მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
შარშან 16 სამინისტროში პრემია-დანამატების სახით 48 მილიონი ლარია გაცემული - 23 ივნისი 2015

„როდესაც ეკონომიკა გაჩერებულია და ლარი უფასურდება, ჩინოვნიკები მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვით არიან დაკავებული“ 

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, 2014 წლის განმავლობაში 16 სამინისტროში პრემიებისა და დანამატების სახით, დაახლოებით, 48 მილიონი ლარია გაცემული. ოფიციალური ინფორმაცია  ენმ-ს ოფისში პარტიის წევრმა ლევან თარხნიშვილმა წარმოადგინა. მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს სამსახურში პრემიებისა და დანამატების მონიტორინგს და იანვარში გაგზავნილი იქნა სადეპუტატო შეკითხვა ყველა 19 სამინისტროში. ამასთან, მიუხედავად არაერთგზის მცდელობისა, სამმა სამინისტრომ - იუსტიციის სამინისტრომ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და შს სამინისტრომ ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადა. 

რაც შეეხება დანარჩენ 16 სამინისტროს, სადაც თანამშრომელთა რაოდენობა 63 302-ს შეადგენს, პრემიებისა და ყველა სახის დანამატის ოდენობამ 47 982 710 ლარი შეადგინა. 

ლევან თარხნიშვილის განმარტებით, მოხდა სიტყვა „პრემიის“ ჩანაცვლება სიტყვა „დანამატით“ და აგრეთვე გვხვდება დანამატების სხვა ფორმაც. მაგალითად ჯილდო, დახმარება და ამასთან ამ მონაცემებში არ შედის თვიური ანაზღაურება – ხელფასი. 

თარხნიშვილის ინფორმაციით, რომ შევადაროთ, თითქმის 3 000 ლარის ოდენობის დანამატს თვეში იღებდნენ მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, დეპარტამენტის უფროსები დაახლოებით 1152 ლარს მაშინ, როდესაც რიგით თანამშრომელზე თვეში საშუალოდ პრემია და დანამატი 57 ლარს შეადგენდა. კერძოდ, მინისტრები და მინისტრის მოადგილეები ჯამში 75 ადამიანია, რომელზეც მოდის პრემიებისა და დანამატების უდიდესი ნაწილი. კერძოდ, მინისტრების და მინისტრის მოადგილეების პრემიებმა ჯამში 2579403 ლარი შეადგინა, რაც საშუალოდ თვეში თითოეულზე 2 967 ლარს შეადგენს. დეპარტამენტის უფროსებზე გაცემულია 2 517 286 ლარის ოდენობის დანამატი. საშუალოდ თითოეულზე გამოდის 1 152 ლარი. 

„ლიდერი თანამდებობის პირები ამ მხრივ არიან განათლების და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, რომელსაც ერთ თვეში პრემია 6 550 ლარი აქვს აღებული. იმ თვეში მთლიანად ხელფასთან ერთად სანიკიძემ 12 500 ლარი აიღო. ასევე სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილედ ყოფნის პერიოდში არჩილ თალაკვაძეს ყოველთვიურად 5 440 ლარის ოდენობის პრემია აქვს მიღებული. ჩვენ არ ვიცით რა რაოდენობის პრემიას იღებს ის შს სამინისტროში, ვინაიდან ტრადიციულად შსს ინფორმაციას მალავს“, - აცხადებს თარხნიშვილი და დასძენს, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს ეკონომიკა გაჩერებულია და ლარი უფასურდება, ჩინოვნიკები მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვით არიან დაკავებული. 

თავის მხრივ, ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანების“ ცნობით, მათ ჩაატარეს კვლევა, რომელიც 2006-2015 წლების პერიოდში, მერიის ორგანოების მიერ გაცემული პრემიებისა და მივლინებების ხარჯებს ეხება. 

„ბოლო პერიოდში, იმ ხალხისგან, ვინც თავად ხარჯავდა მილიონებს თბილისის მერიაში პრემიებსა და მივლინებებზე, ხშირად ისმის კრიტიკა არამიზნობრივ ხარჯებთან დაკავშირებით, რაც საზოგადოებაში სერიოზულ გულისწყრომას იწვევს, რადგან იმის მაგივრად, რომ ამ ხალხმა პასუხი აგოს თავიანთ ქმედებებზე, აქეთ გადმოდიან შეტევებზე“, - აცხადებს „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე. 

ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, თბილისის მერიაში პრემიებზე და მივლინებებზე გაცემულმა თანხებმა შემდეგი სახე მიიღო: 2006 წლიდან 2015 წლის (სამთვიანი მონაცემით) შეადგენს: პრემია - 85 111 600 ლარს (ოთხმოცდა ხუთი მილიონ ას თერთმეტი ათას ექვსასი ლარი); მივლინება - 5 5 800 ლარს (ხუთი მილიონ ხუთი ათას რვაასი ლარი). 2006 წელი - პრემია - 2 274 900 ლარი (ორი მილიონ ორას სამოცდა თოთხმეტი ათას ცხრაასი ლარი); მივლინება 263 800 ლარი (ორას სამოცდასამი ათას რვაასი ლარი). 2007 წელი - პრემია - 4 425 000 ლარი (ოთხი მილიონ ოთხას ოცდა ხუთი ათასი ლარი); მივლინება - 292 500 ლარი (ორას ოთხმოცდა თორმეტი ათას ხუთასი ლარი). 2008 წელი - პრემია - 6 206 100 ლარი (ექვსი მილიონ ორას ექვსი ათას ასი ლარი); მივლინება - 452 500 ლარი(ოთხას ორმოცდა თორმეტი ათას ხუთასი ლარი). 2009 წელი - პრემია - 7 535 900 ლარი (შვიდი მილიონ ხუთას ოცდა თხუთმეტი ათას ცხრაასი ლარი); მივლინება - 727 400 ლარი (შვიდას ოცდა შვიდი ათას ოთხასი ლარი). 2010 წელი - პრემია - 11 750 400 ლარი (თერთმეტი მილიონ შვიდას ორმოცდაათი ათას ოთხასი ლარი); მივლინება - 485 900 ლარი (ოთხას ოთხმოცდახუთი ათას ცხრაასი ლარი). 2011 წელი - პრემია - 8 601 200 ლარი (რვა მილიონ ექვსას ერთი ათას ორასი ლარი); მივლინება - 685 600 ლარი(ექვსას ოთხმოცდა ხუთი ათას ექვსასი ლარი). 2012 წელი - პრემია - 10 698 500 ლარი ( ათი მილიონ ექვსას ოთხმოცდა თვრამეტი ათას ხუთასი ლარი); მივლინება - 488 100 ლარი (ოთხას ოთხმოცდა რვა ათას ასი ლარი). 2013 წელი - პრემია - 17 110 500 ლარი (ჩვიდმეტი მილიონ ას ათი ათას ხუთასი ლარი); მივლინება - 854 700 ლარი (რვაას ორმოცდათოთხმეტი ათას შვიდასი ლარი). 2014 წელი 05.08-მდე - პრემია - 12 287 900 ლარი (თორმეტი მილიონ ორას ოთხმოცდა შვიდი ათას ცხრაასი ლარი); მივლინება - 544 200 ლარი (ხუთას ორმოცდა ოთხი ათას ორასი ლარი). 2014 წელი 05.08-დან - პრემია - 3 546 000 ლარი (სამი მილიონ ხუთას ორმოცდაექვსი ათასი ლარი); მივლინება - 140 000 ლარი (ას ორმოცი ათასი ლარი). 2015 წელი (3-თვიანი მონაცემი) - პრემია - 675 200 (ექვსას სამოცდა თხუთმეტი ათას ორასი ლარი) ლარი; მივლინება - 71 100 ლარი (სამოცდა თერთმეტი ათას ასი ლარი).

„უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარის განცხადებით, აქედან, 2006 წლიდან - 2014 წლის აგვისტომდე, ანუ როცა თბილისის მერიის სათავეში ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, გაცემულმა პრემიებმა შეადგინა 80 890 400 ლარი (ოთხმოცი მილიონ რვაას ოთხმოცდაათი ათას ოთხასი ლარი), მივლინების თანხამ 4 794 700 ლარი (ოთხი მილიონ შვიდას ოთხმოცდა თოთხმეტი ათას შვიდასი ლარი ).

„ქართული ოცნების“ თბილისის მერიაში მოსვლის შემდეგ კი, 2014 წლის აგვისტოდან და 2015 წლის სამთვიანი მონაცემებით, გაცემული პრემიების ოდენობა შეადგენს 4 221 200 ლარს (ოთხი მილიონ ორას ოცდაერთი ათას ორასი ლარი), მივლინებების თანხა 211 100 ლარს (ორას თერთმეტი ათას ასი ლარი). 

„ნიშანდობლივია, ერთი გარემოება, როცა ქვეყანაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლება შეიცვალა, თბილისის მერია ცენტრალური ხელისუფლების ოპოზიციაში და საბოტაჟზე გადავიდა, რამაც პრემიებსა და მივლინებებზე გაცემულ თანხებზე ჰპოვა ასახვა. 2012 წლის შემდეგ ორჯერ გაიზარდა ამ მიმართულებით თანხები. თუ 2012 წლამდე 8 და 10 მილიონამდე პრემიების თანხები გაიცემოდა, 2013 წელს გაცემულმა პრემიებმა შეადგინა 17 110 500 ლარი და მივლინებებზე 854 700 ლარი, ხოლო 2014 წელს, რვა თვის მონაცემებით, 12 287 900 ლარი და მივლინებებზე კი - 544 200 ლარი შეადგინა“, – აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე. 

ამ სფეროში არსებულ პრობლემებსა და გამოსავლის გზებზე, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, თენგიზ სიგუას ვესაუბრებით: 

- ასეთი ოდენობით, პრემიებისა და დანამატების გაცემა, რასაკვირველია, არასწორი ნაბიჯია. ეს ხდება ქვეყანაში, სადაც პენსია 150 ლარია. პროფესურას, ვინც დღეს პარლამენტსა და მთავრობაში მყოფი ხალხი მოამზადა, ასევე 150-200 ლარს უხდიან. ამ დროს, მინისტრი ან პარლამენტარი 3 ათას ძირითად ხელფასს და კიდე ამდენს დანამატის სახით პრემიას იღებს, რაც ყოვლად გაუმართლებელია. 

მე ამ მხრივ, დაახლოებით 30 ქვეყნის მონაცემები შევაგროვე. აღმოჩნდა, რომ ევროპის ნორმალურ ქვეყნებში დადგენილი წესები არსებობს. კერძოდ, უმაღლესი შრომის ანაზღურება აქვს ქვეყნის პირველ პირს, პრეზიდენტს ან პრემიერს. უდაბლეს ხელფასს სანიტარი და დამლაგებელი იღებს. მაქსიმალური განსხვავება უდაბლესსა და უმაღლეს ანაზღაურებას შორის 32 ოდენობა უნდა იყოს. ჩვენთან სხვაობა 50-ია. რატომ, ამის ახსნა არავის აქვს. არც ერთ ევროპულ ქვეყანაში, ეს სხვაობა 32 ნიშნულს არ აღემატება. 

გაგვცენ პასუხი, ასე რატომ ხდება? ჩვენ რა, ძალიან კარგად ვცხოვრობთ და გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ამხელა ხელფასი ვაძლიოთ პარლამენტარებსა და მთავრობის წევრებს? 

სამი წელი პრემიერი ვიყავი და ამდენი ხნის განმავლობაში იმდენი ხელფასი არ ამიღია, რასაც ესენი ერთ თვეში იღებენ. ხაზს ვუსვამ, სამი წლის განმავლობაში. 

ასეთ მაგალითს მოგიყვანთ. მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრად ალექსანდრე ჩიკვაიძე მოვიწვიე, რომელიც იმ პერიოდში რუსეთის ელჩი იყო ჰოლანდიაში. სანამ მოვიწვევდე, დავადგინე თუ რა ანაზღაურება ჰქონდა. რუსეთის საგარეო მინისტრმა ზუსტი ინფორმაცია მომაწოდა - 4500 დოლარი ხელფასი ჰქონდა, როგორც ელჩს და გარდა ამისა, მაღალი რანგის სტუმრების დახვედრის ხარჯი, დაახლოებით, თვეში 1500-1800 დოლარი გამოდიოდა. ე.ი. მთლიანობაში, 6 ათას დოლარამდე ანაზღაურება ჰქონდა. მე რომ ვუთხარი, ბატონო საშა, თუ დათანხმდებით და ჩამოხვალთ, მაქსიმალური ხელფასი 50 დოლარის ტოლფასი იქნებაო (ტელეფონით ვესაუბრე), სიჩუმეა, გადის 10 წამი, ვიფიქრე, ჩემი წინადადება, ალბათ, თავხედობად ჩათვალა-მეთქი; და 10 წამის შემდეგ მითხრა - სამშობლოს ვჭირდები და რა ფულზეა ლაპარაკიო. მესამე დღეს თბილისში ჩამოფრინდა. 

ასე ხდება, თუ მართლა გინდა შენს ქვეყანას ემსახურო. 50 დოლარი ჯამაგირი ჰქონდა საგარეო საქმეთა მინისტრს, ალექსანდრე ჩიკვაიძეს; უმაღლესი დონის პროფესიონალს. მგონი, ასეთი დონის დიპლომატი დღესაც არ გვყავს; უდიდესი ინტელექტისა და გამოცდილების მქონე პიროვნება. 

ამიტომ, თუ გინდა ქვეყანას ემსახურო, ათი ათასებს ნუ ითხოვ. რაც ქვეყანას შეუძლია, ის უნდა იმყოფინო. მე რომ მკითხოთ, დღეს თანამდებობის პირების ხელფასები 2500-3000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. არ შეიძლება 6 ათასები და კიდე უზარმაზარი პრემია-ჯილდოები რიგდებოდეს. 

ამას იცით რა მოსაზრებით ამართლებენ? არ ჩერდებიან ჩინოვნიკები და კერძო სტრუქტურებში გარბიანო. ესეც არ არის გამართლება. არავინ არსად გაიქცევა. ჩვენ ახლა მთავრობაში არ გვყავს ისეთი გადარეული ინტელექტუალები, რომ კერძო სტრუქტურა მათზე გიჟდებოდეს და იტაცებდეს, სიცრუეა ეს ყველაფერი. 

ვიმეორებ, დღეს მაღალი რანგის ჩინოვნიკების საშუალო ხელფასი 300 ლარს არ უნდა აღემატაბოდეს. 

- თქვენი მუშაობის პერიოდი ახსენეთ, მაშინ როგორ რეგულირდებოდა ეს სფერო?

- ხომ მოგახსენეთ, მაშინდელ მინისტრს სამი წლის განმავლობაში არ მიუღია იმდენი, რასაც დღევანდელი ამ დონის ჩინოვნიკი ერთ თვეში იღებს. 

- პრემია, დანამატი, ჯილდო მაშინ არ არსებობდა? 

-არა, რას ბრძანებთ. შეგიძლიათ ამოწიოთ საბუთები, ეს მონაცემები პრესაშიც გამოქვეყნებულია, მინისტრის ხელფასი 50 დოლარს არ აღემატებოდა. ახლა შევარდნაძე მე გმირად არ მიმაჩნია, მაგრამ პრეზიდენტობა 400 ლარიანი ხელფასით დაამთავრა. ქვეყნის ამდენი ხნის მეთაურს, ამაზე მეტი ხელფასი არ ჰქონია. მის დროს მინისტრებსაც მაქსიმალური ხელფასი, 100-120 ლარი ჰქონდათ. 

- ამაზე ახლანდელებს შუძლიათ თქვან, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში ფული არის და ამიტომ ვიღებთო მაღალ ანაზღაურებას...

- რას ჰქვია, თუ ბიუჯეტში ფული არის, მაშინ მიეცი ღატაკებად ქცეულ პენსიონერებს; პროფესორებს, რომლებმაც დღევანდელი თანამდებობის პირები აღზარდეს. მათაც 150-ლარიანი ხელფასი აქვთ და მეტს რატომ არ უხდიან? თუ გახსოვთ, ეს ხელისუფლება რომ მოდიოდა, პირობა დადო, რომ მინიმალური პენსია 220 ლარი იქნებოდა. დღესაც 150 ლარია და სექტემბრიდან 10 ლარის დამატებას პირდებიან; თავს იმით იმართლებენ, რომ ბიუჯეტში ფული არ არისო. ე.ი. მათთვის ფული არის და პენსიონერებისთვის არა? არა ბატონო, აქ არანაირი ლოგიკა არ მუშაობს. 

- თარხნიშვილის ინფორმაციით, თითქმის 3 000 ლარის ოდენობის დანამატს თვეში იღებდნენ მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, დეპარტამენტის უფროსები დაახლოებით 1152 ლარს მაშინ, როდესაც რიგით თანამშრომელზე თვეში საშუალოდ პრემია და დანამატი 57 ლარს შეადგენდა...

- ეს ყოვლად გაუმართლებელი მიდგომაა. არ შეიძლება ქვეყანაში ასეთი განსხვავება იყოს გაცემულ ხელფასებს შორის. ევროპის ქვეყნებში შრომის ანაზღაურების სპეციალური ბადე მოქმედებს. როგორც აღვნიშნე, მაქსიმალური სხვაობა 32 ოდენობაა. ამაზე თვეები დავხარჯე და შევისწავლე ისეთი ნორმალური ქვეყნები, როგორებიცაა ნორვეგია, დანია, ჰოლანდია, ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი და სხვ. მაგალითად, გერმანიაში სხვაობა ოცდარვაა, მერკელს 28-ჯერ მეტი ხელფასი აქვს, ვიდრე ყველაზე დაბალხელფასიან მოსამსახურეს, ვთქვათ სანიტარს. ჩვენთან რა უბედურებაა, რატომ უნდა იყოს 40 და 50-ჯერ მეტი?

- გამოსავალი სად არის, როგორ უნდა მოწესრიგდეს ეს სისტემა? 

- უნდა შემუშავებულ იქნას შრომის ანაზღაურების ბადე (რაც სახელმწიფო სექტორს ეხება) და გადმოვიღოთ ევროპული მაგალითები, როგორც ეს არის დანიაში, ჰოლანდიაში, ბელგიაში, სხვა ნორმალურ სახელმწიფოებში. დავაწესოთ, რომ 30-ზე მეტი სხვაობა არ შეიძლება იყოს ხელფასებს შორის. მივიღოთ ისეთივე ბადე, როგორიც ევროპის განვითრებულ ქვეყნებშია. მაშინ თავის თავს ვეღარ მოსცემენ უფლებას, რომ 3 ათასი ხელფასის სახით მიიღონ და კიდე ამაზე მეტი პრემია დანამატის ფორმით; ისე რომ, თვეში 7-8 ათასი გამოდიოდეს.  

პენსიონერს ეუბნებიან ვერ გიმატებთ, რადგან ბიუჯეტში ფული არ არისო და სხვა რაღაც ხარჯებისთვის ფული ოხრად ყრია. ეს დაუშვებელი მიდგომაა. 

იცით ამასთან დაკავშირებით რა მითხრეს? ამათ ეჩქარებათ, იციან ხელისუფლებაში დიდხანს ვერ იქნებინ და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ფული დააგროვონო. არ მინდა ეს აზრი გავიზიარო, მაგრამ სადღაც ჭეშმარიტებასთან ესეც ახლოსაა. აბა, რა უბედურებაა, ამ გაჭირვებულ ქვეყანაში მოხვედი, ორი წელი არც არის, რაც მინისტრი ხარ და უკვე ამხელა თანხას იღებ. 

- მომავალი არჩევნების მოგებაზე არ ფიქრობენ? 

- ხომ ნახეთ, 2020 წლამდე გადაიტანეს საარჩევნო კენჭისყრის მნიშვნელოვანი შესწორებები. ეშინიათ, რომ მომავალ არჩევნებზე პარლამენტში იმ ოდენობით გასვლას ვეღარ მოახერხებენ, როგორც დღეს არიან წარმოდგენილი. ალბათ ატყობთ, რომ მოსახლეობაში მმართველი ძალის ავტორიტეტი ძალიან დაეცა. ამიტომ მეეჭვება 2016 წლის არჩევნებში უმრავლესობა მოიპოვონ, თუ კენჭისყრა ნორმალურად ჩატარდა.  

- არსებული მდგომარეობდან გამომდინარე, მთავრობის ეკონომიკური გუნდის პასუხისმგელობა უნდა დამდგარიყო, თუ არა? 

- რასაკვირველია, ასე უნდა მომხდარიყო. საკითხს საწინააღმდეგოდ არავინ სვამს. ადრეც იყო საუბარი მთავრობის ეკონომიკური გუნდის გამოცვლაზე, მაგრამ ყველაფერი შეჩერდა. 

- მიზეზი რა შეიძლებოდა ყოფილიყო? 

- მგონი, ბიძინა ივანიშვილმა ეს საქმე დროებით გააჩერა. დღეს ქვეყანას მაინც ივანიშვილი მართავს. მართალია, თითქის გადამდგარია და ყველაფერს ჩამოშორებულია, მაგრამ უმისოდ არც ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არ წყდება. თავიდან სწორედ მას სურდა აღნიშნული მინისტრების გამოცვლა; განაცხადა კიდეც, თუ საქმე ასე წავიდა, მომავალ არჩევნებში ბევრ ხმას დავკარგავთო, სწორედაც აღნიშნა. 

- მაგრამ მსგავსი არაფორმალური მმართველობა ქვეყნისთვის რამდენად მისაღებია? 

- რა თქმა უნდა, ეს მისაღები ფორმა არ არის. თუ ჩამოშორდი ხელისუფლებას და საზოგადოებრივ სფეროში წახვედი, მაშინ იქ იყავი და ხელისუფლების საქმეებში ასე აქტიურად აღარ უნდა ჩაერიო. მაგრამ თქვენც ატყობთ, რომ დღეს უმაგისოდ ქვეყნისთვის არც ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არ წყდება.   

გამოქვეყნდა გაზეთ "ქრონიკა პლუსში" 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია