მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რატომ არის ნეპოტიზმი ავთვისებიანი სიმსივნე დემოკრატიის სხეულზე? - 14 აგვისტო 2015

„საჯარო სამსახურში ნეპოტიზმი კატასტროფისკენ მიმავალი გზაა“ 

ნეპოტიზმი საქართველოში ერთ-ერთ რეალურ გამოწვევად რჩება. ცოტა ხნის წინ, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინიციატივას ნეპოტიზიმის კრიმინალიზებასთან დაკავშირებით დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს. ინიციატივა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე განიხილეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, მსგავსი ჩანაწერი სისხლის სამართლის კოდექსში უკვე არსებობს და ის 332-ე და 333-ე მუხლებია, აქედან გამომდინარე, ეკა ბესელიას თქმით, დამატებითი ჩანაწერები ხარვეზი იქნება.

კომიტეტზე მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ ინიციატორები. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში ამბობენ, რომ მიუხედავად სისხლის სამართლის კოდექსში სამოხელეო დანაშაულის შესახებ ჩანაწერისა, პრაქტიკაში ეს ნორმა არ მოქმედებს.

ნეპოტიზმის კრიმინალიზებას მხარს უჭერენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში, თავისუფალი დემოკრატებს კი ჯერ ამასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვთ.

სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების პროექტის თანახმად, კოდექსს უნდა დაემატოს 332 პრიმა მუხლი - საჯარო სამსახურში კონკურსის წესის დარღვევა. აღნიშნული მუხლი იმ პირის დასჯას ითვალისწინებს, რომელმაც კონკრეტული პირისთვის საჯარო სამსახურში მიღებისას უპირატესობის მინიჭების მიზნით, განზრახ დაარღვია კონკურსის წესები ან ამ პირს შერჩევის კრიტერიუმი განზრახ მოარგო.

ნეპოტიზმის გამოვლინებებსა და მის პრევენციის გზებზე, „ქრონიკა პლუსი“ თავდაპირველად „დემოკატიული მოძრაობის“ წარმომადგენელს, გიორგი ახვლედიანს ესაუბრება: 

- ამ საკითხს სხვადასხვა კუთხიდან უნდა შევხედოთ. სამწუხარო რეალობაა, რომ დღევანდელი ხელისუფლების კონტექსტში ეს თემა ძალიან აქტუალური გახდა. ქვეყანაში ნეპოტიზმის ბევრი კონკრეტული ფაქტი დაფიქსირდა. ამის თვალსაჩინო საბადო იყო დედაქალაქის მერია, სამინისტროები, გამგეობები, დეპარტამენტები, გუბერნიები... პრაქტიკულად, ყველგან დიდი ძალით იჩინა თავი ნეპოტიზმის პრობლემამ. როდესაც ხელისუფლებაში თანამდებობაზე მოსული ადამიანები პირველ რიგში იმით კავდებიან, რომ საკუთარი ოჯახის წევრებს, ახლობელ-ნათესავების ასაქმებენ. 

ერთი შეხედვით, როცა ადამიანი პროფესიონალია, იცის თავისი საქმე, ყველანაირი კონკურსის გავლა შეუძლია, ამ დროს ნამდვილად მეორეხარისხოვანია ხედვა, თუ ვისი ნათესავი და ბიძაშვილია. მაგრამ სამწუხაროდ მთელი ქვეყანა ამ კონკრეტული  პრობლემის წინაშე დგას - ადამიანები ჩივიან უსამართლო კონკურსებზე გამგეობებში, თვითმმართველობებში; იმასთან დაკავშირებით, რომ გამოცდა წარმატებით ჩააბარეს, უმაღლესი ქულები მიიღეს, მაგრამ მათზე წინ სხვები გავიდნენ და სამსახურში ისინი მიიღეს; რომლებსაც გაცილებით ნაკლები ქულები ჰქონდათ. ასევე იმაზე საუბრობენ, რომ ისინი კონკრეტული ნათესაური ნიშნით აღმოჩნდნენ უპირატეს მდგომარეობაში. ასეთი რამ ერთმნიშვნელოვნად დანაშაულებრივი ქმედებაა, ზოგადად დამღუპველია ქვეყნის განვითარებისთვის. 

ამ თვალსაზრისით, საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ნეპოტიზმის ფაქტებს შეზღუდავდა, რასაკვირველია ხელისუფლება მხარს არ დაუჭერდა. მაგრამ დღეს კანონპროექტის მხარდამჭერ ნაციონალურ მოძრაობასაც ნაკლები აქვს სალაპარაკო. არც მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამ თვალსაზრისით უკეთესი მდგომარეობა არ ყოფილა. უბრალოდ, ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ - ნაცმოძრაობა ხელისუფლებში ყოფნის დროს პრაქტიკულად მთლიანად ელქტრონულ მედიას, ტელევიზიებს აკონტროლებდა.  შესაბამისად, ამ თემაზე საუბარი  გაცილებით ნაკლები მასშტაბით ისმოდა. დღევანდელ ვითარებაში მედიის თავისუფლების ხარისხი გაზრდილია, ამიტომ პრობლემის შესახებ მეტი ისმის, რაც მხოლოდ მისასალმებელია. მაგრამ ამ მიმართულებით, თუ ვინმეს ნაკლები აქვს სალაპარაკო, ეს ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც მაღალჩინოსნების ნათესავების დასაქმების კუთხით ასევე დიდი პრაქტიკა ჰქონდა. 

- ნეპოტიზმის კრიმინალიზება არის თუ არა გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან? 

- ძნელი სათქმელია. ნეპოტიზმი ერთმნიშვნელოვნდ დასჯადი ქმედება, კონკრეტული პასუხისმგებლობის საკითხი უნდა იყოს. მაგრამ არ მგონია, რომ ასეთი ქმედება საპყრობილითა და ციხით უნდა მთავრდებოდეს. შეიძლება ამან არაფერი მოგვცეს პრობლემის მოგვარების კუთხით, უბრალოდ, ციხეში უფრო მეტი ადამიანი აღმოჩნდება; რაც ჩემი აზრით, არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენს. 

კრიმინალიზების, ადამიანის ციხეში ჩასმის გარეშე, ნეპოტიზმთან ბრძოლის ბევრი კარგი საშუალება შეიძლება მოვიძიოთ, ამ სფეროში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით. შეიძლება გამოყენებული იქნეს ადმინისტრაციული ღონისძიებები, დაჯარიმება, საზოგადოებრივი შრომა, რაც ჩვენთან პრაქტიკულად გამოყენებული არ არის. ადამიანის ციხეში ჩასმას არ მივესალმები, თუ მას სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი არ ქვს. 

ჩვენი მეორე რესპონდენტი, დიპლომატიური აკადემიის რექტორი, პოლიტოლოგი სოსო ცინცაძეა: 

- თუ გახსოვთ, პარლამენტმა ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს მიიღო დადგენილება ნეპოტიზმის შესახებ. მაშინაც დაიგმო მისი ყოველგვარი გამოვლინება. ახლა გასაგებია, რომ ნეპოტიზმის კრიმინალიზებას მხარი რომ არ დაუჭირეს, რადგან ლამის ყველა პარლამენტარი კისრამდე ჩაფლულია ნეპოტიზმის ლაბირინთებში. ეს აბსოლუტურად ყველას ეხება. როგორ დაუჭერენ ამას მხარს, საკუთარი თავის საწინაღმდეგო ნაბიჯს ხომ არ გადადგამენ? როგორ, ტყემალაზე ამის მომხრე გამოვა, გინდა სხვები ჩამოთვალე, ნებისმიერი პარლამენტარი ნეპოტიზმში გასვრილია. 

აქედანაც ცხადია, რა შორს ვართ ევროპისგან. მარტო ნეპოტიზმისადმი ჩვენი  კანონმდებლობის დამოკიდებულება ყველაზე მკაცრი განაჩენია იმისთვის, რომ ანტიევროპული კურსის ლუსტრაცია მოხდეს. ამ დროს, სირაქლემას პოზიცია უკავიათ, რომ აი ჩვენთან ეს არ არის და მხარ რას დავუჭიროთო. 

- საჯარო სამსახურში ნეპოტიზმის ფაქტები რა საქვეყნო შედეგებს იწვევს? 

- ეს არის ინტერესთა კონფლიქტი. გარდა ამისა, სწორი საკადრო სელექცია არ ხორციელდება. უპატრონო, ნიჭიერი ახალგაზრდისთვის კარიერული წინსვლა გადაკეტილია, ნეპიტიზმი სწორედ ეს არის. ნეპოტიზმი ავთვისებიანი სიმსივნეა დემოკრატიის სხეულზე, თუკი ის დემოკრატიულია; როდესაც ჭკვიანს, მომზადებულს,  განათლებულს სამსახურში არავინ იღებს იმიტომ, რომ ეს ადგილი უკვე დაკავებულია. თან ვის მიერ, რომელიღაც მაღალჩინოსნის შვილის, სიძის, რძლის, მეგობრის, საყვარლის მიერ (საქართველოა და ამას რა გამოლევს); ჩხიკვი ყვავის მამიდაა და ნათესავია. ამერიკელებს მაგალითად წარმოდგენა არ აქვთ, თუ რას ნიშნავს გარე ბიძაშვილი ან გარე დეიდაშვილი. ის უკვე ნათესავის წრე აღარ არის, მაგრამ ჩვენთან ისიც ნათესავია. 

ისტორიულად ასე მოდის; რადგან ჩვენთან ყველას დახმარება სჭირდებოდა და ამიტომ ყველა ცდილობდა თავისთვის დამხმარეთა წრე გაეფართოვებინა. ასეთი ტრადიცია წამოვიდა, რომ ადამიანთან, რომელიც შენი მოგვარეა, ეძებ როგორმე ნათესაური ფესვები ნახო, რაღაცას იპოვი კიდეც და ახალი ნათესავიც გამომტყვრალია. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. 

მაგრამ საჯარო სამსახურში ეს კატასტროფისკენ მიმავალი გზაა. 

- ამ ფონზე, რა გზა რჩებათ მომზადებულ ახალგაზრდებს, რომლებსაც გზად ნეპოტიზმი ეღობებათ?

- მხოლოდ ერთი რამ რჩებათ. საწყისი კაპიტალის შემთხვევაში საკუთარი ბიზნესი რომ წამოიწყონ. მაგრამ აქაც უამრავი ბარიერია. ბიზნესი უნდა იყოს თავისუფალი, გამჭვირვალე; სასამართლო აბსოლუტურად დამოუკიდებელი უნდა იყოს, რომ მართალ ბიზნესმენს იქ მიესვლებოდეს. ასეთი დამოკიდებულება არ უნდა დახვდეს - შენ ძმაო მართალი ხარ, მაგრამ გააჩნია მოსამართლე საქმეს როგორ შეხედავსო; მოწინააღმდეგს პატრონი ჰყავსო, ესეც ხომ ნეპოტიზმია.  

მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში, ე.წ. უპატრონო ადამიანს არანაირი პერსპექტივა არ რჩება. ვინაიდან ჩვენთან ბიზნესიც ნეპოტიზმზეა აგებული. იქაც არიან თანამდებობის პირების ახლობლები, ნათესავები, დეიდაშვილ-მამიდაშვილ-ბიძაშვილები... ამ სამწუხარო რეალობას ვერსად გავექცევით. 

- მოიტანს თუ არა რაიმე შედეგს ამის წინააღმდეგ არასამთავრობოების მოწოდება? 

- რეალურად არასამთავრობოებს ყურს არავინ უგდებს. ჩვენთან სამოქალაქო საზოგადოება ემბრიონულ, ჩანასახოვან  მდგომარეობაშია. ამიტომ წერე და იკითხე, ილაპარაკე რამდენიც გინდა. კი ბატონო, ყველა ამაზე მსჯელობს, მაგრამ ვინც ამაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ბოდიში და ფეხებზე ჰკიდია არასამთავრობოები და საერთოდ, სამოქალაქო სექტორი. 

ჩვენთან სამოქალაქო სექტორი ძლიერი რომ იყოს, ნარმანია მერად იქნებოდა? მით უმეტეს, ამ დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ. მაგრამ ის რაც ნარმანიამ ვერ გააკეთა, თავის დროზე ვერ მიხედა, ეს ყველაფერი გადაწონა ერთი ადამიანის განცხადებამ, რომ მერიაში ძალიან კარგად იმუშავესო. ამით ყველაფერი მორჩა, დამთავრდა. 

- კოდექსში მუხლის შეტანა თუ მოიტანს შედეგს ნეპოტიზმის წინააღმდეგ, საკანონმდებლო ინიციატივაში ორწლიან სასჯელზეა საუბარი; 

- დასავლეთში, დემოკრატიულ ქვეყნებში რასაკვირველია ჯერ კანონი იყო და მერე ტრადიცია შემოვიდა. მაგრამ დღეს საფრანგეთს, იტალიას, ინგლისს, ამერიკას საერთოდ არ სჭირდება კანონი, რადგან იქ არავის აზრად არ მოუვა ის, რომ პრეზიდენტის ახლობელი სადმე დანიშნოს. 

უფრო მეტს გეტყვით, ისტორიულ მაგალითს. თავის დროზე, როდესაც ფრანსუა მიტერანი პრეზიდენტი იყო, მის შვილი ალექსანდრე რაღაც დანაშაულში ეჭვმიტანილის სახით დააპატიმრეს. შობა ღამე მან ციხეში გატარა იმიტომ, რომ პრეზიდენტმა გირაოს ფული ვერ იშოვა. მთელი დღე მიტერანის ცოლი პარიზში დარბოდა, ნაცნობ-ნათესავებში და ფულს აგროვებდა, რომ გირაო  შეეტანა და შვილს შობა სახლში გაეტარებინა. ვერ შეაგროვა ეს ფული და დარჩა ალექსანდრე ციხეში.

იქ ამას კანონი რად უნდა? აზრადაც არ მოსვლია იგივე მიტერანს დაერეკა პოლიციის უფროსისთვის და ეთქვა, რომ ჩემი თავდებით შვილი ერთი ღამით სახლში გამოუშვითო. გინდ ასეთი სისულელე გაეკეთებინა, პოლიციის უფროსი ამას ხელად ჟურნალისტებს ეტყოდა და მეორე დღეს მიტერანის რეიტინგი ნულამდე დაეცემოდა. 

ჩვენ ხომ არც სამოქალაქო საზოგადოება გვაქვს. კლასიკური აღმოსავული ქვეყანა ვართ.

- გვეშველება რამე? 

- მე არ ვიცი, რა გვეშველება. სანამ ქვეყანაში თუნდაც ასეთი საკადრო პოლიტიკაა, მანამდე არაფერიც არ გვეშველება. მე მაგალითად ევროპულ ქვეყანაში არსად შემხვედრია ვთქვათ პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლე მინისტრი იყოს. კი ბატონი, ამერიკაში პრეზიდენტის ძმა იყო მინისტრი, ჯონ კენედის ძმა რობერტ კენედი იუსტიციის მინისტრი იყო, მაგრამ  ევროპაში სეთი რამ არ ხდება. ამიტომ საშველის რეცეპტი არ მაქვს.  

მასალა გამოქვეყნდა გაზეთ "ქრონიკა პლუსში"
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია