მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ავლაბრიდან ათონელზე - პრეზიდენტ მარგველაშვილს გადაბარგებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს - 11 ივნისი 2015

„კონსტიტუცია შეიცვლება და მარგველაშვილს თუ არა, სხვა პრეზიდენტს შენობაში დაბრუნება ისევ მოუწევს“

გიორგი მარგველაშვილს კიდე ერთხელ მოუწოდეს, რომ ავლაბრის სასახლე საკუთარი ნებით დატოვოს და მისთვის გარემონტებულ ათონელის ოფისში გადავიდეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გადაბარგებასთან დაკავშირებული პრემიერის „იმედი“ ორი ყურის პრინციპით მოისმინა და შესაბამისი კომენტარიც გააკეთა. ამ ფონზე, საგარეო მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი წუხს, რომ უწყებას შეუფერებელ გარემოში უწევს მუშაობა. 

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის, კახა კუკავას განცხადებით, ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით საკითხი დგას ასე - საქართველოს პრეზიდენტი გახდება ივანიშვილის ხელში მარიონეტი, თუ თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, სად დაჯდეს. მისივე განმარტებით, სხვა შემთხვევაში, ავლაბრის სასახლეში პრეზიდენტი იჯდება, პრემიერ-მინისტრი თუ საგარეო საქმეთა მინისტრი სახელმწიფო ბიუჯეტს არანაირ შეღავათს არ მისცემს.

„ავლაბრის რეზიდენცია თავის დროზე არ უნდა აშენებულიყო, რადგან ბიუჯეტს ძალიან ძვირი დაუჯდა, მაგრამ ახლა, როცა აშენებულია, იქ პრეზიდენტი დაჯდება, პრემიერ-მინისტრი თუ საგარეო საქმეთა მინისტრი, ბიუჯეტს არანაირ შეღავათს არ მისცემს. ანუ, დღეს საუბარია არა ბიუჯეტის ხარჯების ეკონომიაზე, არამედ იმაზე, ამ ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს თავის ჭკუაზე გააკეთებს თუ ვერა, რადგან პარლამენტი მის ჭკუაზე დადის, მთავრობა მის ჭკუაზე დადის, სატელიტური პარტიები და ბიზნესი მის ჭკუაზე დადიან. ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც არ არის მის მიერ კონტროლირებული, არის სწორედ საქართველოს პრეზიდენტი. შესაბამისად, საკითხი დგას ასე: გიორგი მარგველაშვილიც გახდება მარიონეტი ბიძინა ივანიშვილის ხელში თუ თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, სად დაჯდეს. თორემ ფინანსურად ბიუჯეტს პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციაში გადასვლით ხარჯი არც მოაკლდება და არც მოემატება, რადგან როგორც ვხვდები, მთავრობა გეგმავს, რომ ავლაბრის სასახლეში ბერუჩაშვილი შეუშვას“.

ავლაბრის სასახლის ირგვლივ მიმდინარე ინტრიგებზე, პოლიტოლოგ კახა გოგოლაშვილს ვესაუბრებით: 

- რახან პრეზიდენტი იმ სასახლეში იმყოფება, სხვაგან გადასვლა საჭირო აღარ არის. უბრალოდ, ამ სასახლის დამატებით გამოყენება შეიძლება. საერთოდ, თავიდანვე ვფიქრობდი, რომ იქ ორივე უწყების, პრეზიდენტის აპარატისა და საგარეო სამინისტროს ნაწილის განთავსება შეიძლებოდა. ყოველ შემთხვევაში, სასახლე გამოყებულიყო პრეზიენტის ოფისად და ასევე ყველა სხვა ინსტიტუტის საპროტოკოლო საქმიანობისთვის. ანუ, სხვადასხვა სახის შეხვედრებისთვის, მაღალი რანგის უცხოელი სტუმრების მისაღებად და ა.შ. ამავე დროს, კარგი იქნება, რომ იქ ქვეყნის პრეზიდენტი დარჩეს. 

ეს შენობა აგებული იყო, როგორც საქართველოს პრეზიდენტის სასახლე, როგორც ქვეყნის უმაღლესი მმართველის ადგილსამყოფელი, ასეც უნდა შენარჩუნდეს. 

ის, რომ დღეს საქართველოში პრეზიდენტის ფუნქციები დაქვეითებულია, გვაქვს კონსტიტუცია, რომლითაც სუსტი პირველი პირი გვყავს, გარწმუნებთ, ეს აუცილებლად შეიცვლება; რადგან ქვეყანას არ უხდება სუსტი პრეზიდენტი, გავლენიანი ლიდერი სჭირდება. მას დიდი შენობა დასჭირდება, ისევ ძირძველი ქვეყნის სიმბოლო უნდა გახდეს პრეზიდენტის სასახლე. ამიტომ წამდაუწუმ ადგილის შეცვლა კარგი არ არის. 

უბრალოდ, ფუნქციებიდან გამომდინარე, თუ ეს სასახლე ძალიან დიდია დღევანდელი პრეზიდენტისთვის, იქ შეიძლება დამატებით საგარეო სამინისტროს ნაწილი და მთლიანად სახელმწიფო პროტოკოლის სამსახური განთავსდეს; მოემსახუროს პრემიერმინიტრის შეხვედრებსაც და პრეზიდენტის, საგარეო სამინისტროს საპროტოკოლო ღონისძიებებსაც. ამის გაკეთება სრულიად შესაძლებელია.

- მით უმეტეს, თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, რომ მისი ოფისი ვერანაირ მოთხოვნებს ვერ პასუხობს...

- გასაგებია, ეს თავის დროზეც იყო ნათქვამი. პრეზიდენტი იქ ჯერ კიდევ გადასული არ იყო, როდესაც ბევრჯერ გაიჟღერა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ შენობაში გადასვლა კარგი იქნებოდა. მაგრამ მაშინ ეს, რატომღაც, არავის მოუნდა. ახლა კი, როდესაც პრეზიდენტმა იქ ფესვები გაიდგა, სასახლე ამ ინსტიტუტთან ასოცირდება, ისევ საგარეოს გადაბარგებაზე საუბრობენ. თითქოს, საგარეოს ფაქტორის გამოყენება ხდება აღნიშნული პროცესის წარმართვისთვის. 

ამასთან, თამარ ბერუჩაშვილმა აბსოლუტურად სწორი თქვა. დიდი ხანია ეს შენობა არ პასუხობს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტანდარტებსა და მოთხოვნებს. თავის დროზე, საუბარი იყო იმაზე, რომ უწყება ყოფილი იმელის შენობაში გადასულიყო. მაგრამ ჯერ კიდე წინა ხელისუფლების დროს, უწყებას ძალიან ცუდად მოექცნენ და იგივე შენობაში დატოვეს. ახლაც დგას ეს საჭიროება, მაგრამ რა აუცილებლობაა, რომ მაინც და მაინც ქვეყნის პრეზიდენტს წაართვან შენობა და საგარეოს მისცენ, ეს ნამდვილად არ მესმის. 

შეიძლება სპეციალურად აშენდეს თანამედროვე, კარგად მოწყობილი შენობა საგარეოსთვის, ან სხვა რაიმე კარგი შენობა გამოიძებნოს. ფაქტია, რო ამ უწყებასაც შენობა ნამდვილად სჭირდება. 

- მთავრობას რა მიზნები ამოძრავებს პრეზიდენტის სასახლესთან მიმართებაში? 

- მართალი გითხრათ, არ ვიცი რა მიზანი ამოძრავებს მინისტრთა კაბინეტს. ალბათ, ეს არის ამოჩემებული თემა, გინდა თუ არა, ერთმაც და მეორემაც თავისი უნდა გაიტანოს. ამ მიმართულებით, ხელის გადაწევის პროცესი მიდის. უბრალოდ, მეტი არგუმენტებია საჭირო. თუ პრეზიდენტის გამოსახლებას აპირებ, ამისთვის ბევრი მიზეზი უნდა გქონდეს; რადგან ეს არ არის პატარა აქტი, დიდი მნიშვნელობის პოლიტიკური ღონისძიებაა - პრეზიდენტის დიდი სასახლიდან მცირეში გადაყვანა. როცა ბევრად უმტიკვნეულოდ შეგიძლია პრეზიდენტი დატოვო იქ და სხვა უწყებებიც შეასახლო. 

პრეზიდენტი ქვეყნის სიმბოლოა და ეს შენობა ყველაზე წარმოსადეგია მთელ საქართველოში. ყველაფერს რომ თვი დავანებოთ, ამას სიმბოლური დატვირთვა აქვს. პრეზიდენტი თავისი ფუნქციებით ძლიერი არის თუ არა, მისი მთავარი ფუნქციაა, რომ მთლიანად ქვეყანას წარმოადგენს და უკვე ეკუთვნის შენობა, რომელსაც განსაკუთრებული იერსახე აქვს. 

ვიმეორებ, რომ შეიძლება იქ დამატებით სხვა ინსტიტუტებიც განთავსდეს. ძალიან ბევრი გამოუყენებელი ფართია, შეიძლება ყველა სამთავრობო შეხვედრა იქ ჩატარდეს, საგარეოს პროტოკოლი და მთლიანად სახელმწიფო საპროტოკოლო სამსახური იქ იყოს. ყველა მაღალი დონის შეხვედრა, არამარტო პრეზიდენტის, პრემიერმინისტრისაც და საგარეოსიც, მოეწყოს აღნიშნულ შენობაში, ეს კარგი გამოსავალი იქნებოდა. სხვაგვარად, დღეს შენობის მთლიანი პოტენციალი ნაკლებად არის გამოყენებული. 

- არის თუ არა არგუმენტი, რომ ათონელის რეზიდენცია სპეციალურად პრეზიდენტისთვის გარემონტდა? 

- პრეზიდეტი არჩევისთანავე იმ შენობაში რომ შეეშვათ, ალბათ, ეს პრობლემაც არ წარმოიშობოდა. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი აღნიშნულ შენობაშია, ამას უკვე რეზონანსული მნიშვნელობა აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, ათონელის შენობა მთლიანობაში მოთხოვნებს არ პასუხობს. საქართველოს კონსტიტუცია კიდე შეიცვლება და მარგველაშვილს თუ არა, სხვა პრეზიდენტს იმ შენობაში დაბრუნება ისევ მოუწევს. 

- თუ ეს საქმე სასამართლომდე მივიდა, რა შედეგები შეიძლება გამოიღოს? 

- როგორც იურისტები ამბობენ, აქ სამართლებრივი ბერკეტი არ არსებობს, რომლის ძალითაც პრეზიდენტს იძულებით გამოიყვანენ აღნიშნული შენობიდან. ამასთან დაკავშირებით, დანამდვილებით ვერაფერს გეტყვით. მაგრამ, რასაკვირველია, მოვლენების ამ გზით განვითარება არავის სჭირდება; ჯობს, ეს ყველაფერი ძალიან წყნარად მოგვარდეს. 

ჩვენთან ჩამოყალიბებულია, რომ ერთ შენობაში რამდენიმე სამინისტრო ზის ხოლმე და რატომ არ შეიძლება სასახლეში ძირითადი ფიგურა პრეზიენტი იყოს და ასევე საპროტოკოლო ფუნქციებისთვის აქტიურად იყოს გამოყენებული. არის იქ დარბაზები, მოლაპარაკების ოთახები და ა.შ. იმდენად მაღალ დონეზეა გაკეთებულ-შესრულებული, რომ პრემიერ-მინიტრის მაღალი დონის შეხვედრებიც იქ რომ ჩატარდეს, პროტოკოლისთვისას მოსახერხებელია, უსაფრთხოების თვალსაზრისით სრულად მისაღებია და პასუხობს მოთხოვნებს. ამიტომ კარგი იქნება, თუ უფრო მეგობრულ ატმოსფეროში, ყველა ინსტიტუტს შორის ამ საკითხის დამუშავება და შეთანხმების მიღწევა მოხერხდება.  

შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა: „მთავრობა ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ მიიჩნევს“. 

შენობის ფუნქციასთან დაკავშირებით გუნდმა მას შემდეგ იმსჯელა, რაც ათონელის რეზიდენცია ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა.

ირაკლი ღარიბაშვილი: „მთავრობამ ეფექტურად უნდა განკარგოს ქონება, ფინანსები და ბიუჯეტი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი, ვიფიქროთ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებაზე და დავიწყოთ მკვეთრი მოქმედება, ვინაიდან ეს დააზიანებს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების იმიჯს, რაც არავის ინტერესებში შედის. მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს თავად პრეზიდენტმა. თუ პრეზიდენტი ჩათვლის, რომ გონივრული გადაწყვეტილება იქნებოდა, საკუთარი რეზიდენციისთვის გამოეყენებინა შენობა, რომელიც მთავრობამ პრეზიდენტისთვის ააშენა და 26 მილიონი დახარჯა, ჩემთვის და ყველასთვის მისასალმებელი იქნებოდა. თუმცა, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია და მთავრობა, სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით რაიმე მკვეთრ მოძრაობას ვერ გააკეთებს“.

ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციის სხვა ფუნქციით დატვირთვა წარმოუდგენელია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრისთვის, რადგან საოფისე ფართები შენობის მხოლოდ 49%-ს შეადგენს.

მთავრობის მეთაურის შეფასებით კი, სახელმწიფოს არ აქვს ფუფუნება, ასეთი ფეშენებელური და ძვირადღირებული შენობა დარჩეს უფუნქციოდ, მაგრამ შენობის სტატუსიდან გამომდინარე, რეზდენციის გაყიდვა ან სხვაგვარად განკარგვა პრაქტიკულად შეუძლებელია.

პრემიერი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი ამ საკითხთან დაკავშირებით გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მხედველობაში მისაღებია ის პრობლემებიც, რომლებიც სახელმწიფო უწყებებს აქვთ შენობებთან დაკავშირებით.

კერძოდ, ავარიულ მდგომარეობაშია საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა, პრობლემებია ხელოვნებისა და თბილისის მუზეუმებთან, ხელნაწერთა ცენტრსა და სამუზეუმო-საექსპოზიციო სივრცეებთან დაკავშირებით.  

საპასუხოდ, პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი „ინტერპრესნიუსთან“ ამბობს, რომ „პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით ყველა ის პოზიცია, რომელიც აქამდე დავაფიქსირეთ, უცვლელია“. მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია რეზიდენციის საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას აღარ აპირებს: 

„ჩვენი მხრიდან, ალბათ, რამდენიმე ათეულჯერ გაკეთდა განცხადება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ნებისმიერი წინა კომენტარი, რომელიც ამ თემის კომენტირებისას იყო გამოყენებული, შესაძლებელია დღესაც წარმატებით გამოვიყენოთ, რადგან ამ თემაში ახალი არაფერია და ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით უცვლელია. აღარ ვაპირებთ ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას, რადგან არ მიგვაჩნია საჭიროდ, ეს თემა კიდევ ერთხელ განვიხილოთ. ყველა ის წინა პოზიცია, რომელიც გვქონდა პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით, არის უცვლელი და შესაბამისად არის ძალაშია“.  

მასალა გამოქვეყნდა გაზეთ "ქრონიკა პლუსში"

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია