მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რატომ არ „დაიჭირა“ ივანიშვილმა ქადაგიძე? - 23 ივნისი 2015

„ქადაგიძე საფრთხობელად სჭირდებათ, რომ გაღარიბება-გაღატაკება მას დაბრალდეს“

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა სთხოვა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე არ დაეკავებინათ და ეს თხოვნა გაითვალისწინა. მისივე თქმით, ფონდის წარმომადგენლის მხრიდან ეს თხოვნა პირად შეხვედრაზე დაფიქსირდა და მისი პოზიცია იყო, რომ რაც „მისი პირადია“ შეუძლია, აპატიოს. 

„ქართუ ბანკის“ საკითხი პირადი იყო, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებაც იცოდნენ, რომ მან კანონი დაარღვია, ის კი არ უთქვამთ, დასაჭერი არ არისო. ჩვენ ვიცით, რომ ის დასაჭერია, მაგრამ იქნება აპატიოთო. მეც ვუთხარი, რომ რაც პირადულია, შემიძლია გავაკეთო და პროკურატურაში განცხადების მსვლელობა შევაჩერე, რაზეც ჯავახიშვილი ძალიან განაწყენდა, მაგრამ ვინც თხოვა, იმასაც და თვითონ გიორგი ქადაგიძესაც განვუმარტე, რომ სახელმწიფოს წინაშე თუ აქვს დარღვევა ჩადენილი, მე ხელს ვერ დავაფარებდი“, - ამბობს ივანიშვილი. 

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ პროკურატურაზე მაღლა დადგა, ივანიშვილი აცხადებს, რომ არა, ვინაიდან საქმე მის პირად ზარალს ეხებოდა, ხოლო საერთო ქონებასთან დაკავშირებით ის ხელს არავის დააფარებდა. 

რაც შეეხება მთავარი პროკურორის მოადგილის, ირაკლი შოთაძის განცხადებას გიორგი ქადაგიძის შესაძლო დაკითხვასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ როგორც ჩანს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დარღვევები კიდევ აქვს, მაგრამ ამას დამტკიცება ესაჭიროება. 

სავალუტო ფონდის წარმომადგენლისა და ბიძინა ივანიშვილის აღნიშნულ საუბარს ადასტურებს ახლანდელი მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი. ხოლო საფინანსო-საბიუჯეტო საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ გიორგი ქადაგიძე ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ის ბიძინა ივანიშვილს არ ეთანხმება, რომ გიორგი ქადაგიძეს მისი ბანკის მიმართ განხორციელებული ქმედებები აპატია. 

რამდენად იყო უფლებამოსილი ყოფილი პრემიერი ამ გადაწყვეტილების მისაღებად, ამ კითხვით, უპირველესად, ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთ ლიდერს გიორგი გუგავას მივმართეთ: 

- ამ განცხადებით ივანიშვილმა დაადასტურა, რომ სახელმწიფოზე მაღლა დგას, პროკურატურაზე, სასამართლოზე და სხვა სახელმწიფო ინსტუტუტებზე. როგორც თავის დროზე საფრანგეთის მეფე აცხადებდა, ქვეყანა ეს მე ვარო, დაახლოებით ასეთი პოზიცია აქვს. თუ პირს დანაშაული ჩადენილი აქვს, არავის არ უნდა ჰქონდეს გავლენა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, პროკურატურაზე, ზოგადად სამართალწარმოებაზე. დანაშაულზე ყველამ საკადრისი პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე. 

აქ უფრო სხვა საფუძველია. ქვეყანაში შექმნილი  სავალუტო-საფინანსო კრიზისით, ამ მცირე ხანში მოგება ნახა იგივე ივანიშვილის ქართუ ბანკმა და ეს მოგება არნახულია. არც ერთ საფინანსო ორგანიზაციას ასეთ მცირე დროში ამხელა წარმატება არ ახსოვს. 17,5 -ჯერ გაიზარდა ქართუ ბანკის მოგება, ასევე შეღავათები სხვა ბანკებმა ნახეს. მაგრამ ამ სიტუაციას განტევების ვაცი სჭირდებოდა და მოძებნილ იქნა ქადაგიძე, რომ ყველაფერი მას გადაბრალებოდა. ბუნებრივია, ამ კრიზისში მისი ხელიც ურევია, მაგრამ ხელისუფლებამ, ამ შემთხვევაში ივანიშვილმა პასუხისმგებლობა სრულად რომ მოიხსნას, ისევ მოიძებნა ქადაგიძე და დაუსრულებელი პოლემიკა მიდის იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ეროვნული ბანკის თუ კიდე სხვა ვინმეს ბრალია. 

თურმე ყველას და ყველაფერს თავი უნდა დავანებოთ, რად გვინდა ეკონომიკის, ფინანსთა სამინისტრო, პრემიერი, ეკონომიკურ-ფინანსურ-სავალუტო პროცესზე პასუხისმგებელი მხოლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტია და მის ირგვლივ ტრიალებს დედამიწა. მაშინ ყველა სახელისუფლო ინსტიტუტი გავაუქმოთ და ქადაგიძე ყიფილა ქვეყნის ავანჩავანი. ხომ ბლეფია ეს ყველაფერი, მაგრამ მიზნად სწორედ ეს აქვთ დასახული. თვითონ განცხადება იმის თვითაღიარებაა, რომ ივანიშვილი პირდაპირ გავლენას ახდენს სამართალდამცავ, სასამართლო ხელისუფლებაზე. წესით, მოქმედი კანონმდებლობით ეს დასჯადი ქმედებაა. 

- რამდენად შესაძლებელია პროცესი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დაკავებამდე მივიდეს? 

- ქადაგიძის გადაყენება-დაკავების ბერკეტები არსებობს, რომელსაც ხელისუფლება არ იყენებს. მაგრამ რატომ არ იყენებს? კონსტიტუცით თუ დანაშაული არის ჩადენილი, იღძვრება საქმე, პარლამენტი უმრავლესობით იკრიბება, პირს თანამდებობას დაატოვებინებს და მერე ჩვეულებრივად პასუხისმგებლობის საკითხი ისმება. თუ ისინი ქადაგიძეს დამნაშვედ თვლიან, რატომ არ მიმდინარეობს ეს პროცესი? იმიტომ, რომ ქადაგიძე ამ შემთხვევაში საფრთხობელად სჭირდებათ, რომ მთელი ეს უარყოფითი პროცესები, რაც მოსახლეობის გაღარიბება-გაღატაკებასთან, ფინასურ-ეკონიმიკურ კოლფსთან არის დაკავშირებული, სწორედ ქადაგიძეს დაბრალდეს; ამით ივანიშვილმა და ოცნებამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა თავიდან აიცილონ. 

- საერთაშორისო ორგანიზაციის მსგავსი ტიპის ჩარევას რაც შეეხება? 

- გამოსავალი ნორმალურ ხელისუფლებაშია. საერთაშორისო ორგანიზაციებს, საფინანსო ინსტიტუტებს მაშინ აქვთ მსგავსი მიუღებელი გავლენა, როდესაც ხელისუფლება მათ ქვეშ უწვება. ივანიშვილი, რომელიც მილიარდერია და ბიზნესაქტივები სხვადასხვა ოფშორულ ზონებსა და ბანკებში აქვს განთავსებული, ბუნებრივია, ამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს დაემორჩილება, რათა მის კაპიტალს საფრთხე არ შეექმნას. ამისთვის მზად არის ქვეყნის ინტერესები უკანა პლანზე დააყენოს. გამოსავალი ქვეყნის ისეთი ხელისუფლებაა, რომელიც არ დაემორჩილება ისეთ ინსტრუქციებსა და დირექტივებს, რომელმაც შეიძლება საკუთარ ქვეყანასა და ხალხს ზიანი მოუტანოს. 

დიპლომატიური აკადემიის რექტორი, პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე: 

- მოდით იქიდან დავიწყოთ, რომ ცივილიზებულ ქვეყანაში არანაირ სავალუტო ფონდს, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციას, იქნებოდა მსოფლიო ბანკი თუ ფეხბურთის ფედერაცია, აზრადაც არ მოუვიდოდა, რომ პრემიერისთვის ასეთ თხოვნით მიემართა. ამან იცით რა გამახსენა, ერთ საგულისხმო მომენტს გეტყვით. გასული საუკუნის 50-ინ წლებში, სტალინის სიკვდილის შემდეგ, ცოტა ხანს ქვეყანას ხრუშჩოვი მართავდა ბულგანინთან ერთად. პირველი ვიზიტი სტალინის შემდეგ ხრუშჩოვისა და ბულგანისის ჩასვლა იყო ინგლისში, სადაც ბევრს საუბრობდნენ მეგობრობაზე; სტალინი უკვე მოკვდა, აღარ არის და ყველაფერი კარგად იქნებაო. ამ დროს იქ ერთი ინციდენტი მოხდა. იყო ასეთი ქალი ნინა პანამარიოვა, ოლიმპიური ჩემპიონი ბადროს ტყორცნაში. ლონდონში ამ ვიზიტის დროს, ეს ნინა პანამარიოვა სუპერმარკეტიდან შლაპას მოპარვისას დააპატიმრეს. ახლა, პანამარიოვა რუსეთში მწველავი იყო და არ იცოდა, რომ მარკეტში კამერები უთვალთვალებდა. გაასამართლეს, რაღაც პატარა ჯარიმა მიუსაჯეს და გამოუშვეს. 

მაგრამ საინტერესო ის არის, რომ იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი, შემდეგ პარლამენტს ბულგანინისა და ხრუშჩოვის ვიზიტის შედეგებს რომ ახსენებდა, ერთმა დეპუტატმა კითხვა დაუსვა, - თქვენი აზრით, მაინც რა განსხვავებაა ჩვენს სახელმწიფო წყობილებებს შორისო. თუ არ ვცდები, მაშინ პრემიერი ვილსონი იყო, - განსხვავება ის არის, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე ხრუშჩოვმა მთხოვა, შენ პრემიერი ხარ, ჩვენ ხომ ვმეგობრობთ, დაურეკე ამ მოსამართლეს და ნინა პანამარიოვას საერთოდ ნუ გაასამართლებთ, ისე გამოუშვითო, ასე უპასუხა დეპუტატს. ეს იგივეა, რაც ივანიშვილს სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა სთხოვა. მაგრამ ეს რომ ბრიტანეთის პრემიერმა თქვა, პარლამენტში, თემთა პალატაში ერთი 10 წუთი ისეთი ხარხარი იყო, ისე რომ ვერ გააჩერეს. იცით რატომ? პარლამენტარებს სასაცილოდ არ ეყოთ, რომ პრემიერს შეუძლია ვიღაცას ჩადენილი დანაშაული აპატიოს. ჩვენ დღეს იმ მდგომარეობაში ვართ, რაშიც სამართლებრივი თვალსაზრისით საბჭოთა კავშირი გასული საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში იყო. 

როგორ შეიძლება პრემიერმა დანაშაული აპატიოს. ივანიშვილს უნდა ეთქვა, რომ მე არ ვერევი და ეს პროკურატურის საქმეაო. რასაც სიტყვიერად მუდმივად იმეორებს, რომ არ ერევა პროკურატურის საქმეებში, ამის უფლება არ მაქვსო. ვინ მოგცა უფლება, რომ დამნაშავეს წანასწარ საქმე აპატიო.  

- რამდენად ეკისრება ეროვნულ ბანკს მეტი პასუხისმგებლობა შექმნილ მდგომარეობაზე? 

- რასაც დასავლური ორგანიზაციების ფინანსისტთა განცხადებებში ვკითხულობ, ეროვნულ ბანკს ბევრი რამ ეკისრება, მაგრამ არა ყველაფერი. ხოლო ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რასაკვირველია, წმინდა წყლის შურისძიების ამბავია. როგორც ჩანს, ეროვნულმა ბანკმა და პირადად გიორგი ქადაგიძემ თავისი წვლილი შეიტანა მაშინ ქართუ ბანკის გაკოტრებაში და ბიძინა ივანიშვილი საერთოდ არავის პატიობს ძველ პირად წყენას. ამიტომ გაუხსენეს ქართუ ბანკის შემთხვევა. 

მეორე საკითხია, რომ ამ გახმაურებით სავალუტო ფონდთან გარკვეული ნდობაც დაიკარგება. თუ ასე მიქარა სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა, რომ ივანიშვილის პირადად სთხოვა, საერთოდ, ჯენტლმენური კოდექსი იმას ითხოვს, რომ ჯერ არც უნდა შეასრულო და მერეც, აღარ უნდა გააბაზრო ეს თემა; ივანიშვილს ეს არც უნდა გაეხსენებინა, აპატია და მორჩა. ამიტომ პირადი წყენის გამოვლენასთან გვაქვს საქმე. 

გარდა ამისა, განტევების ვაცი ხომ სჭირდებათ? აქამდე აცხადებდნენ, რომ ვალუტა რუსეთშიც დაეცაო. იქ რუბლი უკვე მყარდება, ასევე სომხეთში, აზერბაიჯანში უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე ჩვენთან. ვიღაცას ხომ უნდა დაბრალდეს ეს სურათი, ამიტომ ბრალდება ქადაგიძეს. თუმცა იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს საკუთარი ცოდვებიც საკმარისად აქვს. 

- თვითონ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის  ასეთი დამოკიდებულება როგორ უნდა შეფასდეს?

- სავალუტო ფონდი ჩვენ არ მიგვიჩნევს ცივილიზებულ, ევროპულ ქვეყნად, როცა ასეთ რამეს გვიბედავს; ქვეყნის პრემიერს უბედავს ამას. ივანიშვილი რატომ არ ფიქრობს იმაზე, რომ სავალუტო ფონდის იმ წარმომადგენელმა თავად მას მიაყენა პირადი შეურაცხყოფა; უთხრა, იცით რა, თქვენს ქვეყანაში არც კანონია, არც კონსტიტუცია, მე ვიცი, რომ აქ შენ ხარ ყველაფერი, ამიტომ პირადად გთხოვ ამასო. ბიძინას უნდა ეპასუხა, რომ როგორ მიბედავთ ასეთ რამეს, რა შემატყვეთ ისეთი, რომ მზად ვარ კანონი დავარღვიო და პროკურატურის საქმეში ჩავერიოო. რას ნიშნავს ნუ დაიჭერ მისთანები? რას ჰქვია, ჩვენში ერთი კაცი წყვეტს ვინმეს დაჭერა არ დაჭერას?

არ გვეშველება, სანამ ხედავენ, რომ რეალურად ევროპულ გზაზე არ ვდგავართ, რომ ჩვენთან ყველაფერი ისევ პიროვნულად ერთ კაცზეა დამოკიდებული. ჩვენ გვიბედავენ, მაგრამ ლიტვას, ლატვია, ესტონეთს ვერ გაუბედავენ, რომ აღარაფერი ვთქვათ პოლონეთზე და ევროპის სხვა ქვეყნებზე. პოსტსაბჭოთა სივრციდან მსგავს გამოხდომებს მხოლოდ აღნიშნულ სამ ქვეყანას ვერ უბედავენ. იციან, იქ რომ ასეთი რამ სთხოვო, უბრალოდ, ისევ შენ შერცხვები; ის მაინც არ გაგიკეთებს და მის თვალში თვითონვე წააგებ. მაგრამ ჩვენთან თავისუფლად ერევიან. ელჩები ასე აქტიურად რომელ ქვეყანაში ერევიან, როგორც ეს ჩვენთან ხდება. ამიტომ ათ დეკლარაციას ხელი რომ მოვაწეროთ ევროკავშირთან ასოცირების თუ მეგობრობის, სანამ ასეთ მდგომარეობაში ვიქნებით და ვისაც არ ეზარება ჭკუას გვასწავლის, ჩვენს საკეთებელ საქმეებში ჩაერევა, არაფერი გვიშველის.     

სხვაზე რა უნდა გითხრათ, აგერ ივანიშვილიც მომხრე იყო მაჟორიტარების სისტემის გაუქმების და ახლა მაინც დატოვეს. ეს იყო პირველი ნიშანი იმისა, რომ მართლა რაც შევარდნაძე-სააკაშვილის დროს ხდებოდა, აღარ გაგრძელდებოდა. ყველამ ვიცით, რომ მაჟორიტართა აბსოლუტური უმრავლესობა, თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, ყველა თავის მანდატს ყიდულობდა. ამას წინათ მეუბნებოდნენ, ამერიკაში სულ მაჟორიტარები არიანო. აბა დაითვალონ, აშშ-ში რამდენი მაჟორიტარი ბიზნესმენია. აქ კი მაჟორიტარების 99% ბიზნესენები არიან, ნუთ ეს შემთხვევითია? სხვაგან ასე სად არის, ნორმალურ ქვეყნებში? გარდა ამისა, სხდომებს არ ესწრებიან და რომელი მაჟორიტარი გინახავთ მიკროფონთან მისული. ახლა გამოვიდა ერთი, ალბათ, ოცი წლის განმავლობაში პირველად და განაცხადა, რომ აღნიშნული სისტემის გაუქება არ შეიძლებაო. 

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე: 

- თუკი ივანიშვილი ქართუ ბანკის სახელით ჩიოდა, გიტანდა საჩივარს, საქმეც მოიხსნებოდა. ასეთი შინაარსი ჩავდე ყოფილი პრემიერის  ნათქვამში. ბუნებრივია, თუკი საქმე სახელმწიფო სტრუქტურებთან იქნებოდა გასარჩევი, იქ უკვე ივანიშვილს (მას უნდა თუ არა) არანაირი გამართული მექანიზმი ერ ექნებოდა შეეჩერებინა ეს პროცესები. ასეთ დიალოგში არაფორმალურ მექანიზმებს საერთოდ არ გულისხობენ ხოლმე. ასე რომ, მგონი ივანიშვილმა დაუკონკრეტა, რომ მას ერთადერთს შეუძლია მოხსნას საჩივარი და მოხსნა კიდეც, თორემ დანარჩენი მას არ ეხებოდა. ამ დანარჩენის მიმართ დანაშაულის რა ნიშნებს ჰქონდა ადგილი, ეს კიდე სხვა საკითხია. 

- სავალუტო ფონდის, სხვა ორგანიზაციების ამ ტიპის ჩარევა როგორ უნდი განვიხილოთ? 

- ასეთი ფრაგმენტები ცოტა გვაქვს, ასე რომ მთელი სისრულით არ ვიცით რამდენად ერევიან საერთაშორისო ორგანიზაციები ჩვენს შიდა საქმეებში. დიდი ეჭვი მქვს, რომ ასეთი ჩარევა ძალიან ხშირია. ეს რომ ტრადიციად არ იყოს ქცეული, მაშინ არც ზემოხსენებული ინციდენტი სავალუტო ფონდის წარმომადგებლისა არ იქნებოდა. სულ ლაპარაკია საქართველოში არაფორმალურ მმართველობაზე და ივანიშვილს გულისხობენ. ახლა, ამ ინციდენტით ცხადი ხდება, რომ ჩვენ შეიძლება საერთაშორისო ორგანიზაციების არაფორმალური ჩარევა გვაქვს სახეზე მმართველობაში; თან ისე, რომ ამას ვერ ვამჩნევთ. რაც არ მგონია უფრო სასურველი იყოს, ვიდრე ივანიშვილის ან სხვა რომელიმე თანამემამულის  ჩარევა ქვეყნის საქმეებში. რით ხელმძღვანელობენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები, ძნელი სათქმელია, რადგან მათ თავიანთი ინტერესები აქვთ. რომანტიკულად ნუ ჩავთვლით, რომ თუ ერევიან, რამეს გვეუბნებიან, ამას მხოლოდ ჩვენს სასიკეთოდ სჩადიან და თვითონ არაფერში არანაირი ინტერესები არ აქვთ. ასე არ ხდება. 

- ქართული მხარე რით უნდა ხელმძვანელობდეს, რომ მსგავს ჩარევას ადგილი არ ჰქონდეს? 

- პატარა ქვეყნის ბედ-იღბალში ყოველთვის ერევიან ძლიერები და ღონივრები. ისე რომ, ძნელია აქ უნივერსალურ გამოსავალზე საუბარი. ალბათ, ყველა პროცესის მაქსიმალური ღიაობა და საჯაროობა მსგავსი ჩარევებისგან დაცვის ერთ-ერთი ძველი და გავრცელებული მეთოდია. 

- ეროვნულ ბანკთან მიმართებაში, ერთგვარ გადაბრალების მცდელობას ხომ არ აქვს ადგილი? 

- ეკონომისტების აზრი იმდენად გაყოფილია, რომ ვერ გეტვით ასე არის თუ არა. ქადაგიძემ გარკვეული შეცდომა დაუშვა იმ პერიოდში, რაზეც ზემოაღნიშნულ ინციდენტშია საუბარი. ადრე პროკრედიტბანკთან, მერე ქართუ ბანკთან, ასე რომ, თანამდებობაზე ყოფნისას გარკვეული პოლიტიკური ინტერსების დამცველად გამოჩნდა. ეს თანამდებობა ზოგიერთი ამ ინტერესის დაცვისთვის გამოიყენა, ანუ თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა. და თუ იქ ხელმძღვანელობდა პოლიტიკური ინტერესით, აქაც ეს გამორიცხული არ არის. ამ ეჭვს ისიც ამყარებს, რომ ეროვნული ბანკის, კერძოდ ქადაგიძის პოზიციებს გამწარებული იცავენ ყველაფრის მიმათ კრიტიკულად განწყობილი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგებლები. ეს სინქრონულობა ასევე ეჭვს ბადებს. მაგრამ ვიმეორებ, ეს მხოლოდ ეჭვია, არანაირი საფუძველი იმისა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ჩემი ეჭვი სწორია, მე თვითონვე არ გამაჩნია. 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია