მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„საბერძნეთის მაგალითმა ჩვენზე ცივი შხაპის ეფექტი უნდა მოახდინოს“ - 15 აგვისტო 2015

„უნდა შეწყდეს უპასუხისმგებლო საბიუჯეტო ცხოვრება და მეორეს მხრივ, პარტიების მიერ ამომრჩევლების გაბრიყვება არარეალისტური დაპირებებით“

საბერძნეთის კრიზისს ბოლო არ უჩანს და პროგნოზები არცთუ დამაიმედებელია. ათენის მოვლენები ბევრისთვის ჭკუისსასწავლებელი უნდა გახდეს. ამ ფონზე, საქართველოს ვალებიც იზრდება და სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა - ვადგავართ თუ არა ე.წ. ბერძნულ გზას, სად არის გამოსავალი? საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური ყოფა ისედაც დამძიმებულია და სამეზობლოში მიმდინარე პროცესები ადეკვატურად გასათვალისწინებელია.   

არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსექტივებზე, „ქრონიკა პლუსი“ „ეკონომიკური განითარების ცენტრის“ თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს ესაუბრება:  

-როგორც ჩანს, საბერძნეთის კრიზისს გამოსავალი არ უჩანს. ევროკავშირსა და კრედიტორებს არ სჯერათ საბერძნეთის ხელისუფლების დაპირებების და გარანტიებს ითხოვენ. ბანკებში ის მინიმალურად გასაცემი ფულიც კი ეწურებათ, რომელსაც ბანკომატებიდან ყოველდღე აძლევენ კლიენტებს. 

- როგორ ხედავთ პროცესების განვითარებას. ჩვენთვის მთავარი მაინც იქ სამუშაოდ წასული ქართველების ბედია. მეორეც, ხედავთ თუ არა რაიმე ანალოგს იქ განვითარებულ მოვლენებსა და ჩვენი ქვეყნის მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას შორის?

- რაც შეეხება ანალოგებს, იგი უფრო სამომავლო ტენდენციას ეხება და არა რეალურ ვითარებას. იმდენად მძლავრი რეფორმები გატარდა წინა წლებში ბაზრის დერეგულირებისა და ლიბერალური ეკონომიკის მიმართულებით, ძნელია ამ კალაპოტიდან ქვეყნის ამოგდება. მიუხედავად ამისა, ის მრავალი ცვლილება, რაც ხდება ბოლო სამი წლის განმავლობაში, დამაფიქრებელია. სხვადასხვა მარეგულირებელი ნორმების აღდგენა, უამრავი არარაციონალური ხარჯი ბიუჯეტში, სუბსიდირება, ბიუროკრატიის საშინელი ზრდა, სამთავრობო პროგრამები, რომელთა ეფექტიანობა საეჭვოა, დაუბალანსებელი სოციალური პოლიტიკა, რომელიც უზარმაზარ რესურსებს შთანთქავს, მაგრამ უკუგება მინიმალურია. და ყოველი ამის დაფინანსება საგარეო და საშინაო ვალის ზრდის ხარჯზე. ერთ დროს ეს იჩენს თავს. 

ბერძნებმაც ასე დაიწყეს. თუნდაც ხუთი წლის წინათ, მათი საგარეო ვალი მშპ-ს (მთლიანი შიდა პროდუქტი) 100 პროცენტს შეადგენდა. ახლა 175 პროცენტია.  მიუხედავად ვალის თითქმის 300 მილიარდი დოლარით ზრდისა ამ მოკლე პერიოდში, ეკონომიკა პირიქით, 25 პროცენტით დაეცა. 

საბერძნეთის მაგალითმა ჩვენზე ცივი შხაპის ეფექტი უნდა მოახდინოს. უნდა შეწყდეს ერთი მხრივ, უპასუხისმგებლო საბიუჯეტო ცხოვრება და მეორეს მხრივ, პარტიების მიერ ამომრჩევლების გაბრიყვება არარეალისტური დაპირებებით.

25 წელია, რაც დამოუკიდებლად ვირჩევთ ხელისუფლებას. 25 წელია ტყუილებით ვკვებავთ ხალხს წინასაარჩევნოდ. ვინც ლამაზ ზღაპრებს დაგვპირდება, ზურგი უნდა ვაქციოთ მას! რა მიიღო საბერძნეთმა მემარცხენე, შეიძლება ითქვას, ნეომარქსისტების გამარჯვებით, კარგად დავინახეთ.

 - რომელ სამთავრობო პროგრამებს გულისხმობთ, რომელთა ეფექტიანობა საეჭვოა?

- იქმნება უამრავი სახელმწიფო დაწესებულება მილიონიანი ბიუჯეტებით. ერთ-ერთი ასეთი კომიკური მაგალითია თბილისის მერიასთან ივესტიციების მოზიდვისა, თუ რაღაც ამის მსგავსი სამსახურის შექმნა; სადაც ზოგიერთ სამინისტროზე მეტი ხალხი იქნება დასაქმებული. ბიუჯეტიდან ბიზნესისთვის წართმეული, ბიზნესის სტიმულირების პროგრამებიდან რასაც მივიღებთ, ერთ-ორ წელიწადში გამოჩნდება. ბიუჯეტში მრავალი ასეთი მასუბსიდირებელი და „წამახალისებელი“ მუხლებია.

შტატების გაბერვა, მათ შორის შტატგარეშეებით, როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ დონეზე, უკვე ყველასთვის დასაგმობ ფაქტად იქცა. თუმცა ამაზე არავინ რეაგირებს.

ახლა, სახელმწიფო მოხელეებს გადავამზადებთო. ისევ შეიქმნება საბიუჯეტო ორგანიზაცია თავისი ბუღალტრებით, დარაჯებით და ლექტორებით. ჯიპებითაც, რა თქმა უნდა. მილიონობით თანხა წავა ამაზე. ნაცვლად იმისა, რომ კერძო საგანმანათლებო სექტორმა მოამზადოს შეკვეთების სახით. ახლა აავსებენ შტატებით ამ უწყებას და გაიწერება ფული არა საქმეში, არამედ გადასამზადებელი კონტიგენტის შემოსვლის მოლოდინში.

-ფიქრობთ, რომ საგარეო ვალის მხრივ ჯერჯერობით საფრთხე არ გვემუქრება?

-არ არის საქართველოს სახელმწიფო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან იმ ზომის, რომ განგაშის საფუძველი გვქონდეს. ისევ ვიმეორებ, საგანგაშო უფრო ტენდენციაა. ის სოციალური თუ სხვა პროგრამები, რომლითაც მთავრობა თავს იწონებს, ვალებით ფინანსდება. წელს, ნახევარი მილიარდი ლარი უნდა ისესხოს მთავრობამ კერძო სექტორისგან, კომერციული ბანკებისგან. შარშან 600 მილიონი ლარის ოდენობის კრედიტი აიღო . მომავალ წელსაც მოუწევს, თუ ხარჯები არ შეამცირა. არადა, თუ ერთხელ დაიწყე რაიმე სოციალური პროგრამის განხორციელება, მერე შეუძლებელია მისი გაუქმება. 

ცალკე სხვა ვალდებულებები, თავდაცვა, უსაფრთხოება თუ გზების მშენებლობა და ასე ნელ-ნელა ებმება ქვეყანა ვალების მახეში. საგარეო ვალი არ მიხსენებია. ეს ცალკე საკითხია. 5 მილიარდი დოლარია. შიდა ვალი მალე 2 მილიარდ ლარს მიაღწევს. მარტო პროცენტების სახით, მთავრობამ მხოლოდ ჩვენს კომერციულ ბანკებს 100 მილიონ ლარზე მეტი უნდა გადაუხადოს.

-5 მილიარდი ახსენეთ! რამდენია ქვეყნის საგარეო ვალი მთლიანად, კერძო სექტორის ჩათვლით?

- მთლიანი საგარეო ვალი მოიცავს ორ ცალკე კატეგორიას: ერთია სახელმწიფო ვალი (სამთავრობო სექტორი, ეროვნული ბანკი, სახელმწიფო საწარმოები) და მეორე, კერძო სექტორი (საბანკო და სხვა სექტორები).

მთლიანმა საგარეო ვალმა 2015 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 13.4 მლრდ აშშ დოლარი (29.9 მლრდ ლარი) შეადგინა.  აქედან, როგორც ზემოთ აღვნიშნე, სახელმწიფოს ვალი 5,1 მილიარდი დოლარია. სურათი იმით არის დამაფიქრებელი, რომ ლარის დევალვაციის გამო ვალის შეფარდებამ მთლიან შიდა პროდუქტთან მიაღწია 83 პროცენტს. მაშინ როცა გასული წლის ბოლოსთვის, იგი 50 პროცენტის ფარგლებში იყო. მხოლოდ სახელმწიფო ვალის შეფარდება 40 პროცენტის ფარგლებშია და მას არ მიუღწევია კრიტიკული, 60 პროცენტის ფარგლებისათვის, რაც, რა თქმა უნდა, კარგია; მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, არც შორს იქნება ეს დღე.

-კვლავ საბერძნეთის რომ დავუბრუნდეთ, რა პირდაპირი გავლენა ექნება მას ჩვენზე?

- სამი სახის: ტრანსპერტები შემცირდება წელიწადში 200 მილიონიდან დაახლოებით 140 მილიონამდე. ეს გარკვეულწილად ლარზეც მოახდენ ზეწოლას; სოციალური სახის სირთულეები წარმოექმნებათ იმ ადამიანებს, რომლებიც აქ ღებულობდნენ ამ თანხებს; გარკვეული, ალბათ არც თუ ისე დიდი ნაწილი დაბრუნდება საქართველოში და გაუძნელდება სამუშაოს შოვნა. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საბერძნეთში დასაქმებულ ჩვენს თანამემამულეებს შეუმცირდებათ შემოსავალი, ზოგიც დაკარგავს სამუშაოს და ევროპის სხვა ქვეყნებში მოუწევთ გადასვლა. განსაკუთრებულად მძიმე იქნება ეს არალეგალურად მყოფთათვის.

-როდის ელოდებით ვითარების განმუხტვას - ბანკების ამოქმედებას, ნელ-ნელა ეკონომიკური აქტივობის აღდგენას?

- როდესაც უნდა მოხდეს ეს, ერთი რამ ფაქტია, საბერძნეთი 20-25 წლის განმავლობაში არ იქნება ის, რაც იყო. ხუთიოდე წლის წინათ, ერთ სულზე ქვეყნის მშპ 30 ათასი დოლარი იყო, ახლა 21 ათასია და დაცემა კიდევ გაგრძელდება. უპასუხისმგებლო მთავრობის მიერ ჩატარებულმა რეფერენდუმმა დათვური სამსახური გაუწია ქვეყანას. ათენმა დაკარგა ნდობა. მათი სოციალური სისტემა დასაცინი გახდა ევროპაშიც კი, რომელიც ამერიკასთან შედარებით დიდი სოციალური ხარჯებით გამოირჩევა. კრედიტორები უფრო ფრთხილი გახდნენ  და კიდევ უფრო გაამკაცრეს მოთხოვნები. მთავრობა იმაზე მეტს თანხმდება უკვე, ვიდრე რეფერენდუმამდე იყო. უკვე გაჩნდა ამ ნიადაგზე განხეთქილება მმართველ კოალიციაში. გამოიყენეს ბერძენი ხალხი საბოლოო ჯამში მათ საზიანოდვე.

მთავრობა, მიუხედავად იმისა, რომ ამცირებს ხარჯებს, იგი მაინც  ვერ ეხება მრავალი კატეგორიის  პრივილეგიებს. ამის სანაცვლოდ ზრდის გადასახადებს. ძირითადი ტვირთი აწვება ბიზნესს, რაც უკარგავს ქვეყანას საინვესტიციო მიმზიდველობას.

ამ ისტორიამ უნდა გვაჩვენოს, რომ ჩვენი მომავალი არ არის სოციალურ-პოპულისტური გზით სიარული. როგორც იტყვიან, ჩვენ უნდა ვსდიოთ სხვა ვარსკვლავს! 

- სხვა ვარსკვლავი, ანუ გამოსავალი სად არის, როგორ ეკონომიკურ პოლიტიკაშია?

- გამოსავალი არის ბიუროკრტიის შემცირებაში. მესამედითაც რომ შემცირდეს, არაფერი დაშავდება; დერეგულირებასა და ბარიერების მოშლაში. რაც შემოიღეს, ყველაფერი გასაუქმებელია. ტურიზმს რა დამართეს, დავინახეთ. ნახეთ, აგერ ირანელი ტურისტების სტატისტიკა. ირანული ავიაკომპანია შემოდიოდა და გაყიდული ბილეთები გააუქმებინეს. ნებართვას არ აძლევენ. ვითომ უსაფრთხოებაზე, სინამდვილეში საკუთარ ჯიბეზე ზრუნავენ.

როცა ჩინოვნიკი ხალხის სახელით ლაპარაკობს, პირველი კითხვა, რაც უნდა დაგვებადოს არის: ხომ არ ალაპარაკებს საკუთარი ჯიბის ინტერესები?

ამასთან, ყველაზე ნათელი მაგალითი, თუ რა მახინჯი მოვლენაა სუბსიდირება, ეს ფეხბურთის ბილეთების გაყიდვის სამარცხვინო და დამამცირებელი მაგალითიდანაც ჩანს. სუბსიდირება ნიშნავს, იაფია და ყველა მოიხმარს. დენის ტარიფზეც ასე იქნება. დაიწყებენ სახლების გათბობას. მერე გავიხსენოთ, რაც იყო. 

ყველაფერს უნდა ედოს თავისი ფასი. სოციალურად დაუცველებსა და მიზნობრივ ჯგუფებს  (თუნდაც ბილეთების განაწილებისას) შეიძლება რაღაც შეღავათი ჰქონდეთ. თუმცა ესეც არ არის სწორი. ფასი უნდა იყოს საბაზრო. მერე ვინმე უნდა შეეშველოს ღარიბებს: მთავრობა, მერია, მუნიციპალიტეტები, საქველმოქმედო ფონდები და ასე შემდეგ. 

ფასის დამახინჯება ანგრევს ყველაფერს. სანამ ამას არ მიხვდება მთავრობა და შემდეგ მოსახლეობის დიდი ნაწილი, მუდამ ავირჩევთ დემაგოგებს და ვიქნებით სიღარიბეში.

სხვათა შორის, ჩაწვდე ერთი შეხედვით ამ უმარტივესი მოვლენის არსს უფრო ძნელია, ვიდრე ფარდობითობის თეორიის გაგება. ვხედავთ, თუ რა უბედურება დაატყდათ ბერძნებს თავს?! გგონიათ გააცნობიერებენ? გამორიცხულია. შეიძლება ეს 50 წლის შემდეგ მოხდეს.

ამიტომ რაც აქ ხდება არ არის მხოლოდ ადამიანების დამცირება და მათი წვალება. ეს უიმედობისა და არშემდგარობის განცდას უჩენს საზოგადოებას. თავი ვერ მოგვიბია ასეთი წვრილმანი საქმისათვის და უფრო მეტს როგორ შევძლებთ?! ეს აზრი გებადება ადამიანს, როცა ბილეთებთან დაკაშირებულ ამ სურათს უყურებ. 

კარგი, ის მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ უყვართ ჯერ კიდევ ქართველებს ფეხბურთი. ყოჩაღ მათ გამძლეობას! მაგრამ არ იმსახურებენ ასეთ მოპყრობას. ქვეყანას კი სჭირდება ყოველდღიური რეფორმები და ენერგიული ლიდერები, რომლებიც ყველა სფეროში დაძრავენ საქმეს.

ამ კონტექსტში, კიდევ საბერძნეთზე მინდა გითხრათ რამდენიმე სიტყვა. ქვეყნის ახალ ფინანსთა მინისტრად დაინიშნა ევკლიდ ცაკალოტოსი, ოქსფორდში განათლებამიღებული მარქსისტულ-ლენინისტური იდეების მიმდევარი პიროვნება. როგორც სოციალური ქსელებიდან ირკვევა, საქართველოში ბევრი თანაუგრძნობს საბერძნეთის მემარცხენე-პოულისტურ მთავრობას და აღფრთოვანებით შეხვდა რეფერენდუმის შედეგებს. რა უხარიათ, არ მესმის. მხოლოდ თავიანთ იდეოლოგიურ ჭიას ახარებენ თუ რაიმე სარგებელს ელოდებიან (საქართველოსათვის). სარგებელს ნუ ველოდებით, ნურც ეკონომიკურ და ნურც პოლიტიკურ სფეროში. 

ევროკავშირთან ასოცირების ჩვენი ხელშეკრულება, რომელიც წინა მთავრობამ შეიტანა რატიფიცირებისათვის საბერძნეთის პარლამენტში, ამათ უკან გამოიწვიეს. ალბათ, რუსეთს ასიამოვნეს. ახლა კვლავ დააბრუნეს უკან. როდის უყრიან კენჭს ან როგორ, არავინ იცის. 

საკუთარი ხალხი ხომ გამოიყენეს ევროკავშირისა და სხვა კრედიტორების დასაშანტაჟებლად, ესეც არ იკმარეს და რეფერენდუმის დამთავრებისთანავე ციპრასმა პირველი ზარი პუტინთან განახორციელა. 

ისე, ნამდვილად მაინტერეს ციპრასოფილების არგუმენტები.

- რუსეთი დაეხმარება თუ არა?

- რუსეთს თავისი გასაჭირი ეყოფა. საბერძნეთის საგარეო ვალი იმაზე მეტია, ვიდრე რუსეთის სავალუტო რეზერვები ერთად აღებული. მაქსიმუმ, მას შეუძლია მისცეს 2,5 მილიარდი დოლარი წინასწარ, შავი ზღვა-თურქეთიდან მომავალი გაზსადენის საბერძნეთის ტერიტორიაზე გაგრძელების საფასური. მრავალწლიანი რენტა. ეს არაფერს წყვეტს, ევროკავშირის თვალში კი, კიდევ უფრო დაკარგავს ნდობას

გაუქრა ე.წ. გონორი მთავრობას. რუსეთისადმი ევროკავშირის სანქციების მოხსნაზე აწვებოდა ციპრასი, სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზევ ესტუმრა პუტინს. აღმოჩნდა, რომ ფუჭი ბრექიაობა იყო. მალე მიხვდება ხალხი, ვის ხელში ჩავარდა.

მასალა გამოქვეყნდა გაზეთ "ქრონიკა პლუსში"

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია