენებთ. ძალიან უფრთხილდებიან ხოლმე ფინანსიტები ისეთ მოვლენებსაც კი, როგორიცაა ზედმეტი ინფორმაცია ამა თუ იმ პროცესზე; რომ არ გაჩნდეს მოსახლეობის მწვავე რეაქცია, პანიკას რომ უწოდებენ; შეძლებისდაგვარად რაციონალური დამოკიდებულების გამომუშავება მოხდეს მოსახლეობაში და ა.შ. 

როცა თემა ფსიქოლოგიურად ასეთი მგრძნობიარეა, ის არასოდეს არ არის ერთი უწყების მოქმედების სფერო; როგორც წესი, ამგვარად მგრძნობიარე მოვლენების ცვლილება ყოველთვის ბევრი ფაქტორით არის განპირობებული. ამიტომ ვამბობ, რომ მხოლოდ საგარეო ფაქტორი საეჭვოა რომ არსებულ მძიმე  სურათს იძლეოდეს. სავარაუდოა, რომ აქ ფაქტორების დიდი რიცხვი მოქმედებს და ეს, ალბათ, შესაბამის უწყებათა ხელმძღვანელების მიმართაც ითქმის. ის კი არა, მარტო ეკონომიკურ ბლოკსაც არ ვიტყოდი, მთელი მინისტრთა კაბინეტია აქ პასუხისმგებელი. მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრს მოსახლეობის ამა თუ იმ ჯგუფთან ურთიერთობა აქვს და შესაბამისი პასუხისმგებლობაც გამოკვეთილია.      

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია