მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
არქიმანდრიტ დემეტრე თეთრუაშვილს ორმაგ მოქალაქეობაზე უარს ეუბნებიან - 17 აგვისტო 2015

„მხოლოდ აზერბაიჯანის მოქალაქეობა არ არის უსაფრთხოების გარანტი“

არქიმანდრიტმა დემეტრე თეთრუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, აზერბაიჯანის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თხოვნით მიმართა. არქიმანდრიტის თქმით, მზად არის, ორმაგი მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში გააგრძელოს ღვთისმსახურება კახში. 

კახის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარის არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილს ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით პრობლემები 21 ივნისს შეექმნა, როდესაც კახში არ შეუშვეს. აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა არქიმანდრიტს განუცხადეს, რომ „შავ სიაშია“ შეყვანილი. მისივე თქმით, აზერბაიჯანული მხარის მოთხოვნაა, რომ კახში მოღვაწე საქართველოს მოქალაქე სასულიერო პირებმა აზერბაიჯანის მოქალაქეობა აიღონ. ამის გამო, არქიმანდრიტი ამ დროისთვის კახში ღვთისმსახურებას ვერ ახორციელებს. 

ამ პრობლემატიკაზე, „ქრონიკა პლუსი“ არქიმანდრიტ დემეტრე თეთრუაშვილს ესაუბრება. 

- მამაო, რატომ ითხოვთ საქართველოს პრეზიდენტისგან ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებას? 

- ორმაგი მოქალაქეობა უსაფრთხოების გარანტიაა. სამწუხაროდ, ეს არ არის დემოკრატიული ქვეყანა, სადაც მსახურება მშვიდად არის შესაძლებელი. მიმდინარე წლის  9 აპრილს არ მომცეს პანაშვიდის გადახდის საშუალება; ასევე წმინდა მღვდელმოწამე მიქაელ ჰერელის ხსენებას არ გვეძლევა წირვის ჩატარების შესაძლებლობა. არის კიდევ ბევრი რამ, რაც მაძლევს საფუძვლიან ეჭვს, რომ მხოლოდ აზერბაიჯანის მოქალაქეობა არ არის უსაფრთხოების გარანტი.

იმისთვის, რომ კახში საქმიანობა გავაგრძელო, აუცილებელია აზერბაიჯანის მოქალაქეობის მიღება. საქათველოს მოქალაქეობის დაკარგვასა და მხოლოდ აზერბაიჯანის მოქალაქეობაზე, უსაფრთხოების გამო უარს ვამბობ. ამ შემთხვევაში, ძლიერი იქნება ჩვენზე ზეწოლა და შევიწროება აზერბაიჯანული მხარის მიერ. ამიტომ, მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, რომ, აზერბაიჯანის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობა შემინარჩუნდეს და მქონდეს ორმაგი მოქალაქეობა. 

- შეიტანეთ თუ არა შესაბამისი განცხადება პრეზიდენტის აპარატში და რა რეაგირებას ელოდებით, წინასწარი კონსულტაციები თუ გქონიათ ამ საკითხზე? 

- წინა კვირაში, პრეზიდენტის აპარატში წერილი შევიტანე, ზოგადად, კახში არსებულ მდგომარეობაზე; ავუხსენი არსებული სიტუაცია და ვითხოვე გამონაკლისის სახით ორმაგი მოქალაქეობა. 

მეორე დღესვე დამირეკეს და მიპასუხეს, რომ შეუძლებელია ორმაგი მოქალაქეობის მონიჭება, ვინაიდან აზერბაიჯანს გაუქმებული აქვს ორმაგი მოქალაქეობა; შეუძლებლად მიიჩნიეს ჩემი მოთხოვნის აღსრულება, არსებული კანონიდან გამომდინარე. თუმცა დამპირდნენ, რომ პრეზიდენტს მოახსენებდნენ ჩვენი სატელეფონო საუბრის შესახებ.

- როგორ აფასებთ აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მოქმედებას, როდესაც წინასწარი გაფრთხილების გარეშე (რამდენადაც ვიცით, ეს არც ქართულ მხარეს გაუკეთებია), რესპუბლიკაში, კახში არ შეგიშვეს?

-ამაში აზერბაიჯანელ მესაზღვრეს ვერ დაადანაშაულებ. ეს იყო ზემოდან გაცემული ბრძანება ჩემს არშეშვებაზე, მესაზღვრეებმა ხელისუფლების მითითება აღასრულეს. ეს იყო ადამიანის უფლებათა შელახვა, არ არის კანონიერი, როდესაც წინასწარი გაფრთხილების გარეშე უხეშად გაგდებენ საზღვრიდან. უნდა შევეშვი და ადგილზე, კახში აეხსნათ არსებული მდგომარეობის შესახებ.

- კახში, წლების განმავლობაში ოფიციალურად მოღვაწე სასულიერო პირის მიმართ საზღარზე ამგვარი დამოკიდებულება, რამდენად  შეესაბამება საქართველო-აზერბაიჯანის გაცხადებულ მეგობრობას?

- მეგობრობა ცალმხრივი არ არსებობს. როგორ შეიძლება საქართველოში იყოს 200-ზე მეტი მეჩეთი და კახში ორი ტაძარი, ასეთი თანაფარდობა გაუგებარია. ყველას უნდა ესმოდეს, აცნობიერებდეს და პატივს ცემდეს ერთმანეთის სუვერენიტეტს, იცავდეს ქვეყნის შიგნით მცხოვრებ ადამიანთა ეროვნულ და რელიგიურ უფლებებს, ადამიანებს ეძლეოდეთ თავისუფლად გამოხატონ საკუთარი რწმენა. ეს იქნებოდა ჭეშმარიტად მეგობრობა. 

ასევე უნდა აღვნიშნო, რომ მე ადგილობრივ ხელისუფლებასთან ყოველთვის მქონდა ჰარმონიული ურიერთერთობა .ასევე ადგილობრივ მუსულმან მოსახლეობასთან, მათგან ჩემს მიმართ დიდ პატივისცემასაც ვგრძნობდი.

- ქართული მხარის, კონკრეტულად საგარეო სამინისტროს განცხადება რამდენად ადეკვატური იყო აღნიშნული ინციდენტის მიმართ?

-საგარეოს განცხადება იმის თაობაზე, რომ თითქოს ჩვენ ვადა გვქონდა არსებული კანონიდან გამოდინარე და შემდეგ ეს ვადა ორი კვირით ქართული მხარის მოთხოვნით გადაიწია, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩემთან არ მოსულა ამ საკითხზე ოფიციალური წერილი. რელიგიის კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი მუბარეზ გურბანლი ბრძანდებოდა კახში მაისის დასაწყისში, რომელმაც პირად საუბარში მითხრა, რომ არსებობდა კანონი, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს უფლება აზერბაიჯანში მსახურების, უნდა მიიღოთ მოქალაქეობა - მე არ გისახელებთ დროს, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, როცა იქნება, იქნებ მოიფიქროთ ეს საკითხიო.ასევე მადლობა გადამიხადა, ვაფასებთ თქვენს პიროვნებას, თქვენზე ბევრი დადებითი გვსმენია ადგილობრივი მთავრობისგან, ძალიან გაგვიხარდება, თუ ჩვენთან იმსახურებთო; გადმომცა საჩუქრები და დამემშვიდობა. 

მაგრამ 21ივნისის მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. დრო და ვადა კიდევ ვიმეორებ, არავის დაუსახელებია.

- რა გეგმები გაქვთ?

- ეს საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი. 21 ივლისს საპატრიარქოს დელეგაცია მიემგზავრება ამ საკითხის განსახილველად.

„ქრონიკა პლუსი“ შეგახსენებთ, რომ 21 ივნისს, კახის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი (რომელიც 4 წელია იქ მოღვაწეობს), აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ შეუშვეს. მისი განმარტებით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა განუცხადეს, რომ შავ სიაშია შეყვანილი. 

„როდესაც საზღვარზე მივედი, პასპორტში ბეჭედი ჩაარტყეს, მერე პასპორტი საეჭვოდ ატრიალეს, გამოიძახეს მეორე მებაჟე, საბაჟოს უფროსი. შემდეგ ამ ბეჭედს დაარტყეს რაღაც, რაც ნიშნავს ბეჭდის გაუქმებას. როდესაც მიზეზი ვიკითხე, მითხრეს, რომ შავ სიაში ვიყავი შეყვანილი და ბრძანებაა, რომ აზერბაიჯანში არ შევეშვი. ახლა ვარკვევთ რა ხდება“, - აღნიშნა არქმინადრიტმა დემეტრე თეთრუაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტრო, აზერბაიჯანში საქართველოს საელჩო, გენერალური საკონსულო განჯაში, საქართველოს საპატრიარქო.

ამასთან, არქიმანდრიტმა აღნიშნა, რომ საბუთები წესრიგში აქვს და აქამდე ადგილობრივ მთავრობასთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით კი, არქიმანდრიტ დემეტრე თეთრუაშვილს აზერბაიჯანში ღვთისმსახურების უფლებას აზერბაიჯანის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში გაუგრძელებენ.

„როგორც აზერბაიჯანული მხარე განმარტავს, ადგილობრივი კანონმდებლობით დადგენილია მკაცრი მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ღვთისმსახურების უფლება აქვთ მხოლოდ აზერბაიჯანის მოქალაქეებს და სწორედ ეს გახლდათ საქართველოს მოქალაქე მღვდელმსახურის ქვეყნის ტერიტორიაზე დაუშვებლობის მიზეზი“, - აცხადებენ ოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

როგორც უწყებაში განმარტავენ, საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან არსებობს მზაობა აღნიშნული ეკლესიის წინამძღვარმა მიიღოს აზერბაიჯანის მოქალაქეობა და მისი საქმიანობა ქვეყნის ტერიტორიაზე მოექცეს ადგილობრივი კანონმდებლობით დადგენილ ჩარჩოებში, რათა წმინდა გიორგის ეკლესია არ დარჩეს მოძღვრის გარეშე.

„წლების მანძილზე აზერბაიჯანული მხარე გამონაკლისს უშვებდა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის, ხოლო სხვა დანარჩენი კონფესიების რელიგიური მოღვაწენი არიან აზერბაიჯანის მოქალაქეები. ქართული მხარის თხოვნის საფუძველზე, 2015 წლის 1 ივნისამდე აზერბაიჯანულმა მხარემ რამდენჯერმე გადადო ქართული მხარისთვის ზემოაღნიშნული კანონის მოთხოვნის შესრულება.  დადგენილი ვადის ამოწურვის შემდგომ კი აზერბაიჯანულმა მხარემ მოითხოვა შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება, რათა ქართველმა სასულიერო პირმა შეძლოს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ღვთისმსახურება აზერბიჯანის კანონმდებლობის შესაბამისად“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მასალა გამოქვეყნდა გაზეთ "ქრონიკა პლუსში"

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია