მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„ქართული საზოგადოება არ აპირებს მხარი დაუჭიროს პარლამენტის დღევანდელ კონფიგურაციას“ - 27 მაისი 2015

„არჩევნების დღე ჩვენი თანამემამულეთა დიდი ნაწილისთვის სხვა არაფერია, თუ არა პატრონის ძიება“ 

აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (ენდიაი) მიერ გამოქვეყნებულმა ბოლო სოციოლოგიური კვლევის შედეგებმა, ბევრი კითხვის ნიშნები გააჩინა. ყველაზე საგულისხმო, მმართველი კოალიციის, ქართული ოცნების 24%-იანი შედეგი გახდა ნაციონალების 16%-თან მიმართებაში, როდესაც მოსახლეობის 27-მა პროცენტმა საერთოდ არ იცის, რომელ პოლიტიკურ ძალას დაუჭიროს მხარი. ასევე, აღსანიშნავია „ევრაზიის კავშირის“ მომხრეთა რაოდენობის ზრდა იმ ფონზე, როცა ევროპული ინტეგრაციის პუნქტი მოსახლეობისთვის ბუნდოვნად იყო განმარტებული. ასეა თუ ისე, კვლევა გარკველ სურათს იძლევა და პოლიტიკურ სუბიექტებს სათანადო დასკვნების კეთება მართებთ.     

თუ რამდენად ასახავს „ენდიაის“ ბოლო კვლევა საზოგადოებაში არსებულ რეალურ განწყობას, ამ თემაზე პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს ვესაუბრებით.

- ჩემთვის ყველაზე საინტერესო გახლდათ რეიტინგის ჯამი ორი პოლიტიკური ძალისა,  რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტში არის წარმოდგენილი. თუ ამ კვლევას ვენდობით, იმაშიც ვრწუმნდებით, რომ ქართული საზოგადოება არ აპირებს მხარი დაუჭიროს პარლამენტის ისეთ კონფიგურაციას, როგორიც დღეს გაგვაჩნია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება ერთ პარტიად გადაკეთდება, საკანონდებლო ორგანოში უმრავლესობას მაინც ვერ მიიღებს. 

ვნახოთ, რეალობა რას გვიქადის, მორიგ არჩევნებამდე ჯერ საკმარისი დროა. მანამდე, პრაქტიკულად დამაჯერებელია, რომ მესამე ძალა არ არის მიახლოებული დღევანდელ „ორსუბიექტიან დემოკრატიასთან“, როგორც ამას ნაციონალური მოძრაობა უწოდებს; ამდენად, ძირითადი როლი შემდგომ არჩევნებში, რასაკვირველია, ქართულ საზოგადოებას დაეკისრება. თუ ის პასიური აღმოჩნდა და მხოლოდ ახალი პატრონის ძიებასა და მოლოდინში დარჩება, უკეთეს შემთხვევში მივიღებთ იმას, რაც დღეს გვაქვს და სხვა შემთხვევაში, ამაზე უარესსაც. 

თავისთავად, ეს კვლევა მრავალ კითხვას წარმოშობს. თუნდაც ჩამონათვალი, თუ რა ტიპის არჩევანი სურს გამოკითხულ საზოგადოებას, საკუთარ თავში ისეთ ხინჯს შეიცავს, რომელიც შემდგომში დიდი სჯა-ბაასის საგანი გახდება. კერძოდ, როდესაც ეკითხებოდნენ განვითარების რა ვექტორი სურს ამა თუ იმ გამოკითხულს, ჩამონათვალში ევროკავშირი არ ფიგურირებდა. იქ იყო ხელშეკრულების სათაური, რომელიც საქართველომ ევროკავშირთან დადო და მკაფიოდ იყო გამოტანილი ნატო და ევრაზიული კავშირი. რასაკვირველია, ნატოს წამკითხველი არ იყო ვალდებული ჩაღრმავებულიყო რაღაც ხელშეკრულების სათურში, რომლის შინაარსი უმეტესობამ, ალბათ, არ იცის. ამ დროს, ევრაზიულ ვექტორს დიდი ალბათობით აღიქვამდა, როგორც ევროკავშირს. 

ერთიც გასათვალისწინებელია - რამდენჯერმე იყო შეთავაზებული ენდიაისთვის, აირაისთვის, რომ კვლევებში ქართული პროფესიული წარმატების მქონე ისეთი სუბიექტი ჩართულიყო, რომელსაც არანაირი ეჭვი არ გამოუწვევია ჩვენს საზოგადოებაში; მაგრამ დღესაც გაურკვეველია, ვინ ატარებს აღნიშნულ გამოკვლევებს; რატომ არიან ასე მუდმივად გადაჯაჭვული ისეთ სუბიექტთან, რომლის მფლობელებმა დიდი ხანია საქართველოს მოსახლეობის ნდობა დაკარგეს. 

ამიტომ მკაფიო უნდა ვიყოთ საკუთარ მიდგომებში და ბოიკოტი გამოვუცხადოთ ასეთი გამოკითხვების პროცესს; თუ არ იქნება ქართველი პროფესიონალების მიწვევა მსგავსი გამოკითხვების თანაპარტნიორებად, ჩვენს მოქალაქეებს არანაირი ვალდებულება არ უნდა ჰქონდეთ მიიღონ მონაწილეობა სიცრუის ტირაჟირებაში. 

ცხადია, ყველა ციფრზე ამას ვერ ვიტყვით, მაგრამ ვერც იმას დაავალდებულებს ჩვენს რიგით მოქალაქეს, რომ ტყუილ-მართალი აქედან გაარჩიონ; რომელიც მოწოდებულია ისეთი კვალიფიცირებული სუბიექტებისგან, როგორებიც არიან ენდიაი და აირაი. 

- ქართული საზოგადოების როლი ახსენეთ; რამდენად მზად არის ის მხარი დაუჭიროს მესამე ძალას, რომელიც პროგრესზე იქნება ორიენტირებული? 

- სამწუხარო რეალობაა, რომ ქვეყანაში, სადაც გვახარებს აქტი საყოველთაო ჯანდაცვის, ვერ დადგა ხანა საყოველთაო განათლებისა; შესაბამისი სამოქალაქო დამოკიდებულებისთვის აუცილებელი განათლება გვაკლია. ჩვენ ხომ საკმაოდ კონსერვატიული ვართ ჩვენს ფასეულობებში, როგორ დადებითში, ასევე უარყოფითში; და არჩევნების დღეც ჩვენი თანამემამულეთა დიდი ნაწილისთვის სხვა არაფერია, თუ არა პატრონის ძიება. 

ადამიანს, რომელსაც რეალურ პოლიტიკაში წვდომა არ აქვს, ალბათ, შესწევს იმის უნარი, რომ აირჩიოს უპირველეს ყოვლისა თავისი მეზობელი პარლამენტში, თუნდაც ეს მეზობელი კაცისმკვლელი იყოს; საერთოდ და არ იფიქროს სხვაზე, რადგან მეზობელი ასეთ პატრონად ეგულება. 

ამოვიღოთ ჩვენი ლექსიკიდან როგორც დამაკნინებელი ფრაზა - შე უპატრონო, უპატრონო ხომ არ გგონივარ... და პატრონის არარსებობა დადებით მოვლენად გავხადოთ; რაც მიანიშნებს თითოეული ჩვენგანის თავისუფლებასა და საკუთარი ბედის განმკარგავზე, გადაწყვეტილების მიმღებზე. რაც მალე განვერიდებით პატრონის ძებნას, უფრო მალე მოვიკრებთ ძალას და გონს იმისთვის, რომ ავირჩიოთ ის სუბიექტები, რომელთაც ნამდვილად შესწევთ დანაპირების შესრულება. 

- ჩანს თუ არა ამის ნიშნები მაინც, როდესაც 30%-მდე გამოკითხულმა საერთოდ არ იცის, ვის უნდა მისცეს ხმა? 

- გასაკვირი არ არის, რომ ასეთი მაჩვენებელია. არ გამოვრიცხავ, ყველა რესპონდენტი გულწრფელი რომ ყოფილიყო, ეს ციფრი კიდე უფრო დიდი იქნებოდა; რეალურად, მესამე ძალის წარმოჩენა წარმოუდგენელია რომელიმე ერთი სუბიექტის მიერ; ვიდრე 220 და უფრო მეტი პოლიტიკური სუბიექტი ფიქრობს, რომ ინდივიდუალურად შეუძლია აღმოჩნდეს ქართულ პარლამენტში, ნებისმიერ მსგავი წარმატების მოლოდინს მხოლოდ დიდი ფანტაზია ასაზრდოებს. ვიდრე ცალკეულ სუბიექტთა ლიდერები არ გამონახავენ საერთო ენას და წლების განმავლობაში ერთმანეთთან უბრად, შეურიგებლად დაპირისპირებულებად დარჩებიან, რასაკვირველია, უკეთეს შემთხვევაში იმას მივიღებთ იმას, რაც გვაქვს და შემდომი 4 წელიც დაკარგული იქნება საქართველოს წინსვლისთვის. 

- დგას თუ არა საფრთხის წინაშე ქვეყნის ევროპული ორიენტაცია, თუნდა ენდიაის კვლევის შედეგებიდან გამომდინარე?

- არ მგონია, ამ კუთხით რაიმე სერიოზული საფრთხე არსებობდეს; უკეთესი იქნებოდა, რომ პროევროპულად წარმოჩენილ ნაციონალურ მოძრაობას (რომელმაც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ნაციონალ-მავნებლების ფუნქცია აითვისა) მორატორიუმი გამოეცხადებინა დღევანდელი ხელისუფლების წყევლა-კრულვაზე, ვიდრე არ იქნება დაფიქსირებული სერიოზული წინსვლა ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებით; თანმშრომლობა, ორივე საპარლამენტო გუნდის გასაგებად, არ არის მხოლოდ ერთმანეთის კრიტიკა და მოუსავლეთში გაგზავნა. 

დროა შედგეს რაიმე ფორმატი თანამშორომლობის, წყენა-მიუღებლობა დროებით მაინც გვერდზე გადადებულ იქნას და დავარწმუნოთ საზოგადოება, რომ სახელმწიფო ინტერესები ნებისმიერ პარტიულ და პირად ინტერსებზე მაღლა დგას; განურჩევლად განსხვავებული აზრებისა და დამოკიდებულებისა საშინაო პოლიტიკის მიმართ.    

მასალა გამოქვეყნდა გაზეთ "ქრონიკა პლუსში"    

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია