მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კიდევ ერთი უდანაშაულო მსხვერპლი ოკუპირებულ აფხაზეთში - მოზარდი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ არ გადმოატარეს - 15 მაისი 2015

„ეს არის გულაგი, ქართველების დიდი საკონცენტრაციო ბანაკი ჩვენსავე ტერიტორიაზე“

ერთი კვირის წინ, 12 წლის მოზარდი ირაკლი ცაავა, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა სამკურნალოდ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადმოატარეს, გარდაიცვალა. შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის შალვა ენუქიძის განცხადებით, მოზარდს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა. 

„ამ ბავშვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონია. მოსულან ენგურის ხიდთან, რუსებს უთქვამთ, რომ ნაბაკევით გადაიყვანეთო და ამ გადასვლის პროცესში ბავშვი გარდაცვლილა“, - განაცხადა ენუქიძემ, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია მოზარდის ოჯახთან დაახლოებული პირებისგან მიიღო. 

საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის საოკუპაციო ძალების მორიგი უკანონო ქმედების გამო. 

„2015  წლის 4 მაისს ირაკლი ცაავა მძიმე დიაგნოზით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადმოსვლას ეცადა, როდესაც საოკუპაციო ძალებმა არ მისცეს მას საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთის საშუალება, რამაც ფატალური შედეგი გამოიწვია. 

ზემოხსენებული შემთხვევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ სავალალო მდგომარეობას. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად, რუსეთის საოკუპაციო ძალები განაგრძობენ ადამიანის უფლებების, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების უფლების უხეშ დარღვევას, რასაც ხშირ შემთხვევაში რიგითი მოქალაქეების სიცოცხლე ეწირება. შექმნილი ვითარება განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ადგილზე მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების არარსებობის ფონზე. 

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას კვლავ არ ეძლევა მანდატის შესაბამისად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს - ადგილზე ვიზიტის განხორციელების შესაძლებლობა", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

საგარეო უწყება კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, პატივი სცეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და არ მოახდინოს ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზება. 

ამ თემაზე, „აფხაზთა კრების“ ხელმძღვანელს, მალხაზ პატარაიას ვესაუბრებთ: 

- გალელი ირაკლი ცაავას ტრაგედია ენგურის ხიდზე მოსვენებას არ მაძლევს. დიდი ხანია ვყვირით, მიხედეთ ჩვენს დაბეჩავებულ თანამემაულეებს-თქო, მაგრამ ვინ მოგისმინა? სიბრაზისაგან ყელში ბურთი გებჯინება ამ გულგრილი გარემოს გამო.

უკეთესად სუნთქავენ თურმე დღეს გალელები, - ასე გამოეხმაურა ჩვენს მორიგ განგაშის ზარებს „სასახელო“ მინისტრი ზაქარეიშვილი. აფხაზეთის მთავრობა კიდე, საკუთარ თავს ლეგიტიმურს რომ უწოდებს, საერთოდ დამუნჯებულია გალელთა პრობლემების მიმართ.

არადა, ამასწინათ არ იკვეხნიდნენ, გალში მილიონის ღირებულების სამედიცინო აპარატურა გავაგზავნეთ, კიდევ 2 ცინცხალი რეანიმობილი და ექიმებსაც უხვად ვაფინანსებთო. კლიპიც გადაიღეს ამ თემაზე, საკუთარი თავის განსადიდებლად. რატომ არ მოხერხდა ამ ბავშვის შველა ადგილზე; რატომ არ არის გალის საავადმყოფოში რეანიმაციული განყოფილება; სად წავიდა აპარატურა და რეანემობილები? რას აკეთებენ ამ საავადმყოფოში ექიმები, თუკი რეანიმაციული განყოფილება არა აქვთ?

ჩვენი ინფორმაციით, არავითარი აპარატურა იქ ჩატანილი არ არის. რენტგენისა და ნარკოზის აპარატის გარდა, რომელიც იმდენად ძველისძველი იყო, ვერც კი ააწყვეს და საავადმყოფოს ეზოში ყრია. იმ ორი რეანიმობილიდან კიდე ერთი იმავე ეზოში დგას ქანდაკებად, რადგან არ ჰყავთ რეანიმატოლოგი; ხოლო მეორე ხაჯიმბამ იფეშქაშა და სადღაც გაგრისაკენ გააქანა. ეჭვი მაქვს, ჯანდაცვის პროგრამები გალში სხვა არაფერია, თუ არა დიდი შავი ხვრელი, რომლიდანაც გულაგის ინკვიზიტორები და ჩვენი ჩინოსნები ერთობლივად მსუყედ იკვებებიან.

ნაცვლად იმისა, რომ აფხაზთა კრების ორგანიზაციების სამართლიან კრიტიკაზე აფხაზეთის მთავრობის მინისტრები ბღუჯა-ბღუჯად გამოვარდნენ ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარის სახოტბოდ, იქნებ ამ კითხვებზე გვიპასუხონ; სად მიგაქვთ 14 მილიონი და კიდევ სხვა სახსრები, რომელიც საქართველოს ბიუჯეტიდან მოგდით სხვადასხვა პროგრამაზე?

ჩააბარეთ ანგარიში საზოგადოებას და შემდეგ უჩუმრად გაქრით რადარიდან, თქვე პარაზიტებო!

- რატომ არ გაატარეს გალელები ენგურზე და ნაბაკევისკენ წამოსვლა რატომ მოუწიათ? 

- იქ შემოვლითი გზები არსებობს, სადაც რუსი ოკუპანტები არ დგანან. სწორედ ამ დამატებით გადასასვლელზე მოძრაობდნენ გალელები, როცა ეს ტრაგედია დატრიალდა. რამდენადაც ვიცი, ე.წ. მესაზღვრეები გალელების საბუთებმა არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც შემოვლითი გზისკენ წამოვიდნენ, სადაც ადგილობრივები არაოფიცალურად გადადიან; შემდეგ ამის გამო მათ რუსები აჯარიმებენ და ა.შ. 

სხვათაშორის, ეს მომენტი სახალხო დამცველის განცხადებაშიც არის აღნიშნული. მსგავსი შემთხვევები ადრეც ყოფილა, მაგრამ ასეთი შედეგით არ დასრულებულა; იყო ცემის, დაპატიმრების და სხვა ფაქტები. რუსები მანდ ყოველ ფეხის ნაბიჯზე არ დგანან, არ პატრულირებენ და არის გადასასვლელები, სადაც მათი კონტროლის გვერდის ავლით გადაადგილება არის შესაძლებელი. 

ჩემი ინფორმაციით, ჯერ დედას არ ჰქონია საბუთები, გამობრუნებულს წამოუღია და რუსებს ისევ არ გამოუშვიათ, რადგან ახლა მოზარდის დოკუმენტები თვალში არ მოუვიდათ. 

- ეს შემთხვევა რაზე მიანიშნებს, რა მდგომარეობაა შექმნილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე? 

- ამას ერთი სახელი - გულაგი ჰქვია, ქართველების დიდი საკონცენტრაციო ბანაკი საქართველოსვე ტერიტორიაზე. ამის თაობაზე საკმაოდ წარმომადგენლობითი კონფერენცია ჩავატარეთ და ვრცელი მოხსენება გამოვაქვეყნეთ. ეს არის ქართველების ძალიან დიდი რეზერვაცია, საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკები რომ იყო, იმის მაგვარი. ბოლო ფაქტი მხოლოდ ადასტურებს აღნიშნულ მოსაზრებას. 

- სად მიდის საბიუჯეტო 14 მილიონი, რაზეც თქვენ საუბრობთ?

- ჯიპებში, საკუთარი კეთილდღეობისთვის. ამას, სხვათაშორის, თვითონაც არ უარყოფენ. ბიუჯეტის კანონი რომ ნახოთ, აღმოაჩენთ, რომ ხელფასებისა და მათი კეთილდღეობისთვის სადღაც 80% იხარჯება, ანუ აფხაზეთის ხელისუფლების სტრუქტურებისთვის; სოციალურ პროექტებზე სულ 5%-მდე მიემართება. 

- როდემდე გაგრძელდება გალელების უუფლებო მდგომარეობა? 

- უპირველესად, სანამ ხმას არ ამოვიღებთ და შემდეგ როგორც სახელმწიფო, ზომებს არ მივიღებთ. 

- კონკრეტულად რა ზომები არის მისაღები?

- ხმა უნდა ავიმაღლოთ და არა ისე, როგორც ზაქარეიშვილი ამბობს, რომ იქ თურმე ქართველების სუნთქვა გაუმჯობესებულა. არსებობს საერთაშორისო ასპარეზი, რუსეთზე ზემოქმედების სხვადასხვა ბერკეტები; რაც გამოსაყენებელია, ნომერ პირველი ის არის, რომ გალელების უმძიმეს ყოფაზე სრული სიმართლე ითქვას და ამ პრობლემატიკაზე ყველგან ხმამაღლა საუბარი დაიწყოს. 

მაგალითად, არის სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც თაროზე არის შემოდებული. გალელები ორჯერ პირდაპირი გენოციდის მსხვერპლი გახდნენ, 90-იან წლებში. ეს საქმეები დღეემდე მაუდის ქვეშ დამალულია. ასე რომ, ქართულ მხარეს ბევრი ბერკეტი გააჩნია; ოკუპანტი მხარე ამ საქმეებით მხილებულია, ეს პროკურატურაში დევს და თითს არ აკარებენ; 20 ორგანიზატორი და რვაასი შემსრულებელია შავბნელი საქმეების ქართველების წინააღმდეგ; არც ერთი ეს საქმე სასამართლოში წასული არ არის. 

- რატომ არ მიდის სასამართლოში? 

- ეს, ალბათ, სახელმწიფოს უნდა ვკითხოთ. ჯერ ერთი, გარკვეული სტერეოტიპების ზემოქმედების ქვეშ ვართ, რომ თითქოს ეს სამშვიდობო პოლიტიკას ხელს უშლის. მაგრამ თავზე ხელის გადასმით და დანაშაულის პატიებით, პოლიტიკა არავითარ შემთხვევაში სამშვიდობო პროცესად ვერ ჩაითვლება; დანაშაულის პატიება არ შეიძლება; კანონის წინაშე ყველა თანასწორია და აქ საუბარია საკაცობრიო დანაშაულზე, რომელიც არავის ეპატიება და მას არც ხანდაზმულობა აქვს. 

ეს არის ჩვენი აზროვნების სტერეოტიპი და ჩვენი სხვადასხვა ხელისუფლების სამწუხარო მიდგომა ამ ჭრილში; და მეორეა ბაბაიას ცნობიერება. ამ დროს, ეს იქნება პირდაპირი ბრალდება რუსეთის მიმართ და ალბათ, მისი განაწყენებაც არ სურთ.

- რა უნდა გაკეთდეს პირველ რიგში, რომ ჰუმანიტარულ, სამედიცინო სფეროში მაინც ვითარება დარეგულირდეს და მსგავსი ტრაგედიები არ გამეორდეს? 

- მიდგომა კომპლექსური უნდა იყოს. როდესაც ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით მასობრივი დარღვევები არსებობს, ამაზე სათანადო რეაგირება, ამ საკითების მაქსიმალური აქტუალიზაცია არის საჭირო; ეს უფლებადაცვითი სფეროსთვის ანი და ბანია. მაგალითად, თუ პატიმარს ციხეში ცუდად ეპყრობიან, მისი მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია მხოლოდ  იმით, რომ ეს საკითხი გასაჯაროვდება; და არა იმ გზით, რომ პრობლემა შეინიღბოს, დაიმალოს და ა.შ. ეს კიდე უფრო გააუარესებს მის მდგომარეობას. მაქსიმალური საჯარობაა არის საჭირო. მწვავე პრობლემები მთელ მსოფლიოს უნდა მოვდოთ, გაეროს ტრიბუნიდან დაწყებული, დასავლურ, ევროპულ სტრუქტურებს მივაწვდინოთ. 35 ათასი საქართველოს მოქალაქის, ეთნიკური ქართველის უფლებების მასობრივი და უხეში დარღვევები გვაქვს. პრაქტიკულად, საქართველოში მონობა გვაქვს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით; ამაზე რეაგირება მხოლოდ ზემოაღნიშნული გზით ხდება. მათ შორის, უპირველესად, სამედიცინო სფეროში, რადგან განსაკუთრებით მგრძნობიარე საერთაშორისი სამართლებრივი აზრი, სწორედ ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლებისადმია. 

სხვათაშორის, მანდ მეორე საავადმყოფო არსებობს, რომელიც ენგურჰესის მუშაკებს ემსახურება, ალბატ იცით. ის შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია, მაგრამ მხოლოდ მათ მკურნალობს. ანუ, რაღაც დონეზე ამ საკითხების გადაწყვეტა შესაძლებელია. 

ამასთან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვას საერთაშორისო სამართალი უფრო ფართო ცნებას აძლევს - საუბარია უცხო სახელმწიფოს ეფექტიანი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე; მოგეხსენებათ, ოკუპანტი არ აღიარებს ხოლმე, რომ ის დამპყრობელია; ამიტომ ევროპულმა სასამართლომ ასეთი ცნება შემოიღო -ამ ტერიტორიაზე ადამიანის ყველა უფლების დაცვაზე პასუხისმგებელია სწორედ ის სახელმწიფო, რომელიც ასეთ კონტროლს ახორციელებს.  

ასე რომ, თუ ჩვენ არაფერი ვთქვით, პირში წყალი ჩავიგუბეთ და ის კი ვთქვით, რომ გალში დღეს უკეთესად არიან ქართველები, ვიდრე სხვა დროს იყვნენო, მათი მდგომარეობა კიდე უფრო დამძიმდება, მათ შორის ჯანდაცვის სფეროში. 

ამას გარდა, ყოლბაიას აპარატს კლიპიც აქვს გადაღებული, რომ მილიონის სამედიცინო აპარატურა იქ გაიგზავნა, ორი რეანიმობილი არის მიწოდებული, წიგნები ჩადის და ა.შ. ეს პროკურატურის მხრიდან ნამდვილად მოსაკითხი აბავია, თუ რატომ ხდება ეს და რასთან გვაქვს საქმე - ადამიანებზე ზრუნვაა, თუ კორუფცია... 

ამასთან, მთავრობის ყოველწლიური სპეციალური დადგენილებაა - გალში 18 სამედიცინო დაწესებულებას და ძალიან ბევრ ექიმს ჩვენი ბიუჯტიდან ხელფასი ეძლევა, როგორც მასწავლებლებს. როგორც წავიკითხე, ამ მოზარდს რაც ჰქონდა, აღნიშნული დიაგნოზით უეცარი სიკვდილი არ დგება, მისი შველა შეიძლებოდა. ამ ფონზე, საქართველოს ხელისუფლების მიერ წლიდან წლამდე დაფინანსებული 18 დაწესებულება რა ტიპის ობიექტებია, მათზე რა თანხები იხარჯება, სად მიდის ეს ფული? თუ ადგილზე ასეთ ელემენტარულ რაღაცას ვერ უზრუნველყოფენ, მაშინ ეს საქართველოს ბიუჯეტზე რატომ არის მიბმული? რაში იხდის გადამხდელი ამ თანხებს? პრემიერის დადგენილებაში ამ დაწესებულებების ჩამონათვალი შეგიძლიათ წაიკითხოთ, სად წავიდა ორი რეანიმობილი, ვის გადასცეს, რუს ჯარისკაცებს? 

რატომ არ აკეთებენ კვლევებს, როგორია ჯანდაცვის მდგომარეობა გალის რაიონში, რატომ არ აწვდიან ობიექტურ სურათს, მეტი რა უნდა გააკეთოს აფხაზეთის მთავრობამ და უმაღლესმა საბჭომ? სადმე ეს წაგიკითხავთ ან გაგიგიათ? ამ თემაზე მათი საუბარი გსმენიათ? ამ დროს, რაღაც გამოფენებს ხსნიან. კი ბატონო, გახსნან, მაგრამ სულ ახლახანს ორმოცი კაცი გაყვა პრაღაში ერთი მემორიალის გახსნაზე; ამას აფხაზეთის მთავრობის ვებ-გვერდზე ნახავთ; ეს იმ დროს, როცა ქართულ საზოგადოებას უნდა აცნობონ მაინც, თუ რა მდგომრეობაა გალის რაიონში. მათ ხელფასს ამაში ვუხდით.

რაც მთავარია -  აფხაზთა კრების ორმა ორგანიზაციამ მივმართეთ და სივრცე დახურული აქვთ, საჯარო ინფორმაციას მათგან ვერ მიიღებთ; ანგარიში ბიუჯეტის შესრულებაზე მოვითხოვეთ; ჯერ ერთი, არც აქვეყნებენ და მეორე, არც გასცემენ საჯარო ინფორმაციას. 

- მიზეზად რას ასახელებენ? 

- საერთოდ არაფერს პასუხობენ, ასეთი მდგომარეობაა აფხაზეთის სტრუქტურებში. მაგრამ ვინმე რომ დაჯდეს და შეისწავლოს როგორ გეგმავენ ესენი ბიუჯეტს, კომიკურ რაღაცებს აღმოაჩენს. მაგალითად, აქვთ აფხაზეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო თბილისში, რომელსაც რვაასი ათასიანი ბიუჯეტი აქვს; განხორციელებულ ორ პროგრამაში 20 ათასი იხარჯება და 800 ათასი თანამშრომლებს ეძლევათ. ან არსებობს გეოლოგიის დეპარტამენტი, რომელსაც დებულებაში უწერია, რომ წიაღისეულის მოპოვების მონიტორინგს აწარმოებას აფხაზეთშის ტერიტორიაზე, ზღვის შელფში, კიდე უფრო იქით. ასევე არსებობს სატყეო დეპარტამენტი. ფაქტობრივად, უსაქმურობაში, სინამდვილის დამალვასა და პირადი კომფორტის მოწყობაში 14 მილიონი ლარი იხარჯება წლიდან წლამდე. 

ამიტომ ვამბობთ, რომ ამის სათავეში 25-წლიანი უმაღლესი საბჭოა, რომელიც უკვე მეოთხედი საუკუნეა არ გადარჩეულა. ახალი ძალებით შევსებულმა აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ უნდა შექმნას მთავრობა; ნორმალური, დემოკრატიული პროცესი იქნება აფხაზეთის ხელისუფლებაში და დღევანდელი სასაცილო პრობლემები ნამდვილად არ იარსებებს. ამ შემთხვევაში, ჩვენ აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების პრობლემა გვაქვს, რასაც ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლება კბილებით იცავს. 

- პასუხისმგებლობა ვის ეკისრება? 

- რასაკვირველია, ცენტრალურ ხელისუფლებას; წარმოიდგინეთ, მსოფლიოში, ალბათ, ერთადერთი კონსტიტუციაა, სადაც არჩევნების თავი გაუქმებულია. ეს არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომლითაც სარგებლობენ; განა ცენტრალურმა ხელისუფლებამ ეს არ იცის? სხვა უამრავ დარღვევასთან ერთად, ორი წლის წინ ვახტანგ ყოლბაია მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს; ჯერ ერთი, ეს კაცი მოვალეობის შემსრულებელი რამდენ ხანს უნდა იყოს? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არ იციან, რომ მისი აღნიშნულ თანამდებობაზე ყოფნა თავისუფლების ქარტიასთან შეუთავსებელია? ყოფილი რაიკომის მდივანია და ეს ძალიანაც კარგადაც იციან. ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნულ თანამდებობაზე თანხმობა არ მისცა; განა ახლანდელმა პრეზიდენტმა არ იცის ამის შესახებ, ან მთავრობის ხელმძღვანელმა; იციან, მაგრამ ინახავენ, ჩემი აზრით, გარკვეული პოლიტიკური მიზნებისთვის. 

- უმაღლესი საბჭოს განახლება ახსენეთ, ეს არჩევნების გზით უნდა მოხდეს? 

- რა თქმა უნდა. ვინაიდან გვაქვს პრეცენდენტი, რომ არსებობს ექსტერიტორიული წარმომადგენლობითი ორგანო (საქართველოს ტერიტორიაზეა), არსებობს მთავრობა, ანუ ხელისუფლების მეორე შტო, ასევე ექსტერიტორიული პრინციპით; არსებობს სასამართლო ამავე პრინციპით და არსებობს ამომრჩეველი, რომელიც აფხაზეთის საერთო ამომრჩევლის 70%-ზე მეტია. რატომ არ უნდა ჰქონდეთ ამ ადამიანებს უფლება, პერიოდულად განაახლონ ხელისუფლების ეს შტოები.

- როგორია ამაზე ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია? 

- თავის დროზე, პირველივე სამთავრობო კონცეფციისას ამაზე მინიშნება გაკეთდა, რომ ეს წარმომადგენლობითი ორგანოები დევნილებმა უნდა აირჩიონო; მაგრამ ამას შედეგი არ მოყოლია, რადგან ეს უწყება აბსოლუტურად კრემლოიდური სტრუქტურაა. მოგეხსენებათ, ყოლბაია ნინო ბურჯანაძის ფავორიტია; შესაბამისად, ამ სტრუქტურებმა გარდა იმისა, რომ საკუთარ კომფორტზე უნდა იზრუნონ, ალბათ არჩევნების დროს სწორედ ამ რუსულ ძალებზე უნდა იმუშაონ საკუთარი რესურსით. ამაში დარწმუნებული ვარ.

გალის ადმინისტრაციულ გადასავლელზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევიდან რამდენიმე დღის შემდეგ, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა მოზარდის გარდაცვალებაზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„2015 წლის 4 მაისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მორიგი უკანონო ქმედების გამო, გალის რაიონის სოფ. ქვემო ბარღების მკვიდრი, 12 წლის მოზარდი ირაკლი ცაავა გარდაიცვალა. მძიმე დიაგნოზით, მშობლებმა სამკურნალოდ მისი გადმოყვანა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სცადეს, თუმცა საოკუპაციო ძალებმა მათ საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთის საშუალება არ მისცეს, რასაც ფატალური შედეგი მოჰყვა. მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.

აფხაზური მხრიდან ბავშვის ანამნეზზე საზოგადოების ყურადღების გადატანა, რომელიც აშკარად მიგვანიშნებს, რომ თითქოს ბავშვი მაინც განწირული იყო, სხვა არაფერია თუ არა, რუსი სამხედროების აშკარა დანაშაულის გადაფარვის მცდელობა.

სიცოცხლის უფლება არავითარ ბარიერებს და საზღვრებს არ ცნობს. მისთვის საგანგებო სიტუაციები უცხოა. ყველა გზა იხსნება ადამიანის გადასარჩენად.

სინამდვილეში, ჩვენ ვაწყდებით ჩინურ, ყრუ კედელს, რომელსაც შეუძლია უმწეო ბავშვის სიცოცხლეც კი შეიწიროს. რა არის ამის მიზეზი? შიში? სიმხდალე? სიამაყე? თუ სამოკავშირეო ხელშეკრულებისადმი ერთგულება.

ჩვენ ვთავაზობთ აფხაზურ მხარეს გალის საავადმყოფოს თანამედროვე ახალი სამედიცინო ტექნლოგიებით გადაიარაღებას, კვალიფიციური ექიმებით მომსახურებას და მოსახლეობის წამლებით აღჭურვას. ასეთი მრავალფუნქციური ჯანმრთელობის ცენტრ დაიცავს ჩვენ გალელ მოსახლეობას (და არამარტო გალელს) ტრაგიკული, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან და მათი ჯანმრთელობაც მეტ-ნაკლებად დაცული იქნება.

ქართული მხარის, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, სახალხო დამცველის განცხადებების შემდეგ, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება გალელი მოზარდის ლევან ცაავას გარდაცვალებას, მისი ფიზიკური ანომალიით ხსნის. ძალიან სამწუხარო და დასანანია, რომ განცხადებაში ერთი სიტყვითაც არ არის მინიშნებული კერძოდ რა გაუგონარმა, ყოველგვარ ჰუმანურობას მოკლებულმა ფაქტმა იმსხვერპლა მოზარდის სიცოცხლე. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვი და მისი მშობლები საშვის უქონლობის გამო რუსმა სამხედროებმა ზუგდიდის საავადმყოფოსკენ არ გამოატარეს. ასეთი ულმობელი მოპყრობა მოზარდის სიცოცხლისადმი გაუმართლებელი და შეუწყნარებელია. სიცოცხლის უფლება არავითარ ბარიერებს და საზღვრებს არ ცნობს. მისთვის საგანგებო სიტუაციები ბარიერებს არ ქმნის. ყველა გზა ხსნილია სიცოცხლის გადასარჩენად.

აფხაზური მხარე უყურადღებოდ ექცევა იმ ფაქტს, რომ მშობლების მზრუნველობამ და თავდადებამ მოზარდი 12 წლამდე მოიყვანა. რომ არა გალელი ბავშვის სიცოცხლის უფლების უკანონო შელახვა, შეიძლებოდა მისი სიცოცხლე კვლავაც გაგრძელებულიყო. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ირღვევა გალის მოსახლეობის ადამიანის უფლებების საყოველთაოდ აღიარებული ელემენტარული ნორმებიც კი. შედეგად ვიმკით ლეტალურ შედეგებს, რომელსაც ბოლო არ უჩანს. რატომ არის აფხაზური მხარისთვის ასე რთული ქართულ მხარესთან თანამშრომლობის ფორმატი ჯანმრთელობის საკითხებში მაინც. ჰუმანიზმი, თანამშრომლობა, თანაგრძნობა არასოდეს ყოფილა სამარცხვინო და არც მომავალში შეიცვლება რაიმე ამ მხრივ.

ჟენევის შეხვედრებზე ეს საკითხები მრავალჯერი იყო განხილვის თემა, მაგრამ როგორც იტყვიან, ყურსა ბამბისასა. ასე გაგრძელება შეუძლებელია. ვფიქრობ, ჟენევის მომავალ შეხვედრაზე გალელი ბავშვის ტრაგიკული გარდაცვალების ფაქტი მკაცრი და შეუვალი კამათის თემა გახდება. უნდა გადაიდგას ნაბიჯები ასეთი ფაქტების აღმოსაფხვრელად.

მოვუწოდებ აფხაზურ მხარეს თანამშრმლობისკენ უწინარესად იმ საკითხებში, რომელიც გალში ჩვენი მოსახლეობის სიცოცხლის უფლებას გაუფრთხილდება და პატივისცემით მოეკიდება. ყველას კარგად მოეხსენება რა მდომარეობაშია გალის საავადმყოფო. ის აღარ არის სამკურნალო დაწესებულება, სადაც ადამიანს ელემენტარულ დახმარებას აღმოუჩენენ, არამც თუ რეანიმაციულ ქმედებებს, რომელსაც ადამიანის კრიტიკული მდგომარეობიდან გამოყვანა შეუძლია.

ჩვენ ვთავაზობთ აფხაზურ მხარეს გალის საავადმყოფოს თანამედროვე, ახალი სამედიცინო ტექნლოგიებით აღჭურვას, მის მთლიან გადაიარაღებას, კვალიფიციური ექიმებით მომსახურებას და მოსახლეობის წამლებით აღჭურვას. ასეთი მრავალფუნქციური ჯანმრთელობის ცენტრი დაიცავს ჩვენ გალელ მოსახლეობას (და არამარტო გალელს) ტრაგიკული, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან და მათი ჯანმრთელობაც მეტ-ნაკლებად დაცული იქნება.

აფხაზეთის მთავრობა გამოთქვამს ღრმა მწუხარებას ლევან ცაავას ტრაგიკული გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს მის ოჯახს, მშობლებს და ახლობლებს. ღმერთი იყოს თქვენი შემწე ამ უდიდესი მწუხარების ჟამს“, - ნათქვამია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განცხადებაში.  

გამოქვეყნდა გაზეთ "ქრონიკა პლუსში"

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია