მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რატომ თქვა ხელისუფლებამ უარი საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე? - 08 ივლისი 2015

„სამარცხვინოა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები უარს ამბობენ თავიანთ ყველა ძირითად დაპირებაზე საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით“

არასამთავრობო ორგანიზაციებმა საარჩევნო სისტემის რეფორმის საკითხებზე მმართველი კოალიციის პოზიციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს. როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ხელისუფლებაში მყოფმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას საკუთარი გადაწყვეტილება გააცნო, რომლის მიხედვითაც, 2016 წელს საპარლამენტო არჩევნები კვლავ დღეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, თუმცა გარკვეული ცვლილებებით.

„კერძოდ, მაჟორიტარული სისტემით დეპუტატების არჩევისთვის 50%-იანი ბარიერი დაწესდება. აგრეთვე, ამომრჩეველთა ხმების თანასწორობის პრინციპის დასაცავად და მიმდინარე წელს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესასრულებლად, მაჟორიტარული ოლქების საზღვრები შეიცვლება. რაც შეეხება საარჩევნო სისტემის შემდგომ რეფორმას, ხელისუფლების განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გაუქმდება მაჟორიტარული სისტემა და არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება. ამ ცვლილების გადადების არგუმენტად „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებამდე დარჩენილი მცირე დრო დაასახელა.

ვფიქრობთ, რომ წარმოდგენილი ცვლილებები, მხოლოდ ნაწილობრივ ეხმიანება იმ პრობლემებს, რომელიც მოქმედ საარჩევნო სისტემას ახასიათებს და იგი კომპლექსურად ვერ უზრუნველყოფს საქართველოში კონკურენტუნარიანი და თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნას. პირველ რიგში, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებს შორის დისპროპორციის შემცირება, რთული იქნება და ბევრ ოლქს მექანიკურად შეერთება/დაყოფა მოუწევს, რამაც შეიძლება, დამატებითი პრობლემები წარმოშვას თანაბარი ტერიტორიული წარმომადგენლობის კუთხით. 

ამასთანავე, როგორც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა აჩვენა, მხოლოდ 50%-იანი ბარიერის დაწესება ქვეყანაში საარჩევნო პროცესების გასაჯანსაღებლად არ არის საკმარისი, საჭიროა კომპლექსური მიდგომები, სადაც ბარიერის საკითხი მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტი შეიძლება იყოს.

გარდა ამისა, მიგვაჩნია, ხელისუფლების ის არგუმენტი, რომ მცირე დროა არჩევნებამდე დარჩენილი და ამიტომ არ არის სასურველი საარჩევნო სისტემის არსებითი რეფორმირება, სრულიად არადამაჯერებელია. მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე, დაახლოებით, 1.5 წელი არის დარჩენილი, შესაბამისად, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარება, მათ შორის, საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება, სრულად მოსწრებადია.

მიგვაჩნია, რომ სისტემის გაუმჯობესებისა და თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნისათვის აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ გაითვალისწინოს საარჩევნო სისტემაზე მომუშავე წამყვანი არასამთვრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური სპექტრის ერთიანი ხედვა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩაატაროს. თანამედროვე საქართველოს ისტორიაში საარჩევნო სისტემის თაობაზე პოლიტიკურ და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ასეთი ფართო კონსენსუსი აქამდე არასოდეს შემდგარა და ხელისუფლების მხრიდან ამის უგულებელყოფა მიუღებელია“, - ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.

თავის მხრივ, პარტია „თავისუფალი საქართველო“ ოპოზიციას მასობრივი აქციებისკენ მოუწოდებს. პარტიაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ უარი თქვა საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე:

„პარლამენტის თავმჯდომარემ და დე-ფაქტო პრემიერმა განაცხადეს, რომ მაჟორიტარული სისტემა მცირედი ცვლილებებით შენარჩუნებული იქნება. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების მიერ ამ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე არც ერთი შეხვედრა ან კონსულტაცია არ გაუმართავს ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. შედარებისთვის უნდა ითქვას, რომ შევარდნაძის და სააკაშვილის რეჟიმებიც კი ფორმალურად მაინც საარჩევნო რეფორმის გატარებამდე, ქმნიდნენ ინტერპარტიულ ჯგუფებს სადაც მიმდინარეობდა ხანგრძლივი დისკუსია საარჩევნო რეფორმის საკითხებზე“.

მათივე შეფასებით, უკიდურესად სამარცხვინოა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები უარს ამბობენ თავიანთ ყველა ძირითად დაპირებაზე საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, რასაც თავად განიხილავდნენ, წლების მანძილზე როგორც არჩევნების ლეგიტიმურობის წინაპირობას, მათ შორის, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, პარიტეტული ადმინისტრაციის და ბიომეტრიული სიების შემოღებას და სხვა. 

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მრავალი მათგანი შიმშილობდა კიდეც ამ მოთხოვნით პარლამენტის კიბეებზე. სრულიად აშკარაა, რომ კორუფციაში ღრმად ჩაფლული „ოცნება“ არანაირი რეფორმის გატარებას თავისი ნებით არც ახლა და არც სამომავლოდ არ აპირებს. ამიტომაც მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს და მთელ საზოგადოებას, 2007 წლის საპროტესტო აქციების ყველა მონაწილეს დავიწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები - იგივე დღეს 2015 წლის 28 სექტემბერს, იგივე მოთხოვნებით - მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და პარიტეტული საარჩევნო ადმინისტრაციის შემოღება; იგივე ადგილას - რუსთაველის გამზირზე.

სექტემბრამდე დარჩენილ დრო კი გამოვიყენოთ, ხელისუფლებასთან კონსულტაციებისთვის, რათა ოლიგარქიული რეჟიმი გონს მოეგოს და საკუთარი ნებით განახორციელოს დაპირებული რეფორმა“, - ნათქვამია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არსებულ რეალობასა და გამოსავლის გზებზე, საარჩევნო სისტემაზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის წარმომადგენელს, მემარჯვენე მამუკა კაციტაძეს ვესაუბრებით:  

- მთავრობამ თავისი გადაწყვეტილებით ერთმნიშვნელოვნად აღიარა, რომ მოქმედი სისტემა არ ვარგა; განაცხადა, რომ 2020 წლიდან ეს სისტემა უნდა შეიცვალოსო, რაც აღნიშნულის დადასტურებაა. მეორე მხრივ თქვა, რომ კიდევ ოთხი წლით ამ მახინჯი სისტემის შენარჩუნების ერთგული რჩება. ეს იმიტომ, რომ სურს ისარგებლოს შანსით, რასაც ნაკლები რეიტინგით მეტი მანდატების მიღება ჰქვია. ეს ნიშნავს ძალაუფლების უფრო მაღალ ხარისხში ფლობას, ვიდრე შესაბამისი მხარდაჭერა გააჩნია. ხელისუფლებამ ფაქტობრივად თქვა, რომ ამ სისტემის სიმახინჯით სარგებლობა სურს, რაც გაუადვილებს უკონტროლო ძალაუფლების შენარჩუნებას. აი ეს არის მთავრობის განაცხადი, რაც თავისთავად უვარგისი მიდგომაა. 

უბრალოდ, ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა - ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დასრულდა. ხელისუფლების ამ განაცხადს ჩვენ მარტივად არ შევეგუებით. ახლა სტატისტის როლში ვერანაირად ვერ ვიქნებით და 2020 წლამდე აღნიშნული სისტემის შენარჩუნებას ადვილად არ შევურიგდებით.  

- რა გარემოებებმა უბიძგა ხელისუფლებას, რომ რეალურად, ძველი სისტემის შენარჩუნებაზე წასულიყო? 

- აქ ორი რამ არის და ერთი რაც უკვე ვთქვი - იმ კვლევებისა და რეალური შეფასებების ფონზე, რაც დღეს ხდება, რეიტინგის ვარდნის პირობებში, ხელისუფლებას სურს პარლამენტში მკვეთრი უმრავლესობის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენოს. 

პარლამენტში მაჟორიტარების გვერდზე განდგომის შესაძლებლობა მოიმიზეზეს. ხელისუფლებამ მათ, ცოტა ჟორგონზე რომ ვთქვათ, კოჭი გაუგორა; აი, თქვენთვის ამას ვაკეთებ და შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტის უფლებამოსილების განმავლობაში, უმრავლესობის შენარჩუნება კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დადგებაო. თუმცა ეს უფრო სათავისოდ გადადგმული ნაბიჯია, ვიდრე მაჟორიტარებისთვის ანგარიშის გაწევის მომენტი. რეალურად, ეს იყო ბიძგი, რომ უმრავლესობა შეენარჩუნებინათ, რაც კოალიციის ლიდერების მხრიდან სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.  თუმცა, ამ შემთხვევაში, ხელი ხელს ბანს პრინციპი ამუშავდა. 

მეორე მხრივ, თუ ხელისუფლება ამას დაიცავს და შეინარჩუნებს, ეს ნიშნავს, რომ 45, 50 თუ გნებავთ 55%-იანი რეიტინგის პირობებში ის, ფაქტობრივად, საკონსტიტუციო უმრავლესობას გაინაღდებს კიდევ ოთხი წლის განმავლობაში.

- როგორ აიხსნება კოალიციაში შემავალი სხვა ძალების, იგივე რესპუბლიკელების, ფორუმის, კონსერვატორების მიერ ამ საკითხში დაკავებული პოზიცია? 

- ეს მათი მხრიდან დეკლარირებული პოლიტიკური პოზიციაა, საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა იმის საპირწონედ, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში თავი კომფორტულად იგრძნონ ხელისუფლებაში. ამ შემთხვევაში, მათი მხრიდან ბევრ ალოგიკურ ქმედებებთან გვაქვს საქმე. ერთი მხრივ აცხადებ, რომ რაც არის არ ვარგა, მეორე მხრივ, აღნიშნულ უვარგისს კბილებით ინარჩუნებ. უბრალოდ, ვინმემ მიპასუხოს ამ კითხვაზე, თუ მოქმედი სისტემა არ ვარგა, კიდევ ხუთი წელი რატომ უნდა შევინარჩუნოთ? და თუ მოქმედი სისტემა კარგია, ოთხი წლის მერე ეს ყოველივე რატომ უნდა შევცვალოთ? სად არის აქ ელემენტარული ლოგიკა? 

ვიმეორებ, რომ აქ მაჟორიტარები მხოლოდ საბაბია, თორემ არც ერთ მათგანს იმის ძალა და შინაგანი რესურსი არ გააჩნია, რომ სერიოზულ კონფრონტაციაში შევიდეს კოალიციის ლიდერებთან და ასე ვთქვათ, თავისი პრინციპი ბოლომდე გაიტანოს. ეს ვარიანტი, უბრალოდ, წარმოუდგენელი და დაუჯერებელია. მით უმეტეს, როდესაც ივანიშვილის ფაქტორი ჩაერთო ამ სიტუაციაში. ამიტომ ეს მათი მხრიდან წმნიდა პოლიტიკური და ასევე ალოგიკურობით აღსავსე გადაწყვეტილებაა. 

ლაპარაკობენ იმაზე, რომ დღეს მაჟორიტარები ამ ცვლილებას  მხარს არ დაუჭერენ და ამიტომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ვიღებთო. როგორ, 2016-ში პარლამენტი რომ აირჩევა, იქ მაჟორიტარი დეპუტატები აღარ იქნებიან? თუ იმ სახის მაჟორიტარები არ იქნებიან, როგორებიც დღეს არიან? რომლებიც არ არიან ასოცირებული ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებთან და ფაქტობრივად, წლების განმავლობაში პარლამენტში საკუთარი ბიზნესით არიან დაკავებული და სხვა არაფერი ადარდებთ. 

ჩვენთან, პრეზიდენტთან გამართულ კონფერენციაზე ერთ-ერთმა მათგანმა ღიად განაცხადა, რომ საქართველოს მყარი ხელისუფლება სჭირდება და ჩვენ ვიხსენით პარლამენტში უმრავლესობის დაკარგვა კოალიცია ქართული ოცნების მხრიდანო; ანუ, საპარლამენტო უმრავლესობა გადავრჩინეთო. ამას რომც ფიქრობდე, არ უნდა თქვა; ვიყავი ერთ პარტიაში და მეორეში იმიტომ გადავედი, რომ უმრავლესობა შემენარჩუნებინა და მეც მასში ვყოფილიყავიო. მაგრამ ამას ღიად აცხადებენ, აბსოლუტურად ანტიპოლიტიკურ განაცხადს აკეთებენ იმისთვის, რომ საკუთარ მიზანს მიაღწიონ. ამ შემთხვევაში, ინტერესების თანხვედრაა კოალიციაში, როგორც ლიდერთა მხრიდან, ასევე იმ საბაბების მხრიდან, რომლებსაც დღეს მაჟორიტარები ჰქვიათ. 

- რატომ ფიქრობთ, რომ მათი მთავარი მოტივი საკუთარი ბიზნესის ლობირებაა? 

- რასაკვირველია, ასეა. თქვენ თუ დააკვირდებით ამ ადამიანების აქტიურობას წმინდა კანონშემოქმედებით საქმიანობაში, ის თითქმის ნულს უტოლდება. ერთ მარტივ დეტალს მოგიყვანთ. ბოლო პერიოდში პარლამენტის თავმჯდომარემ ყველაზე გამცდენი დეპუტატების სია გამოაქვეყნა. ათიდან 9 ამ ტიპის მაჟორიტარზეა საუბარი, რომელიც კონკრეტულ მეგაბიზნესებთან ასოცირდება, დაწყებული კაზრეთიდან, სააფთიაქო ბიზნესით დასრულებული. რეალურად, ისინი არც კი დადიან პარლამენტში, არათუ აქტიურობენ და სერიოზულ კანონშემოქმედებით საქმიანობას ეწევიან. ეს ამბავი საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, როცა პარლამენტში გახლდით.  

მათი მხრიდან უცნაური პოლიტიკური განცხადებებიც კი კეთდებოდა. მაგალითად, ადგება ამ ტიპის მაჟორიტარი, რომლისთვისაც პარტია, რაიმე პოლიტიკური ხედვა აბსოლუტურად მეათეხარისხოვანია და პარლამენტში საკუთარ გამოსვლას ასეთი ფორმით იწყებს - მე პოლიტიკაში არ ვერევი, მაგრამ შემდეგ რაღაცას მოყოლებს. როგორ წარმოგიდგენიათ, ადამიანი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრია და აცხადებს, რომ პოლიტიკაში არ ერევა. აბა რას აკეთებ პარლამენტში? ამ დროს დაკავებულია იმით, რაზეც ზემოთ გესაუბრეთ. 

- პარლამენტის თავმჯდომარის ბოლო პოზიცია ნიშნავს თუ არა, რომ ამით უარი თქვა ცნობილ ხელმოწერაზე, როდესაც ცნობილ მემორანდუმს შეუერთდა? 

- ამაზე კომპლექსურად გიპასუხეთ და რასაკვირველია, პარლამენტის თავმჯოდომარეც გადის ამ პროცესში. მან, ფაქტობრივად, გაწირა, გვერდზე გადადო ეს პრინციპები იმისთვის, რომ ამ შემთხვევაში, ძალაუფლება შეენარჩუნებინა და კიდევ 4 წლით გაეხანგრძლივებინა. რა თქმა უნდა, მისი მხრიდან ძალიან სამწუხარო და აბოლუტურად არალოგიკური გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს ჩვენი ბუნებრივი მოცემულობაა. 

რეალურად, მათ საკუთარ პრინციპებს უღალატეს და მიზეზად, საბაბად მოყავთ ის, რომ ამ პარლამენტში სხვაგვარად არ გამოვიდოდა. რასაკვირველია, ეს პასუხისმგებლობა სრულფასოვნად ეკუთვნის პარლამენტის თავმჯდომარესაც. მე ვიტყოდი, რომ უფრო აღმატებულ ხარისხში, რადგან ის თავმჯდომარეა, პოლიტიკური ფიგურა, კოალიციის ერთ-ერთი ლიდერია. ნებისმიერ პირობებში, მას უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, ვიდრე რომელიმე რიგით დეპუტატს. 

- ბრძანეთ, რომ გაჩერებას არ აპირებთ; რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს ინტერფრაქციული ჯგუფი საარცევნო სისტემის შესაცვლელად? 

- როდესაც ოპოზიციის მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებზეა საუბარი, ყველას იმ წუთში უჩნდება აზრი, რომ გინდა თუ არა, რუსთაველზე უნდა გამოვიდეთ, დაიდგას კარვები, გამოცხადდეს შიმშილობა, გადაიკეტოს გზები, პიკეტები და ა.შ. გასაგებია, რომ ეს ყველაფერი ბოლო წლების ქართული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. 

სხვათაშორის, სისტემის შეცვლა იმითაც არის საინტერესო და საჭირო, რომ პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეობდეს პარლამენტში და არა მის გარეთ. მაგრამ სამწუხაროდ, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით შედარებით ნაკლები გავლენის მქონე პარტიებისთვის შექმნილი ეს ბარიერები და ზღუდეები, საზოგადოებრივი აზრის იგნორირება, შემდეგ ამ ტიპის საპროტესტო აქციებს ავითარებს. 

ამიტომ არ ვიტყოდი, რომ ჩვენს არსენალში მხოლოდ ეს არის, რაც ვახსენე. პოლიტიკური ბრძოლის სხვადასხვა ხერხი არსებობს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვისაუბროთ რა პოლიტიკურ ხერხებს იყენებდნენ თავის დროზე კონსერვატორები, რესპუბლიკელები, ფორუმი ჩვენთან ერთად, შევეცდებით ამ ყველაფრის გამოყენებას. უკვე ბანალური ფრაზაა, რომ ეს კანონის ფარგლებში მოხდება და ა.შ. მაგრამ რეალურად არის ეს საშუალებები და მეთოდები. მათ შორის ერთ-ერთი წინა კვირას გამჟღავნდა კიდეც, როდესაც პარლმენტში ქვორუმი არ შედგა, ერთ ადამიანს ეძებდნენ მთელი დღის განმავლობაში მის შესადგენად და ის ვერ იპოვა ხელისუფლებამ. ამიტომ ეს ბრძოლის ერთ-ერთი ნათელი ხერხია. 

შეიძლება ანალოგიური პროცესი განხორციელდეს საკრებულოებში, სადაც მთელ რიგ ორგანოებში კიდევ უფრო ცუდი მდგომარეობა აქვს ხელისუფლებას. ზოგან, ელემენტარულად, უმრავლესობაც არ აქვს. იქაც შეიძლება ეს ყველაფერი გამოვიყენოთ. 

ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან აქტივობა იქნება საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ისინი წლების განმავლობაში ამ რეკომენდაციებით მომართავენ საქართველოს, რომ მოახდინეთ კანონდებლობაში ცვლილება, შეცვალეთ სისტემა, მისი ჰარმონიზაცია მოახდინეთ ევროპულ კანონმდებლობასთან. თუ წაიკითხავთ 2014 წლის პირველი ოქტომბრის ევროსაბჭოს რეზოლუციას, პუნქტი 3.2, პირდაპირ საქართველოზეა საუბარი და აქცენტი სწორედ საარჩევნო სისტემის შეცვლის აუცილებლობაზეა. ჩვენ მათთანაც მუშაობას გაავააქტიურებთ. 

არის კიდევ სხვადასხვა საშუალებები და ვიმეორებ, ეს მათთვის უცხო არ არის. ამ ყველაფერს ისინი წლების განმავლობაში იყენებდნენ და ახლა უკვე ხელისუფლებაში მყოფნი ამ ტიპის გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ჩვენი მოცემულობა და მასთან მიმართებაში ადეკვატურად ვიმოქმედებთ. 

ამ პროცესში საზოგადოების აზრსაც დიდი მნიშვნელობ ენიჭება. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მაჟორიტარებისადმი საზოგადოების დამოკიდებულება უკიდურესად ნეგატიურია, ეს დამოკიდებულება რა ფორმით და როდის გამოიხატება, ამის პროგნოზირება  ცოტა ძნელია. ეს შეიძლება გამოიხატოს ლოკალურად და შესაძლოა შედარებით მწვავე ფორმებითაც. 

გასაგებია, რომ დღევანდელი სოციალური ფონის, ზოგადად მძიმე ეკონომიკური ყოფის, ხელისუფლისადმი ნდობის ვარდნის პირობებში სისტემასთან დაკავშირებით რთულია კონცენტრირება. მაგრამ როდესაც პროცესი მწიფდება, შემდეგ ის სისტემა საკმაოდ გასაგები და პოპულარული ხდება. 

ამ ტრაგიკულ პირობებში, რაც საერთოდ დედაქალაქში ხდება, მგონი ზედმეტიცაა ამაზე საუბარი. მაგრამ ეს ცხოვრებაა, პოლიტიკური პროცესი მიმდინრეობს და რაც უნდა ტაიმ-უტები ავიღოთ, დრო გავა და ისევ დადგება დღის წესრიგში გამოწვევები, რაზეც ახლა ვსაუბრობთ. 

- რამდენად რჩება პერსპექტივა, რომ ეს საარჩევნო ცვილებები 2016 წლის არჩევნებისთვის მოესწროს? 

- ვადების თვალსაზრისით, კითხვის ნიშნები საერთოდ არ დგას. უმარტივესად შეიძლება დღეს საკანონმდებლო ინიციატივის დარეგისტრირება, რომელზეც უკვე 59 ხელმოწერაა ისე, რომ ოცნების არც ერთ წევრს ხელი მოწერილი არ აქვს. 17 ხელმოწერა არის დარჩენული, რაც უმარტივესად გასაკეთებელია. შემდეგ, შემოდგომაზე პარლამენტში ორი მოსმენით ამ საკითხის განხილვა, რასაც წინ უნდა უსწრებდეს საერთო-საჯარო განხილვა და რისთვისას შეიძლება ზაფხული იქნეს გამოყენებული. ადრე გაზაფხულზე უკვე მესამე კენჭისყრა, რაც მოსწრებადობის თვალსაზისით, ყველა კითხვის ნიშანს ხსნის. ამ შემთხვევაში, მთავარია პოლიტიკური ნება, რაც ხელისუფლებას ჯერჯერობით არ აქვს. 

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად არის პერსპექტივა, რომ საწადელი იქნას მიღწეული საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის, ექსპერტთა წრეებისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, ამაზე მარტივად შემიძლია გითხრათ, რომ პერსპექტივა არის, გარანტია არა. 

საჭიროა ამ პრობლემის ირგვლივ კონსოლიდირებული ძალისხმევის კონსოლიდირებულად განვითარება, რაშიც მედიის როლი მეორეხარისხოვანი ნამდვილად არ არის. ამ ფონზე, ხელისუფლების პოზიცია არის დემონსტრირება, რომ სისტემა არ ვარგა, ამის შემდეგ სერთოდ რაზეღა ვსაუბრობთ? ხელისუფლებამ აღიარა, რომ სისტემა უვარგისია და ამიტომ უნდა შევცვალოთო; მაგრამ ეს ოთხწლიანი ლუფტი სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს, თუ რას ემსახურება. თუმცა ყველაფერი ხომ გასაგებია, რეალურად რასაც ემსახურება.   

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია