მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კახის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ შეუშვეს - 14 ივლისი 2015

„დენის გადასახადი მოვიდა 603,61 მანათი“ - კახის მონასტერს შესაძლოა ელექტროენერგია გაუთიშონ

21 ივნისს, კახის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი (რომელიც 4 წელია იქ მოღვაწეობს), აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ შეუშვეს. მისი განმარტებით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა განუცხადეს, რომ შავ სიაშია შეყვანილი. 

„როდესაც საზღვარზე მივედი, პასპორტში ბეჭედი ჩაარტყეს, მერე პასპორტი საეჭვოდ ატრიალეს, გამოიძახეს მეორე მებაჟე, საბაჟოს უფროსი. შემდეგ ამ ბეჭედს დაარტყეს რაღაც, რაც ნიშნავს ბეჭდის გაუქმებას. როდესაც მიზეზი ვიკითხე, მითხრეს, რომ შავ სიაში ვიყავი შეყვანილი და ბრძანებაა, რომ აზერბაიჯანში არ შევეშვი. ახლა ვარკვევთ რა ხდება“, - აღნიშნა არქმინადრიტმა დემეტრე თეთრუაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტრო, აზერბაიჯანში საქართველოს საელჩო, გენერალური საკონსულო განჯაში, საქართველოს საპატრიარქო.

ამასთან, არქიმანდრიტმა აღნიშნა, რომ საბუთები წესრიგში აქვს და აქამდე ადგილობრივ მთავრობასთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, არქიმანდრიტ დემეტრე თეთრუაშვილს აზერბაიჯანში ღვთისმსახურების უფლებას აზერბაიჯანის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში გაუგრძელებენ.

„როგორც აზერბაიჯანული მხარე განმარტავს, ადგილობრივი კანონმდებლობით დადგენილია მკაცრი მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ღვთისმსახურების უფლება აქვთ მხოლოდ აზერბაიჯანის მოქალაქეებს და სწორედ ეს გახლდათ საქართველოს მოქალაქე მღვდელმსახურის ქვეყნის ტერიტორიაზე დაუშვებლობის მიზეზი“, - აცხადებენ ოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

როგორც უწყებაში განმარტავენ, საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან არსებობს მზაობა აღნიშნული ეკლესიის წინამძღვარმა მიიღოს აზერბაიჯანის მოქალაქეობა და მისი საქმიანობა ქვეყნის ტერიტორიაზე მოექცეს ადგილობრივი კანონმდებლობით დადგენილ ჩარჩოებში, რათა წმინდა გიორგის ეკლესია არ დარჩეს მოძღვრის გარეშე.

„წლების მანძილზე აზერბაიჯანული მხარე გამონაკლისს უშვებდა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის, ხოლო სხვა დანარჩენი კონფესიების რელიგიური მოღვაწენი არიან აზერბაიჯანის მოქალაქეები. ქართული მხარის თხოვნის საფუძველზე, 2015 წლის 1 ივნისამდე აზერბაიჯანულმა მხარემ რამდენჯერმე გადადო ქართული მხარისთვის ზემოაღნიშნული კანონის მოთხოვნის შესრულება.  დადგენილი ვადის ამოწურვის შემდგომ კი აზერბაიჯანულმა მხარემ მოითხოვა შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება, რათა ქართველმა სასულიერო პირმა შეძლოს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ღვთისმსახურება აზერბიჯანის კანონმდებლობის შესაბამისად“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ არქიმანდრიტმა დემეტრე თეთრუაშვილმა, 6 ივნისს სოციალურ ქსელში ასეთი შინაარსი პოსტი გამოაქვეყნა:

„დღეს გამახარა შუქის ინკასატორმა, დენის გადასახადი მოვიდა 603,61 მანათი; ჯერ გვეუბნებოდნენ უფასოაო, მერე აღმოჩნდა, რომ ფასიანი ყოფილა. რამდენიმე თვის წინ, 300 მანათი გადავიხადე. არ ვიცი ეს თანხა საიდან უნდა გადავიხადო, ეკლესიას არ გააჩნია ეს თანხა, დამხმარე არავინ გვყავს... 

თუკი ვინმე შეძლებს მცირედით რომ მაინც გაგვიწიოს დახმარება. როგორც ჩანს, რამდენიმე წლის გადასახადია, რომელზეც გვატყუებდნენ, რომ უფასო იყო. უაღრესად ჭირს გადასახადების გადახადა. კახის წმინდა გიორგის ტაძარი ერთადერთი ქართული ტაძარია, რომელიც ყურადღებას საჭიროებს. გთხოვთ გაგვიწიოთ დახმარება, თუ ვინმეს რამე შეგიძლიათ. ბოდიში კიდევ ერთხელ ამდენი შეწუხებისთვის“, - წერს მამა დემეტრე.

ქართველი მღვდლის კახში არშეშვებაზე კომენტარი „სახალხო ფრონტის თავმჯდომარეს“  ნოდარ ნათაძეს ვთხოვეთ: 

- 15 წლის განმავლობაში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საინგილოს საშეფო კომისიის თავმჯდომარე ვიყავი. აქედან გამომდინარე, იქაურობის, ხალხის შესახებ  ძალიან ღრმად ვიცი. ამ საქციელის უპასუხოდ დატოვება არ შეიძლება. ორი აზრი არ არსებობს, რომ ეს არის ქმედება საქართველოს წინააღმდეგ, მკაფიო და გამოკვეთილი ანტიქართული ნაბიჯია მათი მხრიდან. 

თავისთავად ცხადია, რომ წესი და კანონი, რომელიც აზერბაიჯანს ამ სფეროში ჰქონია, ანტიდემოკრატიულია, ანტიტოლერანტულია და ა.შ. მაგრამ ასევე სავარაუდოა, რომ ეს კანონი სპეციალურად საქართველოს წინააღმდეგ არის მიღებული და არა ვთქვათ, რომელიმე სხვა აღმსარებლობის ან სხვა ქვეყნის წინააღმდეგ. არ გამოვრიცხავ, რომ კანონმდებლობა უცხო მოქალაქის აზერბაიჯანში სამღვდელო ფუნქციებით ყოფნის შესახებ, სპეციალურად იმისთვის არის მიღებული, რომ კახში საქართველოდან ჩასულმა მღვდელმა ვერ იმუშაოს. 

მე როგორც ნოდარ ნათაძე, საინგილოს ძალიან კარგად მცოდნე და იქ მრავალჯერ ნაბრძოლი ადამიანი ვადასტურებ, რომ აზერბაიჯანის პოლიტიკა იქაური ქართველების, როგორც ქრისტიანების, ასევე მუსლიმანების მიართ, უხეში, დაურიდებელი, აღვირახსნილი ეთნიკური წმენდის პოლიტიკაა. ამის ილუსტრაციისთვის უამრავი ფაქტის მოყვან შემიძლია. ბაქოს პოლიტიკა ინგილოების მიმართ, გამომწვევი ეთნიკური წმენდის პოლიტიკაა, მეტი არაფერი. ასე იყო და ასე არის. ეს როდემდე გაუვათ, არ ვიცი, მაგრამ იქ ქართული განათლება ფაქტობრივად მოსპეს. მუსლიმანი ინგილოების სოფლებში განთლება პრაქტიკულად აღარ არსებობს. აფიშად ჰქონდათ გამოყენებული კახის ქართული მოსახლეობა, რომელსაც ვითომ უვლიან და თავისუფლებას აძლევენ. ახლა როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, შეუტიონ ამ უკანასკნელ ქართულ კუნძულსაც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. 

მე არაფერი მიკვირს, ვიცი ვინ დგას ამის უკან და რა არის მათი პოლიტიკა ინგილოების მიმართ. რასაკვირველია, ძალიან ინტენსიურად იმით სარგებლობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ვერაფრით ვერ მოვიდა ნორმალური, ეროვნული პასუხისმგებლობის მატარებელი პირადი შემადგენლობა. კომუნისტები, რუსებიც მუდამ მათ მხარეზე იყვნენ. მერე ძველებით დაწყებული დღევანდელებით დამთავრებელი ყველა მათ ფეხქვეშ ეგებება. 

ამიტომ არანაირი მეგობრობა და სტრატეგიული ურთიერთობა არ არსებობს. სანამ აზერბაიჯანის ასეთი პოლიტიკა გრძელდება ინგილოების მიმართ, არანაირი მეგობრობა არ იარსებებს“. 

შეგახსენებთ, რომ 2011 წელს საინგილოდან ერთადერთი მაშინდელი მოძღვარი, მამა ბასილი გამოაძევეს. სასულიერო პირი კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში მსახურობდა. გამოძევებამდე კახის რაიონის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა მოძღვარს ეკლესიის ეზოს კეთილმოწყობა და ტაძრის ფასადის შეთეთრებაც აუკრძალეს, სამუშაოების წარმოების დროს კი მორჩილები ხარაჩოებიდან ჩამოყარეს. 

მამა ბასილზე ზეწოლის შესახებ მედია მანამდეც წერდა. კახის მაცხოვრებლები ამბობდნენ, რომ სხვა მღვდლებმა ასეთ ზეწოლას ვერ გაუძლეს და საინგილოდან წავიდნენ, მამა ბასილი კი შეურაცხყოფას მოთმინებით იტანდა.

„მამაოს ძალიან ემუქრებოდნენ და ავიწროვებდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ. აიძულებდნენ, რომ აქედან წასულიყო. მაგალითად, აღდგომის მეორე დღეს საფლავების კურთხევა აუკრძალეს“, - აღნიშნა ალიბეგლოს მკვიდრმა თ. ბ-შვილმა. 

„კახის წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში მოძღვარის კურთხევით ყვავილები დავრგეთ, მაგრამ უშიშროების თანამშრომლებმა დაგვაგლეჯინეს. ეკლესია ნახევრად არის გარედან გათეთრებული. მორჩილები ხარაჩოებიდან ჩამოყარეს და სამუშაოების დამთავრების უფლება არ მისცეს“, - ამბობს კახის ერთ-ერთმა მცხოვრები, რომელიც გასაგები მიზეზების გამო, ვინაობას არ ასახელებს. 

„მოძღვარს მარტო არსად წასვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ყველგან თან დასდევდნენ, უთვალთვალებდნენ და ისმენდნენ ეკლესიაში ვინ რაზე ვლაპარაკობდით. რასაც მამაოს შევჩივლებდით ხოლმე, იმ ამბებზე უშიშროების თანამშრომლები მოდიოდნენ სახლში და გვემუქრებოდნენ“, - აღნიშნა თ. თ-შვილმა.  

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია